ჰაიმორიტი, ფრონტიტი... - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

ჰაიმორიტი, ფრონტიტი...

ჰაიმორიტი, ფრონტიტი...

ჩვენს მკითხველთა უმრავლესობას ალბათ არაერთხელ გაუგონია სიტყვები "ჰაიმორიტი" და "ფრონტიტი". იციან ისიც, რომ ამ დაავადებებს ადამიანისთვის მრავალი უსიამოვნების მოტანა შეუძლია. მაინც რას გულისხმობს ეს სამედიცინო ტერმინები, რა იწვევს ამ პათოლოგიებს? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე.


- ჰაიმორიტი და ფრონტიტი ცხვირის დანამატი წიაღების ინფექციურ-ანთებითი დაავადებებია. სინუსიტი ამ დაავადებების საერთო სახელწოდება გახლავთ. განასხვავებენ სინუსიტის ორ ტიპს:

  • მწვავე სინუსიტს, რომელიც გრძელდება 2-3 კვირა, ახასიათებს ლორწოვანის ჰიპერემია და ჯერ სეროზული, შემდგომ კი ჩირქოვანი
    გამონადენი ცხვირიდან;
  • ქრონიკულ სინუსიტს, რომელიც, ჩვეულებრივ, მორეციდივე და არასრულად ნამკურნალები მწვავე სინუსიტის შემდეგ ვითარდება.

ბევრი ჰაიმორიტსა და ფრონტიტს ერთმანეთში ურევს. მათ შორის განსხვავება უკეთ რომ ავხსნათ, მოკლედ მიმოვიხილავთ ცხვირის დანამატ წიაღებს და მათ განლაგებას. სინუსები ცხვირის ირგვლივ განლაგებული ოთხი წყვილი ჰაეროვანი ღრუა. ჰაიმორის წიაღი ლოყის ზევით, ყვრიმალის

მიდამოში მდებარეობს, შუბლისა - შუბლის მიდამოში, ეთმოიდის წიაღის უჯრედები ცხვირსა და თვალბუდეს შორისაა განლაგებული, ხოლო სფენოიდის წიაღი სახის მიდამოში ყველაზე უფრო ღრმად მდებარეობს. ამ წიაღებს პარანაზალურ ღრუებს ან ცხვირის დანამატ წიაღებსაც უწოდებენ. იმისდა მიხედვით, რომელ წიაღშია ლოკალიზებული ანთებითი პროცესი, გამოყოფენ შემდეგ დაავადებებს:

  • ჰაიმორიტს - ზედა ყბის წიაღის ანთებას;
  • ფრონტიტს - შუბლის წიაღის ანთებას;
  • ეთმოიდიტს - ცხავის ძვლის ლაბირინთის ანთებას;
  • სფენოიდიტს - ძირითადი ძვლის წიაღის ანთებას.


- რა იწვევს ჰაიმორიტს და ფრონტიტს? რატომ უვითარდება ზოგს ჰაიმორის ღრუს ანთება, ზოგს კი შუბლის წიაღისა?
- მწვავე სინუსიტის მიზეზი ყველაზე ხშირად რესპირატორული ვირუსული ინფექცია, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი გაციებაა. ვირუსს უნარი შესწევს, შეაღწიოს სინუსებში და გამოიწვიოს მათი ანთება. ყველა წიაღი იხსნება ცხვირის ღრუში და მათი ბუნებრივი სავალი ემსახურება წიაღებიდან ჰაერისა და ლორწოს თავისუფალ გამოდევნას, ამიტომ ნებისმიერი ინფექცია, იმუნური თუ ალერგიული რეაქცია ცხვირის ღრუში იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, წიაღების ბუნებრივი სავალის დახშობას და სინუსების ანთებას. ისეთი ბაქტერიები, როგორებიც არიან შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე და  Hაემოპჰილუს ინფლუენზაე, შეიძლება სხვა დროსაც ბინადრობდნენ ზედა სასუნთქ გზებში, მაგრამ ანთებითი პროცესი არ გამოიწვიონ. როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა სუსტდება ანდა წიაღებიდან ლორწოს გამოყოფას ართულებს სურდოთი მიმდინარე ესა თუ ის დაავადება, ეს ბაქტერიები იწყებენ აქტიურ გამრავლებას და იწვევენ მწვავე სინუსიტს. შედარებით იშვიათად სინუსიტს იწვევს სოკოვანი ინფექციაც. იგი ვითარდება ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტების დროს. ყველაზე ხშირია ეთმოიდიტი, ვინაიდან ეთმოიდის წიაღში ადვილად გადადის ცხვირის ღრუს ინფექცია, იქიდან კი ანთებითი პროცესი სხვა წიაღებზეც ვრცელდება. პროცესის გავრცელება და დაავადების სიმძიმე ავადმყოფის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.


