გულის ექოსკოპიური გამოკვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის ექოსკოპიური გამოკვლევა

კვლევის ამ მეთოდის თავისებურებებისა და საინტერესო დეტალების შესახებ გვესაუბრება შპს "კარდიოექსპრესდიაგნოსტიკის" ექიმი მატა გუჯაბიძე.

- რას ისახავს მიზნად და რას ავლენს გულის ექოსკოპიური გამოკვლევა?

- ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა წარმოადგენს გულის ულტრასონოგრაფიულ კვლევას, რომლის მეშვეობითაც აღმოაჩენენ გულის ორგანულ, სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს. მისი მიზანია გულის ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტიკა, რომლებიც გამოწვეულია გულშიდა ჰემოდინამიკის დარღვევით, გულის სტრუქტურული, ორგანული დაზიანებებითა და ფუნქციის ცვლილებებით. ულტრაბგერით ჩანს გულის ოთხივე კამერა, მსხვილი კალიბრის მთავარი სისხლძარღვები (აორტის ნაწილები, ღრუ ვენები, ფილტვის არტერიისა და ვენების ნაწილები), სარქვლების მდგომარეობა, კამერებში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები, ჰემოდინამიკური (სისხლის მიმოქცევის) პროცესები, პერიკარდიუმი და მისი ცვლილებები.

ტრანსთორაკალური (TTE) ექოკარდიოგრაფია (როდესაც გამოკვლევა ტარდება გულმკერდის გარეთა ზედაპირიდან) დღესდღეობით რუტინულ გამოკვლევას წარმოადგენს კარდიოლოგიაში და სკრინინგისთვისაც კი უტარებენ, მაგალითად, იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ანამნეზი, სხვადასხვა ორგანოს დონორებს, იმ პირებს, რომლებიც ქიმიოთერაპიულ მკურნალობას იტარებენ, სისტემური დაავადებების მატარებლებს, სპორტსმენებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევაა ტრანსეზოფაგური (TEE) ექოსკოპია, რომელიც პაციენტთა 5-10%-ს სჭირდება (ფეიგენბაუმის მიხედვით). ის ტარდება საყლაპავიდან ტრანსდუსერის (გადამცემის) მეშვეობით. TEE გამოკვლევის ჩვენებებია მდგომარეობები, როდესაც TTE გამოკვლევით სრულყოფილი ვიზუალიზაცია ვერ ხერხდება. ასეთია, მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტი, მცირე ზომის თრომბები წინაგულში ან მის ყურში.

ტრანსეზოფაგურ ექოსკოპიას უკუჩვენებებიც აქვს: საყლაპავის დაავადებები (სტრიქტურა, დივერტიკული, ვარიკოზული ვენები, საყლაპავის კიბო) და ხერხემლის კისრის სეგმენტის დაზიანებები.

- როგორი სიხშირითა და ინტერვალით შეიძლება ჩატარდეს გულის ექოსკოპიური გამოკვლევა? რამდენად უსაფრთხოა ის?

- ულტრაბგერა არის ტრანსდუსერის პიეზოელექტრული კრისტალის ელემენტების რხევით წარმოქმნილი მაღალი სიხშირის მექანიკური რხევა, რომელიც გაივლის სხვადასხვა ტიპის გარემოს (ძვალს, სისხლს, ცხიმოვან ქსოვილს, კუნთს, ჰაერს) და ეკრანზე აისახება. ის სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიული კვლევის წარმოების სიხშირე იმაზეა დამოკიდებული, რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე და, შესაბამისად, რამდენად გვჭირდება მისი მონიტორირება. სიხშირე და ინტერვალები სხვადასხვა პათოლოგიისთვის სხვადასხვაა. თითოეულ დაავადებას აქვს თავისი პროგნოზული მონაცემები და ექოსკოპიაც ამ პროგნოზებისა და პაციენტის ხარჯეფექტურობის გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს.

- აქვს თუ არა ექოსკოპიურ გამოკვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა გულის მანკის დიაგნოსტიკაში და რატომ?

- გულის მანკების დიაგნოსტიკაში არჩევის მეთოდი, რა თქმა უნდა, ექოკარდიოსკოპიაა, რადგან მისი მეშვეობით მაღალი პროცენტული ალბათობით ფასდება ამა თუ იმ სარქვლის სტრუქტურული მდგომარეობა და ფუნქციის ცვლილება.

დოპლერის რეჟიმი საშუალებას იძლევა, მაღალი სიზუსტით შეფასდეს დაზიანებულ სარქვლებზე წნევის გრადიენტები და სიჩქარეები, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი მონაცემია მანკის ხარისხის დასადგენად.

