კბილების ამოჭრის დროა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კბილების ამოჭრის დროა

კბილების ამოჭრას თან ახლავს:

  • გამონაყარი პირის გარშემო და ნიკაპზე;
  • უხვი ნერწყვდენა;
  • ტემპერატურის მომატება (მაგრამ არა 39-40 გრადუსამდე!).

ყველაზე არასასიამოვნო კი ის არის, რომ ამ დროს პაწიას ექავება და სტკივა ღრძილები, რაც აღიზიანებს.

- როგორ შევუმსუბუქოთ მდგომარეობა?

- რამდენიმე მარტივი რეკომენდაციის შესრულებით კბილების ამოჭრის პროცესი ნაკლებად მტკივნეული გახდება. არცთუ იშვიათად კბილების ამოჭრის პერიოდი პირველი დამატებითი საკვების მენიუში შეტანას ემთხვევა. თუ პატარა თავს ცუდად გრძნობს, მადა არ აქვს, თქვენ კი ბოსტნეულის პიურეს ჭამას აიძულებთ, ეს უფრო მეტად გააღიზიანებს მას, ამიტომ გირჩევთ, ცოტა მოიცადოთ, პირველი დამატებითი საკვების მიღება რამდენიმე დღით გადადოთ - ბავშვი დამშვიდდება და სიამოვნებით დააგემოვნებს ახალ კერძს. როგორც კი პატარას ღრძილები შეუსივდება და გაუჯირჯვდება, პირველი კიჭი თავის ამოსაყოფად მზადაა. ამ პერიოდში პატარა თაგუნას ემსგავსება - გამუდმებით რაღაცას ღრღნის, რომ ღრძილები მოიქავოს. მდგომარეობას შეუმსუბუქებთ, თუ რაიმე მაგარ და გრილ საგანს შესთავაზებთ. არსებობს სილიკონის რგოლებიც, რომლებიც აფთიაქში იყიდება და სპეციალური ჟელესმაგვარი შიგთავსითაა ამოვსებული. თუ ამ რგოლებს მაცივარში გააცივებთ, უკეთესია - სიგრილე ბავშვს შვებას მოჰგვრის.

- შეიძლება თუ არა ღრძილებზე დამამშვიდებელი გელის წასმა?

- თუ ბავშვი ტირის, წრიალებს, უჭირს დაძინება, შეგიძლიათ ღრძილებზე წაუსვათ სპეციალური სტომატოლოგიური გელი, რომელსაც ასევე აფთიაქში შეიძენთ. გელი შეიცავს უსაფრთხო პრეპარატს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ხანგრძლივი (8 საათამდე) გამაყუჩებელი ეფექტი. თუ პატარას ძუძუს აწოვებთ, ჯერ გელის თხელი ფენა წაუსვით ღრძილებზე და მერე ჩაუდეთ ძუძუ. კბილების ამოჭრის პერიოდში პატარა პირისკენ მიაქანებს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება, ამიტომ მაღალია კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადების რისკი. გელი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ - იგი შეიცავს ანტისეპტიკურ ნივთიერებას, რომელიც პირის ღრუში მოხვედრილ მიკროორგანიზმებს უვნებელყოფს. გელი გამაყუჩებელ მოქმედებას ღრძილებზე წასმიდან 2-3 წუთის შემდეგ იწყებს. მისი წასმა შეიძლება ჭამამდე და ჭამის შემდეგ დღეში 2-3-ჯერ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა - თუ პატარა ალერგიული რეაქციებისადმია მიდრეკილი, გირჩევთ, გელის შეძენამდე  პირად პედიატრთან გაიაროთ კონსულტაცია. თუ გელის წასმის შემდეგ პატარა უფრო გაჭირვეულდა ან კანზე ლაქოვანი გამონაყარი შეამჩნიეთ, გირჩევთ, გელის გამოყენებისგან თავი შეიკავოთ.

