შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები

- საუბარი ბანალური შეკითხვით დავიწყოთ - რა არის შაქრიანი დიაბეტი და მის რომელ ფორმებს განასხვავებენ?

- შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ქრონიკული ჰიპერგლიკემიით ანუ სისხლში შაქრის (უფრო სწორად გლუკოზის) კონცენტრაციის მომატებით. დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმებია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 აუტოიმუნური დაავადებაა. მისი განვითარების მიზეზია პანკრეასის ბეტა უჯრედების დესტრუქცია (რღვევა) და შედეგად ინსულინის აბსოლუტური დეფიციტის განვითარება.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების ძირითადი მიზეზია ინსულინორეზისტენტობა. შაქრიან დიაბეტ ტიპი 2-ს საფუძვლად უდევს არა ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი, არამედ მისი მოქმედების არაეფექტურობა და შედარებითი ჰიპოინსულინემია.

- თქვენი ფრაზიდან გამომდინარეობს, რომ არსებობს დიაბეტის სხვა ფორმებიც.

- არსებობს შაქრიანი დიაბეტის სხვა ფორმებიც, თუმცა მათი გავრცელება გაცილებით ნაკლებია, რის გამოც, როგორც წესი, პაციენტთა უდიდესი ნაწილის მთელი ინტერესი სწორედ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ისა და ტიპი 2-ისადმია მიპყრობილი.

- ხშირად პაციენტები თვლიან, რომ განსაკუთრებით საშიშია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ხოლო შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და შესაბამისად, თვლიან, რომ დაავადების უფრო მკაცრი კონტროლი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროსაა აუცილებელი. აქვს თუ არა საფუძველი მათ ასეთ შეხედულებას?

- პაციენტების მსგავსი შეხედულება ალბათ დაავადების შესახებ ცნობილი ისტორიული ფაქტებიდან იღებს სათავეს. ინსულინის პრეპარატებით მკურნალობის დაწყებამდე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 სასიკვდილო განაჩენად ითვლებოდა, პაციენტი განწირული იყო. აღნიშნულის მიზეზი კი ის არის, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს სახეზეა ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი, რის გამოც დაავადებული ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისა და სიცოცხლისათვის საშიში სერიოზული გართულებების თავიდან აცილებისათვის აუცილებელია ინსულინის პრეპარატებით მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია კეტოაციდოზური კომის განვითარების ალბათობა. შაქრიანი დიაბეტის ეს გართულება კი სათანადო მკურნალობის გარეშე შეიძლება პაციენტის სიკვდილით დამთავრდეს. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მანიფესტაცია ანუ გამოვლინება მწვავეა, დაავადების აღნიშნული ფორმის კონტროლი უფრო სკრუპულოზური უნდა იყოს. აღნიშნულისაგან განსხვავებით, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი მწვავე დასაწყისით არ ხასიათდება. ის შეიძლება შეუმჩნეველი იყოს თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში და ამ პერიოდში თავს იჩენდეს დაავადების არასპეციფიკური სიმპტომები ანუ ის ნიშნები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება არა მარტო დიაბეტის, არამედ მრავალი სხვა დაავადების დროსაც.

მათ შორის აღსანიშნავია სისუსტე, წონის დაქვეითება, ადვილად დაღლა და ჩვენი პაციენტებისათვის კარგად ნაცნობი სიმპტომები - პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა, კანის ქავილი. თუმცა, შესაძლებელია ეს სიმპტომები მკვეთრად არ იყოს გამოხატული. მართალია, გარკვეული, ზოგჯერ საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიაბეტი ტიპი 2 შეიძლება ისე მიმდინარეობდეს, რომ პაციენტმა მისი არსებობა არც იცოდეს და არც მკურნალობდეს აღნიშნული დაავადების გამო, მაგრამ ვერსად გავექცევით იმ დადასტურებულ ფაქტს, რომ სათანადო მკურნალობის გარეშე ასეთ პაციენტებს ემუქრებათ შაქრიანი დიაბეტის მრავალი მძემე გართულების განვითარება. მათ შორის აღსანიშნავია თვალის ფსკერზე განვითარებული ცვლილებები, რომლებიც შეიძლება მხედველობის დაკარგვითაც კი დამთავრდეს, თირკმლის ფუნქციის პროგრესული დაქვეითება, რაც თირკმლის უკმარისობით სრულდება, ხშირია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ინსულტი, ქვემო კიდურების დაზიანება - მგრძნობელობის დაქვეითებიდან წყლულების წარმოქმნამდე და განგრენის განვითარებამდე. აღნიშნული ქრონიკული გართულებები შაქრიანი დიაბეტის ორივე ტიპის დროს გვხვდება. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 შეიძლება პირველად სწორედ ჩამოთვლილი გართულებების გამო ექიმთან ვიზიტისას გამოვლინდეს.

- რატომ რჩება ხშირად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 შეუმჩნეველი?

- ცნობილია, რომ ძალიან ხშირად სისხლში გლუკოზის საკმაოდ მაღალი შემცველობის დროს მსგავსი სიმპტომები ზომიერადაა გამოხატული ან როცა სიმპტომები სახეზეა, პაციენტები მათ არ თვლიან საყურადღებოდ და უკავშირებენ ზაფხულის სიცხეს, მარილიანი საკვების მიღებას ან პროსტატის პათოლოგიას. სწორედ ამიტომაა აუცილებელი დიაბეტის გამოვლენის, გამოაშკარავების თვალსაზრისით დაავადების სკრინინგი იმ პართა შორის, ვისაც აქვს დატვირთული მემკვიდრეობა, ჭარბი წონა.

- ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ ბოლო ათწლეულები მთელი რიგი დაავადებების მკურნალობის თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესის ეტაპია. რა სიახლეებია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობასთან დაკავშირებით?

- ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით არც შაქრიანი დიაბეტია გამონაკლისი. მისი მართვის ახალი მიდგომების ეფექტურობა და შედეგიანობა მრავალი ფართომასშტაბიანი კლინიკური დაკვირვებითაა დადასტურებული. უპირველეს ყოვლისა, თუკი ადრე ექიმის მცდელობა მიმართული იყო იმისგან, რომ სისხლში გლუკოზის შემცველობა არ ასცილებოდა 10 მმოლ/ლ-ს, დღეს დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის შემცველობის სამიზნე ციფრებად ითვლება გლუკოზის ნორმალური, ჯანმრთელი ადამიანისთვის მიღებული შემცველობა - 4-6 მმოლ/ლ. ეს არ ვრცელდება 60 წელს ზემოთ ასაკის პირებზე. მათთვის რეკომენდებულია, გლუკოზის შემცველობა 6-7 მმოლ/ლ-ს არ აჭარბებდეს. შეცვლილია გლიკოზირებული ჰემოგლობინის შემცველობის სამიზნე ციფრებიც. ახალგაზრდა პაციენტებში ის 6-ს არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო ხანდაზმულ პირებში, გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებისა და პროლიფერაციული რეტინოპათიის დროს 7-ს არ უნდა აღემატებოდეს.

- როგორია რეკომენდაციები გლიკოზირებული ჰემოგლობინის შემცველობის განსაზღვრასთან დაკავშირებით?

- სისხლში გლუკოზის შემცველობის ეპიზოდური გაზომვით შეუძლებელია ობიექტური აზრი გამოვიტანოთ შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის შესახებ. პაციენტთა დიდი ნაწილი კი, სამწუხაროდ, გლუკოზას სწორედ ეპიზოდურად აკონტროლებს. ამის მიზეზი სხვადასხვაგვარია, მათ შორის აღსანიშნავია პიროვნული თუ ეკონომიკური ფაქტორი. სწორედ ამიტომ დიაბეტით დაავადებული ყველა პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა აუცილებელია 3 თვეში ერთხელ. აღნიშნული კვლევით ჩვენ ვიღებთ ბოლო სამი თვის განმავლობაში სისხლში გლუკოზის შემცველობის საშუალო მაჩვენებელს და შეგვიძლია განვსაზღვროთ, რამდენად საჭიროა მედიკამენტური მკურნალობისა თუ დიეტის კორექცია.

- როგორია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის თანამედროვე სქემა?

- სადღეისოდ მიღებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მკურნალობა ბაზის-ბოლუსური სქემით. ბაზის-ბოლუსური ინსულინოთერაპიისას ბაზისურ კომპონენტად გამოიყენება ხანგრძლივი ან ულტრახანგრძლივი მოქმედების ინსულინი, რომლის ინექციის დრო და დოზა ფიქსირებულია - ტარდება შესაბამისად ორჯერ ან ერთხელ, ბოლუსურ კომპონენტად კი გამოიყენება ხანმოკლე ან ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინი. ბაზის-ბოლუსური სქემის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ პაციენტი არ არის იძულებული საკვები მიუსადაგოს დანიშნული ინსულინის დოზას, არამედ პირიქით - ის ხანმოკლე ან ულტრახანმოკლე ინსულინის დოზას არჩევს მიღებული საკვების მიხედვით. აღნიშნულის შედეგად, შეგვიძლია სიტყვა დიეტა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის შემთხვევაში დავივიწყოთ, დაავადებული პაციენტის კვების რაციონი ისეთივეა, როგორიც ჯანმრთელი ადამიანისა. გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე პროდუქტი - შაქარი, თაფლი, მურაბა, გლუკოზით მდიდარი ხილი და ხილის წვენი. აღნიშნული სქემით დიაბეტის მკურნალობა მისაღებია ახალგაზრდა, კარგად მოაზროვნე პაციენტებისთვის, რომელთაც არა აქვთ ლიპიდური ცვლის დარღვევა ან სიმსუქნე. მთავარია, პაციენტს ჰქონდეს საშუალება, დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ თავად შეიმოწმოს სისხლში გლუკოზის დონე და შეეძლოს საკვებით მიღებული ნახშირწყლების რაოდენობის გამოთვლა. უკანასკნელი ძალზე ადვილია პურის ერთეულების სისტემის დახმარებით. სწორედ პურის ერთეულების მიხედვით ხდება ბოლუსური კომპონენტის - ხანმოკლე ან ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინის დოზის გათვლა. ბაზის-ბოლუსური სქემა საშუალებას აძლევს დიაბეტით დაავადებულ პაციენტს, ჰქონდეს მოქნილი და აქტიური დღის რეჟიმი, მას არა აქვს მკაცრად დაფიქსირებული კვების დრო და შესაბამისად, ეძლევა საშუალება, ცვალოს ხანმოკლე ან ულტრახანმოკლე ინსულინის ინექციების და კვების დრო მოთხოვნათა მიხედვით.

- შესაძლოა, ამ სიტყვების წაკითხვისას შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულს ანალოგიური სქემით მკურნალობის სურვილი გაუჩნდეს.

- როგორც აღვნიშნეთ, ბაზის-ბოლუსური სქემის არსი ისაა, რომ პაციენტს ზოგიერთი გამონაკლისის გარდა არ სჭირდება დიეტა, კალორაჟის შეზღუდვა. სწორედ ამიტომაა ის მისაღები მაშინ, როცა პაციენტს არა აქვს დისლიპიდემია ან სიმსუქნე. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 კი ხშირად ასოცირებულია ამ პათოლოგიებთან. შესაბამისად, უხშირესად აუცილებელია დიეტა და კალორიების შეზღუდვა და ბაზის-ბოლუსური სქემა მხოლოდ პაციენტთა ნაწილშია მისაღები.

- არის თუ არა სიახლე თავად ინსულინის პრეპარატების თვალსაზრისით?

- თანამედროვე ენდოკრინოლოგიის მიღწევაა ინსულინის ულტრახანგრძლივი და ულტრახანმოკლე პრეპარატები. ულტრახანგრძლივი ინსულინი 24 საათის განმავლობაში მოქმედებს, მისი კონცენტრაცია სისხლში მუდმივ დონეს უახლოვდება, რაც ჰიპოგლიკემიის ალბათობას ამცირებს. ულტრახანმოკლე ინსულინის მოქმედება კი 2-4 საათია, რაც შეესაბამება საჭმლის შეწოვის ხანგრძლივობას. ულტრახანმოკლე ინსულინის ეფექტი ინექციისთანავე იწყება. ეს პაციენტს საშუალებას აძლევს ინექცია გაიკეთოს არა ჭამამდე 30 წუთით ადრე, არამედ უშუალოდ ჭამის დაწყებისას, ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე, რაც პაციენტს თავიდან ააცილებს დისკომფორტს იმასთან დაკავშირებით, რომ საკვები ვერ მიიღო ან პირიქით, ვერ დაკმაყოფილდა მიღებული საკვებით და გადაწყვიტა მისი რაოდენობის გაზრდა.

- როდის არის აუცილებელი ინსულინით მკურნალობა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაში?

- წლების განმავლობაში, როცა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 დაახლოებით 10-15 წლის ხანდაზმულობისაა, შესაძლოა დიაბეტის აღნიშნული ტიპის შემთხვევაშიც განვითარდეს ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი პანკრეასის უჯრედების გამოფიტვის გამო. ამ დროს ინსულინის დანიშვნა აუცილებელია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაშიც. გარდა ამისა, ინსულინოთერაპია აუცილებელი ხდება შაქრიანი დიაბეტის მძიმე ქრონიკული გართულებების დროს - დიაბეტური ტერფის, ნეფროპათიის შემთხვევაში. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ინსულინის ჩვენება საკმაოდ გაფართოებულია. სადღეისოდ ის არის შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის მიღწევისა და ქრონიკული გართულებების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება.

- როგორია შაქრიანი დიაბეტის ქირურგიული მკურნალობის პერსპექტივა?

- არსებობს კურდღლის ბეტა უჯრედების იმპლანტაციისა და პანკრეასის გადანერგვის მცდელობები, თუმცა მსგავსი ჩარევების ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის.

- რას ურჩევდით შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს?

- ხშირად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით და ზოგჯერ ტიპი 1-ით დაავადებული პაციენტები თვლიან, რომ საკმარისია სისხლში გლუკოზის შემცველობის მხოლოდ პერიოდული ან იშვიათი კონტროლი. ზოგიერთი პაციენტი გლუკოზის შემცველობის გაკონტროლების გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როცა თავს შეუძლოდ გრძნობს. მსგავსი მიდგომა მიუღებელია. ყველა კვლევამ დაადასტურა, რომ შაქრიანი დიაბეტის კომპენსაცია პირდაპირ კავშირშია გლუკოზის შემცველობის თვითკონტროლის სიხშირესთან. დადგენილია, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის შემთხვევაში აუცილებელია სისხლში გლუკოზის შემცველობის თვითკონტროლი სულ ცოტა 4-ჯერ თვეში, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაში 2-3-ჯერ, ხოლო შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პაციენტებისათვის ორსულობისას 4-7-ჯერ დღეში.


საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ შაქრიანი დიაბეტი ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებას იწვევს და ეს საკითხი, მიუხედავად დაავადების მკურნალობაში მიღწეული წარმატებებისა, კვლავაც აქტუალურია. შაქრიანი დიაბეტის უხშირესი გართულებაა დიაბეტური ნეფროპათია. ამ

გართულებების შესახებ გვესაუბრება საქართველოს დიაბეტის ცენტრის კონსულტანტი, მედიცინეს დოქტორი, ნეფროლოგი ქეთევან ცანავა.

- როგორ ვითარდება და ვლინდება დიაბეტური ნეფროპათია?

- დიაბეტის დროს თირკმლის დაზიანება ხუთ სტადიას გაივლის დაავადების საწყის ეტაპზე, პირველი სამი სტადიის პერიოდში შესაძლებელია თირკმელებში არსებული დაზიანებების მოვლა, ზოგჯერ უკუგანვითარება და ორგანოს სრული დაცვა. სამწუხაროდ, დიაბეტური ნეფროპათიის პირველი სამი სტადია ყოველგვარი ჩივილისა და კლინიკური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს. შესაბამისად, მისი არსებობის დაშვება და მის მოვლაზე ზრუნვის დაწყება მხოლოდ მკურნალი ექიმის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. დიაბეტური ნეფროპათიის პირველ და მეორე სტადიას თირკმელების ჰიპერფუნქცია და ჰიპერფილტრაცია ახასიათებს, რაც განპირობებულია არაკორეგირებული ჰიპერგლიკემიით. თირკმელების მუდმივი გადატვირთვა ფიტავს ორგანოს ფუნქციურ რეზერვს. როგორც მოგახსენეთ, აღნიშნულ სტადიებს არა აქვს არავითარი სუბიექტური გამოვლინება, თუმცა კვალიფიციურმა ექიმმა მათი არსებობა უნდა იცოდეს და აკონტროლოს დიაგნოსტიკის არაპირდაპირი მეთოდებით: ფილტრაციული ფუნქციისა და თირკმელების ფუნქციური რეზერვის განსაზღვრით. მიღებული შედეგები საშუალებას გვაძლევენ თირკმლის ფუნქციურ მდგომარეობაზე ვიმსჯელოთ, დავგეგმოთ შესაძლო მედიკამენტური ჩარევის საჭიროება და მოცულობა თირკმელების შენარჩუნების მიზნით. სუბიექტური ჩივილების გარეშე მიმდინარეობს დიაბეტური ნეფროპათიის მესამე, მიკროალბუმინურიის სტადიაც, რომლის განვითარებასაც დიაბეტის დიაგნოსტირებიდან 5 წლის შემდეგ უნდა ველოდოთ. ეს არის დიაბეტური ნეფროპათიის განვითარების საკვანძო ფაზა, როდესაც იწურება თირკმელების ფუნქციური რეზერვი, იწყება თირკმელების სტრუქტურული დაზიანება, ხოლო ორგანოშემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყება სავალდებულოა.

