ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებები

ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდი რაოდენობით ალკოჰოლის გამოყენება (დღეში 2-6 ერთეულზე მეტი) შეიძლება გარკვეული ორგანოების, განსაკუთრებით კი ღვიძლის, გულის, თავის ტვინის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამავე დროს ცნობილია, რომ ალკოჰოლის ზომიერი რაოდენობით მიღება შეიძლება აქვეითებდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის რისკს. მიუხედავად აღნიშნულისა, ამ მიზნით ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს გაცილებით ეფექტური და უსაფრთხო პროფილაქტიკური ღონისძიებები.

საბედნიეროდ, სტატისტიკური მონაცემები იმასაც მოწმობენ, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი ალკოჰოლს არ მოიხმარს იმ ოდენობითა და სიხშირით, რომ მათ ჯანმრთელობას და ყოველდღიურ საქმიანობას ზიანი მიადგეს, თუმცა, აშშ-ის მოზრდილი მოსახლეობის 7-10%-ს აქვს ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები - ალკოჰოლის გამოყენების დარღვევა, ალკოჰოლიზმი.

სადღეისოდ, ითვლება, რომ ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებები ქმნიან ერთიან სპექტრს, რომლის ყველაზე მსუბუქი ფორმაა ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება, ყველაზე მძიმე ფორმა კი - ალკოჰოლიზმი, ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება

ალკოჰოლის ჭარბად (ბოროტად) გამოყენება, რაც სადღეისოდ ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებათა ნუსხაშია შეტანილი, დაავადებაა. ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებას, როგორც დაავადებას, ახასიათებს ალკოჰოლის არაადეკვატური, უნორმოდ მიღება, რაც უარყოფითად აისახება პირის სამსახურებრივ, სამედიცინო, სამართლებრივ, განათლების და/ან სოციალურ მდგომარეობაზე. მიუხედავად ასეთი სავალალო შედეგებისა, ადამიანი მაინც აგრძელებს ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებას, რაც ხშირად ოჯახში კონფლიქტებისა და ძალადობის მიზეზიც ხდება.

ალკოჰოლის ჭარბად გამოყენების შესახებ სტატისტიკა გვეუბნება, რომ:

  • აშშ-ში აღნიშნული მდგომარეობა აღენიშნება ქალების 10 და მამაკაცების 20 პროცენტს;
  • ერთმანეთს ენაცვლება ალკოჰოლის ჭარბად გამოყენების („გადაბმულად სმის“, „ზაპოის“, როგორც რუსები უწოდებენ) და სმისაგან თავის შეკავების ეპიზოდები;
  • ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელთა დიდ ნაწილს არასოდეს უვითარდება უფრო მძიმე დარღვევა - ალკოჰოლზე დამოკიდებულება;
  • ევროპაში ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლები არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნების მოქალაქეები, ხოლო ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნების მოქალაქეები ალკოჰოლს ნაკლებად იღებენ.

რა არის ალკოჰოლიზმი

ალკოჰოლიზმი ანუ ალკოჰოლზე დამოკიდებულება, როგორც ადრე უწოდებდნენ, არის ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებათა სპექტრის ყველაზე მძიმე ფორმა. ეს არის ალკოჰოლის მოხმარების უმძიმესი ფორმა, რომელიც სპობს პიროვნებას, იწვევს ორგანიზმის დამოკიდებულებას ალკოჰოლზე, მისი მიღების შეწყვეტისას - ე.წ. „მოხსნის სინდრომის“ აღმოცენებას, სულ უფრო მეტი ალკოჰოლის გამოყენებას და მისი მიღების გახანგრძლივებას, ზომიერების გრძნობის დაკარგვას. ალკოჰოლიზმით დაავადებული სულ უფრო მეტ დროს ხარჯავს ალკოჰოლიანი სასმლის მოპოვებაზე, მის მიღებასა და შემდგომში გამოფხიზლებაზე, თუმცა, ყოველდღიური საქმიანობის დარღვევისა და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების გაცნობიერების მიუხედავად, მაინც აგრძელებს ალკოჰოლიანი სასმლის მიღებას. ალკოჰოლიზმი ცალსახად განიხილება როგორც დაავადება და ის არ არის არც სუსტი ხასიათის გამოვლინება, არც პიროვნების მიერ არჩეული „ცუდი ქცევა“. სიხშირის მიხედვით ალკოჰოლიზმი ფსიქიკურ დაავადებათა შორის მესამე ადგილზეა, რომლითაც აშშ-ში დაავადებულია 14 მილიონ ადამიანზე მეტი, ქალების 4% და მამაკაცების 10%. მათი შრომის ნაყოფიერების დაქვეითების, ადრეული სიკვდილისა და ავადობის გამო ქვეყნის ზარალი ყოველწლიურად 200 ბილიონ დოლარს აღემატება. მსოფლიოს მასშტაბით ალკოჰოლიზმი 200-ზე მეტი დაზიანების - ღვიძლის, გულის, ნერვული სისტების დაავადების მიზეზი ხდება, მის წილად მოდის სიკვდილობის 6%-ზე მეტი, ხოლო 20-40 წლის ასაკში ეს მაჩვენებელი 25%-ს აღემატება.

