რა უნდა ვიცოდეთ კანის ალერგიულ სინჯებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ კანის ალერგიულ სინჯებზე

მათ გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია - კბილის დაბჟენა-ექსტრაქცია, უბრალო ინექცია წინასაოპერაციო თუ პოსტოპერაციულ პერიოდში, ოპერაციული ჩარევა და სხვა.

თუ ადრე სტომატოლოგები, მედდები და სხვა დარგის სპეციალისტები თავად ატარებდნენ ალერგიულ სინჯებს (რა მეთოდებით და გართულებებით, ეს კიდევ ცალკე საკითხია), დღეისათვის ყველამ კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ ექიმი-ალერგოლოგის კომპეტენციაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სინჯი აუცილებლად სპეციალიზებულ განყოფილებასა თუ კლინიკაში უნდა გაკეთდეს. რა მნიშვნელობა აქვს კანის ალერგიულ სინჯს, რატომ არის აუცილებელი, როგორ კეთდება, რა თავისებურებებით ხასიათდება, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და პოლიკლინიკური ქსელის, “მედკაპიტალის”, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ოჯახის ექიმი - გიგა უჩავა:

- ბატონო გიგა, რას გვეტყოდით საზოგადოდ ალერგიულ რეაქციებზე და მათ სადიაგნოსტიკოდ გამოყენებულ სინჯებზე?

- ალერგიული რეაქციები ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში აღწერეს, თუმცა სახელი მხოლოდ გასულ საუკუნეში დაერქვა. ალერგიის პრევალენტობა გლობალურად იზრდება მთელ მსოფლიოში. მას “ცივილიზაციის დაავადებასაც” კი უწოდებენ. ამ პათოლოგიით დაავადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად 5%-ით მატულობს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ალერგიით ავადობა 3-4-ჯერ გაიზარდა. მაგალითისთვის, 2015 წლის სტატისტიკით, ბრონქული ასთმით 335 მილიონი ადამიანია დაავადებული. ეს რიცხვი 2025 წლისთვის 100 მილიონით მოიმატებს. ყოველი 250 ლეტალური შემთხვევიდან ერთი ბრონქული ასთმითაა განპირობებული. ალერგიული რინიტით 400 მილიონი ადამიანი იტანჯება. დღითი დღე მატულობს მედიკამენტებით, კვებითი ფაქტორებითა და გარემო პირობებით გამოწვეული ალერგიული რეაქციების რიცხვი.

ალერგიის უშუალო მიზეზების დადგენა გართულებებისა და მძიმე შედეგების პრევენციაა, ასევე მკურნალობის სწორად დაგეგმვასა და წარმართვას განაპირობებს. მომატებული ალერგიის საუკუნეში ალერგოდიაგნოსტიკის მეთოდების ძიება და შერჩევაც სულ უფრო აქტუალური ხდება. მეთოდის შერჩევა ექიმი-ალერგოლოგის პრეროგატივაა და პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული.

ერთ-ერთი ყველაზე სანდო, ხელმისაწვდომი და შედარებით მარტივი მეთოდი კანის სინჯებია. მას არსებობის რამდენიმე ათეული წლის ისტორია და გამოცდილება აქვს. მეთოდს მსოფლიოში “ოქროს სტანდარტად” მიიჩნევენ, რადგან ამ გზით ზუსტადაა შესაძლებელი მცენარეული, ეპიდერმული, კანშიგა ალერგენების მიმართ ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობის დადგენა. იგივე ტესტები ინფორმაციულია მედიკამენტებით (საანესთეზიო საშუალებები, ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვა) გამოწვეული ალერგიების დროს.

ასევე წაიკითხეთ: წვიმა ალერგიის მკურნალია

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა მედიკამენტური ალერგიის სხვადასხვა ფორმით გამოვლინება. მას ხელს უწყობს ორგანიზმში ალერგიული ფონის მატება, მედიკამენტების დაბალი ხარისხი და მათი არარაციონალური გამოყენება. ალერგიული რეაქციები ხშირად ლეტალურადაც კი მთავრდება. ამიტომაც გართულებათა პრევენციისთვის მთელ მსოფლიოში იყენებენ კანის ალერგიულ სინჯებს, თუმცა ამ მეთოდით ყველა მედიკამენტის მიმართ მგრძნობელობის შემოწმება ვერ ხერხდება. ნაკლებად მგრძნობიარეა ეს სინჯები კვებითი ალერგენების მიმართაც. ყველაზე ხშირად სინჯები ტარდება საანესთეზიო საშუალებებზე, ანტიბიოტიკებზე, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე, რომლებიც შრატებსა და ვაქცინებთან ერთად ალერგიულ გართულებათა ხშირი მიზეზია. ამიტომაც მათ გამოყენებამდე აუცილებელია სინჯების ჩატარება. საყურადღებოა, რომ ალერგოდიაგნოსტიკის მეთოდებიდან არც ერთი ტესტი არ გამოირჩევა 100 %-იანი სანდოობით. ტესტის ნეგატიური პასუხი არ გამორიცხავს ალერგიული რეაქციის განვითარების შეუძლებლობას. გამოკვლევის შედეგები ყველა შემთხვევაში უნდა შეჯერდეს ავადმყოფის ანამნეზში ალერგიული რეაქციის არსებობასთან, სხვა ქრონიკულ, ხანგრძლივ პრობლემებთან, რაც მხოლოდ ექიმი-ალერგოლოგის კომპეტენციაა.