- რა არის მიკროალბუმინურია? რატომ მიიჩნევენ ექიმები აუცილებლად დიაბეტის დროს მის განსაზღვრას?

- მიკროალბუმინურია არის მდგომარეობა, როდესაც შარდში უმნიშვნელოდ არის მომატებული ცილის, ალბუმინის გამოყოფა (30-300 მგ/24 საათში). ცილის ეს რაოდენობა შარდის ჩვეულებრივი საერთო ანალიზით არ ვლინდება. საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, წელიწადში ერთხელ სავალდებულოა მიკროალბუმინურიის გამოსავლენი სპეციალური ანალიზის ჩატარება, რათა დიაბეტური ნეფროპათიის განვითარების ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი ექიმსა და პაციენტს არ გამორჩეს. მიკროალბუმინურიის სტადია არის მიჯნა, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია თირკმელებში არსებული ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებების მოწესრიგება და უკეთ მოვლა. დადგენილია, რომ შაქრიანი დიაბეტის ორივე ტიპის დროს მიკროალბუმინურია არის არა მარტო დიაბეტური ნეფროპათიის, არამედ დიაბეტური რეტინოპათიის, ნეიროპათიის, პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიის, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის, გულის იშემიური დაავადების ჩამოყალიბების საიმედო, იაფი მარკერი და კარგი პროგნოზული მახასიათებელი.

- როგორ ხდება მიკროალბუმინურიის დიაგნოსტიკა?

- მიკროალბუმინურიის განსაზღვრა წარმოებს ბიოქიმიური აპარატებისა და სპეციალური ჩხირების საშუალებით.

- შაქრიანი დიაბეტის დროს ხშირად შარდში ცილას ნახულობენ. რას ნიშნავს შარდის ანალიზში არსებული ეს ცვლილება?

- შარდში ცილის გამოჩენა, რასაც პროტეინურიას უწოდებენ, დიაბეტური ნეფროპათიის მეოთხე სტადიის დადგომის მანიშნებელია. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში თირკმელებში უკვე ჩამოყალიბებულია შეუქცევადი სტრუქტურული ცვლილებები, თირკმელების ფუნქციონირებადი ერთეულების, გორგლების 50%-75% უკვე სკლეროზირებულია (შეჭმუხნულია) და ეს პროცესი პროგრესირებს. დადგენილია, რომ დიაბეტური ნეფროპათიის მეოთხე სტადიის დადგომის შემდეგ გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე მცირდება ყოველთვიურად 1 მლ/წუთში, ყოველწლიურად - 10-15 მლ/წუთში. მყარი პროტეინურიის გამოვლენიდან 5-7 წლის შემდეგ თირკმელების ქსოვილოვანი რესურსი სრულიად ამოიწურება და პროგრესირებას იწყებს თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. სამწუხაროდ, აღნიშნულ სტადიაზე ნეფროპათიის მიზნობრივი მკურნალობა შეუძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, როცა სისხლში შაქრისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის შემცველობა იდეალურად კონტროლდება. ამ პროცესების შედეგად, დიაბეტის დიაგნოსტირებიდან 15-20 და მეტი წლის შემდეგ ვითარდება დიაბეტური ნეფროპათიის ბოლო, მეხუთე, ურემიული სტადია, რომელიც გორგლოვანი ფილტრაციის მკვეთრი დაქვეითებით, გლომერულების სკლეროზით, სისხლში აზოტოვანი ცვლის პროდუქტების დაგროვებითა და აზოტოვანი ინტოქსიკაციით, ანემიით, მყარი არტერიული ჰიპერტენზიით ხასიათდება.

- ამ სიტყვების წაკითხვისას პაციენტებს შესაძლოა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ დიაბეტური ნეფროპათიის ბოლო ორ სტადიაზე ექიმთან მისვლას აზრი არც კი აქვს.

- მართალია, დიაბეტური ნეფროპათიის მეოთხე და მეხუთე სტადიაზე შეუძლებელია თირკმელებში უკვე არსებული სტრუქტურული ცვლილებების აღდგენა. ექიმის ძალისხმევა მიმართულია დაავადების პროგრესირების შეძლებისდაგვარად შესაფერხებლად. ამ მიზნით მნიშვნელოვანია მეორეული გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ პაციენტის ცხოვრების ხარისხი. ურემიული მდგომარეობის პროგრესირებასთან ერთად პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად იგეგმება მკურნალობის გაგრძელება თირკმელჩანაცვლებითი მეთოდებით. პაციენტი წევრიანდება დიალიზის მომლოდინეთა რიგში, პერიოდულად წარმოებს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მაჩვენებლის კონტროლი, იქმნება სისხლძარღვოვანი მისადგომები და სხვა.

