გულის მკვებავი სისხლძარღვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის მკვებავი სისხლძარღვები

გულის სისხლის მიმოქცევის წრე მუდმივი შეკუმშვითა და გაფართოებით მუდმივად კვებავს გულის მუშა კუნთს (მიოკარდიუმს) და გულის გამტარ სისტემას (კვანძებს), რომლებიც გულის შეკუმშვების მასტიმულირებელ იმპულსებს თავად გამოიმუშავებენ. გულის გამტარ სისტემას ეკუთვნის ის ნერვული გზებიც, რომელთა გავლითაც იმპულსები კვანძებიდან მიოკარდიუმის კუნთოვანი ბოჭკოებისკენ მიემართება. გულს სისხლს ყველაზე მსხვილი არტერიული სისხლძარღვიდან აორტიდან გამომავალი ორი, მარჯვენა და მარცხენა, გვირგვინოვანი არტერია აწვდის. კორონარული არტერიებიდან გამომავალი განშტოებები მთელ მიოკარდიუმს ქსელავს და მის სრულფასოვან სისხლმომარაგებას უზრუნველყოფს.

კორონარული არტერიები თავის მხრივ უწვრილეს სისხლძარღვებად - კაპილარებად იყოფიან. ამ კაპილართა დიდი ნაწილი სარეზერვოა - ისინი გულის ჩვეულებრივი მუშაობისას არ ფუნქციობენ და მუშაობაში მხოლოდ ორ შემთხვევაში ერთვებიან:

1. როცა მიოკარდიუმის სისხლმომარაგების გაზრდაა საჭირო;

2. როცა ამა თუ იმ დაავადების შედეგად ზიანდება გულის გვირგვინოვანი არტერიების უფრო დიდი ღერო და მის ფუნქციებს სარეზერვო კაპილარები ახორციელებენ.

 

გვირგვინოვან არტერიათა ათეროსკლეროზი

ზოგჯერ გვირგვინოვან არტერიებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, გულის კუნთს ვეღარ მიეწოდება საჭირო რაოდენობის საკვები და ჟანგბადი და მისი ნაწილი ან მთელი მიოკარდიუმი მუშაობას წყვეტს. ამის ყველაზე ხშირი მიზეზი გვირგვინოვან არტერიათა ათეროსკლეროზული დაზიანებაა. ათეროსკლეროზისას გულის კორონარული არტერიების კედლებზე ფოლაქების სახით ცხიმის მსგავსი ნივთიერება - ქოლესტერინი ლაგდება. ქოლესტერინული ფოლაქების გამო გვირგვინოვანი არტერიის კედელი მკვრივდება, კარგავს ელასტიკურობას, საგრძნობლად ვიწროვდება მისი სანათური. სისხლძარღვის შიგნით ათეროსკლეროზულ გადაგვარებას მისი ნერვული დაბოლოებებიც განიცდიან, რაც არღვევს თავის ტვინის მიერ გვირგვინოვან სისხლძარღვთა ნერვულ რეგულაციას და აფერხებს გულისთვის ჟანგბადითა და საკვებით მდიდარი არტერიული სისხლის მიწოდებას. ათეროსკლეროზის დროს კორონარული არტერიები სპაზმისკენ - სანათურის შევიწროებისკენ ხდებიან მიდრეკილნი, ეს კი საფუძვლად ედება საშიშ პათოლოგიურ პროცესს - სტენოკარდიას. სტენოკარდია გულის არეში გაჩენილი ძლიერი ტკივილია, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება, შემდეგ კი მოსვენების დროსაც იჩენს თავს, რაც დაავადების პროგრესირებისა და საშიშ ფაზაში გადასვლის მაუწყებელია. განსაზღვრული ხნის განმავლობაში ათეროსკლეროზით დაავადებული გვირგვინოვანი სისხლძარღვები ახერხებენ, გული ნორმალურად მოამარაგონ სისხლით, მაგრამ როდესაც დაზიანება მაღალ ხარისხს მიაღწევს, ისინი ვეღარ აკომპენსირებენ ფუნქციებს და გვირგვინოვან სისხლის მიმოქცევის სისტემაში მწვავე დარღვევის გამო ვითარდება გულის კუნთის რომელიმე უბნის ან მთელი კუნთის ნეკროზი, რომელსაც მიოკარდიუმის ინფარქტს უწოდებენ.