ტრანსთორაკალური ექოკარდიოსკოპია გულის მანკების დიაგნოსტიკის ერთ-ერთი საუკეთესო არაინვაზიური მეთოდია. დამხმარე მეთოდად შეიძლება ჩაითვალოს ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, საყლაპავიდან დავათვალიეროთ გული და მეტი სიზუსტით დავინახოთ მისი სტრუქტურები.

კარდიოქირურგიაში ტრანსეზოფაგური გამოკვლევა ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია მანკების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის.


- რომელი მანკები გხვდებათ ყველაზე ხშირად და რომელ ასაკობრივ კონტინგენტში?

- გულს ოთხი სარქველი აქვს: აორტული, მიტრალური (ორკარედიანი), სამკარედიანი და ფილტვის არტერიისა. არსებობს თანდაყოლილი და ზრდასრულ ასაკში განვითარებული მანკები. ზრდასრულ ასაკში უმეტესად გვხვდება აორტული და მიტრალური სარქვლების პათოლოგიები, როგორც სტენოზი, ასევე ნაკლოვანება. განსაზღვრულ ფაქტორთა ზემოქმედებით იცვლება სარქვლებზე არსებული კარედების სტრუქტურა, რაც მოგვიანებით, სარქვლის არასრულფასოვანი ფუნქციობის გამო, მანკის ჩამოყალიბებას განაპირობებს.

- იქნებ მოკლედ აღწეროთ თითოეული იმ გავრცელებული მანკის ექოსკოპიური სურათი, რომელიც კი თქვენს პროფესიულ პრაქტიკაში შეგხვედრიათ; რას ხედავთ ამა თუ იმ მანკის დროს?

- აორტის სარქველი სამი კარედისგან შედგება. მის დაზიანებათაგან მოზრდილებში ყველაზე ხშირად გვხვდება სარქვლოვანი სტენოზი და ნაკლოვანება. არსებობს აორტის სტენოზისა და ნაკლოვანების თანდაყოლილი ვარიანტიც, რომელიც გამოწვეულია ბიკუსპიდური (ორკარედიანი) აორტის არსებობით.

სტენოზის დროს შეზღუდულია კარედების მოძრაობის ამპლიტუდა მათი კალციფიცირებისა და დეფორმაციის გამო; შესამაბისად, კარედები სრულყოფილად არ იხსნება აორტის კედლების პარალელურად და სისხლის გადასროლისთვის არასრულფასოვანი პირობები იქმნება. ყოველივე ეს ჰემოდინამიკურ მაჩვენებლებზე აისახება. იმატებს სისხლის მაქსიმალური სიჩქარე და წნევის გრადიენტი სტენოზირებული სარქვლის ზედაპირზე, რასაც ადვილად ვზომავთ დოპლერის მეშვეობით.

რაც შეეხება აორტის ნაკლოვანებას, ამ დროს ასევე დეფორმირებული და კალციფიცირებული კარედები სრულყოფილად არ იხურება და სისხლის ნაწილი რეგურგიტაციას განიცდის (ბრუნდება უკან) მარცხენა პარკუჭში, რისი დანახვაც ასევე ადვილია ფერადი დოპლერის რეჟიმში.

კარედების დაზიანების დროს სტენოზი და ნაკლოვანება ხშირად ერთად გვხვდება (კომბინირებული მანკი), თუმცა ცალ-ცალკეც შეიძლება არსებობდეს. აორტის სხვადასხვა ხარისხის ნაკლოვანების ხშირი მიზეზია ასევე ჰიპერტენზიის (არტერიული წნევის მატების) ხანგრძლივი ანამნეზი, სიფილისური აორტიტი (აორტის ანთება), მარფანის სინდრომი, აორტის დისექცია (განშრევება), ინფექციური ენდოკარდიტი, რევმატიზმი, ტრავმა.

დაუზიანებელი სარქვლის პირობებში აორტის მსუბუქი ნაკლოვანება პაციენტთა დაახლოებით 5%-ში გვხვდება და პათოლოგიას არ წარმოადგენს.

მიტრალური სარქველი შედგება ორი - წინა და უკანა - აფრისგან, რომელთა ცვლილებებს ადვილად აღმოვაჩენთ ექოკარდიოგრაფიით. ამ შემთხვევაშიც განვასხვავებთ ორი სახის სარქვლოვან დაზიანებას - სტენოზსა და ნაკლოვანებას, რომლებიც შეიძლება შეგვხვდეს როგორც კომბინირებული მიტრალური მანკის სახით, ასევე ცალ-ცალკე. სტენოზის დროს იცვლება აფრების სტრუქტურა, მცირდება მათი ელასტიკურობა, ისინი ერთმანეთს ეწებება, სრულყოფილად ვეღარ იხსნება და სისხლის გადასვლისთვის იქმნება არასახარბიელო პირობები.

