შევუტიოთ ალერგიას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

შევუტიოთ ალერგიას

შევუტიოთ ალერგიას
ბუნებასთან ერთად იღვიძებენ ალერგიული დაავადებებიც. ჩივილები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საქმეში რადენიმე სპეციალისტი ერთვება: პედიატრი, ალერგოლოგი, გასტროენტეროლოგი, დიეტოლოგი... რა საჭიროა ეს და, საზოგადოდ, როგორია ალერგიული დაავადების საფრთხე მცენარეთა ყვავილობისას, ამის შესახებ პედიატრი ეკა ჩხარტიშვილი გვესაუბრება:

- ძნელად ვიპოვით ოჯახს, რომლის თუნდაც ერთ წევრს ალერგია არ ჰქონდეს, მაგრამ უფროსებმა ასე თუ ისე იციან თავიანთი დაავადების მართვა; როცა საქმე ბავშვს ეხება, ერთიორად მეტი ყურადღება გვმართებს. როგორ ამოვიცნოთ ალერგია და როგორ მოვიქცეთ მისი ნიშნების შემჩნევისას?


- ალერგიის ნიშნების შემჩნევისთანავე მშობლებმა
პედიატრს უნდა მიმართონ. თუ ჩვილს თავის თმიან ნაწილზე გნეისი - თეთრი ფირფიტები - გაუჩნდა, მეძუძურმა დედამ თვალი უნდა გადაავლოს საკუთარ რაციონს და ამოიღოს იქიდან ყველა პროდუქტი, რომელსაც კი შესაძლოა ალერგიული დიათეზი გამოეწვია. ეს უნდა გავითვალისწინოთ დამატებით კვებაზე გადასვლის დროსაც. პედიატრი შეგირჩევთ ბავშვისთვის ისეთ საკვებს, რომელიც
ალერგიას არ გამოიწვევს. დიათეზს 1 წლამდე თუ ვერ მოერიეთ, 3 წლისთვის ის კვებით ალერგიაში გადაიზრდება კანისმიერი (ატოპიური დერმატიტი) ან სასუნთქი სისტემისმიერი (ასთმური რეაქცია) გამოვლენით. ყოველმა დედამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ ინფექციურ პროცესს თან ახლავს ალერგიული კომპონენტი, ამიტომ გრიპისა თუ ბავშვთა ინფექციების დროს პედიატრი მკურნალობაში ჩართავს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატებსაც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი - კარიესი, ქრონიკული ტონზილიტი, ჰაიმორიტი, დისბიოზი, გასტრიტი, რეაქტიული პანკრეატიტი, პიელონეფრიტი, ისევე როგორც ნებიმიერი სხვა ანთებითი პროცესი, მუდმივი სენსიბილიზაციის წყაროა, უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, ალერგიული განწყობის ჩამოყალიბების მიზეზად მიიჩნევა. ალერგიული პროცესის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები რომ აღმოიფიხვრას, პედიატრი ბავშვს გაგზავნის სტომატოლოგთან, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან, გასტროენტეროლოგთან, ნეფროლოგთან.

- როდის მივმართოთ ალერგოლოგს?
- ალბათ გაგიგონიათ დედის ჩივილი, რომ მის შვილს უცნაური გრიპი აქვს, სიცხე არ უწევს, მაგრამ აწუხებს სურდო, თვალები ჩაუწითლდა და ექავება. ეს გრიპი არ არის, ამ დროს ალერგოლოგს უნდა მიმართოთ. იმის გასარკვევად, სახელდობრ რამ გამოიწვია ალერგული რეაქცია, ბავშვს უნდა ჩაუტარდეს კანის ალერგიული სინჯები შესაძლო ალერგენებზე. მკლავზე კეთდება ნაკაწრი, რომელზეც აწვეთებენ შესაძლო ალერგენის ხსნარს. ამის მერე უნდა დაველოდოთ პასუხს. თუ 20 წუთში:

  • ნაკაწრი და მისი მიდამო შეშუპდა ან ბუშტუკი წარმოიქმნა, ეს ალერგენზე დადებით რეაქციას ნიშნავს, მაშასადამე, პატარას სწორედ ამ ალერგენის მიმართ აქვს გამოხატული რეაქცია.
  • ნაკაწრი და მისი მიდამო უცვლელი დარჩა - რეაქცია უარყოფითია, თუმცა ეს სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. უბრალოდ, ალერგენების ამ ნაკრებში, რომლითაც ჩატარდა სინჯი, არ იყო თქვენი შვილის ალერგიული რეაქციის გამომწვევი. ასეთ დროს საჭიროა კვლევის გაფართოება.

საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია იმუნოფერმენტული ანალიზი. ეს კანის სინჯებზე გაცილებით მგრძნობიარე მეთოდია. რესპირატორული ალერგოზების დროს, როდესაც რეაქცია სასუნთქი სისტემის პრობლემებით მჟღავნდება, საჭიროა ნაზალური სეკრეტის (სურდოს) ციტოლოგიური ანალიზი. მიკროსკოპის ქვეშ ათვალიერებენ ცხვირიდან გამონადენს, რომელშიც მომატებულია ეოზინოფილები - ქრონიკული ალერგიული ანთებითი პროცესის თანმხლები უჯრედები. დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება სხვა ანალიზებიც. თუ ალერგოლოგმა საჭიროდ მიიჩნია, ბავშვი გამოსაკვლევად იგზავნება ალერგოლოგიურ ცენტრში.

- რა საჭიროა გასტროენტეროლოგის კონსულტაცია?
- კუჭ-ნაწლავის სპეციალისტის კონსულტაცია საჭიროა, ვინაიდან ატოპიური დერმატიტის დროს წარმოქმნილი იმუნური კომპლექსები უტევენ არა მხოლოდ სამიზნე კანის უჯრედებს, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსსა და კუჭქვეშა ჯირკვალსაც. ამ ორგანოებში ვითარდება ალერგიული ანთებითი პროცესები - გასტროდუოდენიტი, ენტეროკოლიტი, პანკ­რეატიტი... არსებობს უკუკავშირიც - თუ პატარას აქვს გაზაფხულის გასტრიტის გამწვავება ან ნაწლავური ინფექცია, საკვებისმიერი ალერგიის ალბათობა იზრდება. ამ დაავადებების დროს საჭმლის მონელების პროცესი დარღვეულია, ხოლო ანთებითი ლორწოვანი გარსი ადვილად გამავალია დაუშლელი ცილოვანი მოლეკულების მსხვილი ფრაგმენტებისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, ძლიერ ალერგენებს წარმოადგენს. გასტროენტეროლოგის ამოცანაა, აღმოაჩინოს ანთებითი პროცესი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და დაადგინოს, ალერგიაა მისი გამომწვევი თუ სხვა მიზეზი. საკვებისმიერი ალერგიის განვითარებას შესაძლოა ბიძგი მისცეს სასუნთქი სისტემისა და ბავშვთა ინფექციებმა, რომელთა გამომწვევი ვირუსები აზიანებენ კუჭქვეშა ჯირკვალს და რეაქტიულ პანკრეატიტს იწვევენ. ამასთან, დაქვეითებულია ცილების დამშლელი ფერმენტების გამოყოფა და დაუშლელი ცილები სისხლში მოხვედრისას ალერგენებად იქცევიან. თუ ბავშვი უჩივის გულისრევას, უმადობას, მუცლის ტკივილს, პირიდან ამოსდის უსიამოვნო სუნი, კუჭის მოქმედება გახშირებული აქვს, ხოლო განავალი - მოუნელებელი, გასტროენტეროლოგის კონსულტაცია სჭირდება. ეს ნიშნები იმაზე მეტყველებს, რომ ალერგიის მიზეზი რეაქტიული პანკრეატიტია. კავშირის დასაზუსტებლად უნდა ჩატარდეს:

  • შარდის ანალიზი დიასტაზაზე. ფერმენტი ამილაზა, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს, ნორმაში მთლიანად გადადის ნაწლავებში. რეაქტიული პანკრეატიტის დროს მისი ნაწილი სისხლში ხვდება, იქიდან კი შარდში, სადაც დიასტაზად გარდაიქმნება.
  • განავლის მიკროსკოპიული გამოკვლევა - კოპროლოგია. ამ ანალიზმა შესაძლოა წარმოაჩინოს არასრულად დაშლილი ცილებისა და სხვა ნივთიერებების - ცხიმების, სახამებლის, უჯრედისის სიჭარბე.
  • ნაწლავის ფლორის გამოკვლევა - სასარგებლო ბაქტერიები აქტიურად მონაწილეობენ საკვების გადამუშავებაში. როცა მათი ნაკლებობაა, ალერგია იჩენს თავს.
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა - გვიჩვენებს, არის თუ არა კუჭქვეშა ჯირკვალი გადიდებული, ხოლო მისი ქსოვილები - შეშუპებული. ასეთი ცვლილებები ალერგიულ ბავშვებთან მჟღავნდება. გასტროენტეროლოგების რეკომენდაციით, ბავშვს წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა.

- რას გვირჩევს დიეტოლოგი?
- საკვები ალერგენების სია ინდივიდუალურია. სწორედ მის შედგენაში დაგეხმარებათ დიეტოლოგი. გაითვალისწინეთ: როცა ვხარშავთ ან ვწვავთ, ზოგიერთი პროდუქტი ალერგიულობას კარგავს, ამიტომ დიეტოლოგთან უნდა დაზუსტდეს, რომელი პროდუქტის მიღება საერთოდ არ შეიძლება და რომლისა - უმად. აწარმოეთ დღიური, სადაც აღნუსხავთ, რომელი საკვების მიღებას რა სახის ალერგია მოჰყვა და მიღებიდან რამდენი ხნის შემდეგ.

5 წლიდან საკვებზე ალერგია თითქმის ქრება. გთავაზობთ უნივერსალურ დიეტას, რომელიც უნდა დაიცვათ ალერგიის გამწვავების პერიოდში.

საუზმე: წყალში მოხარშული შვრიის ფაფა; თეთრ პურზე გადასმული ნაღების კარაქი და ოდნავ დამტკბარი ჩაი.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, ორთქლზე მომზადებული კატლეტი მოხარშულ ბრინჯთან ან კარტოფილთან ერთად; ახალი ხილის კომპოტი; პურის ნაჭერი.

სამხარი: მოთუთქული ვაშლი ან მსხალი; მაწონი ან იოგურტი; გალეტის ტიპის (ნაკლებად ტკბილი) ორცხობილა.

ვახშამი: მოხარშული ხორცი მოშუშულ კომბოსტოსთან ერთად; 1 ნაჭერი პური; ჩაი.

ძილის წინ: ერთი ჭიქა მაწონი.

ყოველი ახალი პროდუქტი რაციონში უნდა ჩართოთ ოთხდღიანი ინტერვალით, სხვა პროდუქტებისგან დამოუკიდებლად. გაცილებით იშვიათად იწვევს ალერგიას ავოკადო, ბროწეული, კიტრი, თეთრი გოგრა, მსხალი. ასევე შეგიძლიათ მოუმზადოთ ბავშვს მოცხარის, მაყვლის, ჟოლოს წვენი ან ჟელე.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა სიტყვა გლუტენის მნიშვნელობა. რა არის გლუტენი? ეს არის ცილა, რომელსაც მარცვლეული
ოქროსფერი შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია ვაზის, რთვლის, დაწურული ყურძნის,
როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იკვებებოდეს, დიდხანს ეძინოს.
ჩვენს თვალებს ყოველდღიურად უამრავი ინფორმაციის დამუშავება უხდებათ.
კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას, უპირველესად, უნდა ვიცოდეთ საკუთარი კანის ტიპი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად