ყურადღება მივაქციოთ წნევას
არტერიული ჰიპერტენზია მოსახლეობის 20-30%-ს აღენიშნება. მისი გავრცელება ასაკთან ერთად იმატებს. 50 წლამდე ასაკის მამაკაცები ქალებზე ხშირად უჩივიან წნევას. ხანგრძლივი ეპიდემიოლოგიური დაკვირვების შედეგად გამოვლენილია ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას და ამძიმებს მის მიმდინარეობას. მათ შორის მნიშვნელოვანია:
- თამბაქოს მოწევა;
- შაქრიანი დიაბეტი;
- დისლიპიდემია;
- ქალებში - მენოპაუზის შემდგომი ასაკი;
- დაავადების ოჯახური ანამნეზი;
- სიმსუქნე და სხვა.
- ახასიათებს თუ არა სეზონური გამწვავება არტერიულ ჰიპერტენზიას? თუ ახასიათებს, რატომ, რასთან არის ეს დაკავშირებული?
- არტერიული ჰიპერტენზია უმთავრესად გაზაფხულ-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის გასაყარზე მწვავდება. მას მკვეთრი სეზონურობა ახასიათებს. ამ პერიოდში, წესისამებრ, იმატებს არტერიული წნევა და სუბიექტური ჩივილები მძაფრდება. ამ ცვლილებათა მიზეზი ატმოსფერული წნევის ცვალებადობა, უხვი ნალექი, ტემპერატურის სწრაფი ვარდნა ან აწევაა.
- რომელი მაჩვენებელი ითვლება ნორმულად არტერიული წნევისათვის და რასთან არის იგი დაკავშირებული?
- არტერიული წნევის ნაციონალური კომიტეტის კლასიფიკაციით, ოპტიმალურად მიიჩნევა <120/80, ნორმალურად - <130/85, 130-139/85-89 კი მაღალ ნორმად არის მიჩნეული. თუ არტერიული წნევა 130-დან 140-მდეა, მდგომარეობა უკვე მოითხოვს კორექციას, მაგრამ არა მედიკამენტურს. 2003 წელს გაიდლაინები შესწორდა და ნორმისა და მაღალი ნორმის კატეგორიები პრეჰიპერტონიის ცნებად გაერთიანდა.
- რას უჩივის წნევის მომატებისას ადამიანი?
- წნევის მომატების სიმპტომატიკა მრავალფეროვანია. მას ახასიათებს:
- თავის ტკივილი;
- თავბრუხვევა;
- ყურების შუილი;
- გულის ფრიალი;
- აგზნებადობა;
- გულის არეში ტკივილის პერიოდული შეგრძნება;
- ქოშინი.
ხშირია გულისრევა პირღებინებით (კრიზის დროს ეს ერთ-ერთი ძირითადი ჩივილია). უნდა ვიცოდეთ, რომ ჩივილის უქონლობა ჰიპერტონიის არარსებობას არ ნიშნავს. ერთი ეპიზოდიც კი მაღალი არტერიული წნევისა უკვე საყურადღებოა.
- დღეში რამდენჯერ უნდა გაიზომოს წნევა არტერიული ჰიპერტონიის მქონე ადამიანმა?
- დღეში, სულ ცოტა, ორჯერ - დილით და საღამოს. დილაობით წნევა იზომება მშვიდ მდგომარეობაში, ემოციურ და ფიზიკურ დატვირთვამდე, ხოლო დღის ბოლოს - უკვე დატვირთვის შემდეგ. მედიკამენტების შერჩევისას აუცილებელია დღის რეჟიმის გათვალისწინება. არტერიული წნევის ოცდაოთხსაათიანი მონიტორინგი, უმრავლეს შემთხვევაში, ავლენს ორ პიკს: 10 საათსა და 18 საათზე. 18 საათის შემდეგ წნევა ქვეითდება და ღამის 2-4 საათზე მინიმუმს აღწევს. შემდეგ კვლავ იმატებს და 6-7 საათზე აღწევს მაქსიმუმს. ინსულტები და ინფარქტები უმეტესად დღე-ღამის სწორედ ამ მონაკვეთზე მოდის. არტერიული წნევის დღეღამური მონიტორირების მიხედვით, გამოყოფენ ჰიპერტონიით დასნებოვნებულთა 4 ჯგუფს: DIPPER - ღამის წნევის ნორმალური დაქვეითებით, NON-DIPPER - არასაკმარისი დაქვეითებით, OVER DIPPER - საკმარისზე მეტად დაქვეითებით და NIGHT PEAKERS - როცა ღამის წნევა ჭარბობს დღისას.
- რის საფუძველზე სვამენ ჰიპერტონიული დაავადების დიაგნოზს?
- არტერიულ ჰიპერტენზიაზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა:
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
- სრული ლიპიდური სპექტრის ანალიზი;
- შარდის საერთო ანალიზი;
- შარდოვანას, კრეატინინის განსაზღვრა;
- ელექტროკარდიოგრაფია;
- სისხლში კალიუმისა და ნატრიუმის დონის განსაზღვრა;
- კოაგულოგრამა.
ეს იმ ძირითადი გამოკვლევების ჩამონათვალია, რომლებიც ზოგად წარმოდგენას შეგვიქმნის პაციენტის მდგომარეობასა და მკურნალობის ტაქტიკაზე.
- რა გართულებას შეიძლება ველოდოთ ჰიპერტონიული დაავადებისგან?
- არტერიული ჰიპერტენზია მრავალ პრობლემას უდებს სათავეს. რაც უფრო მაღალია არტერიული წნევა, მით უფრო მეტია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების, ნეფროპათიისა და რეტინოპათიის განვითარების ალბათობა.
- როგორ მკურნალობენ, რომელი ჯგუფის პრეპარატებს იყენებენ ამ დროს?
- გაიდლაინები მოგვიწოდებს, პრეჰიპერტონიული მდგომარეობის დადგენის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ არამედიკამენტური მკურნალობა, ანუ შევიცვალოთ ცხოვრების წესი, რაც ითვალისწინებს:
- წონის დაკლებას და დისლიპიდემიის კორექციას;
- სუფრის მარილისა და ალკოჰოლის შეზღუდვას;
- თამბაქოსთვის თავის დანებებას;
- ზომიერი ფიზიკური აქტივობის გაზრდას;
- სტრესული სიტუაციების თავიდან აცილებას;
- ძილის მოწესრიგებას.
როცა არტერიული წნევის მომატებასთან ერთად დასტურდება ჰიპერტონიული დაავადების რისკფაქტორები და თანმხლები დაავადებებიც, ცხოვრების წესის კორექციას მედიკამენტური თერაპია ემატება. მიზანშეწონილია, მკურნალობა დაიწყოს მონოთერაპიით, უმჯობესია დაწყება მცირე დოზებით, რათა თავიდან ავიცილოთ ე.წ. პირველი მიღების ეფექტი. ხშირად მონოთერაპია სასურველი შედეგის მისაღწევად არ კმარა. პრეპარატი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. სადღეისოდ არსებობს ჰიპოტენზიური პრეპარატების ექვსი ძირითადი ჯგუფი. ასე რომ, არჩევანი ფართოა. იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიის დროს უმჯობესია მკურნალობა თიაზიდური დიურეტიკებით დავიწყოთ. გიდ-ის დროს არჩევის პრეპარატებია ბეტა ბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტები. გულის უკმარისობის დროს, როცა ექოსკოპიური მონაცემებით გულის პარკუჭის განდევნის ფრაქცია 40%-ზე ნაკლებია, მკურნალობა აგფ ინჰიბიტორებით და დიურეტიკებით იწყება.
- რა როლს ასრულებს არტერიული ჰიპერტენზიის მართვაში ისეთი პრეპარატები, როგორიცაა, მაგალითად, ადელფანი, ნიფედიპინი, დოპეგიტი?
- ამ ჯგუფის პრეპარატებს იყენებენ როგორც სიმპტომურ ჰიპოტენზიურ საშუალებებს. არტერიული ჰიპერტენზიის მართვაში მათ თავიანთი ადგილი აქვთ. ამ ჯგუფის პრეპარატების სამკურნალო ეფექტი სუსტია, მათი მოქმედება საშუალოდ 4-8 საათს გასტანს.
- რა მოეთხოვება პაციენტს ჰიპერტონიული დაავადების მკურნალობისას და რას ითვალისწინებს პირველი დახმარება წნევის მომატების დროს?
- არტერიული ჰიპერტენზიის დროს ერთ-ერთი საყურადღებო მდგომარეობაა ჰიპერტონიული კრიზი. მის განვითარებაში ბრალი მიუძღვის როგორც ეგზოგენურ, ისე ენდოგენურ ფაქტორებს. კრიზი ხანმოკლეა - რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. ისევე, როგორც არტერიული წნევის ბანალური მომატება, კრიზიც დაუყოვნებლივ მედიკამენტურ ჩარევას მოითხოვს. თანამედროვე გაიდლაინები მოითხოვს პირველი ორი საათის განმავლობაში არტერიული წნევის 25%-ით დაწევას და შემდგომ, მომდევნო 6 საათის მანძილზე, თანდათანობით დაქვეითებას. მდგომარეობის კუპირებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ ისეთ პრეპარატებს, როგორებიცაა ნიფედიპინი, კაპტოპრილი, კლონიდინი, ლაზიქსი, კლოფელინი, ამიტომ სასურველია, ყველა იმ პაციენტს, რომელიც არტერიულ წნევას უჩივის, შინ ამ ჯგუფის პრეპარატები მოეძევებოდეს.
- როგორია პროგნოზი არტერიული ჰიპერტენზიის დროს?
- ახალგაზრდებში, თუ არ დასტურდება თანმხლები დაავადებები და არც სამიზნე ორგანოების დაზიანება შეინიშნება, არტერიული წნევის მაღალი ციფრების კორექცია ადვილია. მედიკამენტური მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია წამლის ხანგრძლივი და უწყვეტი მიღება. ავადმყოფმა უნდა იცოდეს, რომ ხანმოკლე კურსი მას ვერ მოარჩენს, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს წლობით, ზოგჯერ - მთელი სიცოცხლეც კი. არ შეიძლება მკურნალობის უეცარი შეწყვეტა ან რომელიმე პრეპარატის ერთბაშად, დოზის შემცირების გარეშე მოხსნა. თუ ყველა ამ პირობას გავითვალისწინებთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა.
- რას ურჩევდით პაციენტებს კვებისა და ცხოვრების რეჟიმის თაობაზე?
- მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მკაცრად აკონტროლონ რაციონში სუფრის მარილის რაოდენობა, მიაქციონ ყურადღება წონას, ერიდონ თამბაქოსა და ალკოჰოლს. ყოველივე ეს ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნების გარანტიაა.