ვენური უკმარისობის მკურნალობა და თანამედროვე ქირურგიული მეთოდები

ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის აკადემიური კლინიკის ხელმძღვანელი, საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის, ევროპის ვენური ფორუმის, ევროპის სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის, ამერიკის ვენური კოლეჯის, საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციისა და ინტერნაციონალური ვენური საზოგადოების წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ მიქაძე.
ბატონო იგორ, ვენების რომელი პათოლოგიებით მოგმართავენ უმეტესად პაციენტები? რომელ ასაკობრივ ჯგუფში ჭარბობს ვენური უკმარისობა და რას გულისხმობს მისი ქირურგიული მკურნალობა?
- ფლებოლოგიას სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ისეთი პათოლოგია, როგორიც არის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სნეულებაა გულის იშემიური დაავადების შემდეგ. ამ დიაგნოზით ავადმყოფების მესამედი იღუპება, თანაც გარდაცვლილთა 50%-ს დიაგნოზს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ უსვამენ. შემთხვევათა 90%-ში კი მისი მიზეზი ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზია.
განსაკუთრებული ადგილი უკავია მდგომარეობას, რომელსაც თრომბოფილია ეწოდება. მას თან ახლავს ჰიპერკოაგულაცია და მასთან დაკავშირებული თრომბოზები და თრომბოემბოლიები.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ბევრს მიაჩნია, რომ ვენების ვარიკოზული დაავადება მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტია. არადა ეს პათოლოგია აზიანებს მოსახლეობის 30%-ს. მხოლოდ საქართველოში ეს დაავადება აქვს 1 500 000-ზე მეტ ადამიანს. მათი 2-3 პროცენტი (50 000-მდე ავადმყოფი) იტანჯება ტროფიკული წყლულებით, რომლებიც დიდხანს არ ხორცდება და დიდ ტანჯვას აყენებს როგორც ავადმყოფს, ასევე მის ნათესავებსაც.
ვენური უკმარისობა უმეტესად ქვედა კიდურებზე ვითარდება. მას სამი ძირითადი დაავადება იწვევს: ვარიკოზი ანუ ვენების გაგანიერება, თრომბოზის შემდგომი დაავადება და ვენებისა და მათი სარქველების თანდაყოლილი მანკები.
ვენური პათოლოგიის მთავარი მიზეზი ვენებში შექმნილი მაღალი წნევაა. სწორედ ამ მაღალი ვენური წნევის გამო ზიანდება სარქვლები, ვითარდება ვარიკოზი.
მეორე პათოლოგია თრომბოზის შემდომი მდგომარეობითაა განპირობებული. როდესაც ვენებში ამა თუ იმ მიზეზით თრომბები ლაგდება, ანთებითი პროცესი სარქვლების დაზიანებას იწვევს. სამწუხაროდ, თრომბების დაშლისა და ალაგების შემდეგ დაზიანებული სარქვლები ვეღარ აღდგება და ვენებში წნევა ისევ მაღალი რჩება. მაღალი წნევა, თავისთავად, აზიანებს ვენების კედელს და ვენურ უკმარისობას იწვევს.
ვენური უკმარისობის განვითარების ახსნას მრავალი თეორია ცდილობს. რომელიმე ერთი მიზეზის დასახელება შეუძლებელია. არსებობს უამრავი რისკფაქტორი: ორსულობა, კონტრაცეპტივების მიღება, ჭარბი წონა, ტრავმა, ფეხზე დიდხანს დგომა, გადატანილი თრომბოფლებიტი და სხვა, - თუმცა უამრავ მაგალითს მოგიყვანთ, რომ გამხდარ ადამიანსაც აქვს ვენების უკმარისობა ან კიდევ მსუქანსა და ხანგრძლივად ფეხზე მდგომს სრულიადაც არ აწუხებს ეს პრობლემა.
დასასრულ, ისიც უნდა ითქვას, რომ ვენებთან დაკავშირებული პრობლემები უმთავრესად ქალებს აწუხებთ.
