როდესაც ჰორმონთა ჰარმონია ირღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდესაც ჰორმონთა ჰარმონია ირღვევა

 

ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი ხშირი და გავრცელებული დაავადებაა. მისი განვითარების საფუძველს წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა განპირობებული იყოს ან თავად ფარისებრი ჯირკვლის (პირველადი ჰიპოთირეოზი),  ან ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის პათოლოგიებით (მეორეული და მესამეული ჰიპოთირეოზი). ჰიპოთირეოზის მანიფესტირებული ფორმისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ძილად მივარდნა, სისუსტე, ადვილად დაღლა, მეტყველებისა და აზროვნების შენელება, სიცივის შეგრძნება;
  • მძიმე შემთხვევებში - ხმის ტემბრის შეცვლა და სმენის დარღვევა შეშუპების გამო;
  • ნივთიერებათა ცვლის შენელება (წონის მატება);
  • არტერიული წნევის დაქვეითება;
  • გულისრევა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
  • კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის სადიაგნოზოდ ხელმისაწვდომი, საიმედო ტესტია TSH-ის (თირეოტროპული ჰორმონის) დონის განსაზღვრა. მეტად მნიშვნელოვანია FT4-ის (თავისუფალი თიროქსინის) დონის დადგენაც. ჰიპოთირეოზის მკურნალობის მიზანია თირეოიდული ჰორმონების დონის შენარჩუნება იმ მაჩვენებელზე, რომელიც ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ჰიპოთირეოზის მკურნალობისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ძირითადი საკონტროლო პარამეტრის, TSH-ის დონის ნორმალიზაცია რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება.

მკურნალობა გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ჩანაცვლებით თერაპიას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული პრეპარატებით. ორგანიზმის მოთხოვნილება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ზაფხულში ხშირად მცირდება, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. პრეპარატის დოზა ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.

 

ჰიპოგლიკემია

ჰიპოგლიკემია - ეს არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია სისხლში გლუკოზის დაბალი დონით. ადამიანის ორგანიზმის, განსაკუთრებით - თავის ტვინის ნორმალური ფუნქციობისთვის საჭიროა, სისხლში შაქრის შემცველობა (გლუკოზის ფორმით) მუდმივი იყოს, ამიტომ ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა გადაუდებელ ღონისძიებებს მოითხოვს. ჰიპოგლიკემია ვლინდება სიმპტომების კომპლექსით:

  • ჭარბი ოფლიანობით;
  • შიმშილის შეგრძნებით;
  • სიფითრით;
  • ტაქიკარდიით,
  • ტრემორით;
  • კუნთების სისუსტით და დაღლილობით.

შესაძლოა:

  • მხედველობის დაბინდვა და გაორება, თავის ტკივილი;
  • კუნთების სპასტიკური შეკუმშვა;
  • ხშირი მთქნარება.

შესაძლოა, განვითარდეს ჰიპოგლიკემიური კომა, როდესაც პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას. სისხლში გლუკოზის საჭირო კონცენტრაციის შენარჩუნება დამოკიდებულია საკვების შემადგენლობაზე და ორგანიზმის იმ სისტემათა ეფექტურ ფუნქციობაზე, რომლებიც გლუკოზის დონის რეგულაციაში მონაწილეობს. ჰიპოგლიკემია შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი ამ სისტემის მუშაობის დარღვევამ. არსებობს ალიმენტური ჰიპოგლიკემია, რომელიც ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ და განპირობებულია გლუკოზის შეწოვის დარღვევით და გვიანი ჰიპოგლიკემია ანუ რეაქცია ინსულინზე, რომელიც მოზრდილთა დიაბეტის ადრეულ სტადიაში აღინიშნება. საკმაოდ ხშირად გვხვდება ჰორმონული ჰიპოგლიკემია, რომელიც გამოწვეულია ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის უკმარისობით. ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს ასევე შაქრიანი დიაბეტის ინსულინით მკურნალობის დროს მისი ზედოზირების შემთხვევაში. ინსულინის სიჭარბე იწვევს სისხლში გლუკოზის დონის ძალიან სწრაფ დაწევას. იშვიათად ჰიპოგლიკემიის მიზეზია კუჭქვეშა ჯირკვლის, პანკრეასის, სიმსივნე, ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ესა თუ ის დაავადება. სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაქვეითება შესაძლოა იყოს ორსულობის, ფაღარათის, შიმშილის ან ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შედეგი. ჰიპოგლიკემიის მკურნალობა ეფუძნება ორგანიზმის ფუნქციათა ყველა იმ დარღვევის გამოვლენასა და კორექციას, რომლებმაც მოცემული მდგომარეობა გამოიწვია. ჰიპოგლიკემიის მწვავე შეტევები, რომლებიც ინსულინის ზედოზირებასთან არის დაკავშირებული, ჩვეულებრივ, შაქრის ან გლუკოზის მიღებით იხსნება, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა საჭირო გახდეს გლუკოზის ხსნარის ინტრავენური შეყვანა.

