წყლულოვანი დაავადება - უცნობი ნაცნობი
როგორია თანამედროვე პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც ხშირად ებადებათ ჩვენს მკითხველებს?
-
გულძმარვა ყოველთვის წყლულის ნიშანი როდია
გულძმარვა ბევრს აწუხებს. უმრავლესობას ის წყლულის სიმპტომი ჰგონია, მაგრამ ასეთი შეგრძნება სხვა დაავადებების დროსაც შეიძლება აღმოცენდეს. მაგალითად, სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს მარჯვენა ფერდქვეშა არესთან ერთად ტკივილი და წვის შეგრძნება შესაძლოა ეპიგასტრიუმშიც განვითარდეს, რასაც ავადმყოფი ხშირად გულძმარვად აღიქვამს. ასეთივე ჩივილი მოსალოდნელია პანკრეასის დაავადებების დროსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ტკივილი ზურგისკენ გადაეცემა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გულძმარვის შეგრძნება და დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში ზოგჯერ გულის იშემიური დაავადების გამოვლინებაც არის.
მიზეზთა ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, გულძმარვა უმთავრესად მაინც კუჭისა და საყლაპავის დაავადებებთან ასოცირდება. ის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ტიპური ნიშანია. გულძმარვას ხშირად იწვევს გასტროეზოფაგური რეფლექსური დაავადებაც, როდესაც კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში ამოიტყორცნება. გულძმარვა აღმოცენდება გასტრიტის დროსაც.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აუცილებელია, ზუსტად დავადგინოთ გულძმარვის გამომწვევი დაავადება, უფრო ზუსტად, მივმართოთ ექიმს და ეს მნიშვნელოვანი პროცედურა მას მივანდოთ.
-
აუცილებელია თუ არა დიაგნოზის დასასმელად ენდოსკოპიური გამოკვლევა?
ენდოსკოპიური კვლევა - სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის დათვალიერება - სადღეისოდ წყლულის სადიაგნოზო ყველაზე სარწმუნო მეთოდია. მას წყლულის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს უწოდებენ. აღნიშნული გამოკვლევა აუცილებელია, რათა დავაზუსტოთ წყლულის მდებარეობა, რაოდენობა, გამოვრიცხოთ მისი სიმსივნური ხასიათი. ხშირად საჭიროა განმეორებითი კვლევა წყლულისაგან განკურნების დასადასტურებლად.
-
რომელი საკვებია სასარგებლო წყლულის დროს?
დროა, დავემშვიდობოთ შეხედულებებს წყლულის შემთხვევაში ”სასარგებლო” და ”მავნე” საკვების შესახებ. უკანასკნელ წლებში ჩატარებულმა კვლევებმა ამ შეხედულებებს საფუძველი გამოაცალა. თუკი წინათ მიიჩნეოდა, რომ წყლულის დროს წიწაკა საშიშია, ხოლო რძე - სასარგებლო, ამჟამად ცნობილია, რომ რძემ შესაძლოა ავადმყოფის მდგომარეობა გააუარესოს, ხოლო წიწაკა სულაც არ არის წყლულის მიზეზი.
შეხედულება, რომლის თანახმადაც წყლულის აღმოცენება დიეტურ ფაქტორთან არის დაკავშირებული, ამჟამად უარყოფილია. დადგენილია, რომ წყლულის მთავარი მიზეზი ერთგვარი მიკროორგანიზმი - პილორუსის ჰელიკობაქტერიაა. სწორედ ამის გამო დაკარგა აქტუალურობა დიეტურმა კვებამ. მართლაც, არ არსებობს არავითარი საბუთი იმისა, რომ რომელიმე დიეტის ფონზე წყლულისგან განკურნება უფრო სწრაფად ხდებოდეს. ერთადერთი ეფექტი დაავადების სიმპტომების შესუსტებაა. ასე რომ, თამამად შეგვიძლია გირჩიოთ: მიირთვით ყველაფერი, რასაც იტანთ, რაც დისკომფორტს არ გიქმნით და ერიდეთ იმ საკვებს, რომლის მიღების შემდეგაც თავს ცუდად გრძნობთ, თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ ასეთ აკრძალვას არავითარი სამკურნალო ეფექტი არ გააჩნია.
მართალია, არც კვებაა წყლულის მიზეზი და არც დიეტა გამოდგება მის წამლად, მაგრამ ზოგიერთმა საკვებმა შესაძლოა გაჯანსაღება შეაფერხოს და წყლულით გამოწვეული ჩივილები გაახანგრძლივოს. საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანის გაღიზიანება და დაავადების ნიშნები რომ შესუსტდეს, აუცილებელია:
- ზომიერად გამოვიყენოთ საკაზმები;
- შევწყვიტოთ ასპირინისა და წყლულის გამომწვევი სხვა მედიკამენტების მიღება;
- თავი დავანებოთ თამბაქოს წევას;
- ვისაუზმოთ, ვისადილოთ და ვივახშმოთ რეგულარულად;
- თავი დავანებოთ განუწყვეტელ სუსვნას - განუწყვეტლივ ჭამა ხელს უწყობს მჟავას სეკრეციას.
- არ ვჭამოთ ძილის წინ, რათა შემცირდეს ღამით კუჭის წვენის გამოყოფა;
- უარი ვთქვათ ყავასა და ალკოჰოლზე;
- ნაკლები მივირთვათ რძე - ის მჟავას სეკრეციის სტიმულატორია.
ამ რეკომენდაციების შესრულებისას მედიკამენტური მკურნალობა უფრო მალე გამოიღებს შედეგს.
-
ხილი, ბოსტნეული და წყლული
დადგენილია, რომ არავითარი კავშირი არ არსებობს ხილ-ბოსტნეულსა და წყლულს შორის. უბრალოდ, ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული (განსაკუთრებით - პარკოსნები) ნაწლავებში ჭარბად აგროვებს აირებს და მუცლის შებერვას იწვევს, მეტეორიზმი ანუ მუცლის შებერვა კი პაციენტის თვითშეგრძნებას აუარესებს. სწორედ მეტეორიზმის თავიდან ასაცილებლად ურჩევენ პაციენტებს ამა თუ იმ ხილისა და ბოსტნეულის მიღებისაგან თავის შეკავებას და არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანი წყლულის მიზეზია.
-
თამბაქო, ყავა და წყლული
წყლულის მკურნალობის პროცესში მედიკამენტების მიღებასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესს. ეს, პირველ ყოვლისა, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმას გულისხმობს. მართალია, ვერავინ იტყვის, რომ ან ერთი, ან მეორე წყლულის უშუალო მიზეზია, მაგრამ დადგენილია, რომ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ გაჯანსაღების პროცესთან. იმავეს ვერ ვიტყვით კოფეინის შესახებ (სწორედ ამ ნივთიერებას შეიცავს ყავა) - ის არც წყლულის მიზეზია და არც მის შეხორცებას აფერხებს, თუმცა დადგენილია, რომ დიდი ოდენობის კოფეინმა შესაძლოა დისპეფსია გამოიწვიოს, ეს კი ნიშნავს მუცელში უსიამოვნო შეგრძნებას, რომელსაც ერთვის გულისრევა და მუცლის შებერვა. პაციენტს, რომელსაც ახლახან დაუსვეს წყლულის დიაგნოზი, მსგავსი ჩივილები, ბუნებრივია, ნერვიულობისა და შფოთვის ზედმეტ საფუძველს აძლევს.
-
რატომ უნიშნავენ წყლულით დაავადებულებს ანტიბიოტიკებს?
როგორც ზემოთ ვთქვით, წყლულის მიზეზი უმეტესად ჰელიკობაქტერიით ინფიცირებაა. კვლევები მოწმობს, რომ წყლულის შემთხვევათა 75-95% სწორედ ამ მიკროორგანიზმით არის გამოწვეული. სწორედ ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგოდ ინიშნება ანტიბიოტიკები. სამწუხაროდ, ერთი ანტიბიოტიკით მისგან განკურნება შეუძლებელია, ამიტომ ექიმები მინიმუმ ორ ასეთ პრეპარატს უნიშნავენ (ბოლო წლების განმავლობაში მრავალი კვლევა ჩატარდა, რათა დაედგინათ, ანტიბიოტიკების როგორი კომბინაციაა ეფექტური ჰელიკობაქტერიისგან ორგანიზმის გასათავისუფლებლად ანუ ამ მიკროორგანიზმის ერადიკაციისთვის). ანტიბიოტიკთან ერთად ინიშნება მჟავას სეკრეციის დამთრგუნველი პრეპარატიც. ანტიბიოტიკების მიღება, ჩვეულებრივ, ერთ-ორ კვირას თუა საჭირო. შემდეგ მკურნალობა მხოლოდ მჟავას დამთრგუნველი საშუალებებით გრძელდება.
დადგენილია, რომ ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგო თანამედროვე მკურნალობის ეფექტიანობა 90%-ს აღემატება.
-
შესაძლებელია თუ არა ჰელიკობაქტერიით განმეორებითი ინფიცირება?
როგორც აღვნიშნეთ, სათანადო მკურნალობისას ასიდან 90-ზე მეტი შემთხვევა ჰელიკობაქტერიის ერადიკაციით სრულდება, მაგრამ არსებობს პაციენტთა მცირე ჯგუფი, რომელთა ორგანიზმშიც ჰელიკობაქტერია განსაზღვრული ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ანუ მდგრადია. ამ პაციენტებს უნიშნავენ მკურნალობის განმეორებით კურსს სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებით.