მეექვსე კბილი

ჩემს 5 წლის გოგონას ისე ადვილად ამოუვიდა მეექვსე კბილი, ვერც კი გავიგეთ, მაგრამ მალე მასზე კარიესი გაუჩნდა. რატომ - ვერ მივმხვდარვარ; კვებით კარგად იკვებება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ხუთი წლის ასაკში ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება: ქვედა ყბაზე ამოიჭრება ძირითადი კბილი - მეექვსე მოლარი. მცირე ზომის გამო მოლარები სარძევე კბილების გვერდით თავდაპირველად არც კი მოჩანს. ასე “იმალება” მთელი ერთი წელი, სანამ არ გაიზრდება და სიმაღლით მეზობელ კბილებს არ დაეწევა. მაგრამ თუ მეექვსე კბილი არ გავიხეხეთ, მას კარიესი დააზიანებს.

დამალობანა

როცა პატარას 5 წელი შეუსრულდება, კვირაში ერთხელ შეუმოწმეთ პირის ღრუ - ხომ არ ამოიწვერა მეექვსე კბილი. ამისთვის პირი ფართოდ გააღებინეთ და კარგი განათებით ჩახედეთ ქვედა ყბის შორეულ კუთხეში. მეექვსე კბილის ამოჭრა დისკომფორტს არ იწვევს, ამიტომ ადვილად შეიძლება გამოგვეპაროს. სწორედ უყურადღებობა წარმოშობს სტომატოლოგიური პრობლემების რისკს.

დედასთან ერთად

ვიდრე მზარდი მოლარი ყველაზე პატარაა სარძევე კბილების რიგში, პროფილაქტიკური ზომების მიღებაა საჭირო. კბილის ჯაგრისი მის ზედაპირამდე ვერ აღწევს, ხოლო თავისთავად, ზედა და ქვედა კბილების შეხებისას, მისი მექანიკური გასუფთავება არ ხდება, ამიტომ მეექვსე ძირითადი კბილები სპეციალურად უნდა გაიწმინდოს. უმჯობესია, ბავშვს ამაში დედა დაეხმაროს - პატარასთვის ეს ძნელი საქმე იქნება. გადმოვიღოთ დანიის მაგალითი, სადაც ბავშვებს პრაქტიკულად არ აქვთ ძირითადი კბილების კარიესი. იქ მიიჩნევა, რომ ბავშვს ათ წლამდე არ შეუძლია კბილების დამოუკიდებლად ხეხვა, ამიტომ მათ მშობლები ეხმარებიან.

სწორად ვიქცევით თუ არა?

იმის გასარკვევად, სწორად იხეხავს თუ არა ბავშვი კბილებს და ყველა კბილს სწვდება თუ არა კბილის ჯაგრისი, მარტივი ექსპერიმენტი ჩავატაროთ: მივიყვანოთ ბავშვი სტომატოლოგთან და ვთხოვოთ, კბილის  ზედაპირზე არსებული ნადები რაიმე ხსნარით შეაფერადოს. შემდეგ ბავშვმა კბილები გაიხეხოს, ბოლოს კი მიაწოდეთ სარკე, რათა თვითონვე დაინახოს, რომელი კბილიდან მოშორდა შეფერილი ნადები და რომლიდან - არა. ხელუხლებელი დარჩება ნადები მეექვსე ძირითად კბილებზე, რაც იმის დასტურია, რომ კბილების ხეხვისას ჯაგრისი ყველა კბილს ვერ სწვდება. ამრიგად, ბავშვს კარიესი თავიდან რომ ავაცილოთ, სწორად უნდა ჩავუტაროთ პირის ღრუს ჰიგიენური პროცედურები, ხოლო თუ უკვე დაზიანებული აქვს კბილი, დროულად მივმართოთ სტომატოლოგს - კარიესიანი კბილი მეზობელ კბილებსაც უქმნის საფრთხეს.