როგორ მკურნალობენ ვენურ უკმარისობას?
- არსებობს ვენური უკმარისობის მკურნალობის თერაპიული და ქირურგიული მეთოდები. კონსერვატიული ანუ თერაპიული მკურნალობა ტარდება ქრონიკული ვენური უკმარისობის შვიდივე სტადიაში (C 0-დან C 6-ის ჩათვლით) ისეთ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნება, ფეხების წვა, ვენური სტაზის (შეგუბების) ან ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები, მათ შორის - კანის ტროფიკის მოშლა. როდესაც დარღვეულია დიდი საჩინო და მცირე საჩინო ვენების სარქვლოვანი აპარატი, ყველაზე ეფექტურია ქირურგიული მკურნალობა, რადგან თერაპიის მიზნით დანიშნული ვენოტონური საშუალებები ძირითად პრობლემას რადიკალურად ვერ აგვარებს. თერაპიული საშუალებები მხოლოდ ვენურ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ვენები კი ისევ გაგანიერებული რჩება, ამიტომ ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მოგვიანებით ხელახლა იჩენს თავს, დაავადება ისევ მწვავდება.
მკურნალობის ერთადერთი რადიკალური გზაა უფუნქციო გაგანიერებული ვენების ლიკვიდაცია. არსებობს ვენების ლიკვიდაციის რამდენიმე მაღალეფექტური მეთოდი. ქირურგიული მეთოდებიდან ყველაზე მეტად მიღებულია:
- სხვადასხვა ტიპის ქირურგიული ფლებექტომია: ამბულატორიული ფლებექტომია, ორგანოშემანარჩუნებელი, ე. წ. CHIVA ოპერაციები, კომბინირებული ფლებექტომია და სხვა;
- ვენების სკლეროთერაპია ანუ ვენების გაქრობა ინტრავენური სკლეროზანტის (სპეციალური პრეპარატის) შეყვანით, უოპერაციოდ - ამ მეთოდით ვარიკოზული ვენების მკურნალობა ათიდან 7 შემთხვევაშია შესაძლებელი;
- ვენის ლაზერული ან რადიოტალღური აბლაცია. ეს მეთოდი მსოფლიოში 15 წელიწადზე მეტია გამოიყენება, ხოლო საქართველოში მისი გამოყენების 5-7-წლიანი გამოცდილება არსებობს.
ყველა დასახელებული მეთოდი გულისხმობს დაზიანებული ვენის ლიკვიდაციას. ქირურგიული მკურნალობის შემთხვევაში ვენა იკვანძება და იჭრება, სკლეროთერაპიის დროს ვენაში შეყვანილი მედიკამენტი იწვევს ვენის შიდა გარსის ქიმიურ დესტრუქციას (დაშლას), რის შემდეგაც ვენა ნაწიბურდება. ლაზერული მკურნალობის დროს მაღალენერგიული ლაზერული სხივი წვავს ვენის შიდა გარსს, დამწვარ ადგილას თრომბი ყალიბდება და შემდეგ ეს ვენაც დანაწიბურებას განიცდის.
ფლებოლოგია, ისევე როგორც სხვა სამედიცინო სპეციალობები, მოითხოვს დიდ ყურადღებას პაციენტის მიმართ. ავადმყოფები მიღებაზე ისე მოდიან, რომ წაკითხული და ნანახი აქვთ უამრავი რეკლამა, ხშირად ერთგვარად ორიენტირებულნიც კი არიან მკურნალობის რომელიმე მიმართულებაზე. არადა, ჭარბი სარეკლამო ინფორმაცია საზიანოა. ფლებოლოგის ამოცანაა, სწორად მიუდგეს ავადმყოფს, შეარჩიოს მკურნალობის ოპტიმალური მეთოდი და დაარწმუნოს პაციენტი მის აუცილებლობაში, გააცნოს მოსალოდნელი შედეგები და გართულებები.