შინაგან ორგანოთა სოკოვანი დაავადებები

დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა, რომელთაც აუცილებლად ვამჩნევთ. ისინი ძალაუნებურად გვაწუხებენ და ჩვენს ყურადღებას იპყრობენ. ამრიგად, სოკოვანი დაავადების ნიშნები საკმაოდ თვალსაჩინოა. ამავე დროს, ცნობილია, რომ სოკოები მხოლოდ კანსა და ფრჩხილებს არ აზიანებენ.
საინტერესოა, რა ცვლილებებს იწვევს სოკოვანი დაავადება შინაგან ორგანოებში, როგორ იცვლება მათი ფუნქცია ამ დროს.
შინაგან ორგანოთა სოკოვან დაავადებას ღრმა მიკოზს უწოდებენ. ღრმა მოკოზების დროს შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანო და ქსოვილი დაზიანდეს, პროცესი კი მიმდინარეობდეს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ინფექციის სახით. ზოგჯერ მიკოზები თვეობით, წლობით გრძელდება, ზოგიერთი მიკოზი კი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძლევა რეციდივს. ღრმა ანუ სისტემურ მიკოზებთან დაკავშირებული დაავადებებია ახალშობილთა სოკოვანი მენინგიტი, კანდიდემია, შინაგან ორგანოთა კანდიდოზი, ფილტვების, ტვინისა და შუა ყურის ასპერგილოზი, ქრომობლასტომიკოზი და სპოროტრიქოზი და სხვა.
ვის ემართება სისტემური მიკოზი
რასაკვირველია, ღრმა მიკოზით ყველა არ დაავადდება. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ ეფექტურად ებრძვის სოკოვან ინფექციას. ღრმა მიკოზის მსხვერპლი კი ის ხდება, ვისაც იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული. აქვე განვმარტავთ, ვის ეხება აღნიშნული ფრაზა. როგორც წესი, იმუნური სისტემის ფუნქცია დათრგუნული აქვთ ქრონიკული დაავადებების, მათ შორის - შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული ანთებითი დაავადებების, მქონე ადამიანებს. არცთუ იშვიათად ღრმა მიკოზი ემართებათ ადამიანებს, რომლებმაც მძიმე ოპერაცია გადაიტანეს. მათ მიკოზის ორი რისკფაქტორი აქვთ - ორგანიზმის რეზისტენტობის მკვეთრი დაქვეითება და ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღების აუცილებლობა. რისკის ჯგუფს წარმოადგენენ სიმსივნით დაავადებულები, რომლებიც ქიმიოთერაპიას იტარებენ, შიდსით დაავადებულები, აგრეთვე - ადამიანები, რომელთაც უტარდებათ იმუნოსუპრესიული მკურნალობა ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ.
როგორ ვლინდება დაავადება
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ღრმა მიკოზის სიმპტომები არ არის სპეციფიკური, არ განსხვავდება შესაბამისი ორგანოს ბაქტერიული თუ ვირუსული დაავადებებით გამოწვეული სიმპტომებისგან. მაგალითად, ღრმა მიკოზის დროს შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგმა ნიშნებმა:
- ფილტვის დაზიანებისას - ფილტვების ანთების ან ბრონქიტის მსგავსმა სიმპტომებმა: ხველამ, ცხელებამ, კუნთების ტკივილმა, თავის ტკივილმა, გამონაყარმა;
- პროცესის სისხლში გავრცელების (სეპტიცემიის) შემთხვევაში - შემცივნებამ, ცხელებამ, გულისრევამ, გულისცემის აჩქარებამ;
- მენინგიტის (ტვინის გარსების ანთების) შემთხვევაში - ძლიერმა თავის ტკივილმა, კისრის კუნთების დაჭიმვამ, ღებინებამ.
კანდიდოზი
კანდიდოზი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიკოზია. მას საფუარისებრი სოკო კანდიდა იწვევს. ყველაზე ხშირია პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ქალის სასქესო ორგანოთა კანდიდოზი, რომელსაც პაციენტთათვის რძიანად იცნობენ. გარდა ამისა, კანდიდამ შეიძლება დააზიანოს სასუნთქი გზები, ფილტვები, ნაწლავები და სხვა ორგანოები.
კანდიდოზი მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. დაავადების გამომწვევი ორგანიზმში აღწევს პირის ღრუსა და ყელის გავლით და ლორწოვანის ადგილობრივ დაზიანებას - რძიანას იწვევს. მკურნალობის გარეშე მოსალოდნელია ფილტვებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანება. ფილტვების დაზიანებისას ვითარდება ბრონქიტი ან პნევმონია (ფილტვების ანთება). მძიმე ინფექცია წილოვან პნევმონიად ყალიბდება. თუ პროცესი სისხლში ან თავის ტვინის გარსებზე გავრცელდა, დაავადება ლეტალურად - პაციენტის სიკვდილით - მთავრდება.
კოქციდიოიდოზი
ყველაზე საშიში და საკმაოდ გადამდები ღრმა მიკოზების რიცხვს ეკუთვნის კოქციდიოიდოზი და ჰისტოპლაზმოზი.
კოკციდიოიდოზი ყველაზე ფართოდ აშშ-სა და ლათინური ამერიკის ქვეყნებშია გავრცელებული. ცნობილია, რომ აშშ-ში ის ყოველწლიურად 100 ათას კაცს ემართება. კოქციდიოიდი ადამიანის ორგანიზმში ხვდება სოკოს სპორების შემცველი ჰაერის ჩასუნთქვისას ან დაზიანებული კანის გავლით. დაავადება მიმდინარეობს კანის მძიმე დაზიანებით - აბსცესებისა და წყლულების ფორმირებით და შინაგანი ორგანოების, განსაკუთრებით - ფილტვების, დაზიანებით. არ არის გამორიცხული ლეტალური შედეგი.
ჰისტოპლაზმოზი
ჰისტოპლაზმოზი ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული ამერიკის ორივე კონტინენტზე და ჩრდილოეთ აფრიკაში. დასნებოვნების მიზეზია ნიადაგსა და მტვერთან ერთად სოკოს სპორების შესუნთქვა. ყველაზე ხშირად ზიანდება სასუნთქი გზები, ძვლის ტვინი, ღვიძლი, ელენთა, ლიმფური კვანძები. ათიდან ხუთ შემთხვევაში პროცესი ვრცელდება კანსა და ლორწოვანზე და მიმდინარეობს წყლულებისა და პაპილომური წანაზარდების წარმოქმნით. ისეთ ორგანიზმში, რომელსაც ჯანსაღი იმუნური სისტემა აქვს, პროცესი კეთილთვისებიანად მიმდინარეობს და ვლინდება სისუსტით, ცხელებით, ხველით. დაავადების მძიმე მიმდინარეობა და ლეტალური დასასრული მხოლოდ შიდსით დაავადებულებს შორის გვხვდება.
ასპერგილოზი
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ღრმა მიკოზია ასპერგილოზი. მისი გამომწვევია ობის სოკო ასპერგილა. ასპერგილოზი აზიანებს კანს, ცხვირის ღრუს დანამატ წიაღებს (სინუსებს), ფილტვებს და სხვა შინაგან ორგანოებს. საბედნიეროდ, დაავადება იშვიათია. უმთავრესად იმ ადამიანებს შორის გვხვდება, რომლებიც სოფლის მეურნეობას ან მეფრინველეობას მისდევენ.
ასპერგილოზის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება გარეთა სასმენი მილი (ოტომიკოზი), რაც ქავილსა და ტკივილს იწვევს. ქავილის შედეგად კანი შეიძლება გასქელდეს, მორუხო ან მოშავო ფერი მიიღოს. ჩვეულებრივ, ასპერგილა თეთრ ან მომწვანო ფერის ობს წარმოქმნის დამპალ ხეებზე, ბოსტნეულზე, ხილზე, პურზე.
ნესტიან ბინებში ასეთ სოკოს ვხვდებით კედლებზე, სავენტილაციო და კონდიცირების სისტემებში. ასეთ გარემოში ღრმა ჩასუნთქვის დროს სოკოს სპორები ბრონქებსა და ფილტვებში ხვდება. თუ ფილტვებში სოკოს სპორები დიდი რაოდენობით მოხვდა, ყალიბდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ტუბერკულოზს მოგვაგონებს.
მძიმე ავადმყოფებს, რომელთაც იმუნური სისტემა დაზიანებული აქვთ, შესაძლოა ასპერგილოზური მიკოტოქსიკოზი განუვითარდეთ. მიკოტოქსიკოზს სოკოების ცხოველქმედების პროდუქტებით - მიკოტოქსინებით ინტოქსიკაცია იწვევს. ადამიანს მიკოტოქსიკოზი მაშინ ემართება, როცა საკვებად იყენებს დაობებულ პროდუქტს ან რეგულარულად ჩაისუნთქავს სოკოს სპორების შემცველ მტვერს. სასუნთქი გზების დაზიანება ვლინდება შემაწუხებელი ხველით, სისხლიანი ნახველით, ქოშინით, ღებინებით, თავის ტკივილით, სხეულის ტემპერატურის მატებით. საბედნიეროდ, ასპერგილოზი იკურნება. ის იშვიათად სრულდება პაციენტის სიკვდილით.