რით განსხვავდება ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება ალკოჰოლიზმისაგან?

მართალია, ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებაც და ალკოჰოლიზმიც ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებათა სპექტრში განიხილება და მოიცავს პიროვნების ქცევის ცუდ ადაპტაციას ალკოჰოლის მიღებისას, მაგრამ ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებისას, ალკოჰოლიზმისაგან განსხვავებით, პიროვნებას არ უვითარდება ე. წ. „მოხსნის სინდრომი“ ალკოჰოლის მიღების შეწყვეტისას, მას არ სჭირდება სულ მეტი ალკოჰოლი „თრობის“ აღმოცენებისათვის.

საზოგადოდ, დღეს არსებული მონაცემების თანახმად, ალკოჰოლის გამოყენებისას დაავადების რისკი დამოკიდებულია ალკოჰოლის მიღების როადენობასა და სიხშირეზე. დაავადების რისკი აღმოცენდება, როცა მამაკაცი იღებს 14 ერთეულზე მეტ ალკოჰოლს კვირის განმავლობაში ან 4 ერთეულს ერთ მიღებაზე, ქალი 7 ერთეულზე მეტს კვირაში ან 3-ზე მეტს ერთ მიღებაზე. ერთი ერთეული შეესაბამება 400 მლ ლუდს, 150 მლ ღვინოს ან 40 მლ მაგარ სასმელს (ვისკი, არაყი).

ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებისას მამაკაცი იღებს 5, ხოლო ქალი 4 ერთეულზე მეტ ალკოჰოლს ერთ მიღებაზე, თუმცა, ეს გრძელდება დღეების განმავლობაში, რის შემდეგაც პირი გარკვეული დროით წყვეტს ალკოჰოლის მიღებას, რასაც არ ახლავს „მოხსნის სინდრომი“.

ალკოჰოლიზმის დროს პაციენტს უჭირს მოვალეობების შესრულება, ხშირად აღმოჩნდება მისი სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებში (მაგალითად, მთვრალი ატარებს მანქანას), აღმოცენდება სამართლებრივი, სოციალური, პიროვნული პრობლემები, საჭირო ხდება ალკოჰოლის სულ უფრო მეტი დოზა, მისი მიღების შეწყვეტა იწვევს მოხსნის სინდრომს.

იცით თუ არა, რომ . . .

  • ალკოჰოლით გამოწვეული დაავადებები 2-4-ჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში;
  • ძალიან დიდი რაოდენობით ალკოჰოლის სწრაფად მიღება შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი;
  • ალკოჰოლის მიღების ფონზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, ტრავმები დაცემის გამო, ძალადობა, მათ შორის - ოჯახური;
  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება არღვევს სოციალურ და ოჯახურ კავშირებს, იწვევს უმუშევრობას;
  • თუ ძალიან პატარა ბავშვმა მიიღო ალკოჰოლი (ჩვეულებრივ, ეს შემთხვევით ხდება), არსებობს სისხლში გლუკოზის დაქვეითების და ამის გამო კომის რისკიც კი;
  • ქალები უფრო მგრძნობარენი არიან ალკოჰოლის მიმართ;
  • ხანშიშესულები უფრო მგრძნობარენი არიან ალკოჰოლის მიმართ, ვიდრე ახალგაზრდები;
  • თუ ორსული იღებს ალკოჰოლს, იზრდება ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის რისკი;
  • თუ ადამიანი ალკოჰოლს 10-12 წლის ასაკში გასინჯავს, მას მოზრდილ ასაკში ალკოჰოლზე დამოკიდებულების მეტი რისკი ექნება.

ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებათა მიზეზები

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება გარკვეულწილად გენეტიკურია. ის უფრო ხშირია ალკოჰოლიზმით დაავადებულთა გენეტიკურ ნათესავებთან, უფრო ხშირად გვხვდება ბიოლოგიურ შვილებთან, ვიდრე შვილობილებთან. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ალკოჰოლიზმით დაავადებულთა თავის ტვინი გარკვეულ ეტაპამდე უფრო „უკეთ იტანს“ ალკოჰოლის ზემოქმედებას და ეს თავისებურებაც გენეტიკურად გადაეცემა.

ალკოჰოლიზმს შეიძლება ხელი შეუწყოს გარკვეულმა გარემოებებმა და პიროვნულმა თავისებურებებმა. ალკოჰოლიზმით დაავადებულებს ხშირად აქვთ კონფლიქტი მშობლებთან, არიან მარტოხელები, იზოლირებულები, დათრგუნულები, ეჭვიანები, თუმცა ბოლომდე ძნელია თქმა, ეს ალკოჰოლიზმის მიზეზია თუ შედეგი.

რა ცვლილებებს იწვევს ალკოჰოლის ჭარბი მიღება

ალკოჰოლით გამოწვეული პრობლემები პირობითად შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს:

  • ალკოჰოლური ინტოქსიკაცია (მოწამვლა) და დოზის გადაჭარბება - პრობლემები, უკავშირდება უშუალოდ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას;
  • ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდი რაოდენობით ალკოჰოლის რეგულარული მიღებით გამოწვეული პრობლემები;
  • აბსტინენციის სინდრომი - პრობლემები, რომლებიც აღმოცენდება ალკოჰოლის ხანგრძლივი, ჭარბი მიღების შეწყვეტის შედეგად.

ალკოჰოლის დოზის გადაჭარბება

თუ ადამიანი რეგულარულად არ იღებს ალკოჰოლს, სისხლში მისი კონცენტრაციის ზრდა 300-400 მგ/დლ-მდე ხშირად იწვევს გონების დაკარგვას, ხოლო 400 მგ/დლ-ზე მეტი შემცველობა შეიძლება სიკვდილის მიზეზიც გახდეს. სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან გულის რიტმის დარღვევამ, რისი რისკიც განსაკუთრებით იზრდება დიდი რაოდენობით ალკოჰოლის სწრაფი მიღებისას. დიდი რაოდენობით ალკოჰოლი იწვევს არტერიული წნევის და სისხლში გლუკოზის შემცველობის დაქვიეთებასაც.

ალკოჰოლის ქრონიკულ მომხმარებელთა შორის შესაძლოა „მათრობელი ეფექტი“ არ გამოვლინდეს სისხლში ალკოჰოლის საკმაოდ მაღალი კონცენტრაციების დროსაც კი.

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი არის ორსულობის დროს ალკოჰოლის გამოყენების ერთ-ერთი სერიოზული არასასურველი შედეგი. სინდრომის აღმოცენება შეიძლება განაპირობოს დღეში სამი ერთეული ალკოჰოლის გამოყენებამაც კი. აშშ-ის სტატისტიკის თანახმად, ეს სინდრომი 1000 ახალშობილიდან 2-ს აღენიშნება. ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომისათვის დამახასიათებელია:

  • ნაყოფის პატარა ზომა და შემდგომ ახალშობილის ნელი ზრდა;
  • სახის განვითარების თანდაყოლილი მანკები;
  • მიკროცეფალია (პატარა ზომის თავი), რასაც თან ახლავს თავის ტვინის არასაკმარისი ზრდა;
  • გონებრივი ჩამორჩენილობა;
  • ქცევითი დარღვევები;
  • ზოგჯერ სახსრების ცვლილებები და გულის მანკები.

შემდგომში ბავშვებს შეიძლება გამოუვლინდეთ ქცევის პრობლემები, ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერრეაქტიულობა. აღნიშნული პრობლემების რისკი მაშინაც არსებობს, თუ ბავშვის ფიზიკური განვითარება ნორმალურია.

ალკოჰოლის ზემოქმედების შორეული შედეგები

დიდი რაოდენობით ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღება შეიძლება მრავალი ორგანოს, უპირველესად კი ღვიძლის დაზიანების მიზეზი გახდეს. რადგანაც ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლები ხშირად არ იყენებენ აუცილებელ კვების პროდუქტებს, მათ ხშირად აქვთ ვიტამინებისა და საკვებში არსებული სხვა კომპონენტების დეფიციტი.

