იშემიური დაავადების მკურნალობა

ამ შეუსაბამობის გამო წარმოიშობა ტკივილი - სტენოკარდია, რომელიც ჟანგბადოვან შიმშილზე გულის კუნთის საპასუხო რეაქციაა. სტენოკარდია სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. როდესაც კორონარული სისხლმომარაგების შეწყვეტა გარდამავალია, ტკივილის შეტევა ხანმოკლეა (რამდენიმე წუთს გრძელდება), ხოლო თუ განვითარდა კორონაროთრომბოზი სისხლმომარაგების მყარი შეწყვეტით, გულის კუნთში იწყება უჯრედების შეუქცევადი კვდომა - მიოკარდიუმის ინფარქტი, რასაც თან სდევს ძლიერი და ხანგრძლივი სტენოკარდიული ტკივილი. იმაზე, როგორ მკურნალობენ ამ მდგომარეობას, გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი კარდიოლოგიაში, შპს "კარდიოლოგიური კლინიკის" დირექტორი ირაკლი მეგრელაძე.
- ბატონო ირაკლი, რომელ პრეპარატებს იყენებენ ამჟამად სტენოკარდიის სამკურნალოდ?
- მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია სტენოკარდიის კლინიკურ ვარიანტზე ანუ იმაზე, სტაბილურია თუ არასტაბილური სტენოკარდია. სტაბილური დაძაბვის სტენოკარდიას საფუძვლად უდევს კორონარული სისხლძარღვის შიდა კედელზე სტაბილური ათეროსკლეროზული ფოლაქის არსებობა. ეს ფოლაქი ავიწროებს კორონარების სანათურს და იწვევს კუნთის შიმშილს, განსაკუთრებით - დატვირთვისას. შეტევა იხსნება ნიტროგლიცერინის, ვალიდოლის ენის ქვეშ დადების შემდეგ. შედეგიანია სათბურის დადება გულის საპროექციო არეში. ვინაიდან ნიტროგლიცერინი ხანმოკლე მოქმედებისაა, შეტევის საპრევენციოდ იყენებენ ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატებს. ამავე მიზნით ინიშნება ბეტა-ბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტები. არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე განვითარებული კორონაროსპაზმის დროს ინიშნება ანტიაგრეგანტები, რომლებიც ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას და ენდოთელიუმს, სისხლძარღვების შიდა შრეს, დაზიანებისგან იცავს.
ბოლო დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქოლესტერინის დამწევ სტატინებს, რომლებსაც მარტო ქოლესტერინის დაწევის უნარი კი არ შესწევთ, არამედ მრავალმხრივ მოქმედებენ სისხლძარღვის შიდა კედელზე, იცავენ მას, აფერხებენ ათეროგენეზს და ათეროსკლეროზული ფოლაქის უკუგანვითარებას იწვევენ. მნიშვნელოვანია მეტაბოლური პრეპარატების როლიც. ისინი აძლიერებენ მოშიმშილე გულის კუნთის უჯრედთა იშემიისადმი გამძლეობას. არასტაბილურ სტენოკარდიას ახასიათებს შეტევების გახშირება როგორც დატვირთვის, ისე მოსვენების დროს. მას საფუძვლად უდევს ათეროსკლეზორული ფოლაქის დესტაბილიზაცია - მისი ზედაპირის გასკდომა და თრომბების გაჩენა, რასაც სხვადასხვა კალიბრის არტერიების ნაწილობრივი ან სრული დახშობა მოჰყვება. ხატოვნად რომ ვთქვათ, გაღვიძებული ვულკანის კრატერიდან ამოფრქვეული ნაწილაკები ახშობენ გულის კუნთის მკვებავ სისხლძარღვებს და იწვევენ წვრილკეროვან ან მსხვილკეროვან ინფარქტს სხვადასხვა გართულებით. ამ დროს გულის რიტმის რთული დარღვევის გამო არც უეცარი სიკვდილია გამორიცხული.
განსაკუთრებით ვერაგი ვარიანტია არასტაბილური ათეროსკლეროზული ფოლაქის მდებარეობა ექსცენტრულად, არტერიის კედელში, ერთგვარი კუზის სახით. იგი არ ავიწროებს სანათურს, ამიტომ ფოლაქის გასკდომას წინ არ უძღვის სტენოკარდიული ტკივილი არც დატვირთვისას და არც მოსვენებისას. ამ ვარიანტის დიაგნოსტიკა კორონოგრაფიის მეშვეობითაც კი შეუძლებელია. ექსცენტრული ფოლაქის გამოვლენა მხოლოდ ინტრაკორონარულ ულტრაბგერით გამოკვლევას ხელეწიფება. არასტაბილური ათეროსკლეროზული ფოლაქის თხელი კედლის გასკდომას ხელს უწყობს ძლიერი ემოციური ან ფიზიკური გადაძაბვა, რაც კლინიკურად მწვავე კორონარული სინდრომით ვლინდება. არასტაბილური სტენოკარდიის შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და სათანადო მკურნალობა.
- რას გვეტყვით პოსტინფარქტული პერიოდის მკურნალობაზე?
- ინფარქტის შემდგომ პერიოდში ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, უწინარეს ყოვლისა, მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის საპრევენციოდ. ინფარქტის პრევენცია გულისხმობს:
1. ცხოვრების წესის მოდიფიკაციას (დიეტა, მავნე ჩვევებისთვის თავის დანებება, ზედმეტი წონის დაკლება, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა);
2. ანტიჰიპერტენზიულ თერაპიას (ბეტა-ბლოკერები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და სხვა);
3. ანტიდიაბეტურ მკურნალობას;
4. ლიპიდური ცვლის დარღვევის კორექციას (სტატინები);
5. ანტიაგრეგანტულ თერაპიას;
6. მეტაბოლურ თერაპიას;
7. ფსიქოსოციალურ ადაპტაციას;
8. ჩვენებისამებრ, აორტოკორონარულ შუნტირებას.
- რა გვერდით მოვლენებს იწვევს ნიტრატები?
- ნიტრატები ანუ ნიტროგლიცერინის ჯგუფის პრეპარატები კორონარული სისხლძარღვების პარალელურად თავის ტვინის სისხლძარღვებსაც აფართოებენ. სწორედ ეს იწვევს მათი მიღებისას თავის ტკივილს, რაც თავისთავად საგანგაშო არ გახლავთ. საშიში სხვა რამ არის - ნიტროგლიცერინს წნევის დამწევი თვისება აქვს, ამიტომ ერთდროულად რამდენიმე აბის მიღება არ შეიძლება. ეს ნებადართულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით, როდესაც ცნობილია პაციენტის ამტანობა. ავადმყოფმა სტენოკარდიული ტკივილის დროს ნიტრატის მაქსიმუმ 1 აბი უნდა გამოიყენოს, ხოლო თუ ტკივილი არ დაცხრა, მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი ან მიმართოს ექიმს. ტკივილის მოხსნის სისწრაფე დამოკიდებულია ნიტრატის ფორმაზე. მაგალითად, სპრეი გაცილებით ადვილად იწოვება, ვიდრე კაფსულა. ჯობს, ეს უკანასკნელი მიღებისას გაიღეჭოს. ხანგრძლივი გამოყენებისას ორგანიზმი ნიტრატებს ეჩვევა და აღარ რეაგირებს, წამალი უეფექტო ხდება, ამიტომ ნიტრატების გამოყენება მოითხოვს ინტერვალების დაცვას. ერთი მიღებიდან მეორემდე დაახლოებით 8 საათი უნდა გავიდეს. წინათ ნიტრატები იშემიური დაავადების სამკურნალო ძირითად საშუალებად მიიჩნეოდა.