 

ნივთიერებათა ცვლის დაქვეითება

ადამიანის ორგანიზმი საჭიროებს დაბალანსებულ კვებას. თუ ერთ-ერთი საკვები ნივთიერება სჭარბობს დანარჩენებს, ამან შესაძლოა ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გამოიწვიოს. ერთი შეხედვით, წონის დასაკლებად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე (ხორცი, რძე და რძის ნაწარმი, თევზი) უარის თქმა შედეგიანი უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ ამას რეგულარული ფიზიკური დატვირთვაც დაერთო, მაგრამ ასეთი კვების შედეგად ორგანიზმი ვეღარ იღებს კალორიებს, კვება დაუბალანსებელი ხდება. დადგენილია, რომ დღე-ღამის განმავლობაში საკმარისი ოდენობის სრულფასოვანი ცილის, შეუცვლელი ამინომჟავების, ცხიმების მიუღებლობის შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი ადრე თუ გვიან აღმოჩნდება ხელოვნური შიმშილის პირობებში. სწორედ ეს ხელოვნური შიმშილი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის შენელებას აიძულებს. მხოლოდ სრულფასოვან კვებას, ცხიმოვანი მჟავების, ხარისხიანი სრულფასოვანი ცილების, მრავალფეროვანი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას ზომიერ ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად შეუძლია მოაწესრიგოს ნივთიერებათა ცვლა. ნივთიერებათა ცვლის დაქვეითება შესაძლოა ამა თუ იმ ენდოკრინულმა დისფუნქციამაც გამოიწვიოს, რის შესახებაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ.


 

წონის დეფიციტი

რაკი სიტყვა კვებაზე ჩამოვარდა, მინდა შევეხოთ ისეთ საკითხს, როგორიც არის წონის დეფიციტი. რა შეიძლება გამოიწვიოს ამ მდგომარეობამ? არსებობს ნორმალური წონის გამოსათვლელი მრავალი ფორმულა. თანამედროვე მედიცინა წონის დეფიციტსა თუ სიჭარბეს შემდეგი ფორმულით განსაზღვრავს: სხეულის მასის ინდექსი=წონა/სიმაღლის კვადრატთან (კგ/მ2) წონის დეფიციტად ითვლება მდგომარეობა, როდესაც მასის ინდექსი 19-ზე ნაკლებია, ნორმა კი 19-25-ია. სამწუხაროდ, ეს ინდექსი სრულყოფილად არ ასახავს ადამიანის კონსტიტუციურ, ბუნებრივ თუ სხვა თავისებურებებს. ამდენად, წონის დაქვეითება შეიძლება განვიხილოთ არა დაავადებად, არამედ მდგომარეობად, რომლის დროსაც სხეულის მასა ამა თუ იმ კულტურაში მიღებულ სტანდარტზე ნაკლებია. წონის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ავადმყოფობისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის შესუსტება;
  • სასიცოცხლო ენერგიის შემცირება;
  • ნევროზულობა, უძილობა, უმადობა და დეპრესია, ზოგადი სისუსტე და ფსიქიკური გაუწონასწორებლობა.

ქსოვილთა გამოფიტვას შესაძლოა მოჰყვეს ნაადრევი დაბერება, თმისა და კბილების ცვენა, ძვლების სიმყიფე და სექსუალური ენერგიის დაქვეითება. წონის დეფიციტი დაავადებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული სხეულის მასა და ორგანიზმში იქმნება განწყობა გულის, თირკმელების, სისხლძარღვების მუშაობის დარღვევისა, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების განვითარებისა, აგრეთვე - სხვადასხვა ორგანოს სიმსივნის ტერმინალურ სტადიაში. წონის დეფიციტის პირველადი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • არარაციონალური და არარეგულარული კვება, რაციონში ცივი, უმი, მსუბუქი და დაბალკალორიული საკვების სიჭარბე, სითხის არასაკმარისი მიღება, კვების შეზღუდვა, შიმშილი;
  • ჭარბი ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა, გადაღლა;
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ხანმოკლე ძილი, ძლიერი ემოციური სტრესი;
  • ნაწლავების დაავადება;
  • პარაზიტული დაავადება;
  • მასტიმულირებელი პრეპარატების გამოყენება.

წონის დეფიციტის დროს მიირთვით საქონლის, ცხვრის ან ღორის (ბურვაკის), იხვის ხორცი, რძის პროდუქტები, განსაკუთრებით - ახალი, უმარილო ყველი, ასევე - პროდუქტები, რომლებიც სახამებელს შეიცავს, ნაღების კარაქი, ახალგამომცხვარი თეთრი პური, რძეში მოხარშული, ტკბილი ბრინჯის ფაფა, ნიგოზი, ქიშმიში, სვით ძროხის ან თხის მოუხდელი რძე. დღის საათებში იძინეთ - ეს ანელებს ნივთიერებათა ცვლას.

 

ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი - ეს არის ჩონჩხის ძვლების სისტემური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძვლის საერთო მასის დაკარგვა, რის გამოც ძვალი ხდება მყიფე და შესაძლოა, მცირე დატვირთვის დროსაც კი გადატყდეს. ხშირია ბარძაყის ყელის ან ხერხემლის მოტეხილობა, თუმცა შესაძლებელია სხვა ძვლების დაზიანებაც. ოსტეოპოროზი ძირითადად ქალების (განსაკუთრებით - მენოპაუზის შემდგომ) და ასაკოვანი მამაკაცების დაავადებაა. ძვლის ქსოვილის აღდგენა ძალიან ნელა მიმდინარეობს, ამიტომ მოტეხილობის შედეგი შესაძლოა სერიოზული იყოს და ადამიანის დაინვალიდებაც კი გამოიწვიოს. იმის გამო, რომ ეს სენი დიდხანს არ გვახსენებს თავს, მის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ, თუმცა ოსტეოპოროზს გავრცელებით მე-4 ადგილი უჭირავს მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის შემდეგ. ოსტეოპოროზის განვითარებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. ისინი პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: პაციენტისგან დამოუკიდებელ და მასზე დამოკიდებულ ფაქტორებად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ეთნიკური გენეტიკა (ევროპული, აზიური რასა), მემკვიდრეობა, ხანდაზმული ასაკი, მდედრობითი სქესი, სხეულის მცირე მასა (დიეტის მოყვარულთა საყურადღებოდ!), ადრეული მენოპაუზა, ციკლის დარღვევები, უშვილობა, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, მაგალითად, გლუკოკორტიკოიდების, სიმსივნის საწინააღმდგო მედიკამენტების, მიღება. მეორე ჯგუფში შედის ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ცხოვრების წესთან ან შეძენილია გადატანილი დაავადებების შედეგად, ასევე - სიგარეტის, ალკოჰოლისა და კოფეინის ჭარბი მოხმარება, ცხოვრების უმოძრაო წესი, კალციუმით მდიდარი საკვების (მათ შორის - რძის პროდუქტების), არასათანადო ოდენობით მიღება, ხორცის ჭარბი გამოყენება, D ვიტამინის დეფიციტი. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ზრდის ხანგრძლივი, აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრების შანსს.

სამწუხაროდ, პაციენტთა უმრავლესობას ოსტეოპოროზის დიაგნოზს მაშინ უსვამენ, როდესაც ისინი ძვლების მოტეხილობით ქირურგთან ან რენტგენოლოგთან ხვდებიან. სპეციალისტთან დროული ვიზიტი და სწორი დიაგნოსტიკა წარმატების ნახევარია. მდგომარეობის შესაფასებლად ყველაზე მარტივი გზაა სისხლში კალციუმის დონის განსაზღვრა, მაგრამ ხშირად ეს საკმარისი არ არის. საჭიროა დამატებითი კვლევა - პარათირეოიდული (ფარისებრახლო ჯირკვლის) ჰორმონის, შარდში კალციუმის ექსკრეციის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის განსაზღვრა. დიდი მნიშვნელობა აქვს დენსიტომეტრიას - მინერალური ნივთიერებებით ძვლის გაჯერების შეფასებას. ყველა აუცილებელი გამოკვლევის ჩატარებისა და ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურ მკურნალობას სპეციალური სამედიცინო პრეპარატებით. ოსტეოპოროზი საკმაოდ საშიში დაავადებაა. მასთან დამოუკიდებლად ბრძოლა არ შეიძლება. დაუშვებელია ფართოდ რეკლამირებული პრეპარატების მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე. თვითმკურნალობის შედეგები ოსტეოპოროზის დროს სავალალოა: უკეთეს შემთხვევაში დაავადებას გააღრმავებთ, ხოლო უარეს შემთხვევაში ორგანიზმს მიიყვანთ ფიზიკური შესაძლებლობის ზღვრამდე. არსებობს პრეპარატები, რომელთა მიღება მხოლოდ მაშინ არის ნებადართული, როდესაც სისხლში კალციუმის დონე ნორმის ფარგლებშია. მაგალითად, ბიფოსფონატების მიღებამ შესაძლოა ტეტანია გამოიწვიოს. ამიტომ ოსტეოპოროზის მკურნალობა უნდა წარიმართოს კვალიფიციურად, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით.


 

სასქესო ჰორმონები

ტესტოსტერონი მამაკაცის ძირითადი ჰორმონია. მისი გამომუშავება 50 წლის შემდეგ მცირდება, მაგრამ შესაძლოა, უკმარისობა 30 წლის ასაკშიც განვითარდეს. ანდროგენოდეფიციტის სინდრომი თანდათანობით ვითარდება და მამაკაცის ჯანმრთელობის ყველა ასპექტს მოიცავს. როგორც პაციენტები აღნიშნავენ, ცხოვრება კარგავს ფერებს. თანდათან ქრება სიცოცხლის, სიყვარულის ინტერესი.Aაქტიური ადამიანი ხდება უმოქმედო, იპყრობს გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა. ჰორმონული დეფიციტის გამოვლინება შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ:

  • შარდსასქესო სისტემის დარღვევები:
  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • ერექციული დისფუნქცია;
  • შარდვის გახშირება.

ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები:

  • სახის, კისრის, სხეულის ზედა ნაწილების უეცარი წამოწითლება;
  • სიმხურვალის შეგრძნება (ალები);
  • არტერიული წნევის მერყეობა;
  • ტკივილი გულის არეში;
  • თავის ტკივილი, თავბრუხვევა;
  • ჰაერის უკმარისობის შეგრძნება.

ფსიქოემოციური დარღვევები:

  • მომატებული გაღიზიანება;
  • ადვილად დაღლა;
  • აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
  • უძილობა;
  • დეპრესია;
  • შრომის უნარის დაქვეითება.