 

ინფარქტის სტატისტიკა

  • მიოკარდიუმის ინფარქტი დღემდე ყველაზე გავრცელებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებაა, რომელიც, ბოლო 20 წლის მონაცემებით, შემთხვევათა 10-12%-ში ლეტალობით სრულდება.
  • დაავადება უმთავრესად 48-50 წელს გადაცილებულთა ხვედრია, თუმცა იგი გაცილებით ახალგაზრდებშიც გვხვდება, რასაც დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილება განსაზღვრავს.
  • უკანასკნელ წლებში 80%-ით გაიზარდა 30 წლამდე ასაკის ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა, 35-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი ამ მაჩვენებელმა 50%-ით იმატა.
  • მიოკარდიუმის ინფარქტით გაცილებით ხშირად ავადდებიან მამაკაცები, დაავადება რამდენადმე ინდობს 50 წლამდე ქალბატონებს, თუმცა მენოპაუზის შემდეგ დაავადების განვითარების ალბათობა ორივე სქესისთვის ერთნაირია.
  • 50 წელს გადაცილებული ქალბატონები ინფარქტისგან ორჯერ უფრო ხშირად იღუპებიან.
  • ქალბატონებს ინფარქტის შემდეგ მამაკაცებზე მეტად უსუსტდებათ გულის კუნთი, უმცირდებათ არტერიული წნევა.
  • ქალებში გაცილებით ხშირია სისხლის გამათხელებლებისა და სისხლდენის შემაჩერებელი თერაპიის თანმდევი გართულებანი.
  • განსხვავებულია ქალებსა და მამაკაცებში ინფარქტის გამომწვევი პირველი მიზეზიც. მამაკაცებში ყველაზე ხშირად ამას გვირგვინოვანი არტერიების დახშობა იწვევს, ქალებში კი თრომბები და არტერიული სპაზმები.
  • მამაკაცთა 70%-ს ინფარქტი დასვენებისას უვითარდება, ქალბატონებს კი იგი ყველაზე ხშირად სამსახურში ემართებათ.
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას შორის ინფარქტი 62%-ით პირველ ადგილს იკავებს  და აღემატება ერთად აღებული კიბოთი, ტუბერკულოზით, ინფექციური დაავადებებითა და შიდსით გამოწვეულ სიკვდილიანობას.

 

ინფარქტის რისკჯგუფები

ინფარქტის რისკჯგუფს შეადგენენ ის ადამიანები, რომლებიც:

  • ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს;
  • ბევრს ეწევიან;
  • ეტანებიან ქოლესტერინით მდიდარ საკვებს;
  • ნაკლებმოძრავ ცხოვრებას ეწევიან.

უკანასკნელ ხანს საკმაოდ იმატა სტრესული ფაქტორებით გამოწვეულმა მიოკარდიუმის ინფარქტმა. იგი უმთავრესად ინტელექტუალური სამუშაოს მქონეებს ემტერება.


 

ინფარქტის რისკფაქტორები

ცნობილია ინფარქტის 9 ძირითადი რისკფაქტორი:

1. ჰიპოდინამია

2. თამბაქოს წევა

3. ჭარბი წონა

4. ჰიპერქოლესტერინემია

5. კვების დარღვევა

6. სტრესი

7. მემკვიდრეობა

8. შრომისა  და დასვენების პირობები

9. ასაკი.

ფაქტორებს შორის ყველაზე დიდი წილი - 35,7% - თამბაქოს წევას უკავია. 32,5%-ით მეორე ადგილს იკავებს ფსიქოსოციალური ფაქტორები (სამსახურთან დაკავშირებული სტრესი, ფინანსური სირთულეები, დეპრესია). დანარჩენი 31,8% სხვა ფაქტორების: ჭარბი წონის, ასაკის, შრომისა და დასვენების პირობების, მემკვიდრეობისა და ჰიპოდინამიის წილად მოდის.