ალკოჰოლიზმის ფონზე ხშირად ვითარდება:

  • ფოლიუმის მჟავას შემცველობის დაქვეითება - იწვევს ანემიას, ნაყოფის განვითარების მანკებს;
  • თიამინის (ბ1 ვიტამინი) დაბალი დონე - იწვევს ნევროლოგიურ დარღვევებს, დემენციას, სიარულისა და თვალის მიძრაობის დარღვევას;
  • რკინის დაბალი დონე, რაც ანემიის მიზეზია;
  • ნიაცინის დაბალი დონე - იწვევს პელაგრას (კანის დაზიანება, ფაღარათი, დეპრესია);

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები:

  • საყლაპავი მილის ანთება, ონკოლოგიური დაავადებები;
  • კუჭის დაავადებები - გასტრიტი, წყლული, ონკოლოგიური დაავადებები;
  • ღვიძლის დაავადებები - ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება, რაც შეიძლება გამოვლინდეს ჰეპატოზით, ჰეპატიტით, მოგვიანებით ციროზით, ღვიძლის სიმსივნით;
  • მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები:

  • არითმია, ალკოჰოლური კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა;
  • არტერიული წნევის მომატება, ათეროსკლეროზი, ინსულტი;

ნერვული სისტემის დაზიანება:

  • თავის ტვინის დაზიანება - გონების დაბინდვა, ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითება (ახლო წარსულის მოვლენების გაძნელებული გახსენება), ფსიქოზი (რეალობასთან კავშირის დაკარგვა), კოორდინაციის დარღვევა;
  • ნერვების ცვლილებები - კიდურების მოძრაობისა და მგრძნობელობის დარღვევა.

შარდ-სასქესო სისტემის ცვლილებები:

  • სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება;
  • მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება, სათესლე ჯირკვლების ატროფია, თმიანობის დაქვეითება.

აბსტინენციის სინდრომი

თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იღებდა ალკოჰოლიან სასმელებს და ერთ დღეს უეცრად შეწყვიტა მათი გამოყენება, შესაძლოა აღმოცენდეს ალკოჰოლის მოხსნის სინდრომი - აბსტინენცია. უხშირესად აბსტინენციის სინდრომი აღმოცენდება, როცა პირისთვის მიუწვდომელია ალკოჰოლიანი სასმელები (მაგალითად, რაღაც სხვა მიზეზით საავადმყოფოში მკურნალობის გამო). აბსტინენციის სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს როგორც სუსტი, ასევე საკმაოდ მკვეთრი სიმპტომებით, ზოგჯერ კი პაციენტის სიკვდილით.

აბსტინენციის სუსტი სიმპტომები აღმოცენედება ალკოჰოლის მიღების შეწყვეტიდან 6 საათის შემდეგ. მისთვის დამახასიათებელია კანკალი, თავის ტკივილი, სისუსტე, გაძლიერებული ოფლიანობა, გულისრევა. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს კრუჩხვა - ალკოჰოლური ეპილეფსია ანუ კრუნჩხვები ალკოჰოლური აბსტინენციის დროს.

ალკოჰოლური ჰალუცინაციები შეიძლება განუვითარდეს ალკოჰოლიზმით დაავადებულს სასმლის მიღების უეცარი შეწყვეტის შედეგად. პაციენტს ესმის ბრალდების ან მუქარის ხმები, რაც მის შფოთვასა და შიშს იწვევს. ალკოჰოლური ჰალუცინაციები შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდეს. მის წინააღმდეგ შესაძლებელია ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენება.