როგორც აორტული, ასევე მიტრალური სტენოზის დროს იმატებს სარქველზე არსებული სიჩქარე და წნევა, რასაც ადვილად ვზომავთ დოპლერით და ვადგენთ სტენოზის ხარისხს.

მიტრალური სტენოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზია რევმატიზმი, რომლის დროსაც აფრები სქელდება და ერთმანეთს ეწებება. მეორე ადგილზეა მიქსომა, რომელიც აფერხებს აფრების მოძრაობას. მიტრალური რეგურგიტაციის დიაგნოსტიკა ადვილია ექოსკოპიურად, ფერადი დოპლერის მეშვეობით. მისი საშუალებით ადვილად ჩანს სარქველზე არსებული ტურბულენტური ნაკადი, რომელიც წინაგულში ბრუნდება.

მსუბუქი მიტრალური რეგურგიტაცია შეუცვლელი სარქვლის პირობებში ფიზიოლოგიური ნორმაა. დანარჩენ შემთხვევაში მიტრალური ნაკლოვანების მიზეზი შეიძლება იყოს რევმატიზმი, ინფექციური ენდოკარდიტი, კორონარული (გულის გვირგვინოვანი) არტერიების დაავადება - მიოკარდიუმის ინფარქტი, რადიაცია, ტრავმა, მეტასტაზური დაავადება, კალციფიცირება.

მოზრდილებში მანკებიდან შედარებით იშვიათად გვხვდება ფილტვის არტერიის დაზიანებები, თუმცა არსებობს ასიმპტომური (დამახასიათებელი სიმპტომების გარეშე მიმდინარე) შემთხვევებიც, რომელთაც ამ ასაკობრივ ჯგუფში შემთხვევით აღმოაჩენენ.

- უამრავ კითხვას ვიღებთ ექოსკოპიური გამოკვლევის დასკვნებში ყველაზე ხშირად გამოყენებული ტერმინების შესახებ. სახელდობრ, მკითხველებს აინტერესებთ:

  • რა არის რეგურგიტაცია; როდის, რომელი პათოლოგიის დროს ვლინდება ის; რა კრიტერიუმებით აფასებენ რეგურგიტაციის ხარისხს;
  • რას ნიშნავს განდევნის ფრაქცია; რაზე მიანიშნებს; ნორმაში რამდენი უნდა იყოს; როდის იცვლება;
  • რას გულისხმობს გულის ამა თუ იმ კედლის განლევა; რას ეფუძნება მიოკარდიუმის ჰიპერტროფიის დიაგნოსტიკა;
  • რას ნიშნავს გულის ღერძის გადახრა; რაზე მიანიშნებს ის; რომელი პათოლოგიის დროს აღინიშნება - მივყვეთ თანამიმდევრობით.

რეგურგიტაცია

სიტყვა "რეგურგიტაცია" რეტროგრადულ მოძრაობას ნიშნავს. ექოსკოპიაში ეს არის სისხლის ნაკადი, რომელიც იცვლის მიმართულებას და იწვევს ტურბულენტურ დინებას. აღნიშნული ტერმინი გამოხატავს სარქველზე არსებულ რეტროგრადულ ნაკადს. რეგურგიტაციული ნაკადი არის დახურული სარქვლის დროს "უკან დაბრუნებული" ნაკადი, რომელიც შეიძლება იყოს მსუბუქი, ზომიერი და მკვეთრი ხარისხისა. მისი დიაგნოსტიკა ხდება დოპლერის რეჟიმის მეშვეობით, კერძოდ, ფერადი დოპლერით. ამა თუ იმ სარქვლის ნაკლოვანების დროს რეგურგიტაციული ნაკადის აღმოჩენა მისი დიაგნოსტიკის მთავარი კრიტერიუმია და სწორედ ექოსკოპიით ხდება.

ტერმინი "რეგურგიტაცია" ყოველთვის არ ასოცირდება მანკთან. მსუბუქი რეგურგიტაცია შეუცვლელი სარქვლის პირობებში ფიზიოლოგიური ნორმაა და პათოლოგიას არ წარმოადგენს.