სომატური დარღვევები:

  • კუნთოვანი მასისა და ძალის შემცირება;
  • ძვლის ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითება;
  • სარძევე ჯირკვლების გადიდება;
  • ცხიმოვანი ქსოვილის მასის გაზრდა;
  • თავის, სხეულის თმიანობის შემცირება;
  • კანის გამოფიტვა და ატროფია.

ჰიპოგონადიზმის ანუ ასაკობრივი ანდროგენოდეფიციტის მკურნალობის ძირითად მიზანს წარმოადგენს სისხლის შრატში ტესტოსტერონის დონის ნორმალიზაცია. შესაძლებელია ჩატარდეს ჩანაცვლებითი თერაპია ტესტოსტერონის შემცველი პრეპარატებით და მასტიმულირებელი თერაპია, რომელიც საკუთარი ტესტოსტერონის სინთეზის სტიმულაციისკენ არის მიმართული. მამაკაცებში ანდროგენჩანაცვლებითი თერაპიისთვის უმთავრესად ინიშნება ბუნებრივი ტესტოსტერონის პრეპარატები. ტესტოსტერონით ჩანაცვლებით თერაპიაში არსებობს რამდენიმე მოდიფიკაცია: პერორალური, ინექციის ან ტრანსდერმული გამოყენების სახით. მკურნალობის მეთოდისა და ხანგრძლივობის, პრეპარატების დოზირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი-სპეციალისტი პაციენტის თავისებურებების, ასაკის, კლინიკური სიმპტომატიკის გათვალისწინებით. ქალური ჰორმონები მთელი სიცოცხლის განმავლობაში მართავენ ქალის ორგანიზმის უნიკალურ შესაძლებლობებს. ჰორმონებით რეგულირდება თვიური ციკლი, ხშირად ენდოკრინული სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ქალი დაორსულებას და შვილის გაჩენას. ქალის ძირითადი ჰორმონებია ესტროგენები და პროგესტერონი. ესტროგენები ჰორმონთა ჯგუფია, რომელსაც საკვერცხეები განუწყვეტლივ გამოიმუშავებს სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან კლიმაქტერიულ პერიოდამდე. ის არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, იცავს სისხლძარღვებს ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნისგან, არეგულირებს წყალმარილოვან ცვლას, ზრდის კანის ელასტიკურობას. ეს ჰორმონები ძვლის სიმტკიცეზეც აგებენ პასუხს - ასტიმულირებენ ძვლის ახალი ქსოვილის წარმოქმნას, აკავებენ მასში აუცილებელ ნივთიერებებს - კალციუმსა და ფოსფორს. ამიტომაც არის, რომ მენოპაუზის პერიოდში, როდესაც ორგანიზმში ესტროგენების დონე მცირდება, ქალს ხშირად უვითარდება ოსტეოპოროზი და მოტეხილობები. პროგესტერონი მრავალ ფუნქციას ასრულებს, დაწყებული სარძევე ჯირკვლის ფორმირებით და დამთავრებული ორსულობის შენარჩუნებით. მის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული მტკივნეული მენსტრუაცია და წინარემენსტრუალური სინდრომის სხვადასხვა გამოვლინება. ესტროგენების ნაკლებობის დროს აღინიშნება:

  • გაღიზიანებადობა და ნევროზულობა;
  • ციკლის შუაში - სისხლიანი გამონადენი;
  • მენსტრუაციის შემცირება ან შეწყვეტა;
  • სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება;
  • თავის ტკივილი, დეპრესია;
  • ოფლიანობა, წამოხურება, ალები;
  • სარძევე ჯირკვლების ზომის შემცირება.

ასეთი სიმპტომების შემჩნევისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგს - ეს წარმატებული მკურნალობის საწინდარია. თვითმკურნალობა დაუშვებელია, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია მხოლოდ ექიმმა-სპეციალისტმა უნდა დანიშნოს. კლიმაქტერიულ პერიოდს ახასიათებს მრავალი სუბიექტური და ობიექტური სიმპტომი და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომლის ძირითადი მიზეზი ესტროგენების დონის დაქვეითებაა. კლიმაქსის დროს სასურველია გინეკოლოგს წელიწადში 2-ჯერ მაინც გაესინჯოთ. სპეციალისტი დაგეხმარებათ ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული დისკომფორტის გადალახვაში.

 

ზრდაში ჩამორჩენა

არსებობს პათოლოგიური მდგომარეობა ნანიზმი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიმაღლის ანომალიური დაბალი მაჩვენებელი (მამაკაცებში - 130 სმ-ზე ნაკლები, ქალებში - 120 სმ-ზე ნაკლები). ნანიზმის მიზეზია გენეტიკურად განპირობებული ზრდის დარღვევა, აგრეთვე - რიგი ენდოკრინული თუ არაენდოკრინული დაავადება. ოჯახური ანუ კონსტიტუციური სიდაბლე და ზრდაში ჩამორჩენა პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში უნდა განვიხილოთ როგორც ფიზიოლოგიური განვითარების ვარიანტი, რადგან ის არ წარმოადგენს პათოლოგიას და ნანიზმის გამოვლინებად არ მიიჩნევა. ნანიზმის ძირითად სიმპტომს წარმოადგენს ზრდის შეჩერება. სხვა კლინიკური გამოვლინებანი დამოკიდებულია იმ დაავადების თავისებურებებზე, რომელიც ნანიზმის განვითარების მიზეზად იქცა. ჰიპოფიზის ფუნქციური უკმარისობის დროს ბავშვს დაბადებისას ნორმალური სიგრძის სხეული აქვს, ზრდაში ჩამორჩენა 2-დან 4 წლამდე იწყება. ასაკის მატებასთან ერთად სხეულის პროპორციები მკვეთრად არ ირღვევა, თუმცა კი ხშირია ბავშვებისთვის დამახასიათებელი პროპორციების შენარჩუნება, როდესაც ტანის სიგრძე აღემატება კიდურებისას. მოზრდილებში დიაგნოზის დასმა რთული არ არის. ჰორმონული უკმარისობით გამოწვეული ნანიზმის მკურნალობის საფუძველია შესაბამისი ჰორმონული საშუალებების ხანგრძლივი მიღება ზრდის სტიმულაციის მიზნით.

უცნობი ეტიოლოგიის ნანიზმის შემთხვევაში საჭიროა ბავშვზე დაკვირვება ჰორმონული თერაპიის გარეშე 6-12 თვის განმავლობაში კომპლექსური ზოგადგამაჯანსაღებელი თერაპიის ფონზე, ამავე დროს - სრულფასოვანი კვება ცხოველური ცილების, ბოსტნეულისა და ხილის შემცველობის გაზრდით, A და D ვიტამინების, კალციუმისა და ფოსფორის პრეპარატების გამოყენება. ასეთი თერაპიის ფონზე საკმარისი წინსვლის არარსებობისას საჭიროა ჰორმონოთერაპიის დაწყება. ნანიზმის მკურნალობის ეფექტური გზაა მედიკამენტური თერაპია ანაბოლური სტეროიდული პრეპარატებით. თანდართული ჰიპოთირეოზისას ინიშნება თირეოიდული ჰორმონებიც. მოზარდებს, რომლებსაც ჩვეულებრივი ფიზიკური განვითარების შეჩერება აღენიშნებათ, სჭირდებათ მხოლოდ ზოგადგამაჯანსაღებელი თერაპია და ძირითადი დაავადების მკურნალობა. სხეულის პროპორციების დიფერენცირების მკვეთრი შეჩერების შემთხვევაში შეიძლება დანიშნულ იქნეს ანაბოლური სტეროიდები, მაგრამ მოკლე კურსებით და ხანგრძლივი შესვენებებით. კონსტიტუციური სიდაბლის ბავშვები ჰორმონულ მკურნალობას არ საჭიროებენ. თუ ძვლის ზრდის ზონები ჩაკეტილია, მკურნალობას აზრი ეკარგება. თერაპია მანამდე უნდა დაიწყოს, ვიდრე ძვლის ხაზოვანი ზრდა დასრულდება.