- ადრე სტომატოლოგები კანის სინჯებს თავადვე აკეთებდნენ. დღეს ეს ტენდენცია ნაკლებად შეინიშნება, მოსალოდნელი გართულებებისგან თავის დასაზღვევად უხშირესად სპეციალიზებულ კლინიკებში გზავნიან პაციენტებს.

mkurnali.ge

- მართალს ბრძანებთ, თუმცა ბევრ სტომატოლოგიურ (სტომატოლოგების მიერ) და სხვა კლინიკებში ახლაც ტარდება ალერგიული სინჯები საანესთეზიო საშუალებებზე, ანტიბიოტიკებზე, ხშირად მედდის მიერაც, ზოგ შემთხვევაში ბინაზეც, ექიმთა რჩევით. ეს ყოვლად დაუშვებელია, მით უფრო დადებითი და უარყოფითი კონტროლის, სტანდარტული ალერგენების, პრიკ-ტესტირების ლანცეტების გარეშე. თანაც ინტრადერმული სინჯების დროს მედიკამენტები განზავების გარეშე შეჰყავთ კანქვეშ და არა კანში, რაც არასწორია. ალერგიული სინჯები უნდა ჩაატაროს მხოლოდ ლიცენზირებულმა ექიმმა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, რადგან მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია და მედიკამენტების მარაგი პროვოკაციული სინჯების შემდგომ გართულებათა შემთხვევაში სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. სტომატოლოგიურ კაბინეტებში ასევე ხშირად ვხვდებით ლეიკოციტოლიზის მეთოდით (სისხლის თეთრი უჯრედების - ლეიკოციტების “ლიზისი” - დაშლა ალერგენებთან კონტაქტისას) წარმოებულ ტესტირებას, რაც არასწორია. ამ მეთოდს ფართოდ იყენებდნენ საბჭოთა ეპოქაში. არასპეციფიკურობისა და ცდომილების გამო ევროპის ქვეყნებში ის 25 წლის წინ აიკრძალა.

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს პროვოკაციულ სინჯს და როდის არ შეიძლება მისი ჩატარება?

- მოგეხსენებათ, ტესტირებისას კანში შეგვყავს ალერგენი - ალერგიის პოტენციური გამომწვევი. მისი მცირე დოზის მიუხედავად, ზოგადი ალერგიული რეაქციისაგან დაზღვეულნი არ ვართ. ამიტომაც სინჯის დაწყებამდე გულდასმით უნდა შევისწავლოთ პაციენტის ალერგოლოგიური ანამნეზი, ქრონიკული პრობლემები. კაბინეტი ყველა შემთხვევაში აღჭურვილი უნდა იყოს ანტიშოკური თერაპიისათვის განკუთვნილი მედიკამენტებით, გართულების შემთხვევაში პირველი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

mkurnali.geალერგენის შეყვანისას შეიძლება განვითარდეს როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური ხასიათის რეაქციები: კანის ჰიპერემია (შეწითლება), ურტიკარია (გამონაყარი), ქავილი, შეშუპება, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, თვალების წვა, ცხვირცემინება, ყელში მოჭერილობის შეგრძნება, ოფლიანობა, დისკომფორტი გულმკერდში, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოტონია.

ტესტირება არ ტარდება ალერგიული დაავადების გამწვავების ფაზაში, ასევე, თუ პაციენტს მიღებული აქვს ანტიჰისტამინური, ჰორმონული, დეპრესიის საწინააღმდეგო (ანტიდეპრესანტები) და სხვა ფსიქოტროპული მედიკამენტები. სინჯის ჩატარებამდე 2-3 დღით ადრე, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, საჭიროა შეწყდეს მსგავსი მედიკამენტების მიღება, რადგან ისინი ცვლიან ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობას შეყვანილ ალერგენზე. კანშიგა სინჯებამდე ხშირად ვატარებთ პრიკ-ტესტებს, რომლებიც ნაკლებსაშიშია.

