კბილის ექსტრაქცია

კბილის ამოღების ჩვენებებზე, გართულებებსა და ოპერაციის შემდგომ პერიოდზე გვესაუბრება აკად. ნ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ყბა-სახის ქირურგი ლევან ცინცაძე.
- კბილის ამოღების ჩვენება პირობითად ორგვარია: სასწრაფო და გეგმური. კბილის სასწრაფოდ ამოღების აუცილებლობა წარმოიქმნება მწვავე ჩირქოვანი ანთების დროს, რომელიც ძვალზე ვრცელდება (პერიოსტიტი, ოსტეომიელიტი), ასევე - კბილის ძლიერი ტკივილის დროს, როცა ადეკვატური მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია.
კბილი გეგმურად შეიძლება ამოღებულ იქნეს შემდეგი ჩვენებებით:
- კბილის არხის გაუვალობა ფესვის მახლობლად არსებული ქრონიკული პერიოდონტიტის, კისტის დროს, განსაკუთრებით - ჰაიმორიტითა და ნევრალგიით გართულების შემთხვევაში;
- ჩამოშლილი კბილის შენარჩუნების შეუძლებლობა;
- პაროდონტიტის დროს კბილის მორყევის მესამე და მეოთხე ხარისხი;
- სიბრძნის კბილებისა და სხვა კბილების ატიპური მდებარეობა, როდესაც ისინი ტრავმას აყენებენ ლორწოვან გარსს, ხელს უშლიან ადამიანს ჭამასა და ლაპარაკში;
- ზეკომპლექსური და რეტენირებული კბილები, რომლებიც იწვევენ ტკივილს ან ანთებით პროცესებს (რეტენციული კისტები);
- კბილის მექანიკური დაზიანება (ფესვის მოტეხილობა);
- ყბების მოტეხილობის ხაზზე არსებული კბილები;
- ყბის სიმსივნე;
- ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროება;
- ორთოპედიული მკურნალობის (ცალკეული კბილები, რომლებიც პროთეზის სტაბილიზაციას უშლიან ხელს) საჭიროება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კბილის ამოღებისგან რეკომენდებულია თავი შეიკავოთ:
- მენსტრუაციის დროს (სისხლის შედედების დაქვეითების გამო);
- ზოგიერთი მწვავე დაავადების (მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპერტონიული კრიზი, ინფექციური დაავადებები) დროს;
- ისეთი პრეპარატების მიღების ფონზე, რომლებიც სისხლის შედედებას აქვეითებენ (მაგალითად, კარდიოასპირინი);
- ორსულობის საწყის და ბოლო თვეებში.
ჰემოფილიით დაავადებულთათვის კბილის ამოღება სტაციონარში უნდა ჩატარდეს. კბილის ექსტრაქცია შეიძლება იყოს ჩვეულებრივი (მარტივი) ან გართულებული. ჩვეულებრივ, კბილის ამოსაღებად იყენებენ კბილის მაშებსა და ელევატორს, რომლითაც კბილს წინ და უკან არყევენ ან ღერძის გარშემო ატრიალებენ, სანამ პერიოდონტალური კავშირი საკმარისად არ დაირღვევა, ხოლო შემაკავებელი ალვეოლური ძვალი გაფართოვდება და დაიპრესება, რის შედეგადაც კბილის თავისუფლად ამოღება გახდება შესაძლებელი.
კბილის ამოღებამდე სტომატოლოგმა შესაძლოა რენტგენის სურათი გადაიღოს, რათა გაარკვიოს კბილის ფესვების ტოპოგრაფია (მდებარეობა). ეს განსაკუთრებით საჭიროა საღეჭი კბილების (მათ შორის - სიბრძნის კბილებისაც) - ყბის უკან არსებული კბილების, რეტენირებული და ზეკომპლექტური კბილების ამოღების დროს.
კბილის უბრალო ამოღება, ჩვეულებრივ, ადგილობრივი ანესთეზიით სრულდება. კბილის ამოღება შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
- ღრძილის გამოყოფა კბილის ყელიდან რასპატორის მეშვეობით;
- მაშების კბილზე დადება;
- კბილის მორყევა. ფესვების რაოდენობის მიხედვით, ხდება ან ლუქსაცია (რყევა - ტარდება რამდენიმეფესვიან კბილებზე), ან როტაცია (კბილის მოტრიალება ღერძის გარშემო - ტარდება ერთფესვიან კბილებზე);
- ალვეოლიდან კბილის ამოღება.
ხშირად მრავალფესვიან კბილს ბორმანქანის საშუალებით ნაწილებად ჭრიან. ამგვარად კბილის ფესვებს ყოფენ და სათითაოდ იღებენ. ქირურგიული ამოღება ტარდება, როცა კბილები ძნელი მისადგომია - დაფარულია ლორწოვანი გარსით ან ძვლით. ასეთია რეტენირებული და ატიპურად განლაგებული კბილები, ადრე ამოღებული კბილების ფესვების აპიკალური ნაწილები. ქირურგიული ამოღების დროს ქირურგმა შესაძლოა კბილის მფარავი რბილი ქსოვილები გაკვეთოს, ოსტეოტომით მოაცილოს კბილთან არსებული ძვლის ნაწილი. ხშირად კბილი მისი ამოღების გასაადვილებლად შეიძლება რამდენიმე ნაწილად გაიჭრას.