- შესაძლებელია თუ არა, სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლით თავიდან ავიცილოთ დიაბეტური ნეფროპათიის განვითარება და პროგრესირება?

- სისხლის შაქრის იდეალურად მოწესრიგება შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისა და მოვლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა რეალურად კარგად კონტროლირებული დიაბეტი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. მეტ-ნაკლებად მოვლილი დიაბეტი კი საკმარისი არ არის სისხლძარღვებისა და ორგანოების დასაცავად და შესანარჩუნებლად.

- რა თავისებურებები ახასიათებს ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტისას განვითარებულ დიაბეტურ ნეფროპათიას?

- ინსულინდამოკიდებული დიაბეტის "დავიწყება" შეუძლებელია და ამ მიზეზის გამო, თუ ჯეროვანი ყურადღება მიექცევა ელემენტარულ საკონტროლო ანალიზებსაც, ნეფროპათიის თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია. არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ტაბლეტდამოკიდებული დიაბეტი "მსუბუქი" მიმდინარეობისაა, რის გამოც პაციენტები ექიმთან ვიზიტს საჭიროდ არ მიიჩნევენ, ან დაავადებას კარაბადინში ამოკითხული რჩევებით ებრძვიან. შესაბამისად, პაციენტები ნეფროლოგთან (და ზოგადად ექიმთან) ხვდებიან უკიდურესად ცუდი მონაცემებით - არა მარტო შარდში ცილის მაღალი მაჩვენებლებით, არამედ მყარი არტერიული წნევით, ზოგჯერ კი თირკმელების ქრონიკული უკმარისობის, აზოტემიის გაშლილი კლინიკური სურათით. შაქრიანი დიაბეტის ორივე ფორმა მოითხოვს მუდმივ ყურადღებას, დაავადების ორივე ფორმა შეიძლება გახდეს სერიოზული გამოსავლის მიზეზი.

- რომელი ღონისძიებებით შეიძლება შევაფერხოთ დიაბეტური ნეფროპათიის პროგრესირება?

- სრულიად არ არის საჭირო პაციენტის დაუყოვნებლივი გადამისამართება ნეფროლოგთან (თუმცა ნეფროლოგის, ოკულისტის, კარდიოლოგის, ნევროპათოლოგის, დიეტოლოგის, ტერფის სპეციალისტის კონსულტაცია წელიწადში ერთხელ შედის საერთაშორისო რეკომენდაციებში, რადგან შაქრიან დიაბეტს სპეციალისტთა გუნდი უნდა მართავდეს). მკურნალ ექიმს თავადაც მარტივად შეუძლია განსაზღვროს თირკმლის ფუნქციური რეზერვის, მიკროალბუმინურიის არსებობა. ასევე საჭიროა აკონტროლოს საშარდე სისტემის ინფექციები, ლიპიდური პროფილი და აწარმოოს ცვლილებების კორექცია, თირკმლების ფუნქციური მაჩვენებლების მიხედვით ითვალოს პაციენტის მიერ მისაღები ცხოველური ცილის რაოდენობა. მიკროალბუმინურიის დიაგნოსტირებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს არტერიული წნევა და შარდის საერთო ანალიზი შეიძლება სრულიად ნორმალური ჰქონდეს, სავალდებულოა იმ წნევის დამწევი პრეპარატების დანიშვნა, რომლებსაც აქვთ უნარი გააუმჯობესონ, უკეთ მოვლადი გახადონ თირკმელებში არსებული ცვლილებები. თუ ამ პრეპარატების ხანგრძლივი მიღების აუცილებლობა სწორად იქნება ახსნილი და მიწოდებული პაციენტისათვის, თუკი პაციენტები დროულად იქნებიან ინფორმირებულები შესაძლო შეუქცევადი გართულებების შესახებ, ისინი მეტად იქნებიან მოტივირებულები გააკონტროლონ შაქარი სისხლში, არტერიული წნევა, ლიპიდები, რეგულარულად მიიღებენ დანიშნული წამლების დაბალ დოზებს. აღნიშნული მარტივი ღონისძიებები საშუალებას იძლევა ხუთჯერ მეტი პაციენტი დავიცვათ ურემიული გართულებებისაგან, ხუთჯერ ნაკლებ ადამიანს დასჭირდეს უძვირესი თირკმელჩანაცვლებითი მკურნალობა, თირკმლის გადანერგვის ოპერაცია.

- რას ურჩევდით პაციენტებს დიაბეტური ნეფროპათიის თავიდან ასაცილებლად?

- შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისთანავე განსაზღვრული მკურნალობისა და მოვლის სწორი სტრატეგია და ტაქტიკა, ექიმისა და პაციენტის გააზრებული თანამშრომლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეგინარჩუნებთ წვრილ და მსხვილ სისხლძარღვებს, შინაგან ორგანოებს კარგ ფუნქციურ მდგომარეობაში. დროულად დაწყებული ელემენტარული პრევენციული ღონისძიებები დაგიცავთ შაქრიანი დიაბეტის მრავალი შორეული, შეუქცევადი, ფატალური გართულებისაგან. ამისათვის:

