როგორ დავიცვათ გულ-სისხლძარღვთა სისტემა
შევეცადოთ განვიხილოთ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა უნდა ვიცოდეთ, რომ თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებები.
საუბარს, რასაკვირველია, გულის იშემიური დაავადებით დავიწყებთ. მისი საფუძველია გულის გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზული შევიწროება, რაც მკვეთრად ამცირებს გულისათვის სისხლის მიწოდებას და, შესაბამისად, მის ჟანგბადით მომარაგებას. შესაძლოა, სისხლმომარაგების ასეთი დარღვევა ჩვეულებრივ, მოსვენებულ მდგომარეობაში არ ვლინდებოდეს, მაგრამ ფიზიკური ან ემოციური დატვირთვის პირობებში ჟანგბადზე გულის მოთხოვნა იზრდება.
ამ დროს ათეროსკლეროზულად შეცვლილი სისხლძარღვებით მისთვის სათანადო რაოდენობით სისხლის მიწოდება შეუძლებელი ხდება. მით უფრო, რომ დაზიანებული სისხლძარღვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სპაზმისაკენ. კლინიკურად ეს მდგომარეობა გამოვლინდება სტენოკარდიით ან რიგ შემთხვევებში მიოკარდიუმის ინფარქტის აღმოცენებით. პაციენტები კარგად უნდა იცნობდნენ ამ პათოლოგიათა კლინიკას, რათა დაავადების სიმპტომების შემჩნევისთანავე მიმართონ ექიმს.
როგორ ვლინდება სტენოკარდია
სტენოკარდიისათვის დამახასიათებელია ტკივილის, ზეწოლისა და მოჭერის შეგრძნება, რაც ლოკალიზებულია გულის საპროექციო ადგილზე - მკერდის ძვლის უკან ან მის ოდნავ მარცხნივ. ტკივილი შეიძლება ირადირებდეს გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ბეჭში, მარცხენა ზემო კიდურში. ზოგჯერ ტკივილის ნაცვლად თავს იჩენს მხოლოდ ქოშინი. ასეთ ქოშინს სტენოკარდიის ეკვივალენტს უწოდებენ.
სტენოკარდიის ერთადერთი გამოვლინება შეიძლება იყოს სისუსტე და/ან ქოშინი მაშინ, როცა პაციენტი ხანშიშესულია ან დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით. გულის იშემიური დაავადების ატიპური გამოვლინება არცთუ იშვიათია მდედრობითი სქესის პირებშიც.
სტენოკარდიის შეტევა ხშირად აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვისას - სიარულის, აღმართზე ან კიბეზე ასვლის დროს, ჭამისას ან მისი დასრულებისთანავე. ამ დროს ლაპარაკობენ დაძაბვის სტენოკარდიის შესახებ. ჩვეულებრივ სტენოკარდიული ტკივილი გრძელდება რამდენიმე წუთის განმავლობაში, იხსნება ფიზიკური დატვირთვის შეწყვეტის ან მედიკამენტების მიღების შედეგად. ზოგჯერ სტენოკარდიული ტკივილი ვითარდება ღამით, ძილის დროს. სტენოკარდიის ეს სახე დაკავშირებულია სისხლძარღვების სპაზმთან და პრინცმეტალის სტენოკარდიის სახელწოდებითაა ცნობილი. განსაკუთრებით საყურადღებოა სტენოკარდიის ის შემთხვევები, როცა:
- პაციენტს აღწერილი კლინიკური სურათი პირველად განუვითარდა;
- სტენოკარდიის შეტევათა სიხშირე იზრდება;
- შეტევა აღმოცენდება უფრო მცირე დატვირთვისას;
- შეტევები ხანგრძლივდება.
ამ დროს აუცილებელია ვიზიტი ექიმთან. უნდა ჩატარდეს სათანადო კვლევები და დაინიშნოს მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ გულის იშემიური დაავადების უფრო მძიმე ფორმის - მიოკარდიუმის ინფარქტის აღმოცენება.
მიოკარდიუმის ინფარქტი
თუ გულის არეში ლოკალიზებული ტკივილი გრძელდება 5 წუთზე მეტხანს, დიდია მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი. აუცილებელია გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მივმართოთ სტაციონარს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ეტაპზე, რადგანაც დღეს არსებული მკურნალობის ინვაზიური მეთოდები საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ გულის კუნთში ნაწიბუროვანი შემაერთებელი ქსოვილის ჩამოყალიბება.
გულის იშემიური დაავადების რისკფაქტორები
მაინც ვის ემუქრება გულის იშემიური დაავადება, როდის აქვს პაციენტს სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მაღალი რისკი? გულის იშემიური დაავადების რისკი მაღალია, როცა პაციენტი არის:
- მწეველი;
- შაქრიანი დიაბეტით დაავადებული;
- მამაკაცი, რომლის ასაკიც აღემატება 45 წელს ან ქალი, რომლის ასაკიც 55 წელზე მეტია;
გარდა ამისა, გულის იშემიური დაავადების რისკფაქტორებია:
- სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა;
- მაღალი არტერიული წნევა;
- გენეტიკური დატვირთვა;
- ცხოვრების უმოძრაო წესი;
- სტრესი;
- სიმსუქნე.
ასეთ ადამიანებს გულის იშემიური დაავადების ნიშნების გამოვლენისას განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.
რა გზით შეიძლება ავიცილოთ თავიდან გულის იშემიური დაავადება?
სამწუხაროდ, დასახელებულ ფაქტორთაგან ზოგიერთის ზემოქმედების თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა ბევრ მათგანს ნამდვილად შეგვიძლია ვებრძოლოთ. კერძოდ, გულის იშემიური დაავადების რისკს მნიშვნელოვნად შევამცირებთ, თუ:
- თავს დავანებებთ თამბაქოს წევას;
- ავირჩევთ ჯანსაღ კვებას - შევამცირებთ მყარი ცხიმების, სუფრის მარილის, ქოლესტერინით მდიდარი საკვების მიღებას;
- ვაკონტროლებთ სტრესს;
- დიაბეტის შემთხვევაში მკაცრად შევასრულებთ ენდოკრინოლოგის მითითებებს, დავიცავთ დიეტას და გავაკონტროლებთ სისხლში გლუკოზის შემცველობას;
- არ დავივიწყებთ, რომ აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა;
- თავიდან ავიცილებთ სიმსუქნეს;
- მკაცრად გავაკონტროლებთ სისხლის არტერიულ წნევას და არ დავუშვებთ მის მატებას სამიზნე ციფრებზე მეტად.
არცთუ იშვიათად ჩამოთვლილი არამედიკამენტური ღონისძიებები არ არის საკმარისი და საჭირო ხდება იმ მედიკამენტების დანიშვნა, რომელთა ზემოქმედებითაც შესაძლებელია:
- სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დაქვეითება;
- არტერიული წნევის ნორმალიზება;
- სისხლში გლუკოზის შემცველობის ნორმალიზება;
- თრომბოზის პროფილაქტიკა.
არტერიული ჰიპერტენზია
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გაზაფხულზე იჩენს თავს, არტერიული ჰიპერტენზიაა. ადამიანებს, რომელთაც ჰიპერტონიული დაავადება აწუხებთ, წლის ამ პერიოდში წნევის მაჩვენებლები ხშირად განსაკუთრებით მაღალი აქვთ, აწუხებთ წნევის მატებასთან დაკავშირებული დისკომფორტი. სამწუხაროდ, პაციენტები არტერიული წნევის მატებას არცთუ იშვიათად სწორედ სუბიექტური სიმპტომატიკის გამო განიცდიან, განსაკუთრებით კი თავის ტკივილისა და თავის არეში დისკომფორტის გამო. ზოგჯერ თუ ამ ჩივილებმა არ მიიპყრო ყურადღება, ისინი წნევას არც აკონტროლებენ. ასეთი მიდგომა დაუშვებელია.
თანამედროვე კვლევებით დადგენილია, რომ არტერიული წნევის მატება სუბიექტური შეგრძნებების გაუარესებას იშვიათად იწვევს. არც თავის ტკივილია მისი ტიპური სიმპტომი. ამ თავისებურების გათვალისწინებით, თუ ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა ან მისი მომატების რისკი, წნევის კონტროლი აუცილებელია. აღარაფერს ვამბობთ მკურნალობის აუცილებლობაზე.
რატომ არის აუცილებელი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა?
არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში მკურნალობის არამედიკამენტური და მედიკამენტური მეთოდების მეშვეობით უნდა ვეცადოთ მისი მაჩვენებლების ნორმალიზაციას. ეს აუცილებელია, რადგანაც მაღალი წნევის დროს, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევაში ჩივილები არ შეინიშნება, არსებობს არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ორგანოების დაზიანების რისკი. ეს ორგანოებია გული, თავის ტვინი და თირკმელი.