„თეთრი ცხელება“ აბსტინენციის სინდრომის ყველაზე სერიოზული ფორმაა. ჩვეულებრივ, თეთრი ცხელება უეცრად არ აღმოცენდება. ის ვლინდება ალკოჰოლის მიღების შეწყვეტიდან 48-72 საათის შემდეგ. თავდაპირველად ვითარდება მოუსვენრობა, შემდეგ ირღვევა ორიენტაცია, ძილი, ჩნდება ღამის კოშმარები, იმატებს ოფლის გამოყოფა, თავს იჩენს დეპრესია. შემდგომში ვითარდება პულსის გახშირება, წნევის მომატება, მატულობს სხეულის ტემპერატურა. მძიმე შეტევებისას შეიძლება აღმოცენდეს ხანმოკლე ჰალუცინაციები, ილუზიები, შიში, მოუსვენრობა, ჩნდება მხედველობითი ჰალუცინაციები, რაც პაციენტს აშინებს. ირღვევა წონასწორობა, პაციენტს ეჩვენება, რომ მოძრაობს იატაკი, ეცემა კედლები, ტრიალებს ოთახი. მდგომარეობის გაუარესებისას აღმოცენდება კიდურების კანკალი, რაც ზოგჯერ თავსა და სხეულზეც ვრცელდება. პაციენტთა დიდი ნაწილი საერთოდ კარგავს კოორდინაციას. თეთრი ცხელება შეიძლება პაციენტის სიკვდილით დამთავრდეს, განსაკუთრებით, თუ სათანადო მკურნალობა არ ტარდება.

რას ემყარება ალკოჰოლიზმის დიაგნოზი

ალკოჰოლის ჭარბად მიღებით გამოწვეული დაავადების არსებობა სავარაუდოა, როცა:

  • პაციენტი თავად მიუთითებს, რომ სისტემატურად იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
  • სისხლის ანალიზში ვლინდება გარკვეული ცვლილებები;
  • სპეციალური კითხვარის შევსებისას ვიღებთ გარკვეულ ინფორმაციას.

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დიაგნოზი დგინდება პაციენტისა და მისი თანმხლები პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის და პაციენტის გასინჯვის საფუძველზე. შემდგომში ტარდება ლაბორატორიული ანალიზები, რომელთა მიზანიცაა სისხლში ალკოჰოლისა და გლუკოზის (შაქრის) შემცველობის განსაზღვრა, შარდში ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის დადგენა; რიგ შემთხვევებში, ძირითადად ტრავმის ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამოსარიცხად, შეიძლება საჭირო გახდეს თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ პაციენტის ამონასუნთქი ჰაერის ალკოჰოლის სუნი ექიმისათვის არ არის სხვა პრობლემების გამორიცხვის საფუძველი.

ალკოჰოლის ხანგრძლივი დროის მანძილზე მიღებისას შესაძლოა საჭირო გახდეს ლაბორატორიული კვლევები ღვიძლისა და სხვა ორგანოების დაავადებების გამოსარიცხად.

ალკოჰოლის ჭარბად მიღების სკრინინგი

ზოგიერთი ადამიანი ვერც ხვდება, რომ მის მიერ ალკოჰოლის მიღება შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ჯანმრთელობას. არიან პიროვნებები, რომლებიც აცნობიერებენ ალკოჰოლის მიღებით გამოწვეულ საფრთხეს, მაგრამ არ უნდათ ამ ფაქტის აღიარება. ადამიანის ფსიქიკის ამ თავისებურებების გამო ექიმები არ ელიან პაციენტისაგან „აღიარებით ჩვენებას“ და თავად ცდილობენ, გამოავლინონ ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების ფაქტი. ეჭვი ალკოჰოლის ჭარბად მიღებაზე ჩნდება პაციენტის ქცევის ცვლილების, გულის ან ღვიძლის დაავადებების ნიშნების გამოვლენისას. ასეთ შემთვევებში პაციენტს სთხოვენ პასუხს შემდეგი ხასიათის შეკითხვებზე:

  • კვირაში რამდენი დღის განმავლობაში იღებთ ალკოჰოლს?
  • ყოველი შემთხვევისას რა რაოდენობით იღებთ ალკოჰოლს?
  • როგორია თქვენ მიერ გასული თვის განმავლობაში მიღებული ალკოჰოლის ყველაზე დიდი რაოდენობა?

თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პაციენტი ალკოჰოლის დიდ რაოდენობას იღებს, შესაძლოა დაისვას უფრო კონკრეტული შეკითხვები:

  • როდესმე გიფიქრიათ თუ არა, რომ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა უნდა შეამციროთ?
  • გაღიზიანებთ თუ არა ის ფაქტი, რომ თქვენ მიერ ალკოჰოლის მიღებას აკრიტიკებენ?
  • გქონიათ თუ არა სიმთვრალის გამო დანაშაულის შეგრძნება?
  • გამოგიყენებიათ თუ არა ალკოჰოლი დილიდან „ნერვების დაწყნარების“ ან „ბახუსის მოხსნის“ მიზნით?

