სტომატოლოგთან ცრემლების გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტომატოლოგთან ცრემლების გარეშე

- პატარა სტომატოლოგთან კბილის ტკივილის დროს კი არა, მანამდე უნდა მივიყვანოთ საკონსულტაციოდ. ბავშვთა სტომატოლოგთან რეგულარული სიარული და მკურნალობის ტაქტიკის სწორად შერჩევა თავიდან ააცილებს პატარას კბილის ტკივილს. თუ პატარას სარძევე კბილების ამოჭრისთანავე მივიყვანთ სტომატოლოგთან, იგი ისე გაიზრდება, რომ არ ეცოდინება, რა არის კბილის ტკივილი. მშობლების არაინფორმირებულობისა თუ არასწორი აღზრდის გამო შესაძლებელია სარძევე კბილები ძალიან მალე დაზიანდეს ე.წ. ბოთლის კარიესით. ეს მაშინ ხდება, როდესაც პატარას ღამით მიაჩვევენ კვებას ან წვენებს. არასწორად დამუშავებულ პირის ღრუში კბილებზე რჩება ნახშირწყლები, რომლებიც წარმოადგენს ბაქტერიებისთვის საკვებ ნიადაგს და იწვევს `ბოთლის~ კარიესს. კბილებზე ჩნდება მოყავისფრო-მოყვითალო ნადები, იწყება მინანქრის დაშლა. დაზიანებულ სარძევე კბილებს სჭირდება სწორი მოვლა, დროული მკურნალობა.

- სარძევე კბილის დაზიანება რომ არ გამოგვეპაროს, როდის და რამდენჯერ უნდა მივიყვანოთ პატარა სტომატოლოგთან?

- სერიოზულად უნდა მივუდგეთ სარძევე კბილების დაზიანებას. სწორად და დროულად ნამკურნალები სარძევე კბილები ჩვეულებრივ მიაღწევენ კბილების ბუნებრივი ცვლის პროცესამდე და ბოლომდე ასრულებენ თავიანთ ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. უმჯობესია ბავშვს ჰყავდეს პირადი სტომატოლოგი, რომელიც დინამიკაში აკვირდება მისი კბილების განვითარების პროცესს, დამეგობრებული და შეჩვეულია პატარასთან, გაძლევთ სასარგებლო რჩევებს. იმისთვის, რომ დროულად შეამჩნიოთ კბილის დაზიანება, რეგულარულად, წელიწადში ორჯერ უნდა ატაროთ ბავშვი სტომატოლოგთან.

მშობლებს ვურჩევთ:

  • ვიზიტზე პატარა უნდა ჩაწეროთ წინასწარ და შეურჩიოთ ისეთი დრო, როდესაც იგი კარგ გუნებაზეა, ნაჭამი და გამოძინებული;
  • შეაქეთ პატარა, თუ კარგად მოიქცა გასინჯვის დროს. თუ ჭირვეულობდა და ტიროდა, ნუ დაასაჩუქრებთ;
  • არ დაგავიწყდეთ ექიმის გაფრთხილება, თუ პატარას აქვს ქრონიკული დაავადება ან ალერგია კონკრეტულ მედიკამენტზე;
  • მშობლის ამოცანაა, გამოუმუშაოს პატარას სწორი დამოკიდებულება მკურნალობისადმი, როგორც ჩვეულებრივი და უცილობელი პროცედურისადმი;
  • ასწავლეთ პატარას პირის ღრუს ჰიგიენა, შეურჩიეთ კბილის პასტა და ჯაგრისი. დილით და საღამოს კბილები ერთად გაიხეხეთ.

- არსებობს თუ არა ბავშვებში კარიესის რისკფაქტორები?

- სამ წლამდე ასაკის ბავშვებში სარძევე კბილების მრავლობითი კარიესი შესაძლოა დაკავშირებული იყოს სამ ძირითად ფაქტორთან:

  • ორსულობისა და მშობიარობის პათოლოგიურ მიმდინარეობასთან;
  • პირის ღრუს სტრეპტოკოკებით ინფიცირებასთან;
  • სიცოცხლის პირველ წლებში არასრულფასოვან კვებასთან.