  • გაიაზრეთ თქვენი პასუხისმგებლობა სისხლში შაქრის შემცველობის იდეალურად მოწესრიგების ღონისძიებებში. გახსოვდეთ, არაკორეგირებული შაქრიანი დიაბეტის ორივე ტიპი თანაბრად სახიფათოა;
  • ექიმის მიერ დანიშნულ დროს ჩაიტარეთ თირკმლის ფუნქციური სინჯები;
  • რეგულარულად ჩაიტარეთ შარდის საერთო ანალიზი, წელიწადში ერთხელ განისაზღვრეთ მიკროალბუმინურია;
  • ნუ გაუძალიანდებით თქვენს ექიმს, თუ მან დაგინიშნათYგარკვეული ჯგუფის წნევის დამწევი წამლები იმ დროს, როცა თქვენ არტერიული წნევაც და შარდის ანალიზიც ნორმალური გაქვთ;
  • აკონტროლეთ თქვენი წონა, საკვები და დაივიწყეთ მავნე ჩვევები;
  • გაიაზრეთ თქვენი პასუხისმგებლობა ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატების უწყვეტი და ხანგრძლივი მიღების აუცილებლობის თვალსაზრისით. გაითვალისწინეთ, რომ დიაბეტური ნეფროპათიის პროგრესირების შედეგი - თირკმლის ქრონიკული დაავადება, ურემიული მდგომარეობა, საჭიროებს ზედმიწევნით ძვირადღირებულ თირკმელჩანაცვლებით მკურნალობას - როგორც პაციენტები ხშირად უწოდებენ ხელოვნური თირკმლის აპარატთან ჩართვას და/ან თირკმლის ტრანსპლანტაციას (გადანერგვას).

ერთი პაციენტის მკურნალობა პროგრამული ჰემოდიალიზის სეანსებით ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამაში განფასებულია 18 720 ლარად. თირკმელების ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში თირკმელჩანაცვლებითი მკურნალობა გაგრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ან თირკმლის გადანერგვამდე. სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული თირკმლის ტრანსპლანტაცია 19 995,6 ლარი ღირს, რასაც ემატება ამ ოპერაციასთან დაკავშირებული ეთიკური, ტექნიკური და პოსტოპერაციული საკითხები. უხშირესად მკურნალობის ამ მეთოდების კოლოსალური ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტს აწვება მძიმე ტვირთად, ზოგჯერ კი მკურნალობას პაციენტები თავად აფინანსებენ.

ამის გათვალისწინებით ნათელია დიაბეტით დაავადებული ყველა პაციენტის მორალური თუ მატერიალური პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი ოჯახის, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.

იყავით ინფორმირებული, სწორად გამოიყენეთ ინფორმაცია, თავადაც მიიღეთ მონაწილეობა თქვენი ჯანმრთელობის, ბიუჯეტისა და მომავლის დაცვაში.


რას გულისხმობს ტერმინი "დიაბეტური ტერფი", რომელი სისხლძარღვოვანი გართულებებია მოსალოდნელი შაქრიანი დიაბეტის დროს, როგორ ავიცილოთ თავიდან მათი აღმოცენება? ამ და სხვა შეკითხვებზე დღეს გვიპასუხებს ავერსის კლინიკის ქირურგი შოთა სვანიძე.

- "დიაბეტური ტერფი" არ არის კონკრეტული დაავადების აღმნიშვნელი ტერმინი, ის კომპლექსური ცნებაა და იმ დაზიანებებს აერთიანებს, რომლებიც შეიძლება შაქრიანი დიაბეტის დროს ტერფის არეში აღმოცენდეს. ზოგადად, შაქრიანი დიაბეტის დროს ტერფის დაზიანება მოიცავს ნერვებს, სისხლძარღვებს, ძვლებს. ნებისმიერი მითითებული სტრუქტურის დაზიანება იწვევს "დიაბეტური ტერფის" ჩამოყალიბებას, რაც ვლინდება ინფექციის, დაწყლულების და განგრენის სახით. როგორც მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტი ათეროსკლეროზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკ-ფაქტორია. შესაბამისად, დაავადების დროს პათოლოგიური პროცესი იმ სისხლძარღვებს მოიცავს, რომელთა დაზიანებაც ათეროსკლეროზისათვისაა დამახასიათებელი. თუმცა არის გარკვეული თავისებურებაც - შაქრიანი დიაბეტის დროს ტიპურია ქვემო კიდურების წვრილი სისხლძარღვების, კერძოდ წვივის სისხლძარღვების დაზიანება. ამის გამო კი შაქრიანი დიაბეტის დროს აღმოცენებული ცვლილებები უპირველეს ყოვლისა კიდურის დისტალურ ანუ სხეულიდან დაცილებულ ნაწილს მოიცავს. სწორედ ამ თავისებურების გამოა დიაბეტის დროს განსაკუთრებით აქტუალური ტერფის დაზიანება.

- რა კლინიკური ნიშნებით ხასიათდება ტერფის დაზიანება შაქრიანი დიაბეტის დროს, რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციონ პაციენტებმა ყურადღება?

- გასინჯვისას ექიმი აღმოაჩენს, რომ დაზიანებულ კიდურზე პულსაცია შესუსტებულია ან არ ისინჯება. პაციენტები ხშირად გრძნობენ ტემპერატურულ სხვაობას კიდურებს შორის, აღნიშნავენ კიდურის ფერის შეცვლას (გათეთრება, გაწითლება, ციანოზი), შეშუპებას. ხშირად დამახასიათებელია ფრჩხილების ზრდის შენელება, თმის ცვენა, კანის სიმშრალე. ნერვების დაზიანება ვლინდება მგრძნობელობის და მოძრაობის სხვადასხვა ხარისხის დარღვევებით. დიაბეტური ტერფის დროს შეიძლება გამოვლინდეს ტერფის დეფორმაციაც, რაც აუცილებლად მოითხოვს კორექციას სხვადასხვა მეთოდით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა პროცესმა შეიძლება დამოიწვიოს სხვადასხვა სახის ინფექციები, წყლულის ჩამოყალიბება და კიდურის განგრენა.

- პაციენტები შაქრიანი დიაბეტის დროს ხშირად აღნიშნავენ ქუსლის კანის ცვლილებასა და ფრჩხილების ფერის შეცვლას, გასქელებას...

- აღნიშნული ცვლილებების მიზეზი ხშირად სისხლძარღვების დაზიანების გარდა სოკოვანი დაავადებაცაა, რომლისადმიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირები განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი.

- როგორია თავად დიაბეტის მკურნალობის როლი ტერფის დაზიანების თავიდან აცილების თვალსაზრისით?

- ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა, სისხლში შაქრის შემცველობის ნორმალიზაცია აუცილებელია. აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია დიაბეტური ტერფის მკურნალობა. თუ შაქრის შემცველობა არ არის მოწესრიგებული, თუ დიაბეტი არ არის კომპენსირებული, ნაკლებად ეფექტურია დიაბეტური ტერფის მკურნალობის ნებისმიერი მეთოდი - როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული.

- რა კვლევები ტარდება დიაბეტური ტერფის დიაგნოსტიკის მიზნით?

- უპირველეს ყოვლისა, ტარდება ტერფის დეტალური დათვალიერება, რასაც ენდოკრინოლოგი ახორციელებს პაციენტის ნებისმიერი ვიზიტის დროს, ხდება პულსაციის განსაზღვრა. გარდა აღნიშნულისა, აუცილებელია სპეციალური ინსტრუმენტული გამოკვლევები, რომელთაც ანგიოლოგი ნიშნავს. ისაზღვრება გოჯ-მხრისა და თით-გოჯის ინდექსი. აღნიშნული კვლევები სპეციალიზებულ სისხლძარღვთა კვლევის ლაბორატორიებში ხორციელდება, თუმცა შაქრიანი დიაბეტის დროს ამ მაჩვენებლების განსაზღვრა ერთ-ერთი სტანდარტული გამოკვლევათაგანია. გოჯ-მხრის ინდექსის მეშვეობით ვიღებთ წარმოდგენას, თუ რა რაოდენობით სისხლი მიეწოდება ქვემო კიდურებს, თით-გოჯის ინდექსი გვაძლევს მიკროცირკულაციის შეფასების საშუალებას, რის გამოც ეს კვლევა აუცილებლად ითვლება დიაბეტის დროს. დუპლექსსონოგრაფის ანუ სისხლძარღვთა ექოსკოპიური კვლევის მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ სისხლძარღვთა შევიწროების არსებობა სხვადასხვა ანატომიურ უბნებში და მისი ხარისხი. მაღალინფორმაციული კვლევაა სუბტრაქციული დიგიტალური ანგიოგრაფია, რომლის დროსაც საკონტრასტო ნივთიერება უშუალოდ სისხლძარღვში შეჰყავთ სპეციალური კათეტერის მეშვეობით და შემდგომში რენტგენოლოგიურ კვლევას ახორციელებენ. მნიშვნელოვანია პოდოგრაფიის ანუ ტერფის რელიეფის შესწავლის მონაცემები. აღნიშნული გამოკვლევა სპეციალური აპარატით ხორციელდება. ზოგადად, ტერფის რელიეფი, მისი საყრდენი წერტილები, ყველა ადამიანს ეცვლება დროთა განმავლობაში. ეს მით უფრო ეხება დიაბეტით დაავადებულ პიროვნებას. ტერფის ის ადგილი, რომელიც ძლიერ ზეწოლას განიცდის, კოჟიჟის ან წყლულის განვითარების მაღალ რისკს წარმოადგენს და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ტერფის სუსტი წერტილების გამოვლენა და მათი დაზიანების პროფილაქტიკის მიზნით სპეციალური ჩასაფენების შერჩევა. ტერფის ძვლოვანი და მყესოვანი სტრუქტურების შესაფასებლად გამოიყენება რენტგენოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

- დიაბეტური ტერფის მკურნალობის რა საშუალებებს ფლობს თანამედროვე მედიცინა?

- თანამედროვე ეტაპზე დიაბეტური ტერფის მკურნალობა კომპლექსურია და ექიმთა გუნდის მიერ ხორციელდება. პაციენტს ერთდროულად უწევენ მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, პოდიატრისტი - ტერფის სპეციალისტი. ნეიროპათიის მაღალი სიხშირის გამო აუცილებელი ხდება მკურნალობის პროცესში ნევროლოგის მონაწილეობა, ხოლო ძვლოვანი წანაზარდების კორექციის მიზნით შეიძლება ორთოპედის ჩარევა გახდეს საჭირო. სისხლძარღვების მხრივ მკურნალობა შეიძლება წარიმართოს კონსერვატიულად (მედიკამენტებით) ან საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა - კიდურის სისხლმომარაგების გაუმჯობესების ან აღდგენის მიზნით. უკანასკნელი ხორციელდება ღია ოპერაციით ან სისხლძარღვშიდა მეთოდით, რომლის დროსაც სპეციალური ბალონით ან სტენტით ხდება შევიწროებული სისხლძარღვის განვლადობის აღდგენა.

- რატომ ხდება აუცილებელი რიგ შემთხვევაში კიდურის ამპუტაცია?

- როგორც აღვნიშნეთ, შაქრიანი დიაბეტის დროს ზიანდება წვრილი ყალიბის სისხლძარღვები. ამის გამო ზოგჯერ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ვერ ხერხდება და თავს იჩენს სისხლის მიმოქცევის მკვეთრი უკმარისობის ნიშნები - "შავი თითი", რაც უკვე განგრენას მოასწავებს. მსგავს შემთხვევებში აუცილებელი ხდება ამპუტაცია, რომლის დონეც სამწუხაროდ ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე უშუალოდ პაციენტისათვის თვალსაჩინო ცვლილებების ლოკალიზაცია.

- რას ურჩევდით პაციენტებს დიაბეტური ტერფის მოსავლელად?

- დიაბეტური ტერფის შემთხვევაში პაციენტები აუცილებლად უნდა იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, აუცილებლად უნდა იცნობდეთ დიაბეტური ტერფის მოვლის წესებს და ასრულებდეთ შემდეგ მითითებებს:

  • არ მოსწიოთ თამბაქო. დაიმახსოვრეთ, რომ თამბაქოს წევა თავად არის სისხლძარღვთა დაზიანების მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხოლო აღნიშნული მავნე ჩვევა დიაბეტის ფონზე გარდაუვალს ხდის სისხლძარღვოვან პათოლოგიას;
  • შეამოწმეთ ტერფები ყოველდღიურად, რათა არ გამოგეპაროთ ბუშტუკი, ნახეთქი, ნაკაწრი. ტერფის გულის დასათვალიერებლად გამოიყენეთ სარკე, არ დაგავიწყდეთ თითებს შორის ჩახედვა;
  • დაიბანეთ ფეხი ყოველდღიურად, გაიმშრალეთ ბოლომდე დიდი ყურადღებით, განსაკუთრებით თითებს შორის;
  • მოერიდეთ დაბალ და მაღალ ტემპერატურას. ბანაობის წინ წყლის ტემპერატურა შეამოწმეთ იდაყვით და არავითარ შემთხვევაში ტერფით ან მტევნით;
  • თუ ღამით ფეხები გეყინებათ, ჩაიცვით წინდები. არ დაიდოთ სათბური ტერფზე და ნუ გაიკეთებთ ცხელი წყლის აბაზანებს;
  • ნუ ივლით ცხელ ზედაპირზე (ცხელ ქვიშაში და ასფალტზე);
  • ნუ ივლით ფეხშიშველი;
  • ნუ გამოიყენებთ ძლიერ ქიმიურ საშუალებებს კოჟიჟებისა და კოჟრების მოსაცილებლად, ნუ გამოიყენებთ პლასტირებს;
  • დაიმახსოვრეთ, რომ გარქოვანებული კოჟრები და კოჟიჟები ექიმის საქმეა და აღნიშნული პრობლემით მხოლოდ მას მიმართეთ;
  • ნუ გამოიყენებთ ანტისეპტიკურ საშუალებებს (სპირტი, იოდი...) ტერფების არეში;
  • არ იხმაროთ ლეიკოპლასტირი ტერფზე;
  • არ გაიკეთოთ ტერფის აბაზანები;
  • ყოველდღიურად შეამოწმეთ ფეხსაცმლის ფსკერი, რათა არ გამოგეპაროთ უცხო სხეული, ამოშვერილი ლურსმანი, გახეული ჩასაფენი და უხეში ადგილები;
  • თუ უჩივით მხედევლობას, თქვენი ტერფის დათვალიერება მიანდეთ ოჯახის წევრს, რომელმაც ყოველდღიურად უნდა დაგითვალიეროთ ტერფი და ფეხსაცმელი, მოგაჭრათ ფრჩხილები და გახეხოს კოჟიჟები;
  • ფრჩხილები მოიჭერით განივად, კუთხეებს სწორად ნუ ამოიკვეთთ;
  • თუ ქვემო კიდურები გიშრებათ (შეიძლება გქონდეთ ქერტლი), ძალიან თხლად წაისვით დამარბილებელი ბავშვის კრემი ან უბრალოდ გადადუღებული საჭმლის ზეთი. დამარბილებელი საშუალებები შეიზილეთ ბანაობისა და კარგად გამშრალების შემდეგ. თითებს შორის დამარბილებლების შეზელვა არ შეიძლება. დეტალური მითითებებისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
  • ატარეთ კარგად მორგებული წინდები, სასურველია ბუნებრივი მასალის და არა ხელოვნური. აუცილებელია, რომ მას არ ჰქონდეს ნაკერი და ყელის არეში იყოს მოშვებული. გამოიცვალეთ წინდები ყოველდღიურად;
  • ფეხსაცმელი უნდა იყოს ზუსტი ზომის - არც დიდი და არც პატარა. არ უნდა შეიძინოთ ფეხსაცმელი შემდგომში მორგების იმედით, ის ყიდვის მომენტშივე კომფორტული და რბილი უნდა იყოს. სასურველია ფეხსაცმელი ტყავისაგან იყოს დამზადებული, სპორტული ფეხსაცმელი ექიმთან ერთად უნდა შეარჩიოთ;
  • არ ატაროთ ფეხსაცმელი წინდების გარეშე;
  • განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, ტერფები თბილად უნდა გქონდეთ. ჯერ ჩაიცვით ბამბის, ზემოდან კი შალის წინდა. ყურადღება მიაქციეთ, რომ წინდის ყელი არ უჭერდეს წვივს, რადგანაც ეს ხელს შეუშლის ტერფში სისხლის ცირკულაციას;
  • ნუ გადაიდებთ ფეხს ფეხზე, ეს აზიანებს თქვენი ფეხის ნერვებსა და სისხლძარღვებს;
  • მოინახულეთ თქვენი ექიმი რეგულარულად, რათა არ გაგეპაროთ მცირედი ცვლილებებიც კი;
  • თუ ტერფის არეში შენიშნეთ წყლული ან ბუშტუკი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • დაიმახსოვრეთ, რომ დიაბეტური ტერფი ექიმის მუდმივ მეთვალყურეობას მოითხოვს; და გაითვალისწინეთ, რომ რჩევების უგულებელყოფამ და დაგვიანებამ შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგიყვანოთ.