ვენების ვარიკოზული გაგანიერების ქირურგიული მკურნალობა

დიდი შანსი გაქვთ, თქვენც ექიმის - ფლებოლოგის ან სისხლძარღვთა ქირურგის - პაციენტი გახდეთ. არსებობს ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის მრავალი მეთოდი, რომელთა შესახებ გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ანგიოკარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტი, ევროპის კარდიოლოგთა და ამერიკის გულ-ფილტვის ასოციაციის საპატიო წევრი მერაბ მამაცაშვილი:
- გავრცელებულია აზრი, რომ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ოპერაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბრუნდება. მთლად ასეც არ არის. ხშირად რეციდივი მაშინ ვითარდება, როცა ოპერაცია სრული მოცულობით არ არის ჩატარებული. როდესაც ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამო ოპერაცია წესების სრული დაცვით სრულდება, ის ძალზე შედეგიანია და ასიდან 95-ზე მეტ შემთხვევაში მისი ეფექტი მრავალ წელს გასტანს, თუმცა ვენებზე წარმოებული ოპერაციები სისხლძარღვთა ქირურგის დიდ გამოცდილებასა და მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს. როცა ოპერაცია მაღალ დონეზეა შესრულებული გამოცდილი სისხლძარღვთა ქირურგის მიერ, გართულების ალბათობა მინიმალურია, ხოლო ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ პაციენტს უკვე შეუძლია სიარული. ქირურგიული მკურნალობა ითვალისწინებს ღრმა ვენებიდან ზედაპირულებში სისხლის პათოლოგიური გადასროლის ლიკვიდაციას და ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ამოკვეთას.
ტრადიციული ოპერაციები
ამ ტიპის ოპერაციების მიზანია ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებში სისხლის შეგუბების ლიკვიდაცია ამ ვენების ამოკვეთის გზით. ოპერაციის დროს იკვეთება ვარიკოზულად გაგანიერებული დიდი და მცირე კანქვეშა ვენები, რომლებშიც გადაგვარებული სარქვლები მდებარეობს. ეს იმიტომ კეთდება, რომ ვარიკოზულად გადიდებული ვენა შეგუბებული სისხლით არის გადავსებული და სისხლძარღვის კედელს, მის ირგლივ მდებარე რბილ ქსოვილებს, კანქვეშა უჯრედისსა და კანს აწვება. ეს იწვევს მისგან გამომავალი ვენების გაგანიერებას, აგრეთვე იმ ვენების გაგანიერებასაც, რომლებიც ღრმა ვენებს კანქვეშა ვენებთან აერთებს. ოპერაცია ძნელი გადასატანი არ არის.
ვარიკოზული ვენების მცირე ოპერაციების ფართო გავრცელების მიუხედავად, დიდი კანქვეშა ვენის ტრადიციული ამოკვეთა, სტრიპლინგი, რჩება მეტად გავრცელებულ ოპერაციად, რომელიც ქვედა კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების შემთხვევაში გამოიყენება. ეს უმთავრესად იმით არის გამოწვეული, რომ ავადმყოფები დიდი დაგვიანებით აკითხავენ ექიმს, იმდენად გვიან, რომ მცირე ოპერაციული ჩარევით ამ პათოლოგიისგან განკურნება უკვე შეუძლებელია. გარდა ამისა, არცთუ ისე ბევრია ისეთი კლინიკა, სადაც მცირეინვაზიურ ჩარევას მიმართავენ.
დიდი კანქვეშა ვენის ამოკვეთა - სტრიპლინგი
ოპერაციის პირველ ეტაპზე კეთდება მცირე განაკვეთი საზარდულის ნაკეცის მიდამოში, გამოიყოფა დიდი კანქვეშა ვენა იმ ადგილზე, სადაც ის ბარძაყის ღრმა ვენას უერთდება. მომდევნო ეტაპზე გამოიყოფა და გადაიკვეთება ერთიდან შვიდამდე კოლატერალური ვენა. ეს პროცედურა დიდ გულისყურს მოითხოვს და მხოლოდ სისხლძარღვთა გამოცდილი სპეციალისტის მიერ უნდა ჩატარდეს, რადგან ერთი ასეთი ვენის დატოვებამაც კი შეიძლება ვენების ვარიკოზული გაგანიერების რეციდივი გამოიწვიოს.
