ფიზიკური აქტიურობა, როგორც ორგანიზმის ჯანსაღი დასვენების საშუალება
ადამიანის ორგანიზმზე მუდმივად იზრდება გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედება, რომლებიც იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, გონებრივი და ფიზიკური პოტენციალის დაქვეითებას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა არა მარტო დაავადებების და ფიზიკური დეფექტების არარსებობას, არამედ სრულ ფიზიკურ, ფისიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობას გულისხმობს. ამ მიზნის მიღწევისათვის კი უმნიშვნელოვანესია ფიზიკური აქტივობა, რომლის შესახებ გვესაუბრება „ოქტოპუს ფიტნესის“ მთავარი ტრენერი ბექა ბეგიაშვილი:
– ბატონო ბექა, რას მოიცავს ფიზიკური აქტივობა?
– ფიზიკური აქტივობა ნიშნავს აერობულ და ანაერობულ დატვირთვას, სადაც ჩონჩხის კუნთები ასრულებენ მოძრაობას.
ტერმინი „ფიზიკური აქტივობა“ მოიცავს ნებისმიერი სახის მოძრაობას, მათ შორის დასვენების ან მუშაობის დროს. ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს როგორც ზომიერი, ისე ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.
ფიზიკური აქტივობის პოპულარულ სახეობებს მიეკუთვნება: სიარული, ველოსიპედით სეირნობა, სპორტის სახეობები, აქტიური დასვენება და თამაში.
– რა რისკის შემცველია ცხოვრების უმოძრაო წესი?
– უმოძრაობა ორგანიზმზე პირდაპირ აისახება უარყოფითად. აღინიშნება მუდმივად დაღლილობის შეგრძნება, ასევე ვითარდება ჰორმონული დისბალანსი, რაც საბოლოოდ იწვევს ჯანმრთელობის დარღვევებს.
ცხოვრების დღევანდელი წესი (ავტოტრანსპორტი, მუშაობის, განათლების მიღების, დასვენების პროცესში გაჯეტებით სარგებლობა) იწვევს უმოძრაობას. მეცნიერულად დასაბუთებული მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ადინამიკა და ჰიპოდინამიკა აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:
- იზრდება სიმსუქნის ხარისხი;
- უარესდება კარდიომეტაბოლური ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობა, ემოციურად/სოციალურად ორიენტირებული ქცევა;
- მცირდება ძილის ხარისხი და ხანგრძლივობა;
- იზრდება ავადობის სიხშირე და სიკვდილიანობა.
– რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის ფიზიკური აქტივობა და რატომ?
– ფიზიკური აქტივობა ყველაფერზე დადებითად მოქმედებს. ამ დროს სრულყოფილად მუშაობს ჰორმონები, რაც საბოლოოდ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე აისახება.
ფიზიკური აქტივობა ადამიანს არა მარტო მიმზიდველს ხდის, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობასაც და ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
დამტკიცებულია, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს არაინფექციური დაავადებების (როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ინსულტი, დიაბეტი და ზოგიერთი სახეობის კიბო) განვითარების პროფილაქტიკასა და მკურნალობას. ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია სხეულის ნორმალური წონის, ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვისაც.
– როგორია ფიზიკური აქტივობის რეკომენდებული დონე მოზრდილი ადამიანისთვის?
– ადამიანი ყველა ასაკში აუცილებლად სწორად (ზომიერად) უნდა დაიტვირთოს ფიზიკურად და სწორად დაისვენოს.
– როგორ გავზარდოთ ფიზიკური აქტივობის დონე?
– ფიზიკური აქტივობა იზრდება ყველა იმ ზომიერების დაცვით, რასაც ჰქვია სტაბილურობა, შრომა და დასვენება.
ზრდასრულმა ადამიანმა ზომიერი ინტენსივობის აერობულ ფიზიკურ აქტივობას უნდა დაუთმოს კვირაში არა ნაკლებ 150-300 წუთისა ან აერობულ მაღალი ინტენსივობის ფიზიკურ აქტოვობას – არა ნაკლებ 75-150 წუთისა კვირაში.
აქტივობა მიმართული უნდა იყოს ყველა ძირითადი ჯგუფის კუნთების კუნთური ძალის განვითარებისაკენ. ეს დამატებითი სარგებლის მომტანია ჯანმრთელობისთვის.
– რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა დასვენების/შვებულების პერიოდში?
– თუ ადამიანი რეგულარულად ვარჯიშობს, აქვს კარგი ფიზიკური დატვირთვა, აუცილებელია ყოველ 3 თვეში 7-10 დღემდე პასიური დასვენება.
ზაფხული დასვენების პერიოდია. ზოგიერთი უპირატესობას ანიჭებს პასიურ დასვენებას, რაც თავისთავად შეცდომაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მჯდომარე სამუშაო გრაფიკი აქვს. ცხოვრების ამგვარი რეჟიმისას დღის განმავლობაში ადამიანი ნაკლებად გადაადგილდება და კუნთოვანი სისტემა სრულფასოვნად არ იტვირთება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური დასვენება. ვარჯიში შესაძლებელია ყველგან და ყოველთვის, სურვილის შემთხვევაში.
– რას ურჩევდით მათ, ვისაც უნდა ვარჯიშის დაწყება?
– პირველ რიგში, არ გადადოთ ვარჯიშის დაწყება და ნუ დაელოდებით ორშაბათს. დავიწყოთ ვარჯიში გამოცდილი მწვრთნელის მითითებით, რათა სწორად განვითარდეს სხეული და თავიდან ავიცილოთ უცოდინარობით გამოწვეული ტრავმები.