რატომ უნდა მივიყვანოთ ბავშვი სტომატოლოგთან

ბავშვი პატარაობიდანვე უნდა მივაჩვიოთ კბილის ექიმთან სიარულს და არა მხოლოდ კბილის ატკივების შემთხვევაში, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც. გვესაუბრება ბავშვთა სტომატოლოგი თამარ წერეთელი.
- ყველამ ვიცით, რომ თუ ბავშვი სწორად იკვებება, 6-8 თვის ასაკში პირველი სარძევე კბილები უნდა ამოეჭრას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მათი ამოსვლა გვიანდება. რისი ბრალია ეს?
- თუ პატარა ჯანმრთელია, მაგრამ 9-12 თვისას კიჭები ჯერ კიდევ არ ამოსვლია, ბებიებს უნდა ვკითხოთ, როდის ამოეჭრა კბილები ბავშვის დედ-მამას. დაგვიანების მიზეზი, ისევე როგორც ნაადრევი ამოჭრისა, ხშირად გენეტიკაა. კბილების ამოსვლა უგვიანდებათ დღენაკლულ, სუსტ, წონანაკლულ, პირველ თვეებში ხშირად მოავადე, რაქიტიან ბავშვებს. პატარას კბილების ამოჭრის დრო რომ მოუახლოვდება, სასურველია, პირად პედიატრთან შეთანხმებით კალციუმის პრეპარატი მისცეთ.
- როგორ შევიტყოთ, მალე ამოუვა თუ არა პატარას კბილები?
- კბილების ამოსვლის ყველაზე ადრეული ნიშანია გაძლიერებული ნერწყვდენა. ის ამოჭრამდე ორი თვით ადრე იწყება და ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით არის განპირობებული. ნერწყვის ყლაპვა პატარამ არ იცის, ამიტომ ის ნიკაპსა და ყელზე ჩამოსდის, ყელის ნაკეცებში უგროვდება და თოთო კანს უღიზიანებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ასე რომ, აუცილებელია ამ ადგილების გულისყურით მოვლა, გამშრალება, საბავშვო ლოსიონით გაწმენდა. ამ პერიოდში ბავშვი გაღიზიანებულია, ცუდად სძინავს, წუხს, ჭირვეულობს, ჭამაზე უარს ამბობს. ეს ყველაფერი იმუნიტეტს ასუსტებს და ორგანიზმს სასუნთქი სისტემისა და ნაწლავური ინფექციების მიმართ მგრძნობიარეს ხდის. ასეთ დროს ბავშვი უნდა მოარიდოთ უცხო პირებთან კონტაქტს, სტუმრიანობას, თვალყური ადევნოთ, რომ ჭუჭყიანი ხელი ან სათამაშო პირში არ ჩაიდოს.
თუ პირის ღრუს კარგად დაუთვალიერებთ, შეამჩნევთ, რომ იმ ადგილას, სადაც კბილმა უნდა ამოყოს თავი, ღრძილი შეშუპებული და შეწითლებულია. ეს ადგილი პატარას ძალიან ექავება და უხურს.
- როგორ გავუადვილოთ ჩვილს კბილების ამოჭრა?
- შეწითლებულ და შესივებულ ღრძილებზე წაუსვით სპეციალური ტკივილგამაყუჩებელი გელი. აქაც სიფრთხილე გმართებთ და უმჯობესია, ესეც პირად პედიატრთან შეათანხმოთ - არის შემთხვევები, როდესაც ასეთი გელი ბავშვს ალერგიას აძლევს. ქავილსა და ტკივილს სიცივეც აცხრობს, ამიტომ ასეთ დროს პატარები ცივ საგნებს ეტანებიან. არსებობს სითხით სავსე სპეციალური რგოლები, რომლებსაც მაცივარში აცივებენ (არ ყინავენ!) და ბავშვს აძლევენ.
- როგორ გამოვკვებოთ პატარა ამ პერიოდში?
- კბილების ამოსვლის დროს წოვის რეფლექსს ღრღნისა და კბენის რეფლექსი ცვლის, ამიტომ ბავშვს მხოლოდ თხიერი და რბილი საკვები არ ეყოფა. მიეცით ორცხობილა, გათლილი სტაფილო, ვაშლი, კიტრი, მაგრამ თვალი ადევნეთ, ღრღნასა და კბენაში დიდი ლუკმა არ მოაკვნიტოს და არ გადასცდეს! ღეჭვა აუმჯობესებს ღრძილებში სისხლის მიმოქცევას, ავარჯიშებს და ამაგრებს უკვე ამოსულ კბილებს, ხელს უწყობს ამოსაჭრელი კბილების კვებას, მეტყველების სწორ ფორმირებას.