ძუძუთი კვება ბავშვის სრულყოფილი განვითარებისა და ზრდის საწინდარია. კარიესი ძირითადად დასუსტებული ბავშვების ხვედრია. კარიესი ემართებათ იმ ბავშვებს, ვისაც ღამით და ძირითად კვებათა შორის აძლევდნენ ტკბილ სითხეებს (ჩაი, კომპოტი). პირის ღრუს მიკროფლორას ცვლის ასევე ორგანიზმის საერთო მდგომარეობა. თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, ეს უარყოფითად აისახება მის დამცველობით მექანიზმებზე. ბავშვს ესაჭიროება სრულფასოვანი, ბალანსირებული კვება. კარიესით დაავადება პირდაპირპროპორციულ კავშირშია შაქრის ჭარბს მიღებასთან. ბავშვის რაციონში უნდა შედიოდეს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტები:

  • მაგნიუმით მდიდარი ყველი, შვრია, ხორბალი, ჭვავი, მწვანე ხახვი, ჟოლო;
  • კალციუმითა და ფოსფორით მდიდარი თხის რძე, თევზი, ზღვის პროდუქტები;
  • კალციუმით, ფოსფორით, მაგნიუმით მდიდარი კენკრა, გოგრა, ლობიო, ბოლოკი, მწვანილი;
  • თუთიით მდიდარი ხორცი, ზღვის თევზი;
  • სპილენძით მდიდარი პარკოსნები, ჭარხალი, ლიმონი, შავი მოცხარი.

სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ სწრაფი კვების პროდუქტებს, ნაკლებად იღებენ სითხეს. ეს ყოველივე კი კარიესის განვითარებას უწყობს ხელს.

- პატარებს არცთუ იშვიათად უსკდებათ პირის კუთხეები. რა იწვევს ამას?

- პირის კუთხეებში ნახეთქები ანგულარული სტომატიტია. იგი ვიტამინებისა და რკინის დეფიციტის შედეგია, რასაც საბოლოოდ ანემიამდე მიჰყავს ორგანიზმი. ნახეთქები რომ სწრაფად შეხორცდეს, შეგიძლიათ წაუსვათ ა ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი. გარდა ამისა, ბავშვმა უნდა მიიღოს ა ვიტამინის წყარო. მაგალითად, ნახევარი ჭიქა ახალგაწურული სტაფილოს წვენი 1 ჩაის კოვზ არაჟანთან ერთად. ასევე პომიდორი, მაწონი, ყველი, კვერცხის გული, საქონლის ან ხბოს ღვიძლი, გული, თირკმელები.


ყველაფერი პირში

მხოლოდ ვიტამინების ნაკლებობა არ არის ნახეთქების მიზეზი. როცა პატარას კბილების ამოჭრის დრო მოუვა, ყველაფერი პირისკენ მიაქვს - დიდი თუ პატარა ნივთები, რომლებიც პირის კუთხეებს აზიანებს. ამ ნივთებს ინფექციაც მოჰყვება. ნახეთქების ადგილას სულ მალე წარმოიქმნება ბუშტუკები თხელი ფუფხით, რომელიც ადვილად ძვრება და მოყვითალო-სისხლიანი შიგთავსი გადმოედინება. მუწუკის მოშორების შემდეგ ამ ადგილას ჩნდება წითელი, სველი, ადვილად სისხლმდენი ნაპრალი. 1-2 საათის შემდეგ იგი ისევ იფარება თხელი ფუფხით. ბავშვს უჭირს პირის გაღება, სტკივა. ამ შემთხვევაში გირჩევთ, ნახეთქი დაამუშაოთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარითა და ბრილიანტის მწვანით.

ანტიბიოტიკებიც სცოდავენ

თუ ბავშვი იღებდა ანტიბიოტიკს, მაგალითად ტონზილიტის დროს, შესაძლოა ამან პირის ღრუს დისბაქტერიოზს გაუწიოს პროვოცირება: პირის ღრუს ლორწოვანზე მცხოვრები სასარგებლო მიკროორგანიზმების ადგილს კანდიდას გვარის, რძიანას გამომწვევი სოკოები იკავებენ. კანდიდოზური ნახეთქების ამოცნობა ადვილია - პირის კუთხეებში ნახეთქები დაფარულია მოთეთრო-ნაცრისფერი ნადებით, რომლის ქვეშაც მოჩანს მოწითალო-მბრწყინავი ეროზიები. სტრეპტოკოკული ინფექციისგან განსხვავებით, რძიანა ნახეთქებს არ ახასიათებს პირის კუთხეებში ქერქის წარმოქმნა. სოკოვანი ნახეთქების დროს საჭიროა ბავშვს დღეში რამდენიმეჯერ მოაშოროთ ნადები პირის კუთხეებიდან და პირის ღრუს ლორწოვანიდან სოდიან ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით. ხსნარი მზადდება ასე: 200 მლ ადუღებულ წყალზე 1/4 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში ნისტატინის მალამო და თხელ ფენად წაუსვათ პირის კუთხეებზე არსებულ ნახეთქებზე დღეში 3-4-ჯერ.