 

მიოკარდიუმის ინფარქტი

როდესაც გულის კუნთში ჟანგბადის მოთხოვნასა და მის მოწოდებას შორის ხანგრძლივი და ძლიერი დისბალანსია და სისხლძარღვის სანათური 70-80%-ით არის შევიწროებული, ადამიანს სტენოკარდიული შეტევა ეწყება. სტენოკარდიული შეტევა მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი წინარე მოვლენაა. სისხლძარღვთა სრული დახშობისას კი მიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება. გარდა ათეროსკლეროზული დაზიანებისა, გვირგვინოვან სისხლძარღვთა დახშობის მიზეზი შესაძლოა იყოს: ჰიპერტონიული დაავადება, რევმატული პათოლოგია, ალერგიული ვასკულიტი, შაქრიანი დიაბეტი, ინფექციური და პროფესიული დაავადებანი. მიოკარდიუმის ინფარქტი ყველაზე ხშირად გულის მარცხენა პარკუჭის უკანა კედელსა და პარკუჭთაშუა ძგიდეში ვითარდება, შედარებით იშვიათად - მარცხენა პარკუჭის გვერდითა და წინა კედლებში. ინფარქტი სამ სტადიად მიმდინარეობს. ესენია: ნეკროზამდელი, ნეკროზისა და ორგანიზაციის სტადიები.

  1. ნეკროზამდელი სტადია. ის 18-24 საათი გრძელდება. ამ დროს დაზიანებულ უბანში სტრუქტურულ-ფუნქციურად იშლება მიოკარდიუმის ქსოვილი და მისი შემადგენელი უჯრედები - კარდიომიოციტები, წყდება ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები.
  2. ნეკროზის სტადია - ამ ეტაპზე მიოკარდიუმის ფუნქციადაკარგული, საკვებისა და ჟანგბადის გარეშე დარჩენილი კარდიომიოციტების ნეკროზი ანუ კვდომა იწყება. მეორე სტადია ინფარქტის დაწყებიდან 18-24 საათის შემდეგ დგება. ამ დროს მიოკარდიუმის კვებაშეწყვეტილი უბანი უკვე მკვდარია. ნეკროზის სტადია დაახლოებით 2 კვირამდე - ნაინფარქტალ უბანში ნაწიბურის ჩამოყალიბებამდე გრძელდება.
  3. ორგანიზაციის სტადია - ამ ფაზაში ინფარქტით დაზიანებულ უბანში ლეიკოციტები მკვდარი კუნთოვანი უჯრედების ფერმენტულ დაშლა-მონელებას იწყებენ, რის კვალდაკვალაც დაზიანებულ ადგილზე შემაერთებელი ქსოვილის აქტიური რეგენერაცია მიმდინარეობს. შედეგად წარმოიშობა გრანულაციური ქსოვილი, რომელიც იკავებს ინფარქტის ადგილს. ინფარქტის შემდგომი ნაწიბური სწორედ გრანულაციური ქსოვილის მომწიფების შემდეგ ყალიბდება. ინფარქტის ადგილას ნაწიბურის წარმოშობით მთავრდება ორგანიზაციის სტადია და იწყება. ე. წ. პოსტინფარქტული პერიოდი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პოსტინფარქტული რეაბილიტაცია

ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:

  1. ფიზიკური რეაბილიტაცია - გულისხმობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციათა მაქსიმალურ აღდგენას, რათა ორგანიზმში ფიზიკურ დატვირთვაზე ადეკვატური რეაქციები განვითარდეს;
  2. ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია - ინფარქტგადატანილ ადამიანს ხშირად განმეორებითი ინფარქტის შიში და მრავლობითი კომპლექსი უჩნდება, რაც მის სრულფასოვან გამოჯანმრთელებას ხელს უშლის, ამიტომ საჭიროა ფსიქოლოგიური ღონისძიებებით შიშის დამარცხება და გაქარწყლება;
  3. სოციალური რეაბილიტაცია - გადატანილი ინფარქტის შემდეგ რამდენიმე თვე პაციენტი შრომისუუნაროდ მიიჩნევა, მაგრამ განსაზღვრული ხნის შემდეგ უბრუნდება შრომის ჩვეულ რიტმს. პაციენტთა 50% პრაქტიკულად სავსებით აღიდგენს შრომის უნარს და ძველებურად საქმიანობს.