ამ შეკითხვებზე 2 ან მეტი დადებითი პასუხი ალკოჰოლის ჭარბ მიღებაზე მიუთითებს.

მკურნალობა ალკოჰოლის ჭარბად მიღების დროს

ალკოჰოლის ჭარბად მიღებით გამოწვეული დაავადებებისას მკურნალობის დანიშვნა შესაძლოა საჭირო გახდეს მაშინ, როცა:

  • პაციენტს აქვს მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია სისხლში ეთანოლის მაღალი შემცველობის გამო;
  • პაციენტი ექიმს მიმართავს აბსტინენციის სიმპტომების გამო. სამწუხაროდ, ეს იშვიათად ხდება. ალკოჰოლიზმით დაავადებულები აბსტინენციას ისევ ალკოჰოლით „მკურნალობენ“.
  • პაციენტი მიმართავს ექიმს, რადგანაც აღარ უნდა გააგრძელოს ალკოჰოლის მიღება.

დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებისას ან საშუალო და მძიმე აბსტინენციის დროს აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს მკურნალობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყავა, ჩაი და სხვა „ხალხური“ საშუალებები არ ხსნიან ალკოჰოლის ეფექტს. ზოგჯერ ალკოჰოლის ეფექტი იმდენად ძლიერია, რომ აუცილებელი ხდება პაციენტის რეანიმაციაში მოთავსება, ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება. გაუწყლოვნების პროფილაქტიკისა და დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ საჭირო ხდება სითხეების გადასხმა. ენცეფალოპათიის პროფილაქტიკისთვის ინიშნება თიამინი (ბ1 ვიტამინი).

აბსტინენციის სიმპტომებისას გამოიყენება დამამშვიდებელი საშუალებები (ბენზოდიაზეპინები), ზოგჯერ ნეიროლეფსიური საშუალებები.

ალკოჰოლიური დელირიუმის დროს ტარდება აგრესიული მკურნალობა, სასურველია ინტენსიური თერაპიის პალატაში. პაციენტს ენიშნება ბენზოდიაზეპინები, ბარბიტურატები, ვიტამინები (განსაკუთრებით ბ1), სითხეების ინტრავენურად გადასხმა, საჭიროებისას ტარდება სხეულის გაგრილება, გულის შეკუმშვათა სიხშირისა და მაღალი წნევის მართვა, გართულებების (პანკრეატიტი, ფილტვების ანთება, კრუნჩხვები) მკურნალობა. ასეთი მკურნალობისას ალკოჰოლური დელირიუმის სიმპტომები 12-24 საათის განმავლობაში მცირდება. მძიმე შემთვევებში ეს პერიოდი შეიძლება 5-7 დღემდე გახანგრძლივდეს. ბევრ პაციენტს აბსტინენციის შეტევის შემდეგ აღნიშნული პერიოდი აღარც ახსოვს.

ალკოჰოლიზმისა და თანმხლები ფსიქიკური და ფიზიკური დარღვევებისას შესაძლოა რეკომენდებული იყოს დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა.

დეტოქსიკაცია და რეაბილიტაცია

დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე პაციენტს უკრძალავენ ალკოჰოლს, მკურნალობენ აბსტინენციას. შემდგომში პაციენტს ასწავლიან, როგორ შეცვალოს ქცევა. სათანადო დახმარების არარსებობისას რეციდივი რამდენიმე დღეში ან კვირაში აღმოცენდება. ეს რომ არ მოხდეს, ტარდება სარეაბილიტაციო თერაპია, რაც ფსიქოთერაპიასა და სამედიცინო მეთვალყურეობას აერთიანებს. პაციენტს წინასწარ ამზადებენ ალკოჰოლიზმთან ბრძოლის რთული პროცესისათვის, ასწავლიან, როგორ აარიდოს თავი სიტუაციას, რომელიც ალკოჰოლის მიღების პირობებს ქმნის.

რიგ შემთხვევებში ალკოჰოლიზმის საწინაარმდეგოდ გამოიყენება გარკვეული პრეპარატები, თუმცა, მათი მიღება ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტს თავადაც აქვს სურვილი, თავი დაანებოს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, მზადაა თანამშრომლობისათვის. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი იღებს ალკოჰოლიან სასმელებს, 20% ყოფილი ლოთია (ალკოჰოლიკია) და მხოლოდ 30-35%-ია ფხიზელი ცხოვრების მიმდევარი.