ნუ გამორიცხავთ ალერგიას

ბავშვის კვებაში თანდათან დაიკავა ადგილი ტროპიკულმა ხილმა, რომელიც ხშირად ალერგიული რეაქციების მიზეზად იქცევა და ნახეთქებს აჩენს. ამ შემთხვევაში ტროპიკული ხილი უნდა გამოირიცხოს ბავშვის რაციონიდან. საზოგადოდ, არ არის სასურველი ბავშვისთვის ისეთი ხილის მიცემა, რომელიც არ იზრდება ჩვენს გეოგრაფიულ არეალში, შორი მანძილიდან ტრანსპორტირებასა და ქიმიური ნივთიერებებით დამუშავებას საჭიროებს. ალერგიული რეაქცია და მისი თანამდევი ტუჩისა თუ პირის კუთხეების ნახეთქები საღეჭმა რეზინმა თუ საწუწნმა კანფეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს. რატომ ვითარდება ნახეთქები ასეთ დროს? იმიტომ, რომ ამ ადგილებში გროვდება იმ პროდუქტების ნარჩენები, რომელთა მიმართაც პატარა მგრძნობიარეა. ასე რომ, საკვების მიღების შემდეგ კარგად მოსწმინდეთ პატარას პირი და პირის ღრუში, კბილებს შორის ტკბილი რომ არ დარჩეს, ასწავლეთ პირში წყლის გამოვლება ჭამის შემდეგ.

- სამ წლამდე ასაკის ბავშვებში თავს იჩენს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სარძევე კბილებთანაა დაკავშირებული - თანკბილვის დარღვევა. რა არის ამის მიზეზი?

- ზედა და ქვედა ყბის კბილები ერთმანეთის მიმართ სხვადასხვანაირადაა განლაგებული. ზედა ყბის კბილები, გარდა ბოლოსი, ეხება ქვედა ყბის შესაბამის კბილებს, ხოლო ეშვები და საჭრელები წინაა გადაფარებული. თუ თანკბილვა დარღვეულია, ბავშვი უნდა აჩვენოთ ორთოდონტს, რათა დადგინდეს მიზეზი და მისი გამოსწორების გზები მოიძებნოს. არასწორი თანკბილვა ცუდად აისახება ბავშვის მეტყველებაზე. ძალიან დიდი ზომის კბილები პატარა თავის ქალაზე იწვევს კბილების ერთმანეთზე გადასვლასა და დეფორმაციას. ეს აძლიერებს კარიესის, ღრძილების დაზიანების პროცესს. მოკლე ენის ლაგამი ხელს უშლის შიშინა და სისინა ბგერების წარმოთქმას. საკმარისია მისი ჩაჭრა და ყველაფერი ნორმას დაუბრუნდება. მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი. შემთხვევათა 30-35%-ში თანკბილვა პატარას ერთ-ერთი მშობლისაგან აქვს `მიღებული~. თუ პატარა ვერ ელევა მატყუარას, ესეც შეიძლება თანკბილვის დარღვევის მიზეზი გახდეს. ასე რომ, მშობლებო, დროულად მოაშორეთ პატარას მატყუარა. ამით მას ბევრ უსიამოვნებას ააცილებთ თავიდან.

თითები პირში

თუ პატარას პირიდან მატყუარას გამოუღებთ, მაშინვე თითს მიაქანებს პირისკენ, გამალებით წოვს მას, ენას ან ქვედა ტუჩს. აჩვენეთ ბავშვი სტომატოლოგსა და ნევროლოგს, რათა დროულად აღმოიფხვრას ეს პრობლემა და ზიანი არ მიადგეს თანკბილვას.

ზარმაცი პირი

თუ პატარა კატეგორიულ უარს ამბობს მაგარი საკვების ღეჭვაზე, ითხოვს მხოლოდ ფაფისმაგვარ საკვებს, - მისი ყბებისა და კბილების განვითარება შეფერხებულია, ერღვევა მეტყველება - ცუდად გამოთქვამს თანხმოვან ბგერებს. დროულად მიაჩვიეთ პატარა ღეჭვას, პირველი კბილის ამოჭრისთანავე შესთავაზეთ ვაშლი, სტაფილო.

სუნთქავს პირით

თქვენი პატარა ხშირად ცივდება და ამის გამო უჭირს ცხვირით სუნთქვა? იქნებ ადენოიდები უშლის ხელს? ყური დაუგდეთ - ძილში ხვრინავს კიდეც? თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, დაირღვევა სახის ძვლების განვითარება, ქვედა ყბისა და კბილების ფორმირების პროცესი. აჩვენეთ პატარა ყელ-ყურის ექიმსა და ორთოდონტს. ნუ დაელოდებით ყველა სარძევე კბილის ამოჭრას, თუ შეამჩნიეთ, რომ პატარას პრობლემები აქვს, დროულად მიმართეთ ბავშვთა სტომატოლოგს.