მიოკარდიუმის ინფარქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიოკარდიუმის ინფარქტი

რომელიც ასიდან 10-12 შემთხვევაში ლეტალურად სრულდება. ეს მაჩვენებელი აღემატება კიბოთი, ტუბერკულოზით, ინფექციური დაავადებებითა და შიდსით გამოწვეულ სიკვდილიანობას, ერთად აღებულს. დაავადება უმთავრესად 45-50 წელს გადაცილებულთა ხვედრია, თუმცა საგრძნობლად იმატა ინფარქტის შემთხვევებმა გაცილებით ახალგაზრდებში - 35-დან 40 წლამდე, რაც დაავადებისადმი გენეტიკურ მიდრეკილებას უკავშირდება.

მიოკარდიუმის ინფარქტით გაცილებით ხშირად ავადდებიან მამაკაცები. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ინფარქტი ათიდან 7 შემთხვევაში მოსვენებისას ემართებათ, ქალებს კი ყველაზე ხშირად შრომისას.

დაავადების შესახებ ჩვენთვის საინტერესო შეკითხვებზე კარდიოლოგი დავით თაბუკაშვილი გვიპასუხებს:

- მიოკარდიუმის ინფარქტი გულის კუნთის მცირე ან დიდი უბნის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიის რომელიმე ტოტის სანათურის დახშობაა თრომბით, ხანგრძლივი სპაზმით ან ემბოლიით, რაც ასიდან 93-98 შემთხვევაში კორონარული არტერიების ათეროსკლეროზს, მათ ემბოლიზაციასა და ქირურგიულ ობტურაციას უკავშირდება. ყოველივე ამას მოჰყვება გულის კუნთის შესაბამის უბანში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა, ჟანგბადით მომარაგების მოშლა და მწვავე იშემიური ნეკროზი - გულის კუნთის კვდომა. გულის კუნთის ნეკროზული კერის სიდიდე დახშული სისხლძარღვის კალიბრზეა დამოკიდებული. ინფარქტული უბნის ზომას, მის ლოკალიზაციასა და გულის კუნთის ფუნქციურ მოშლილობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს პაციენტის მდგომარეობას და ინფარქტის შედეგს.

გარდა ათეროსკლეროზული დაზიანებისა, გვირგვინოვანი სისხლძარღვების დახშობის მიზეზი შესაძლოა იყოს: ჰიპერტონიული დაავადება, რევმატული პათოლოგია, ალერგიული ვასკულიტი, შაქრიანი დიაბეტი, ესა თუ ის ინფექციური თუ პროფესიული დაავადება. მიოკარდიუმის ინფარქტი ყველაზე ხშირად გულის მარცხენა პარკუჭის უკანა კედელსა და პარკუჭთაშუა ძგიდეში ვითარდება, შედარებით იშვიათად - მარცხენა პარკუჭის გვერდითა და წინა კედლებში.

- ვინ შედის ინფარქტის რისკჯგუფში და რომელი ფაქტორები უწყობენ ხელს მის განვითარებას?

- ინფარქტის რისკჯგუფში შედიან ის ადამიანები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს, ბევრს ეწევიან, ეტანებიან ქოლესტერინით მდიდარ საკვებს და ჰიპოდინამიურ ცხოვრებას ეწევიან ანუ ცოტას მოძრაობენ. რისკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სტრესული ფაქტორები, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, ჰიპერქოლესტერინემია, კვების დარღვევები, მემკვიდრეობა, შრომისა და დასვენების არაჯანსაღი პირობები, ასაკი. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევა - მისი წილი 35,7%-ია. 32,5%-ით მეორე ადგილს იკავებს ფსიქოსოციალური ფაქტორები - სამსახურთან დაკავშირებული სტრესი, ფინანსური სირთულეები, დეპრესია. დანარჩენი 31,8% კი სხვა ფაქტორების - ჭარბი წონის, ასაკის, შრომისა და დასვენების პირობების, მემკვიდრეობისა და ჰიპოდინამიის წილად მოდის.

- როგორ ვლინდება კლინიკურად ინფარქტი?

- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისთვის დამახასიათებელია უეცარი და ძლიერი, აუტანელი ტკივილი გულის არეში, განსაკუთრებით - მკერდის ძვლის უკან. ინფარქტისმიერ ტკივილს ვერ აყუჩებს ვერც ნიტროგლიცერინი, ვერც ვალიდოლი და ვერც სხვა ანტისპაზმური საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს და დადებით ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ავლენს სტენოკარდიული შეტევისას.

ინფარქტის დროს ტკივილს ხშირად ადარებენ გულზე მარწუხის აუტანელ მოჭერას, გულის შუაზე გაპობას, გულში ბასრი საგნის გაყრას, რომელიც უკან, ბეჭამდე აღწევს. აუტანელი ტკივილის პარალელურად პაციენტს სიკვდილის შიში, უიმედობა და სასოწარკვეთილება იპყრობს. ერთი შეხედვით ინფარქტი კლინიკურად ძლიერ წააგავს სტენოკარდიულ შეტევას, იმ განსხვავებით, რომ ინფარქტის დროს ტკივილი გაცილებით ხანგრძლივი, ძლიერი და ინტენსიურია. ზოგჯერ იმდენად, რომ რეფლექსურად კოლაფსურ-შოკურ მდგომარეობასაც კი იწვევს, რასაც კარდიოგენულ შოკს უწოდებენ.

უნდა გვახსოვდეს, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი ყოველთვის ერთბაშად და ელვისებურად არ იწყება. ზოგჯერ მას წინ უძღვის ხანგრძლივი სტენოკარდიული ტკივილები, რომლებიც თანდათანობით ძლიერდება, უფრო და უფრო ინტენსიური ხდება და ბოლოს ინფარქტით სრულდება. მწვავე ინფარქტი ყველაზე ხშირად იწყება ღამით, ძილის დროს. ფიზიკურ დატვირთვასთან კავშირი იშვიათად აქვს.

- თქვენ ბრძანეთ, რომ მიოკარდიუმის ინფარქტის მთავარი ნიშანი გულმკერდის არეში აღმოცენებული ტკივილია, მაგრამ ხომ არსებობს ატიპური ფორმებიც, რომლებსაც ეს სიმპტომი ან არ ახასიათებს ან ნაკლებად აქვს გამოხატული?

- ზოგ შემთხვევაში ინფარქტის ნიშნები მართლაც ატიპური ხასიათისაა, რაც დიაგნოსტიკას აგვიანებს და ართულებს. ასეთ ფორმებს შორის, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია:

  • აბდომინური ფორმა. ამ დროს ტკივილი ლოკალიზებულია მუცლის ზედა ნაწილში, პაციენტი უჩივის სლოკინს, მუცლის შებერვას, გულისრევის შეგრძნებასა და ღებინებას. სიმპტომები ძლიერ წააგავს მწვავე პანკრეატიტს.
  • ასთმური ფორმა. ვითარდება მზარდი სულხუთვა და ქოშინი. სურათი ძლიერ წააგავს ბრონქული ასთმის შეტევას.
  • ცერებრული ფორმა. აღინიშნება თავბრუხვევა, ცნობიერების დარღვევა და ნევროლოგიური სიმპტომები.

ზოგჯერ ტკივილს ატიპური ლოკალიზაცია აქვს - არა გულმკერდს, არამედ მხარს, ლავიწქვეშა არეს და ქვედა ყბას მოიცავს. არსებობს ინფარქტის უმტკივნეულო ფორმებიც, მაგრამ ისინი მეტად იშვიათია და უმთავრესად შაქრიანი დიაბეტით მოავადეებს ახასიათებთ, რომელთაც შაქრიანი დიაბეტის გამო გულის კუნთის ქსოვილში მგრძნობელობა აქვთ დარღვეული.


- ინფარქტს მოსდევს დაზიანებული უბნის რეგენერაცია, რაც გამოიხატება შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბურის წარმოქმნითა და ნაინფარქტალი ადგილის გრანულაციური ქსოვილით ამოვსებით, რის შემდეგაც იწყება პოსტინფარქტული პერიოდი. მასზე რას გვეტყვით?

- პოსტინფარქტული პერიოდი ითვალისწინებს ინფარქტის შემდგომ რეაბილიტაციას, რომელიც რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. მისი მიზანია, ერთი მხრივ, მაქსიმალურად აღადგინოს პაციენტის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქცია, მეორე მხრივ კი გააქარწყლოს განმეორებითი ინფარქტის შიში და აღმოფხვრას ის ფსიქოემოციური პრობლემები, რომლებიც სრულფასოვან გამოჯანმრთელებას უშლის ხელს.

