ესთეტიკური სტომატოლოგია

სტომატოლოგიურმა ინდუსტრიამაც ფეხი აუწყო დროის მოთხოვნას და მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში ესთეტიკური სტომატოლოგია დაიბადა, რომელიც სულ მალე მთელ მსოფლიოში კლინიკური სტომატოლოგიის მნიშვნელოვან მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.ექიმს კბილის მკურნალობასთან ერთად დაზიანებული გვირგვინის მხატვრული რესტავრაციაც უნდა შეეძლოს, ანუ თანამედროვე სტომატოლოგი იმავდროულად მხატვარიც უნდა იყოს და სკულპტორიც.
ესთეტიკური სტომატოლოგიის შესაძლებლობებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი სტომატოლოგი თამარ ვახტანგაძე გვესაუბრება.
- ქალბატონო თამარ, რას ითვალისწინებს კბილების ესთეტიკური რესტავრაცია?
- ესთეტიკური რესტავრაციის მიზანი მხოლოდ კარიესით ან სხვა მიზეზით დაზიანებული კბილის მკურნალობა კი არა, არამედ მისი ესთეტიკური და ფუნქციური თვისებების აღდგენა, ბუნებრივი კბილის ნორმალური სტრუქტურის გამეორებაც არის. მხატვრული რესტავრაციით ჩვენ შეგვიძლია კბილთა იერსახისა და თანდაყოლილი დაზიანების კორექცია, მათთვის ბუნებრივი ფერის დაბრუნება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ხშირად ესთეტიკური რესტავრაცია ორთოპედიული მკურნალობის ალტერნატივაც არის. მისი საშუალებით სწორდება მანძილი ზედა და ქვედა ყბების ფრონტალურ კბილებს შორის, ერთი ან რამდენიმე კბილის არასწორი დგომა. უნდა ითქვას, რომ რესტავრაციის დროს მნიშვნელოვნად იზოგება კბილის რბილი ქსოვილები, ამასთანავე, მთელი პროცესი სრულდება ერთი ვიზიტის განმავლობაში, რომლის დროსაც მაქსიმუმ 6 კბილის რესტავრაციაა შესაძლებელი. ეს პაციენტისთვის მეტად კომფორტულია და დროის თვალსაზრისითაც ხელსაყრელი. ყოველივე ეს მხატვრული რესტავრაციის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით მიიღწევა.
პირდაპირი რესტავრაცია ტარდება პაციენტის პირის ღრუში, პირდაპირ დაზიანებულ კბილზე. გამოიყენება ბოლო თაობის სარესტავრაციო კომპოზიტური მასალები: ჰელიო და ფოტოკომპოზიტები. მხატვრული რესტავრაციის დროს სტომატოლოგის მუშაობა იუველირის, მხატვრის ან სკულპტორის მუშაობას ემსგავსება - იგი აღადგენს კბილის სტრუქტურას და, ამასთანავე, ითვალისწინებს ცოცხალი კბილის ნორმალურ აგებულებას.
- როდის მიმართავთ კბილების რესტავრაციას?
- მხატვრული რესტავრაცია მიზანშეწონილია ტრავმის, ასაკობრივი ცვეთის შედეგების აღმოსაფხვრელად, შეცვლილი კბილის ფერის აღსადგენად, ცარიელი სივრცის შესავსებად. მისი მიზანია ხელოვნური სარესტავრაციო მასალებით კბილის ფორმის, ფუნქციის, ესთეტიკური თვისებების აღდგენა, კარიესული პროცესის, ტრავმის გამო თუ სხვა მიზეზით დაკარგული ფორმის დაბრუნება. შესაძლებელია კბილის ჩვეული ფორმის შეცვლა და ამ გზით მისი სხვა ჯგუფში გადაყვანა. მაგალითად, შეიძლება ეშვის საჭრელ კბილად, პრემოლარის ეშვად გადაკეთება.
- რას გულისხმობს კბილების ტრანსფორმაცია?
- ბიომიმეტიკური მიდგომით შესაძლებელია სივრცეში კბილის გვირგვინის ორიენტაციის ისე შეცვლა, რომ შენარჩუნებულ იქნეს მისი ბუნებრივი იერსახე, მაგრამ შეიცვალოს ცალკეულ ქსოვილთა ტოპოგრაფიული კონტურები (მაგალითად, დაგრძელდეს ან დამოკლდეს), გვირგვინის ზომა, ტრემა, დიასთემა. ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ამას კბილების ტრანსფორმაციას ვუწოდებთ. ის სარესტავრაციო მასალით მიიღწევა, რომელიც ცალკეული კბილის ქსოვილის იმიტაციას ახდენს.
- რას წარმოადგენს კერამიკული ვინირი?
- მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ესთეტიკურ სტომატოლოგიას მკურნალობის მეთოდების მდიდარი არსენალი აქვს, რაც საუკეთესო ესთეტიკური შედეგის მიღწევის, ფერის, ფორმის, დიასთემის, არასასურველი ძველი ბჟენის შეცვლის საშუალებას იძლევა, პირდაპირი მხატვრული რესტავრაციისთვის გარკვეული შეზღუდვები, უკუჩვენებები მაინც არსებობს. ამ შემთხვევაში მივმართავთ არაპირდაპირ მხატვრულ რესტავრაციას კერამიკული ვინირების გამოყენებით.
კერამიკული ვინირი კერამიკული მასალისგან შექმნილი კბილის იერსახეა. თუ კბილს მცირედი დეფექტი აქვს ან ფორმის შეცვლა სჭირდება, უმჯობესია გამოვიყენოთ სხივგამყარებადი მასალები, ხოლო ძალიან დიდი დეფექტების შემთხვევაში უმჯობესია გაკეთდეს კერამიკული ვინირი. კბილების არაპირდაპირი კერამიკული რესტავრაცია ანუ ვინირება ორ ეტაპად ტარდება.
პირველ, კლინიკურ ეტაპზე დგინდება კბილებისა და პაროდონტის მდგომარეობა, ტარდება სრული დიაგნოსტიკა რენტგენოლოგიური და სხვა გამოკვლევათა დახმარებით. კბილების საბოლოო ფორმა პაციენტთან თანხმდება. ამის შემდეგ იწყება მეორე, ლაბორატორიული ეტაპი, რომელზეც კბილის ტექნიკოსი ამზადებს კერამიკულ სარესტავრაციო კონსტრუქციებს - ვინირებს. ეს არის თხელი, თითქმის გამჭვირვალე კერამიკული ფირფიტები, რომლებიც ეკვრება კბილების ფრონტალურ ზედაპირს და მათ სრულყოფილ იერსახეს სძენს. ვინირს აქვს სავსებით ბუნებრივი შესახედაობა, რადგან ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება.