როგორ იკვლევენ ნაწლავის მიკროფლორას

სამედიცინო ანალიზები ნებისმიერი მკურნალობის აუცილებელი კომპონენტია. სხვაგვარად პრაქტიკულად შეუძლებელია განისაზღვროს დაავადების მიზეზი, ამიტომ მკურნალობის ეფექტიც საგრძნობლად იკლებს. ლაბორატორიული გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ რეაქცია სამკურნალო საშუალებებზე და მათთან დაკავშირებული უკუჩვენებები, აგრეთვე გამოვკვეთოთ მკურნალობის უფრო ეფექტური მეთოდები.
განავლის ანალიზი სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან გვაწვდის ინფორმაციას პაციენტის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობაზე, საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევებზე, ნაწლავის ფერმენტაციული როლის დაქვეითებაზე, ანთებითი პროცესების არსებობა-არარსებობასა და ნაწლავის მიკროფლორის მდგომარეობაზე. როგორ განისაზღვრება განავლის ანალიზის საშუალებით მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის თვისებრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები, ამის შესახებ გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ CITO-ს მიკრობიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მარიკა კერესელიძე.
- ქალბატონო მარიკა, რა არის ნაწლავთა დისბაქტერიოზი?
- ნაწლავთა დისბაქტერიოზი კლინიკურ-ლაბორატორიული სინდრომია და დაკავშირებულია ნაწლავთა მიკროფლორის თვისებრივ და რაოდენობრივ ცვლილებებთან. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში დისბაქტერიოზი დამოუკიდებელ დიაგნოზად არ არის შეტანილი. მიკროფლორის დარღვევა კუჭ-ნაწლავის ამა თუ იმ პათოლოგიის შედეგია, რომელიც ობლიგატურ და ფაკულტატურ მიკროფლორას მოიცავს.
ობლიგატურ მიკროფლორას მიეკუთვნება ბიფიდობაქტერიები, ბაქტეროიდები, ლაქტობაქტერიები, ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკები.
ფაკულტატურს - სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ბაცილები, საფუვრისა და საფუვრის მსგავსი სოკოები.
- რა შეიძლება ჩაითვალოს ნაწლავის მიკროფლორის გამოკვლევის ჩვენებად?
- უწინარეს ყოვლისა - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ხანგრძლივი მოშლილობა, თუ ამ დროს არ გამოიყოფა პათოგენური ენტერობაქტერია. გარდა ამისა:
- დიზენტერიისა და სხვა მწვავე ნაწლავური ინფექციის შემდგომი რეკონვალესცენციის გახანგრძლივება;
- ნაწლავთა დისფუნქცია, გამოწვეული ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპიით, იმუნოდეპრესიული თერაპიით, ქიმიოთერაპიით, ჰორმონული თერაპიით;
- წინასაოპერაციო პერიოდი იმ პირებში, რომელთაც აქვთ ნაწლავთა დისბაქტერიოზის განვითარების რისკფაქტორები;
- ჩირქოვან-ანთებითი კერების არსებობა, რომლებიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას (ქოლეცისტიტი, პიელიტი, წყლულოვანი კოლიტი, ენტეროკოლიტი);
- ალერგიული დაავადებები (ბრონქული ასთმა, დერმატიტი);
- მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი ინფექციები;
- ნაადრევი ხელოვნური კვება;
- იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
- მწვავე რესპირატორული ინფექციებით ხშირი ავადობა;
- სტომატიტი, რძიანა და სხვა.
- ანალიზის შედეგების სისწორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ავიღოთ განავალი და მოვახდინოთ მისი ტრანსპორტირება, რამდენ ხანში უნდა მივიტანოთ ლაბორატორიაში.
- მასალის აღება სასურველია ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებამდე. გამოკვლევას ექვემდებარება ახალგამოყოფილი ფეკალური მასა. გამოკვლევამდე 3-4 დღის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი საფაღარათო პრეპარატების, ვაზელინის ან აბუსალათინის ზეთის მიღება. დიეტის დაცვა სავალდებულო არ არის.
ოყნის საშუალებით მიღებული ფეკალური მასა გამოსაკვლევად უვარგისია. ცხელი წყლით კარგად გარეცხილ ჭურჭელში (ქოთანში) დეფეკაციის შედეგად მიღებული ფეკალური მასის ზედა ულუფის 30-40 გრამს ხის ან მინის წკირის საშუალებით მოათავსებენ სტერილურ კონტეინერში. დეფეკაციამდე სასურველია მოშარდვა, რათა ფეკალური მასა და შარდი ერთმანეთში არ აირიოს.
ერთ წლამდე ასაკის ბავშვების განავალს იღებენ 70%-იანი სპირტით გაწმენდილი მუშამბიდან, რადგან პამპერსიდან მასალის აღება არ შეიძლება.
მასალის გამოკვლევა უნდა მოხდეს არა უმეტეს 1-2 საათის შემდეგ. თუ ლაბორატორიაში მასალის დროული გადაგზავნა შეუძლებელია, რეკომენდებულია მისი მაცივარში შენახვა, მაგრამ არა უმეტეს 4 საათისა.
- რამდენი ხანია საჭირო ნაწლავის მიკროფლორის ანალიზისთვის და საჭიროებს თუ არა ეს სპეციალურ პირობებს?
- მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის თვისებრივ და რაოდენობრივ განსაზღვრას სჭირდება 72 საათი. ზუსტი და სარწმუნო შედეგის მისაღებად გამოკვლევის ყველა ეტაპი - დათესვა, საორიენტაციო ტესტები, დეტექცია, იდენტიფიკაცია - უნდა იყოს სტანდარტიზებული. საჭიროა მაღალი ხარისხის საკვები ნიადაგების გამოყენება, მიკრობთა ზრდისთვის სათანადო ტემპერატურული და ატმოსფერული პირობების შექმნა.