ახალშობილთა კანის არაინფექციური დაავადებები

ზოგჯერ დაოდვილობას ექსუდაციური დიათეზი განაპირობებს. ის ნაწილობრივ ახალშობილის კანის ფუნქციური და მორფოლოგიური აგებულების არასრულფასოვნებით არის გამოწვეული.დაოდვილობა ხშირია დუნდულებზე, მუცლის ქვედა ნაწილში და სასქესო ორგანოებზე, იშვიათად - კისრის, იღლიის, საზარდულისა და სხვა ნაკეცების არეში. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა: მსუბუქი, როდესაც კანის მთლიანობა არ ირღვევა, გამოხატულია მხოლოდ მკვეთრი ჰიპერემია, საშუალო სიმძიმისა, როდესაც ჰიპერემიასთან ერთად კანის ეროზიაც აღინიშნება, და მძიმე, როდესაც ეროზიების შეერთების შედეგად შედარებით დიდ არეზე კანის სველი სიწითლე ვითარდება. შესაძლოა გაჩნდეს წყლულები, ხშირია ინფიცირება. ახალშობილს დიდხანს ნუ დატოვებთ სველ საფენებში, მით უმეტეს, პამპერსში. პირველი ხარისხის დაოდვილობისას კანი დაამუშავეთ გვირილისა და ორკბილას სპირტიანი ნაყენით, თევზის ქონით, საბავშვო ზეთით. საშუალო სიმძიმის დაზიანების შემთხვევაში კანის დაზიანებული ზედაპირი რამდენიმე ხანს საფენების გარეშე დატოვეთ - ჰაერის აბაზანები ამ დროს ძალიან კარგია. უფრო მძიმე გამოყელვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.
ნასიცხი
ახალშობილთა და ჩვილთა კანის საკმაოდ გავრცელებული დაზიანებაა ნასიცხი. მისი მიზეზია ოთახში ჰაერის მაღალი ტემპერატურა, არაჰიგიენური ტანსაცმელი, ბავშვის ზედმეტი შეფუთვნა და სველ პამპერსში დიდხანს დატოვება. დასიცხვისას კისერზე, ზურგზე, დუნდულებსა და სხვა არეებზე ჩნდება ღია წითელი ფერის წვრილწინწკლოვანი გამონაყარი. ხელის გადასმისას გამონაყარი შეიგრძნობა და კანის საფარს ოდნავ სცილდება. ბავშვის გახდისას ჰაერმოხვედრილი გამონაყარი სწრაფად უფერულდება. ბავშვის საერთო მდგომარეობა დარღვეული არ არის, მაგრამ ნასიცხი კანი შესაძლოა სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექციების კარიბჭედ იქცეს. ხშირად ჩაბანეთ ბავშვი თბილი წყლით, კვირაში ერთხელ გადაავლეთ კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი. დაბანის შემდეგ კანზე საბავშვო ტალკი მოაფრქვიეთ.
სკლერედერმა
იგი სასქესო ორგანოების, მუცლის ქვედა მესამედის, თეძოების, ზურგის, ხელის მტევნისა და ტერფის შეშუპების განსაკუთრებული ფორმაა, რომელსაც კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრის ცომისებრი კონსისტენციის შეშუპება ახასიათებს. სკლერედერმა უმეტესად უვითარდებათ დღენაკლულ და სუსტ ბავშვებს, გაციების შემთხვევაში - ზოგ დროულ და ჯანმრთელ ახალშობილსაც. დღენაკლულ ახალშობილთა აღნიშნული პათოლოგია აიხსნება კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის აგებულების უკმარისობით, თირკმლის ფუნქციისა და წყლის ცვლის ნერვული რეგულაციის უმწიფრობით. დაავადების მთავარ ხელშემწყობ მიზეზად მიჩნეულია ახალშობილის ორგანიზმის ხანგრძლივი და ძლიერი გადაცივება. გარკვეულ როლს ასრულებს სამშობიარო ტრავმაც.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
დაავადება ვითარდება სიცოცხლის მე-2-4 დღეს, იშვიათად - უფრო გვიანაც. თავდაპირველად თავს იჩენს კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ცომისებრი შეშუპება. მოგვიანებით კანი მკვრივდება. თითის დაჭერისას მასზე ჩაღრმავება წარმოიქმნება. კანი დაჭიმულია (შეუძლებელია თითებით მისი აწევა), ფერმკრთალი, ზოგჯერ დაჰკრავს მოლურჯო ან ღია წითელი ელფერი. დაავადების მძიმე ფორმისას დაზიანებულია მთელი სხეული, ნაკეცების, ხელისგულებისა და ტერფების ჩათვლით. ბავშვის საერთო მდგომარეობა მძიმეა: ახალშობილი მოდუნებულია, სხეულის ტემპერატურა დაბალი აქვს, სუნთქვა და გულისცემა - შენელებული, მადა - დაქვეითებული. სკლერედერმის დროს სუსტდება იმუნური სისტემა.
