ყველაფერი დიაბეტური ტერფის შესახებ

დიაბეტური წყლული სხვა ტროფიკული წყლულებისგან იმით განსხვავდება, რომ რამხელაც არ უნდა იყოს, არასოდეს აყენებს ავადმყოფს ტკივილსა და ტანჯვას. მიზეზი ის გახლავთ, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს, ნერვული დაბოლოებების დაზიანებისა და კვდომის (დიაბეტური ნეიროპათიის) გამო, ტკივილის შეგრძნება სუსტდება, განსაზღვრულ სტადიაში კი სრულიად ქრება. ვინაიდან ტროფიკული წყლული მტკივნეული არ არის, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები მათ შინ, სისხლში შაქრის კონტროლისა და წამყვანი დაავადების ყოველგვარი კორექციის გარეშე მკურნალობენ. ეს დაუშვებელია, ვინაიდან ტროფიკული წყლულის შესახორცებლად, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის ნორმირება, დიაბეტის მკურნალობა და სათანადო წესების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში წყლული არ შეხორცდება, ხშირად დაინფიცირდება და კიდურის განგრენით გართულდება.
დიაბეტური ტერფი
დიაბეტური ტერფი შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და ვერაგი გართულებაა. როდესაც დიაბეტურ ტერფზე საუბრობენ, მოიაზრებენ პათოლოგიურ პროცესთა მთელ კომპლექსს, რომელიც მოიცავს ტერფის სისხლძარღვების, ნერვების, კუნთოვანი და ძვლოვანი აპარატის დაზიანებას, განვითარებულს შაქრიანი დიაბეტის ფონზე. აღნიშნული სინდრომი (დიაბეტურ ტერფს ხშირად სინდრომად იხსენიებენ, ვინაიდან ცალკეულ სიმპტომთა ერთობლიობას წარმოადგენს) არცთუ იშვიათად განგრენისა და კიდურის ამპუტაციის (მოკვეთის) მიზეზად იქცევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავადმყოფი არ აკონტროლებს სისხლში გლუკოზის დონეს, არ იტარებს სათანადო მკურნალობას, არ იცავს ქვედა კიდურების, კერძოდ, ტერფის მოვლის წესებს.
რატომ ვითარდება დიაბეტური ტერფი
დიაბეტური ტერფის განვითარების მიზეზი ქვედა კიდურების ინერვაციისა და სისხლით მომარაგების დარღვევაა. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური დარღვევები (სისხლში გლუკოზის დონის მომატება, ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის მოშლა) წვრილი სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანებას იწვევს. პათოლოგიური პროცესი ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილის მკვებავ სისხლძარღვებსა და მაინერვირებელ ნერვულ ბოჭკოებს მოიცავს, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ტერფს - გულიდან ესოდენ დაშორებულ უბანს ასვამს დაღს. შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული ტერფის ანგიო და ნეიროპათია (სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანება) საბოლოოდ არღვევს სხეულის ამ უბნის ქსოვილთა კვებას, ხელს უწყობს ტროფიკულ ცვლილებათა განვითარებას და ზრდის განგრენის ჩამოყალიბების რისკს.
რამდენად ხშირად გვხვდება დიაბეტური ტერფი
სამწუხაროდ, დიაბეტური ტერფი შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა. ის პაციენტთა 70%-ს უვითარდება. დიაბეტის გამო ექიმთან პირველი მისვლის ათიდან დაახლოებით 5 შემთხვევაში პაციენტებს ქვედა კიდურებზე უკვე აღენიშნებათ ტროფიკული ცვლილებები. ქვედა კიდურის ამპუტაციის მიზეზი კი ათიდან 8 შემთხვევაში სწორედ დიაბეტური ტერფია.
დიაბეტური ტერფის ძირითადი ფორმები
როგორც ვთქვით, დიაბეტური ტერფის ჩამოყალიბების მიზეზი კიდურის სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანებაა. იმისდა მიხედვით, პათოლოგიური პროცესის რომელი კომპონენტი ჭარბობს, განასხვავებენ დიაბეტური ტერფის შემდეგ ფორმებს:
- ნეიროპათიურ დიაბეტურ ტერფს, რომელსაც ტერფის უპირატესად ნერვული აპარატის დაზიანების ფონზე განვითარებული ტროფიკული ცვლილებები ახასიათებს. მისი ძირითადი ნიშნებია ტერფის კანის სიმშრალე და აქერცვლა, ოფლის გამოყოფის შემცირება, ტერფის ძვლების დეფორმაცია, სპონტანური (ანუ თავისთავად განვითარებული) მოტეხილობები, ბრტყელტერფიანობა, სითბოს, ტკივილისა და შეხების შეგრძნებათა დაქვეითება.
- იშემიურ დიაბეტურ ტერფს, რომელიც ვითარდება ქვედა კიდურების უპირატესად მსხვილი (მაკროანგიოპათია) და წვრილი (მიკროანგიოპათია) სისხლძარღვების დაზიანების ხარჯზე. ტერმინი იშემიური ტერფი იმაზე მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში ტერფის ქსოვილთა ტროფიკული ცვლილებები სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ამ ფონზე განვითარებული ჟანგბადოვანი შიმშილის შედეგია. იშემიური დიაბეტური ტერფის ძირითადი ნიშნებია ტერფის მკვეთრად გამოხატული და მყარი შეშუპება, სიარულისას კიდურების ტკივილი (გარდამავალი სიკოჭლე), ფეხების სწრაფად დაღლა, ბებერების გაჩენა.
- შერეული ფორმის დიაბეტურ ტერფს, რომლის დროსაც აღინიშნება ტერფის როგორც სისხლძარღვოვანი, ასევე ნერვული ტროფიკული ცვლილებები. შესაბამისად, ამ ფორმას ორივე ტიპის ტერფისათვის ჩვეული ნიშნები ახასიათებს. დიაბეტური ტერფის შერეული ფორმა უმთავრესად მძიმედ მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის ფონზე ვითარდება.
რისკის ჯგუფი
დიაბეტური ტერფის განვითარებისგან შაქრიანი დიაბეტით დაავადებული არც ერთი ადამიანი არ არის დაზღვეული, მაგრამ ყველაზე დიდი ალბათობა პაციენტთა განსაზღვრულ კატეგორიაზე მოდის. ეს ის ხალხია:
- ვისაც აწუხებს პერიფერიული ნეიროპათია და სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადება;
- ვისაც უკვე ჰქონდა წყლული ქვედა კიდურზე ან კიდური აქვს ამპუტირებული;
- ვინც თავს ვერ ანებებს თამბაქოსა და ალკოჰოლს;
- ვისაც აქვს ჰიპერტონია და მაღალი ქოლესტერინი;
- ვისაც დიაბეტის სხვა გართულებებიც აღენიშნება;
- ვისაც მხედველობა აქვს დაზიანებული.