ტესტირებისათვის არსებობს შემდეგი მეთოდები ანუ თანამედროვე მედიცინა იცნობს ალერგოდიაგნოსტიკის შემდეგ სამ ჯგუფს:

I ჯგუფი – ინ ვივო - (ლათინური სიტყვაა და ნიშნავს “სხეულში”) ანუ კანის ალერგიული სინჯები. ჩხვლეტითი - Prick-ტესტი და ინტრადერმული (კანშიგა) ტესტი – აპლიკაციური და სკარიფიკაციული;

II ჯგუფი - ინ ვიტრო - (ლათინური სიტყვაა და ნიშნავს “ბოთლში”) – ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;

III ჯგუფი - სხვა პროვოკაციული ტესტები: ნაზალური, კონიუნქტივური, საინჰალაციო, სუბლაბიური, ტესტები სიცივესა და სითბოზე.

- რას ეფუძნება კანის ალერგიული სინჯები და როგორია ტესტირების პროცედურა?

- კანის სინჯი მარტივია: წინამხარზე ვაწვეთებთ ჰისტამინის 0,1 %-იანი ხსნარის ერთ წვეთს, ეს არის დადებითი კონტროლი. ჰისტამინი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა და ალერგიულ რეაქციებში მონაწილე მედიატორია. დაწვეთების შემდეგ ხდება სპეციალური ლანცეტით ჩხვლეტა - პრიკი, ჰისტამინის გვერდით ვათავსებთ ნატრიუმის ქლორიდის 0,9 %-იანი ხსნარის ერთ წვეთს, ეს უარყოფითი კონტროლია. წინამხარზე ასევე ვათავსებთ გამოსაკვლევი ალერგენის უმცირეს წვეთს. ალერგენი შეიძლება იყოს ანტიბიოტიკი, ე.წ. ლოკალანესთეტიკი (საანესთეზიო საშუალება), სხვადასხვა მცენარეული თუ ეპიდერმული ალერგენი. ალერგენის მოთავსების ადგილას ლანცეტით ვჩხვლეტთ (Prick). ამის შემდეგ ვაკვირდებით კანის რეაქციას 20 წუთის განმავლობაში. დადებითი კონტროლის ადგილზე წარმოიქმნება გარკვეული ზომის წითელი კვანძი ამობურცვით, ირგვლივ კანის გაწითლებით და ქავილით. თუ დადებითი კონტროლის ადგილას მსგავსი კვანძი არ წარმოიქმნა ან გაჩნდა ნატრიუმის ქლორიდის 0,9 %-იანი ხსნარის დაწვეთების ადგილას, იმ დღეს ალერგიული სინჯის გაკეთებას აზრი არ აქვს და პროცედურა 2-3 დღით გადაიდება. თუ ალერგენის ადგილას წარმოიქმნება კანის ჰიპერემია, ამობურცვა, ტესტი პოზიტიურია, თუ არა - ნეგატიური.

გამოიყენება აგრეთვე კანშიგა - ინტრადერმული ტესტები: ამ დროს კანის ზედაპირული შრის ქვეშ შეგვყავს ალერგენი სხვადასხვა განზავებით და ვაკვირდებით კანის რეაქციას გაწითლებისა და შეშუპების სახით. შესაძლოა, მედიკამენტების ალერგოდიაგნოსტიკისათვის გამოვიყენოთ სუბლაბიური სინჯიც. ამ მეთოდის არსი ასეთია: ალერგენის ერთ წვეთს ან ტაბლეტის 1/8-1/4 ნაწილს ვათავსებთ ტუჩსა და კბილს შორის. დადებითი რეაქციის შემთხვევაში იწყება ლორწოვანი გარსის შეშუპება, ჰიპერემია, გამონაყარი, ზოგჯერ ზოგადი ალერგიული რეაქციები, რომლებზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. სუბლაბიურ პროვოკაციულ სინჯს იშვიათად ვიყენებთ მისი დაბალი სპეციფიკურობის გამო.

- რა განსხვავებაა სკარიფიკაციულ და პრიკ-ტესტებს შორის?

- კანის ტესტები შესრულების ტექნიკით განსხვავდება ერთმანეთისაგან. სკარიფიკაციული მეთოდი ანუ კანში ალერგენის შეყვანა გაკაწვრით უკვე მოძველებულად ითვლება, რადგან ნაკაწრის სიღრმისა და, შესაბამისად, კანში მოხვედრილი ალერგენის კონტროლი ძნელია. პრიკ-ტესტირებისას კი სპეციალური ლანცეტის შემზღუდავი შვერილები კანში ყოველთვის თანაბარ სიღრმეზე ჩადის და შეყვანილი ალერგენის დოზის კონტროლის ლაბილობაც ნაკლებია.

დაგაინტერესებთ: რა იწვევს ყველაზე ხშირად ალერგიას და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან იგი - ალერგოლოგის რჩევები