ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და მათი მკურნალობა

- ფარისებრი ჯირკვლის რომელი პათოლოგიებია გავრცელებული საქართველოში?
- სამწუხაროდ, თითქმის ყველა. ყველაზე ხშირია ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი - ჰაშიმოტოს დაავადება. არანაკლებ ხშირად გვხვდება დიფუზურ-კვანძოვანი ჩიყვი, თირეოტოქსიკოზი, დიფუზური ჩიყვი - თირეოტოქსიკოზი. ბოლო ხანს - და, სამწუხაროდ, უმთავრესად ახალგაზრდებს შორის - გახშირდა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები.
- თქვენ სხვა დაავადებებთან ერთად ჩიყვიც ახსენეთ. ხალხში კი ყველა დაავადებას, რომელიც ფარისებრ ჯირკვალს უკავშირდება, ჩიყვს ეძახიან...
- ყველაფრისთვის ჩიყვის დარქმევა არასწორია. ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა, რასაც შესაძლოა ახლდეს მისი სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები: ჰორმონების როგორც მოჭარბება - ჰიპერთირეოზი, ასევე კლება - ჰიპოთირეოზი.
- როდის და როგორ ვლინდება ეს ორი მდგომარეობა?
- ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაა. აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზიის, ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს. ჰიპერთირეოზი კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გააქტიურება-მატება გახლავთ. უმთავრესად თან სდევს დიფუზურ ჩიყვს, დიფუზურ-კვანძოვან ჩიყვს, ფარისებრი ჯირკვლის ადენომას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჩიყვის დროს, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს გადიდებული ჯირკვალი, განსაკუთრებით - გარდატეხის ასაკში, რასაც თავისი მიზეზი აქვს: როდესაც ბავშვი სწრაფად იზრდება, ფარისებრი ჯირკვალი დიდდება, რომ ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
- რას გვეტყვით დიაგნოსტიკაზე?
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკა ულტრაბგერითი კვლევით იწყება. ექოსკოპიური მაჩვენებლები წარმოდგენას გვიქმნის ჯირკვლის ზომასა და სტრუქტურაზე, ავლენს წარმონაქმნს - კვანძს, კისტას.
მომდევნო ეტაპია ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა. იმის გასარკვევად, მომატებული ან დაკლებული ხომ არ არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, აუცილებელია განისაზღვროს სისხლში მისი ჰორმონების კონცენტრაცია და შესაბამისი ანტისხეულები.
ინფორმაციულია შარდში იოდის განსაზღვრაც, რადგან ჯირკვალი ხშირად იოდდეფიციტის გამო დიდდება და პრობლემის მოგვარება მხოლოდ ამ ელემენტის მიწოდებას ძალუძს.
ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდან ყველაზე მეტად არის გავრცელებული თირეოტროპული ჰორმონის (TSH) და პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) გამოკვლევა. აუტოიმუნურ თირეოიდიტზე ეჭვის შემთხვევაში განსაზღვრავენ ასევე სისხლში ანტისხეულების ტიტრს.
როდესაც ჯირკვლის სტრუქტურისა და ფუნქციის შესახებ სრულყოფილი წარმოდგენა გვაქვს, მკურნალობაც იოლდება, რადგან ვიცით, სად ვეძებოთ პრობლემის სათავე. როდესაც TSH-ის მაჩვენებელი მაღალია, FT4-ისა დაბალია და პირიქით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პერიფერიული ჰორმონის მატება იწვევს მისი მასტიმულირებელი ჰორმონის დაქვეითებას და პირუკუ. ეს არის უარყოფითი უკუკავშირის პრინციპი, რომელიც ყველა ენდოკრინოლოგმა იცის. მაგრამ არსებობს მოსაზღვრე მდგომარეობებიც - სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი და სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი. ამ დროს ექიმი წყვეტს, დაინიშნოს თუ არა ჰორმონული პრეპარატები, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ განმეორებითი ჰორმონული გამოკვლევა უნდა ჩატარდეს.
კვლევის ძირითად სქემაში ასევე შედის ელექტროკარდიოგრამა, სისხლის საერთო ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ფარისებრი ჯირკვლის დამიზნებითი ასპირაციული ბიოფსია და მასალის ციტოლოგიური გამოკვლევა. საჭიროებისამებრ ტარდება ასევე ფარისებრი ჯირკვლის კომპიუტერული ტომოგრაფია. თუ გამოკვლევის პერიოდში პაციენტი იღებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონულ პრეპარატს, ვაფრთხილებთ, რომ გამოკვლევის ჩატარებამდე 24-48 საათის განმავლობაში წამალი არ მიიღოს.
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა აუცილებელია ორსულებისთვის. ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა ყველა ორსულს უნდა ჩაუტარდეს და მისი მონაცემების საფუძველზე განისაზღვროს შარდში იოდის კონცენტრაცია, სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე. ამ მაჩვენებლების ნორმიდან გადახრის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ჩანაცვლებითი თერაპია იოდის პრეპარატებით ან თირეოიდული ჰორმონებით.