შედეგიანი მკურნალობისა და სწორად წარმართული რეაბილიტაციის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობას სავსებით აღუდგება შრომის უნარი და რამდენიმე თვეში ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება.

- რა თქმა უნდა, მკურნალობას ინფარქტისგან თავის დაცვა სჯობია. რას ურჩევთ ჩვენს მკითხველებს, როგორ მოიქცნენ, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი არასოდეს დაემართოთ?

- ინფარქტის პროფილაქტიკა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას გულისხმობს, რაც უწინარეს ყოვლისა მოიცავს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას, ფიზიკურ აქტივობას, რაციონალურ კვებას, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმას, - უკიდურეს შემთხვევაში, ზომიერ მოხმარებას, - და ემოციების კონტროლს.

უკანასკნელი მონაცემები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა ასაკში ინფარქტი ყველაზე ხშირად საქმიან ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ბევრს ნერვიულობენ, ბევრს ეწევიან, ფეხით თითქმის არ დადიან, შინ გვიან საღამოს დაღლილ-დაქანცულები ბრუნდებიან და ნოყიერი საკვებით მაძღრისად ნაყრდებიან.

ინფარქტის პროფილაქტიკისთვის შეუცვლელია ფიზიკური დატვირთვა. ძალიან კარგია ფეხით სიარული, ცურვა კროლით, ჯირითი. სირბილისას უნდა გვახსოვდეს, რომ დატვირთვა ნელ-ნელა, თანდათანობით უნდა გავზარდოთ. დავიწყოთ სიარულით, შემდეგ ძუნძულზე გადავიდეთ, განვაგრძოთ სირბილით ვაკეზე და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ აღმართ-დაღმართზე სირბილი. ვინც სპორტისთვის ვერ იცლის, უნდა ეცადოს, სუფთა ჰაერზე ხშირად ისეირნოს მაინც.

- როგორი უნდა იყოს რაციონი?

- ევროპის ათეროსკლეროზის შემსწავლელი საზოგადოების ექსპერტთა ჯგუფმა შეადგინა სასურველი, ზომიერად ნებადართული და არასასურველი პროდუქტების სია. სასურველთა ნუსხაში შედის ის პროდუქტები, რომლებიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს: მზესუმზირა, სიმინდის ზეთი, ქათამი, ინდაური, ხბო, კურდღელი, კვერცხის ცილა, ცხიმმოხდილი რძე, მაწონი, ხაჭო, უცხიმო ყველი, უცხიმო თევზი, ხილი, პარკოსნები (ლობიო, ბარდა), მოხარშული კარტოფილი, რუხი პური, შვრიის, სიმინდის ფაფები, მინერალური წყლები, ჩაი, სუსტი ყავა, ხილის წვენები, თაფლი, მწვანილი.

ზომიერად ნებადართულია: კარაქი, მარგარინი (პოლიუჯერი ცხიმების მაღალი შემცველობით), ძროხის, ღორის, ცხვრის ხორცი, საშუალო ცხიმოვნობის ყველი, ზეთში შემწვარი თევზი, კარტოფილი, ნუში, თეთრი ფქვილი, ტკბილი ფაფები, ტორტები, უცხიმო შოკოლადი.

არასასურველია: ზეითუნის ზეთი, ქონი, ცხიმიანი ხორცი, ძეხვი, იხვის, ბატის ხორცი, ქათმის, ინდაურის კანი, რძე, არაჟანი, ცხიმიანი ყველი, ცხიმიანი მაწონი, ქონში შემწვარი კარტოფილი, უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარი პური, ფუნთუშეული და ცხოველურ ცხიმებზე დამზადებული კერძები, მაგარი ყავა, ცხიმიანი სასმელები.

სამწუხაროდ, ჩვენში ექიმთან მაშინღა მიდიან, როდესაც გული შეაწუხებთ. ასეთ დროს მკურნალობა გაცილებით დატვირთული და ხანგრძლივია. მძიმე შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანი მუდმივად იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა 40 წელს გადაცილებულმა კი წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევა, რაც მოიცავს სისხლში შაქრის, ლიპიდების შემცველობის განსაზღვრას, ელექტროკარდიოგრაფიას, ექოდოპლეროკარდიოსკოპიას. ყოველივე ეს დროულად და გაცილებით იოლად აგაცილებთ თავიდან გულის მუშაობის დარღვევასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.