განდევნის ფრაქცია

გულის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა შეკუმშვა, რაც უზრუნველყოფს ორგანოთა სისხლით ადეკვატურ მომარაგებას. გულის კუმშვადობა ფასდება მარცხენა პარკუჭის მიერ მიღებული და გადასროლილი სისხლის მოცულობათა შორის სხვაობით. დიასტოლისა და სისტოლის დროს სისხლის მოცულობის სხვაობა წარმოადგენს გადატყორცნილი სისხლის მოცულობას, რომელიც პროცენტულ მაჩვენებლებში გადაყვანისას ასახავს მარცხენა პარკუჭის გლობალურ კუმშვადობას. სწორედ მას ეწოდება განდევნის ფრაქცია (EF). ნორმაში ის 55%-70% უნდა იყოს. ის იცვლება სწორედ იმ პათოლოგიების დროს, რომლებიც აზიანებს გულის კუნთს და შეკუმშვის ფუნქციას ცვლის.

კარდიოლოგიური მიზეზებიდან ესენია: კორონარული არტერიების დაავადება, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება), ესა თუ ის მანკი, არითმია, დილატაციური კარდიომიოპათია.

არაკარდიოლოგიური მიზეზებიდან კი - თირეოტოქსიკოზი, ქიმიოთერაპიული მედიკამენტებით მკურნალობა, დეჰიდრატაცია, სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია, პერიკარდიუმის პათოლოგიები, სისტემური დაავადებები.

ჰიპერტროფია

ჰიპერტროფია არის კუნთის გაზრდა მიოფიბრილების მომატების ხარჯზე. გულის კუნთის გასქელებასაც ჰიპერტროფია ეწოდება. მას თავისი გარკვეული მიზეზები აქვს. ორგანზომილებიანი ექოკარდიოსკოპია დღესდღეობით არჩევის მეთოდია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის დასადგენად. ექოსკოპის მეშვეობით მარტივად იზომება გულის კედლების სისქე.

დიაგნოსტიკის პირველი რგოლია ელექტროკარდიოგრაფიით (ეკგ) მიღებული ინფორმაცია, თუმცა საბოლოო დიაგნოზი უშუალოდ გაზომვებს ეფუძნება. დღევანდელი მონაცემებით, ჰიპერტროფიას წარმოადგენს ძგიდისა და მარცხენა პარკუჭის უკანა კედლის გასქელება ქალებში - 10 მმ-ზე, ხოლო მამაკაცებში 11 მმ-ზე მეტად.

გულის ელექტრული ღერძი

გულის ელექტრული ღერძი კარდიოგრაფიული ტერმინია და მისი მახასიათებელი ნიშნები ეკგ-ზე აისახება როგორც ელექტრული აქტივობის მიმართულების ცვლილება. გულის ელექტრული ღერძის გადახრას გულის მდებარეობის ცვლილებას უწოდებენ. ექოსკოპიურად ამის დადასტურება ასევე ადვილია.

გულის მდებარეობის ცვლილება დამოკიდებულია ადამიანის კონსტიტუციურ ტიპზე - ანუ იმაზე, ასთენიურია პაციენტი, ნორმოსთენიური თუ ჰიპოსთენიური. ჩამოთვლილ შემთხვევებში გულის ელექტრული ღერძის გადახრა პათოლოგიას არ წარმოადგენს. თუმცა არსებობს გულის ისეთი დაავადებები, როდესაც იცვლება გულის გეომეტრია და, შესაბამისად, იცვლება ელექტრული ღერძიც (ფილტვისმიერი გული, დილატაციური კარდიომიოპათია, მოცულობითი წარმონაქმნები, პერიკარდიუმის დაავადებები, ზოგიერთი მანკი, მუცლის ღრუს დაავადებები, გულმკერდის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაცია, ხერხემლის დაავადებები).

- კარდიოექოსკოპიური გამოკვლევის დასკვნებში გამოყენებული ტერმინებიდან კიდევ რომელთა განმარტებას ითხოვენ ყველაზე ხშირად პაციენტები?

- ყველაზე ხშირად კითხულობენ, რა არის ჰიპერტროფია, განდევნის ფრაქცია, რას ნიშნავს "დილატაცია", "დიასტოლური ფუნქცია". ჰიპერტროფიისა და განდევნის ფრაქციის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. დილატაცია გულის რომელიმე ღრუს გადიდებაა, დიასტოლური ფუნქცია კი მარცხენა ან მარჯვენა პარკუჭის რელაქსაციის (მოდუნების) ფაზის ამსახველი პარამეტრია, რომელიც განისაზღვრება დიასტოლის ფაზაში დოპლერით.