სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

როგორ ხდება ინფიცირება

ინფიცირება შესაძლებელია ნებისმიერი გზით (ვაგინალური, ანალური, ორალური) განხორციელებული სქესობრივი აქტის დროს და აქტის გარეშე, სასქესო ორგანოების შეხებითაც კი, განურჩევლად იმისა, პარტნიორი შემთხვევითია თუ მუდმივი (ცოლი ან ქმარი) და ერთხელ განხორციელდა სქესობრივი აქტი თუ მრავალჯერ. ასე რომ, სგგდ-ით დაავადების ალბათობა აქვს ყველას, ვინც კი სქესობრივ ცხოვრებას ეწევა.

არსებობს გავრცელების სხვა გზებიც. მაგალითად, შიდსის, B და C ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირება შესაძლებელია დაავადებულის სისხლთან კონტაქტის გზით - გაუსტერილებელი ან ცუდად გასტერილებული სამედიცინო იარაღების მეშვეობით, შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის შედეგად, ხოლო ათაშანგი ზოგჯერ კოცნითაც კი გადაედება (საბედნიეროდ, ასეთი რამ იშვიათია).

არც ერთი სგგდ (შიდსის ჩათვლით) არ ვრცელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შემთხვევითი კონტაქტით, შეხებით, ხელის ჩამორთმევით, ინფიცირებულის მიერ გამოყენებული ნივთებით (გარდა პირადი ჰიგიენის საგნებისა), საერთო აბანოთი და აუზით სარგებლობისას.

როგორია სგგ ინფექციების ნიშნები?

სგგ დაავადებებს ერთმანეთისგან განსხვავებული სიმპტომები აქვს, თანაც ქალებსა და მამაკაცებში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ქალებში ინფექციის ნიშნებია:

  • უჩვეულო ან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი საშოდან;
  • ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;
  • წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან მოშარდვისას;
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

თუ რომელიმე მათგანი შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ზოგჯერ სხვა ინფექციების მსგავსი ზოგადი სიმპტომებით: საერთო სისუსტით, კუნთების ტკივილით, ქრონიკული დაღლილობით, ცხელებით, შემცივნებით, ყელის ტკივილით, ღებინებით, ნაწლავთა აშლილობით, უმადობით - გამოვლინდება, ზოგჯერ კი, მეტადრე - ქალებში, სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუ თქვენს პარტნიორს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება აღმოაჩნდა, განურჩევლად იმისა, გაქვთ თუ არა დაავადების ნიშნები, სავსებით მოსალოდნელია, თქვენც ინფიცირებული იყოთ.

აივ-ით (შიდსის გამომწვევით - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) ინფიცირებისას დაავადების ნიშნები შესაძლოა თვეობითაც კი არ გამომჟღავნდეს. როგორ მოვიქცეთ სგგდ-ის ნიშნების აღმოჩენისას?

  • მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად და დროულად დაიწყეთ მკურნალობა. დროულად დაწყებულ და სწორად წარმართულ მკურნალობას ასეთი დაავადებების უმრავლესობა ადვილად ემორჩილება. აუცილებელია მკურნალობის ბოლომდე მიყვანა!
  • ყველაფერი იღონეთ, რათა ინფექცია არ გაავრცელოთ. თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისგან, ვიდრე მკურნალობას არ დაასრულებთ და დაავადების ყველა ნიშანი არ გაქრება, თორემ ინფექცია პარტნიორს გადაედება, მისგან კი შესაძლოა ხელმეორედ დაინფიცირდეთ. თუ სქესობრივი კონტაქტისთვის თავის არიდებას ვერ შეძლებთ, გამოიყენეთ ბარიერული თავდაცვის საშუალება - კონდომი.
  • დაეხმარეთ თქვენს სქესობრივ პარტნიორს - თუ ის ინფიცირებულია, დაარწმუნეთ ექიმთან მისვლისა და მკურნალობის აუცილებლობაში. თუ თქვენ იმკურნალებთ, ხოლო პარტნიორი - არა, შესაძლოა, მისგან კვლავ დაინფიცირდეთ.
  • მკურნალობის დასასრულს აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ განიკურნეთ. თუ ინფექცია ორგანიზმში ჯერ კიდევ არის, ექიმი დამატებით მკურნალობას დაგინიშნავთ.

    თვითმკურნალობა საშიშია!

მკურნალობის დაგვიანებამ ან არასწორად ჩატარებამ შესაძლოა ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ქალებში სგგდ-ი იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიც არის მენჯის ღრუს ორგანოების ქრონიკული ანთება, საშვილოსნოს ყელის კიბო, სასქესო ორგანოების სხვა სიმსივნეები, უნაყოფობა, საშვილოსნოსგარე ორსულობა.

როგორ შეიძლება ამ დაავადებების თავიდან აცილება?

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თავიდან აცილების ერთადერთი საიმედო გზა უსაფრთხო სექსია.
  • ერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს.
  • ყოველი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის დროს გამოიყენეთ ახალი კონდომი.
  • გაითვალისწინეთ: ალკოჰოლი და ნარკოტიკები სიფხიზლეს ადუნებს და ხელს უწყობს სგგდ-ის გავრცელებას.