დიდი კანქვეშა ვენა იკვეთება ბარძაყის ღრმა ვენასთან შეერთების ადგილას. შემდეგ შიდა კოჭის მიდამოს სიახლოვეს ისევ კეთდება განაკვეთი, გამოიყოფა კანქვეშა ვენის დასაწყისი გვერდითი ვენებითურთ. ეს უკანასკნელები გადაიკვეთება. ამის შემდეგ კანქვეშა ვენაში შეჰყავთ სპეციალური ინსტრუმენტი ზედა განაკვეთამდე, რომლის მეშვეობითაც ამ ვენას მთელ სიგრძეზე იღებენ. დარჩენილი ვარიკოზულად გაგანიერებული კოლატერალური, უხეშად რომ ვთქვათ, გვერდითი ვენებიც დამატებითი განაკვეთებიდან სპეციალური ინსტრუმენტებით ამოაქვთ. სხვათა შორის ამ ტიპის ვენების ოპერაციის შემდგომ სკლეროთერაპიას ოპერაციის მოცულობისა და ტრავმულობის შემცირება ძალუძს. ოპერაციის დასასრულს ავადმყოფს კიდურზე ელასტიკური ნახვევი ედება. ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ პაციენტი სახლში ეწერება და უკვე დამოუკიდებლად შეუძლია გადაადგილება.
ოპერაციის შემდგომი გართულებების, ძირითადად თრომბოზის, თავიდან ასაცილებლად აუცილებელი პირობაა პაციენტის მაქსიმალურად ადრეული გააქტიურება ოპერაციის შემდეგ. ვენებზე ტრადიციული ოპერაციის ერთ-ერთი დიდი ნაკლი ის გახლავთ, რომ ნაწიბურებს ტოვებს, მაგრამ ვარიკოზული დაავადების ამგვარი მკურნალობის დროს ფართო განაკვეთები აუცილებელია, რათა ქირურგმა კარგად მიაკვლიოს იმ ადგილებს, სადაც უნდა მოხდეს ვენის გადაკვეთა თუ გადაკვანძვა. განაკვეთების "ეკონომიით" შეიძლება ოპერაცია სრული მოცულობით არ ჩატარდეს, ეს კი, თავის მხრივ, ვარიკოზული დაავადების ადრეული რეციდივის მიზეზად იქცევა. სწორედ ამიტომ, თუ ამ ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტთ, არ სთხოვოთ ქირურგს მცირე ზომის განაკვეთების გაკეთება.
აუცილებელია ზოგიერთ ისეთ შემთხვევაზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ვენების ოპერაციის შემდეგ. რასაკვირველია, ყველა ჩამოთვლილი პრობლემა ყველა ოპერაციის შემდეგ არ იჩენს თავს, მაგრამ ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ არის მოსალოდნელი ისეთი მოვლენები, რომელთა ცოდნაც სასარგებლოა. ასე, მაგალითად: ოპერაციის შემდეგ ამოკვეთილი ვენების გასწვრივ შესაძლოა სისხლჩაქცევები და კანქვეშა შემაგრებები დარჩეს, რომლებიც ერთიდან ოთხ თვემდე ვადაში თავისთავად გაივლის. იშვიათად უფრო დიდხანსაც რჩება, მაგრამ სპეციალურ მკურნალობას არც ერთ შემთხვევაში არ მოითხოვს. არ არის საჭირო ცივი თუ თბილი კომპრესების გაკეთება, მალამოების წასმა.
ზოგჯერ კოჭთან კანის ნაწილის მგრძნობელობა ირღვევა, რაც ქირურგიული ჩარევის დროს მცირე ნერვულ დაბოლოებათა დაზიანების შედეგია. ეს საშიში არ გახლავთ და უმეტესად ოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ ყოველგვარი სპეციალური მკურნალობის გარეშე გაივლის.
ვარიკოზული დაავადებების სიმძიმის კვალობაზე, შესაძლოა ოპერაციის შემდეგ ქვედა კიდური შეშუპდეს და ტკივილმა იჩინოს თავი, რაც რამდენიმე კვირას ან თვეს გაგრძელდება. ტკივილისა და შეშუპების გაძლიერებას იწვევს ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, ტრავმა, ამინდის ცვლილება. ამ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, პირველ რიგში, ამ მოვლენის მაპროვოცირებელი ფაქტორი უნდა აღმოიფხვრას, შემდეგ, პაციენტმა უნდა ატაროს სპეციალური სამედიცინო წინდები. არ უნდა დაივიწყოს, რომ მიუხედავად ოპერაციისა, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისადმი განწყობა რჩება.