მაღალი არტერიული წნევა შეიძლება გახდეს გულის იშემიური დაავადების, ინსულტის ან თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზი. წნევის მოწესრიგება კი მნიშვნელოვნად ამცირებს ამ ორგანოთა დაზიანების რისკს. გახსოვდეთ: არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა აუცილებელია მაშინაც, როცა ის არ იწვევს არავითარ უსიამოვნო შეგრძნებას.
რა არის ნორმა?
ხშირად პაციენტებს საკუთარი შეხედულება აქვთ ნორმალური არტერიული წნევის შესახებ და მიაჩნიათ, რომ წნევის ესა თუ ის მაჩვენებელი მათთვის ნორმალურია, რადგანაც არავითარ შეგრძნებას, მაგალითად, თავის ტკივილს ან გულში ჩხვლეტასა და სიმძიმეს, არ იწვევს. რასაკვირველია, ეს შეხედულება მცდარია. 140/90 მილიმეტრი ვწყ. სვ. და მეტი უკვე მაღალი წნევაა. მკურნალობის მიზანია, არ დავუშვათ წნევის მატება ამ მაჩვენებელზე მეტად. თუ პაციენტს შაქრიანი დიაბეტი აქვს, წნევის სამიზნე ციფრებია 130/80 მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტისა.
ჩნდება ლოგიკური შეკითხვა - რატომ არ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალის წნევა, რომელიც 140/90-ს არემატება, მაგრამ პაციენტს არ უქმნის დისკომფორტს? პასუხი მარტივი და ნათელია - იმიტომ, რომ ასეთი წნევა იწვევს სამიზნე ორგანოების დაზიანებას.
არითმია
არტერიული ჰიპერტენზიისგან განსხვავებით, გულისცემის რიტმულობის დარღვევა პაციენტებს იშვიათად რჩებათ შეუმჩნეველი. თუმცა არითმია ყოველთვის როდია დაავადების მაჩვენებელი; გულის რიტმის დარღვევა, რომელიც ახალგაზრდა, ჯანმრთელ პირებში, განსაკუთრებით ქალებში, გვხვდება, იშვიათად უკავშირდება გულის დაავადებას. იგივე შეიძლება ითქვას გულისცემის აჩქარების - ტაქიკარდიის შესახებაც. თუმცა თუ ეს სიმპტომები ხშირია და დისკომფორტს იწვევს, აუცილებელია ერთი ვიზიტი ექიმთან, რათა გამოირიცხოს გულის დაავადება ან ანემია - სისხლში ჰემოგლობინისა და/ან ერითროციტების შემცველობის დაქვეითება. ამ მდგომარეობისაგან განსხვავებით, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ არითმია, თუ პაციენტი:
- ასაკოვანია;
- აქვს არტერიული ჰიპერტენზია;
- აქვს გულის იშემიური დაავადება;
- ზემოთ მითითებული მდგომარეობებით არითმია პირველად დაუფიქსირდა.
დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს, თუ არითმიას თან ახლავს:
- არტერიული წნევის დაქვეითება;
- სისუსტე, ოფლიანობა;
- პულსი ძალიან სწრაფია, მისი დათვლა შეუძლებელია.
ნევროზი
არიან ადამიანები, რომელთაც ხშირად აწუხებთ გულის დაავადებებისთვის დამახასიათებელი ჩივილები, მაგრამ ამ ჩივილების გამომწვევი ცვლილებები, მიუხედავად ჩატარებული კვლევებისა, არ ვლინდება. ამ ჩივილებს, როგორც წესი, ნევროზული ხასიათი აქვს. გულის დაავადებათათვის დამახასიათებელი სიმპტომების ნევროზული ხასიათი მაშინ არის სავარაუდო, როცა ეს სიმპტომები აღენიშნება ახალგაზრდა, უპირატესად მდედრობითი სქესის პაციენტს, პაციენტი აღწერს მრავალ სიმპტომს, აღნიშნავს მათ კავშირს ემოციასთან.
მაინც რა არის საჭირო იმისათვის, რომ კარდიოლოგიურმა პაციენტებმა გაზაფხული მშვიდად გაატარონ? საკმარისია სულ მცირე რამ - არ დავიზაროთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვა და თუ დაავადება მედიკამენტურ კონტროლს აღარ ემორჩილება, დროულად მივმართოთ ექიმს.