საკვები ისეთი სისქისა უნდა მოამზადოთ, რომ კოვზით მისცეთ. ბავშვებს, რომლებსაც პატარაობისას უმეტესად თხიერ საკვებსა და ფაფებს აძლევდნენ ან მაგარ საკვებზე გვიან გადაიყვანეს, ლოგოპედიური დარღვევები უფრო ხშირად აღენიშნებათ. კბილების ამოჭრას მხოლოდ საწოვარათი დიდხანს კვება კი არა, მატყუარა საწოვარაც აფერხებს, ამიტომ როგორც კი პირველი კიჭი ამოყოფს თავს, პატარა მატყუარას უნდა გადავაჩვიოთ. სხვაგვარად კბილები წინ წამოიწევს და ბავშვს სახის მოყვანილობა შეეცვლება.
- სარძევე კბილები, ჩვეულებრივ, განსაზღვრული თანამიმდევრობით ამოდის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს თანამიმდევრობა ირღვევა. როდის და რატომ ხდება ასე?
- ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმდენად კბილების ამოჭრის დრო არ მეტყველებს, რამდენადაც თანამიმდევრობა. თუ კბილების ამოჭრის თანამიმდევრობა დაირღვა, უთუოდ უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში პედიატრი და ბავშვი სტომატოლოგთან მიიყვანოთ. ამა თუ იმ ასაკში კბილების აუცილებელი რაოდენობის დასადგენად სტომატოლოგები ასეთ ფორმულას იყენებენ:
n (ასაკი თვეებში) - 6. ამ ფორმულის მიხედვით, 7 თვის პატარას ერთი კბილი უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს ძალზე ზოგადი ფორმულაა. სინამდვილეში კბილების ამოსვლის დრო ინდივიდუალურია. კბილების ამოსვლის თანამიმდევრობის დარღვევა კი მუცლადყოფნის პერიოდში არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებაზე მეტყველებს. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს დედის მიერ გადატანილი ვირუსული დაავადება, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, არასრულფასოვანი კვება, სტრესი და სხვა.
- სარძევე კბილებს ხშირად უჩნდება მოყვითალო ლაქები ან ზედაპირი ტალღისებური უხდება. რისი ბრალია ეს?
- ახალამოსული კბილის კიდეს ხშირად აქვს ტალღისებური მოყვანილობა. ეს საშიში არ არის - ღეჭვის პროცესში ზედაპირი თანდათან გლუვდება და სწორდება. სხვაა გოფრირებული, გადაქექილი მინანქარი. ის კალციუმის დეფიციტის, საკვების უკმარისობისა და ორსულობისას დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადების შედეგია. კბილების სიყვითლეს ტეტრაციკლინის მიღება იწვევს. ეს პრეპარატი დროთა განმავლობაში ამუქებს მინანქარს და კბილების ამოსვლასაც აფერხებს.
კბილის მინანქარი მაგარი რომ იყოს, პედიატრები ბავშვს კალციუმის დოტაციას უტარებენ - უნიშნავენ კალციუმის პრეპარატს, რომელიც ბავშვმა, ჩვეულებრივ, ორი კვირის განმავლობაში დღეში სამჯერ უნდა მიიღოს.
- კალციუმისა და დ ვიტამინის უკმარისობა რაქიტს იწვევს. როგორ მოქმედებს ეს დაავადება კბილების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე?
- რაქიტის შედეგად ძვლოვან სისტემაში დამახასიათებელი ცვლილებები ვითარდება. ამ ცვლილებებს უპირატესად დაღმავალი ხასიათი აქვს: 6 თვემდე, რაქიტის საწყის პერიოდში, ცვლილებებს უპირატესად თავის ქალას თხელი და ბრტყელი ძვლები განიცდის, შემდეგ - გულმკერდისა, პირველი წლის დასასრულს - კიდურებისა, ხერხემლისა, უფრო გვიან კი ყბისა.
რაქიტგადატანილ ბავშვებში ხშირია (70%) თანკბილვის დარღვევა, ფერხდება ქვედა ყბის განვითარება, ქვედა ყბა ვიწროვდება, ვითარდება ღრმა თანკბილვა და სხვა დეფორმაციები. ზედა ყბის რაქიტული ცვლილებების შედეგად ვითარდება მაღალი სასა - ეგრეთ წოდებული გოთური თაღი. ამ მოვლენას უკავშირებენ ცხვირის ძგიდის გამრუდებას და ცხვირის გასავლების სივიწროვეს.
კბილების ამოსვლის დაგვიანება და ამოჭრის თანამიმდევრობის დარღვევა რაქიტის შემთხვევათა თითქმის ნახევარში შეინიშნება. არანამკურნალევი რაქიტიანი ბავშვების 55%-ს კბილების ამოსვლა უგვიანდება. გარდა ამისა, რაქიტიანი ბავშვები კბილის კარიესისკენ არიან მიდრეკილნი, ხშირად აღენიშნებათ მინანქრის დეფექტი - ჰიპოპლაზია, რაც კბილების მინერალიზაციის დარღვევის შედეგად არის მიჩნეული.