- რა სიმპტომები ახასიათებს სინუსიტს?
- ყოველგვარი სინუსიტისთვის დამახასიათებელია თავის ტკივილი, ცხვირიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი, რომელიც ხშირად ცხვირ-ხახაში გადადის. ანთების დროს ჰაერი, ჩირქი და ანთებითი ექსუდატი აწვება სინუსების კედლებს, რასაც ძლიერი ტკივილი ახლავს. ტკივილის ლოკალიზაცია ანთებითი პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი ლოყისა და ყვრიმალის არეში, ეთმოიდიტისთვის - ქუთუთოებისა და თვალბუდის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება, ტკივილი თვალებს შორის. ცხვირის ფრთები მცირედი შეხების მიმართაც კი მგრძნობიარე ხდება, ხშირად აღინიშნება ყნოსვის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება. ფრონტიტის წამყვანი სიმპტომია სიმძიმის შეგრძნება სინუსის ლოკალიზაციის ადგილას, ძლიერი თავის ტკივილი, განსაკუთრებით - შუბლის მიდამოში. სფენოიდიტი შედარებით იშვიათია და მიმდინარეობს ყურების ტივილით, კისრისა და თავის ზედა ნაწილის ტკივილით. მწვავე სინუსიტის დანარჩენი სიმპტომები გაციების ნიშნებს ჰგავს: ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ღამის ხველა, ცხვირის გაჭედვა... ცხვირ-ხახაში ჩირქის, ლორწოსა და ექსუდატის გადასვლამ შესაძლოა ხახის ანთებითი პროცესი გამოიწვიოს. არცთუ იშვიათად სინუსიტს ქალასშიგა გართულებები მოჰყვება და გამორიცხული არ არის, განსაკუთრებით - ხშირად მოავადე ბავშვებში, საქმე ტვინის ინფექციამდეც მივიდეს.


- რატომ ქრონიკულდება ასე ხშირად ეს პათოლოგიები და როდის შეიძლება ითქვას, რომ დაავადება გაქრონიკულდა? რა ნიშნები ახასიათებს ქრონიკულ ჰაიმორიტსა და ფრონტიტს, როგორ იწყება და როგორ ვითარდება?
- ვაზომოტორული რინიტი, ალერგიული სურდო, ცივი ჰაერის ჩასუნთქვა და სხვა ფაქტორები შესაძლოა ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთებითი პროცესის განვითარების მიზეზად იქცეს. ქრონიკული სინუსიტის ხელშემწყობ ფაქტორებად მიიჩნევა ალერგიული რეაქცია მტვერზე, მცენარეთა ყვავილობაზე, ბრონქული ასთმა, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა. აშშ-ში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ალერგიული რინიტით დაავადებულთა 80% და ბრონქული ასთმით დაავადებულთა 75% სინუსიტს უჩივის. ზოგიერთს სინუსიტი ცივი ნესტიანი კლიმატისა და დაბინძურებული გარემოს გამო უვითარდება. როგორც მწვავე, ისე ქრონიკული სინუსიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებენ იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (შიდსი, მუკოვისციდოზი) და ცხვირის პოლიპოზი.




გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 18-12-2016
Ana
Shesazlebelia tu ara romelime matganma gamoiwvios gulis reva?
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
თუ თქვენ ხმა ჩაგეხლიჩათ და ეს ორ კვირას ან მეტი ხანს გრძელდება, აუცილებელია ექიმს მიმართოთ. ერთი შეხედვით უბრალო პრობლემა შესაძლოა საკმაოდ სერიოზული
ცხვირის პოლიპი, რომელსაც ხშირად ადამიანები „ხორცმეტს“ ეძახიან, ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიური წარმონაქმნია.
ვიდეოში ნაჩვენებია 10 ვარჯიში, რომელიც შეიძლება შესრულდეს სახლში შიდა ყურის წონასწორობის სისტემის
ატროფიული რინიტი – ქრონიკული რინიტი, რომელიც ხასიათდება ცხვირის ლორწოვანი გარსის
ყბა-სახის მიდამოებში კისტოზური და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები იშვიათი პრობლემა
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა 14-წლიანი კვლევს შედეგები გამოაქვეყნეს.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად