ყველაზე დიდი ჯირკვალი

"ბიოქიმიური ლაბორატორია", რომელიც დიაფრაგმას, მუცლის კედელს, კუჭსა და ნაწლავებს იოგებით მყარად ემაგრება. გარედან ღვიძლს თხელი ფიბროზული გარსი - კაფსულა ფარავს, შიგნით კი მოქცეულია მისი ძირითადი ნივთიერება, რომელიც ღვიძლს მეტად რბილ კონსისტენციას სძენს. თუმცა, მიუხედავად სირბილისა, ფიბროზული კაფსულის წყალობით ღვიძლი საკმაოდ მკვრივი ორგანოა, რომელსაც სისხლსავსეობის გამო მოწითალო-მოყავისფრო ფერი აქვს. ღვიძლი 4 წილისგან შედგება. მამაკაცის ღვიძლი 1,5 კგ-ს იწონის, ქალისა კი 1,2 კგ-ს.
ჰეპატოციტები
ღვიძლის ძირითადი ნივთიერება პარენქიმაა, რომელსაც მისი უჯრედები - ჰეპატოციტები ქმნიან. ჰეპატოციტები ღვიძლის სტრუქტურულ-ფუნქციურ ერთეულებს წარმოადგენენ. ეს უჯრედები უწვრილეს, სხვადასხვა კალიბრის აცინუსებად ერთიანდებიან. ჰეპატოციტებს მრავალი ფუნქცია აკისრიათ: ისინი შთანთქავენ, გამოყოფენ, მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში და ზოგიერთი ნივთიერების დაგროვებასაც კი ახერხებენ.
ჰეპატოციტების ფუნქციათა მრავალფეროვნებას, რაც საბოლოოდ ღვიძლის ფუნქციათა სიმრავლესაც განსაზღვრავს, მათი რთული აგებულება განაპირობებს. ჰეპატოციტების უჯრედულ მემბრანებს სხვადასხვა მონაკვეთზე სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. ამ ნიშნით 2 პოლუსს განარჩევენ: ერთ მათგანზე ნივთიერებათა ცვლის პროდუქტთა შეწოვა ხდება, მეორე კი ნაღვლისა და სხვა ნივთიერებათა გამომყოფია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჰეპატოციტებს შორის სანაღვლე გზები გადის, რომელთა გაერთიანებითაც იქმნება ღვიძლის სადინარი, ხოლო ღვიძლისა და გამომტანი სადინარის გაერთიანებით - საერთო სადინარი, რომლითაც ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავში გადაედინება.
სისხლის მიმოქცევა ღვიძლში
ღვიძლს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ღვიძლის არტერია ამარაგებს, თუმცა ამ ორგანოში არტერიულზე გაცილებით უკეთ არის განვითარებული ვენური სისტემა, იგი კარისა და ღვიძლის ვენური სისტემებით ორ ანატომიურ-ფუნქციურ ნაწილად იყოფა, რის გამოც ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ღვიძლს საკმაოდ განსხვავებული და თავისებური სისხლის მიმოქცევა აქვს.
კარის ვენა მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ელენთიდან აგროვებს სისხლს და იმ ძირითად სისხლძარღვს წარმოადგენს, რომელიც ღვიძლის ფუნქციებს განსაზღვრავს. სისხლის მიმოქცევის თავისებურებაც სწორედ კარის ვენის განსაკუთრებული დანიშნულებით არის განპირობებული - იგი, ნაცვლად იმისა, რომ სისხლი გულისკენ წაიღოს, მას კვლავ ღვიძლს უბრუნებს, ანუ კარის ვენის საშუალებით ჟანგბადით მდიდარი სისხლი ერთი ორგანოს კაპილარებიდან იმავე ორგანოს კაპილარულ ქსელში ხვდება.სისხლის მიმოქცევის მსგავსი სისტემა აქვთ თირკმელებსა და ჰიპოფიზს.
კარის ვენა მჭიდროდ უკავშირდება ნაწლავებისა და სხვა ორგანოთა ვენებს, რითაც თირკმელების, კუჭის, გულისა და სხვა ორგანოთა ფუნქციებზეც ახდენს გავლენას. წუთის განმავლობაში ღვიძლში 1500 მლ სისხლი (80% - კარის ვენით, 20% კი თირკმლის არტერიით) გაედინება. ამასთანავე, მის სხვადასხვა სეგმენტში მუცლის ღრუს სხვადასხვა ორგანოდან მომავალი სისხლი ჩაედინება. მაგალითად, მარცხენა წილში უმთავრესად ელენთის სისხლი ხვდება, მარჯვენაში კი უპირატესად მსხვილი ნაწლავებიდან წამოსული სისხლი იწმინდება და მუშავდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ღვიძლში სისხლი სხვა ორგანოებზე გაცილებით ნაკლები სიჩქარითა და ნაკადით მოძრაობს, მაშინ როცა კარის ვენაში წნევა დანარჩენ ორგანოთა ვენებზე მაღალია.
ღვიძლის სპეციფიკური ფუნქცია
ღვიძლის სპეციფიკური ფუნქცია ნაღვლის წარმოქმნაა. არადა, ბევრი ამ ფუნქციას ნაღვლის ბუშტს მიაწერს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნაღვლის შემნახველი რეზერვუარია. ჯანმრთელი ადამიანის ბიოქიმიურ ლაბორატორიაში დღე-ღამეში 800-1000 მლ-მდე ნაღველი გამომუშავდება, რომელიც 66-მმ-იანი სანათურისა და 7-8 სმ სიგრძის ოთხი სადინარის გაერთიანებით მიღებული საერთო სადინარით ნაღვლის ბუშტში ჩაედინება.
ნაღვლის გამომტანი სადინარები მდიდარია გლუვკუნთოვანი ბოჭკოებით, რომლებიც დროდადრო იკუმშებიან და ღვიძლში წარმოქმნილ ნაღველს საჭირო მიმართულებით - ნაღვლისაკენ - გადადევნიან. ნაღვლის სეკრეციით ღვიძლი მონაწილეობს საჭმლის, კერძოდ, ცხიმების მონელებაში, ნაღვლის მჟავები ცხიმების ემულგირებას ახდენენ, რითაც აადვილებენ კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერმენტებით მათ დამუშავებას.
დანარჩენი ფუნქციები
ღვიძლის მიერ გაწეული სამუშაო ორ ძირითად კატეგორიად იყოფა. ერთია საკვები ნივთიერებების სინთეზი, მათი შენახვა-აკუმულირება, მეორე - ორგანიზმისთვის უვარგისი ნივთიერებების დაშლა-მონელება.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზი
- ღვიძლი მონაწილეობს 500-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაში.
- გარდაქმნის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სასუნთქი სისტემისა და კანის მეშვეობით ორგანიზმში მოხვედრილ ნივთიერებებს, მათ შორის - ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს.
- ღვიძლში გარდაიქმნება სისხლის ცილები: ფიბრინოგენი, ალბუმინები და გლობულინები, - რომელთა ტრანსპორტულ თვისებებსაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ნაღვლის მჟავები.
ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების დაგროვება
- ღვიძლის ქსოვილში ბევრი ვიტამინი, რკინა და გლიკოგენია აკუმულირებული. ეს ის ნივთიერებებია, რომლებიც დიდი ენერგეტიკული დანაკარგების დროს სწრაფად გარდაიქმნება ადვილად ასათვისებელ ენერგომატარებლად - გლუკოზად.
- სქელი სისხლძარღვოვანი ქსელი ღვიძლს საშუალებას აძლევს, სისხლის ერთგვარი რეზერვუარის როლიც შეასრულოს. მასში მუდმივად არის 0,5 ლ სისხლი, რითიც იგი სისხლის მოცულობის რეგულაციაშიც მონაწილეობს.
- დიდია მისი როლი ვიტამინების ცვლაშიც, განსაკუთრებით - ცხიმში ხსნადი A, D, E, და K ვიტამინებისა, რომელთა შეწოვაც ნაწლავებში ნაღვლის მონაწილეობით ხორციელდება. გარდა ამისა, ზოგიერთი ვიტამინი თავად დეპონირდება ღვიძლში და შემდგომ, მათზე მოთხოვნის ზრდის კვალობაზე, გამოთავისუფლდება. ასეთებია A, D, K, C, PP ვიტამინები.
- ღვიძლში დეპონირდება მიკროელემენტები: რკინა, სპილენძი, მანგანუმი, კობალტი, მოლიბდენი და სხვა ელექტროლიტები.
- ღვიძლი მონაწილეობს იმუნოლოგიურ (თავდაცვით) რეაქციებშიც.