ცხიმოვანი ღვიძლი: მიზეზები და შედეგები

როდესაც სიტყვა სასმლის გადაჭარბებული მიღებით გამოწვეულ დაავადებებზე ჩამოვარდება, უპირველესად გვახსენდება ღვიძლის ციროზი. მართლაც, ექიმის წინაშე ძნელად გადასაჭრელი ამოცანა დგება, როდესაც მას პაციენტი უკვე ჩამოყალიბებული ციროზით მიმართავს, როდესაც უკვე გამოხატულია ორგანოს სტრუქტურისა და ფუნქციის დარღვევა. დახმარება ამ დროსაც შესაძლებელია, მაგრამ ციროზამდე საქმის მიყვანა მაინც არ ღირს. გაცილებით შედეგიანია სამედიცინო ჩარევა, როდესაც ღვიძლის ცვლილებები მინიმალურია და შექცევადი. საუბარია ცხიმოვან ჰეპატოზზე, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ცხიმიან ღვიძლზე.
რა არის ცხიმიანი ღვიძლი?
ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ცხიმოვანი ჰეპატოზი, ღვიძლის სტეატოზი - ყველა ეს ტერმინი ერთსა და იმავე პათოლოგიურ მდგომარეობას ასახავს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად განვითარდეს. ინგლისურენოვანი ტერმინის “fatty liver” სიტყვასიტყვითი თარგმანი - “ცხიმიანი ღვიძლი” ყურადღებას იპყრობს იმით, რომ გასაგებია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვისაც. ამ მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს დაავადებათა მთელი ნაკრები, მაგრამ, თუ მიზეზების აღმოფხვრა მოხერხდა, ღვიძლის გაცხიმოვნება უმეტესად სავსებით შექცევადია.
რა იწვევს ცხიმოვან ღვიძლს?
ღვიძლში ცხიმის ჩალაგებას მრავალი მიზეზი აქვს. პაციენტთა 2/3-ისთვის ეს ალკოჰოლია. შემდეგ მოდის შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე და ჰიპერლიპიდემია. უფრო იშვიათ მიზეზთა რიცხვს მიეკუთვნება ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული ოპერაციები, მემკვიდრეობითი დაავადებები.
ალკოჰოლი და ღვიძლი შეუთავსებელი ცნებებია, განურჩევლად იმისა, როგორი ხარისხის ალკოჰოლს მოიხმართ. ცხიმიანი ღვიძლი პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, დიპლომატების, ხელოვანთა ხშირი დიაგნოზი გახდა. ცხადია, ისინი არ არიან ალკოჰოლზე დამოკიდებულები, ჭარბადაც კი არ მოიხმარენ ალკოჰოლს. უბრალოდ, სირჩა კონიაკი და არაყი მათთვის ფურშეტებისა და პრეზენტაციების აუცილებელი ატრიბუტი და სამუშაო დღის შემდეგ სტრესის მოხსნის საშუალებაა. მეორე დღეს ისინი შესანიშნავად გრძნობენ თავს და სრულიად ვერ აცნობიერებენ სპირტიანი სასმელებისგან თავის შეკავების აუცილებლობას. ამიტომაც უკვირთ, როდესაც გამოკვლევისას ღვიძლის პათოლოგიურ ცვლილებებს აღმოუჩენენ.
ალკოჰოლზე თითოეული ადამიანის რეაქცია ინდივიდუალურია: ეს დაკავშირებულია ფერმენტების გენეტიკურად განსაზღვრულ აქტივობასთან, სქესთან, ასაკთან და სხვ. მაგალითად, ქალებში ჰორმონული ფონი ხელს უწყობს ალკოჰოლის მიერ ღვიძლის დაზიანებას, ხოლო მონგოლოიდური რასის წარმომადგენელთა ნახევართან ეთილის სპირტის დაშლის ტოქსიკური პროდუქტების უვნებელყოფა გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ევროპელებთან. გარდა ამისა, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თანმხლები დაავადებები, მაგალითად, ვირუსული ჰეპატიტი ან შაქრიანი დიაბეტი. ეს დაავადებები საგრძნობლად ზრდის ღვიძლის უჯრედების მგრძნობელობას ალკოჰოლის მიმართ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ღვიძლი ძალიან სანდო, ჩუმი და მომთმენი ორგანოა, რომელიც თავის გასაჭირს მაშინღა გვამცნობს, როდესაც აღდგენის რეზერვი პრაქტიკულად უკვე აღარ გააჩნია.
თუ სასმელს საჭმელს არ დააყოლებთ, ღვიძლის გაცხიმოვნება დაჩქარდება. თუმცა ვიტამინების სრული კომპლექტით გაჯერებული დელიკატესებიც კი ვერ დაგვიცავს ღვიძლის გაცხიმოვნებისგან - ეს დამტკიცებულია როგორც ცხოველურ მოდელებზე, ისე მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევით.
რატომ ლაგდება ღვიძლში ცხიმი?
საქმე ის არის, რომ ღვიძლი ატარებს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის ძირითად ტვირთს, რის შედეგადაც ორგანიზმი ივსება ენერგიით.
ალკოჰოლი აზიანებს ღვიძლის უჯრედების გარსს და არღვევს იმ ფერმენტების ფუნქციას, რომლებიც ცხიმოვანი მჟავების ჟანგვასა და ტრანსპორტში მონაწილეობს. ეს იწვევს მათი ნორმალური ცვლის დარღვევას და უჯრედებში მათ დაგროვებას.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის (რომელიც დამახასიათებელია შუახნის და ხანდაზმული ადამიანებისთვის), სიმსუქნისა და ჰიპერლიპიდემიის დროს ასევე ირღვევა თანაფარდობა ღვიძლის უჯრედებში შეღწეული ცხიმის რაოდენობასა და უჯრედის მიერ მისი უტილიზაციის უნარს შორის.
რით არის საშიში ღვიძლის გაცხიმოვნება?
ეს მდგომარეობა ძირითადად იმით არის საშიში, რომ სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად ზედმეტი ცხიმი იწყებს დაჟანგვას მაღალაქტიური შენაერთების წარმოქმნით, რომლებიც დამატებით აზიანებს უჯრედებს. ეს უკვე დაავადების მოდმევნო სტადიაა - ჰეპატიტი, ანუ ღვიძლის ანთება, რომლის პროგრესირება იწვევს ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების) განადგურებას, კარკასული შემაერთებელი ქსოვილით მათ ჩანაცვლებას. შედეგად ვიღებთ ღვიძლში სისხლის მიმოქცევის დარღვევებს და ღვიძლის უკმარისობას. სწორედ ეს გახლავთ ღვიძლის ციროზის ძირითადი გამოვლინება.