ჰელიკობაქტერიისგან განკურნების შემდეგ განმეორებითი ინფიცირება იშვიათია - მისი ალბათობა 5%-ს არ აღემატება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ განმეორებითი ინფიცირების შესწავლას მრავალი ნაშრომი მიეძღვნა. არსებობს რამდენიმე გამოკვლევა, რომელთა თანახმადაც ჰელიკობაქტერიით ხელახალი დასნებოვნება დაავადებულებთან მჭიდრო (მაგალითად, ოჯახური) კონტაქტის შედეგია. რეინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად მაღალია (20-30%-ს აღწევს) განვითარებად ქვეყნებში, სადაც ყველაზე დიდია ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვთა შორის. ექიმები ფიქრობენ, რომ ჰელიკობაქტერიით ინფიცირების ეს თავისებურება გარემოში მის ფართო გავრცელებას უკავშირდება.
-
სხვა მიზეზები
ჰელიკობაქტერიით ინფიცირება წყლულის ყველაზე გავრცელებული, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, რომლებიც სწრაფად და ეფექტურად აყუჩებს სხვადასხვა მდგომარეობით გამოწვეულ ტკივილს, აღიზიანებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვან გარსს. ეს პრეპარატები თრგუნავს ჰორმონის მსგავსი ნივთიერების - პროსტაგლანდინის - სინთეზს, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანს ქიმიური და ფიზიკური დაზიანებისგან იცავს, დაუცველი ლორწოვანი კი ადვილად ზიანდება და წყლული ჩნდება. ასე რომ არ მოხდეს, ექიმები გვირჩევენ, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ჭამის შემდეგ მივიღოთ და საკმაო რაოდენობის წყალი დავაყოლოთ.
ამჟამად არსებობს პრეპარატები, რომლებიც კუჭის ლორწოვანის დამცავ პროსტაგლანდინებს თითქმის არ თრგუნავს. მათი მიღებისას საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების და წყლულის ფორმირების რისკი მინიმალურია.
-
როდის ვიეჭვოთ, რომ წყლული გვაქვს?
მწველი ტკივილი წყლულის ყველაზე ხშირი სიმპტომია. ტკივილი წყლულის გამო აღმოცენდება და საგრძნობლად ძლიერდება მასზე კუჭის წვენის ზემოქმედებისას.
ტიპურ შემთხვევებში ტკივილი შეიძლება:
- შევიგრძნოთ ნებისმიერ ადგილზე, ჭიპიდან მკერდის ძვლამდე;
- გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე;
- გამძაფრდეს შიმშილის დროს;
- გაძლიერდეს ღამით;
- შემცირდეს მჟავას გამანეიტრალებელი საკვების ან სიმჟავის დამაქვეითებელი მედიკამენტების მიღების შემდეგ;
- აღმოცენდეს და გაქრეს რამდენიმე დღესა და კვირაში.
უფრო იშვიათად მოსალოდნელია მძიმე სიმპტომების გამოვლინებაც. ესენია:
- სისხლიანი ღებინება - პირნაღები მასა ალისფერი ან ყავის ნალექის მსგავსია;
- მუქი, პრიალა, მყრალი, კუპრისმაგვარი განავალი;
- გულისრევა ან ღებინება;
- წონის დაქვეითება;
- ტკივილი გულმკერდის არეში.
ამ ნიშნების არსებობისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, წყლული იკურნება.
-
წარუმატებელი მკურნალობის მიზეზები
წყლულს, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება, რეფრაქტერულს უწოდებენ. მკურნალობის უშედეგობა მრავალი ფაქტორის ბრალია. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მედიკამენტების არასათანადო მიღება. მეტად მნიშვნელოვანია ჰელიკობაქტერიის მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ. თამბაქოს, ალკოჰოლის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაჯანსაღების პროცესი.
რეფრაქტერული წყლულის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს:
- კუჭის მჟავა წვენის განსაკუთრებით ჭარბი სეკრეცია, რაც სოლინგერ-ედისონის სინდრომის - გასტრინის მაპროდუცირებელი სიმსივნისას გვხვდება;
- ინფიცირება არა ჰელიკობაქტერიით, არამედ სხვა მიკროორგანიზმით;
- კუჭის კიბო;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადება.
რეფრაქტერული წყლულის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ყველა იმ ფაქტორს, რომელმაც შეიძლება გაჯანსაღება შეაფერხოს. ზოგჯერ დამატებითი მედიკამენტებიც კი ინიშნება. როცა წყლულისგან განკურნება აგრესიული მედიკამენტური მკურნალობითაც ვერ ხერხდება, დაისმის ქირურგიული მკურნალობის საკითხი, თუმცა ასეთი შემთხვევები მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში იშვიათია.