როგორ დავეხმაროთ პატარას?
უწინარეს ყოვლისა, გავათბოთ (ამისთვის იყენებენ კიუვეზს, სათბურებს, ცხელ აბაზანებს). შედეგიანია მასაჟი, ე ვიტამინი (50მგ დღეში), კორტიკოსტეროიდების მოკლე კურსი. პროფილაქტიკისთვის საჭიროა ბავშვის ორგანიზმის დაცვა გადაცივებისაგან.
სკლერემა
ისევე, როგორც სკლერედერმა, სკლერემაც დღენაკლულ, სუსტ ახალშობილთა ხვედრია, თუმცა, სკლერედერმისგან განსხვავებით, თავდაპირველად ყურადღებას იპყრობს კანისა და კანქვეშა ქსოვილის დიფუზური გამკვრივება (და არა ცომისებრი შეშუპება) სახის, თეძოების, დუნდულების, კიდურების არეში, თუმცა თითის დაჭერისას ჩაღრმავება არ წარმოიქმნება, კანი ცივი, გამკვრივებული, ფერმკრთალი ან ციანოზურია, სხეულის დაზიანებული უბნები - ატროფიული, კიდურების მოძრაობა - შეზღუდული, სახე ნიღბისებრ გამომეტყველებას იღებს, სხეულის ტემპერატურა 35-36 გრადუსამდეა დაცემული, ხელის მტევნები, ტერფები, სასქესო ორგანოები გამკვრივებული არ არის. პროგნოზი მძიმეა.
მილია
ახალშობილთა უმრავლესობას სახეზე, უმთავრესად ნესტოებსა და ცხვირის წვერზე, აქვს ქინძისთავისოდენა მოთეთრო-მოყვითალო, მრგვალი წერტილოვანი წარმონაქმნები, რომლებიც კანის ზედაპირს არ სცილდება. ეს ცხიმოვანი ჯირკვლების თანდაყოლილი ცისტებია, რომლებშიც დროებით გროვდება სეკრეტი. იგი ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გაძლიერებული სეკრეციის შედეგია. ცხიმოვანი ცისტა მკურნალობას არ საჭიროებს. ის უმეტესად სიცოცხლის მეორე კვირისთვის ქრება.
ტოქსიკური ერითემა
ეს დაავადება ხშირია ახლშობილობის პერიოდში. მისთვის დამახასიათებელია ტრიადა: პოლიმორფული გამონაყარი, დისპეფსია და ეოზინოფილია. თავდაპირველად კანზე ჩნდება ღია წითელი ინფილტრირებული ლაქები, რომლებიც გვერდიგვერდ ან ცალ-ცალკეა განლაგებული და ჭინჭრის ნასუსხს წააგავს. ამ ერითემულ ლაქებთან ერთად წარმოიქმნება მოთეთრო ან მოყვითალო პატარა მკვრივი ბურთულები - პაპულები. პაპულა შემოსაზღვრულია ფართო წითელი გვირგვინით და ქავილს არ იწვევს. ზოგჯერ გამონაყარი მთელ ტანს ედება. განსაკუთრებით ხშირია სახესა და თავის თმიან არეზე. არასოდეს გადადის ლორწოვან გარსებზე, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე. მეორე დამახასიათებელი ნიშანია დისპეფსიური მოვლენები (ნაწლავთა გახშირებული მოქმედება).
სისხლში მომატებულია ეოზინოფილები. ბავშვის საერთო მდგომარეობა არ იცვლება. ერითემა ვითარდება სიცოცხლის პირველი 4-5 დღის განმავლობაში და 2-3 დღეს გრძელდება. ავადდებიან როგორც დროული, ისე დღენაკლული ბავშვები, უფრო - ბუნებრივი კვების დროს. ტოქსიკური ერითემა ექსუდაციური დიათეზის ადრეული გამოვლინებაა. დამახასიათებელი ეოზინოფილია და გამონაყარის პოლიმორფულობა ორგანიზმის ალერგიულ განწყობაზე მეტყველებს. მას განიხილავენ არა ახალშობილობის პათოლოგიად, არამედ ორგანიზმის დროებით სენსიბილიზაციად. ტოქსიკური ერითემა მკურნალობას არ საჭიროებს.