კბილის დაავადებები და მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კბილის დაავადებები და მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

რა არის კარიესი, რა იწვევს მას, რისი ბრალია, რომ ზოგს თითქმის ყველა კბილი კარიესული აქვს, ზოგისთვის კი ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა?

- კარიესი პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ხდება კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რასაც შემდგომ ღრუს წარმოქმნა მოსდევს. კარიესს მრავალი ფაქტორი იწვევს. ზოგიერთი მათგანი მკითხველს შესაძლოა უცნაურიც კი მოეჩვენოს.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია გეოგრაფიული გარემო. საქმე ის არის, რომ კარიესის განვითარებაზე გავლენას ახდენს წყლის შემადგენლობა, ჰავა, კლიმატის თავისებურებები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოფითი კულტურაც კი. ცნობილია, რომ ინდოეთში, რომელიც არ გამოირჩევა პირადი ჰიგიენის მაღალი კულტურით, კარიესის გავრცელება საკმაოდ დაბალია. ამის მიზეზად უხეშ, ბოჭკოთი მდიდარ და რაფინირებული ნახშირწყლებით ღარიბ საკვებს ასახელებენ. დადგენილია, რომ უხეში, ბოჭკოთი მდიდარი საკვები ხელს უწყობს კბილების თვითგაწმენდას, რაფინირებული ნახშირწყლებით მდიდარი კი კარიესის ხელშემწყობი ფაქტორია.

გარდა ნახშირწყლების შემცველობისა, დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუში საკვების დაყოვნებას. ხანგრძლივი დაყოვნება ხელს უწყობს ნახშირწყლების დაშლას და კარიესის ხელშემწყობი ნივთიერებების გამოთავისუფლებას.

საყოველთაოდ არის ცნობილი განსაზღვრული მიკრობების როლი კარიესის აღმოცენებაში. აქვე არ შეიძლება, ყურადღება არ გავამახვილოთ ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის პირის ღრუს ჰიგიენა, ცხოვრების წესი. მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორის როლიც. ცალკე აღნიშვნის ღირსია საკვებსა თუ წყალში ისეთი მიკროელემენტების შემცველობა, როგორიც არის ფთორი და კალციუმი. ამრიგად, ვერ დავასახელებთ კარიესის აღმოცენების ერთ უნიკალურ მექანიზმს. ზემოთ დასახელებულ ყოველ მიზეზს საკუთარი წვლილი შეაქვს ჩვენთვის ამ კარგად ნაცნობი დაავადების აღმოცენებაში.

- რამდენი სტადია აქვს კარიესს?

- იმის მიხედვით, რომელი ქსოვილია დაზიანებული, განასხვავებენ მინანქრის, დენტინისა და დუღაბის (ფესვის) კარიესს, პროცესის სიღრმის მიხედვით კი განარჩევენ ლაქის კარიესს, რომლის დროსაც დაზიანებულია მინანქრის ზედა შრე, ზერელე კარიესს, რომლის დროსაც პროცესი დენტინამდე ვრცელდება, საშუალო კარიესს, რომლის დროსაც უკვე კარგად ჩანს კარიესის ღრუ და პროცესი ვრცელდება დენტინის შრეზეც და ღრმა კარიესს, რომლის დროსაც პულპამდე დარჩენილია დენტინის თხელი შრე. უკანასკნელ შემთხვევაში კარიესის ღრუსთან შეხება ტკივილს იწვევს.

ჩამოთვლილი ფორმები გაურთულებელი ანუ მარტივი კარიესის ნაირსახეობებს წარმოადგენს. როგორც ვხედავთ, მარტივი კარიესის დროს დაზიანებულია მხოლოდ კბილის მაგარი ქსოვილი - მინანქარი, დენტინი, დუღაბი.

არსებობს გართულებული, რთული კარიესიც. ამ დროს პროცესი ნერვსა და კბილის ირგვლივ იოგზეც ვრცელდება. მისი ფორმებია პულპიტი, რომელიც კბილის ღრუში მიკრობების შეღწევისას ვითარდება და პაციენტები მწვავე ტკივილს შეიგრძნობენ და პერიოდონტიტი ანუ კბილის ირგვლივი ქსოვილების ანთება.

არსებობს კარიესის სხვა კლასიფიკაციაც, თუმცა ის პროფესიონალთათვის არის მოწოდებული და მკითხველებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება.

- რა არის ლაქის კარიესი?

- კბილზე ჩნდება თეთრი ან მუქი, ყავისფერი ლაქა. თეთრი ლაქა უფრო სწრაფად პროგრესირებს და მალე გადადის კარიესის უფრო მძიმე ფორმებში. ამასთანავე, უფრო ვერაგია, ვინაიდან გარეგნულად შეუმჩნეველია, თვალისათვის ძნელი აღსაქმელია. ყურადღებას იპყრობს ის, რომ მინანქარს დაკარგული აქვს სიპრიალე. ამ დროს მკურნალობის ტაქტიკაა ეგრეთ წოდებული რემ-თერაპია ანუ რემინერალიზაცია, რომელიც ელექტროფორეზის მეშვეობით ტარდება - კბილის მინანქარში შეჰყავთ კალციუმი და ფთორი.

ყავისფერი ლაქები ნაკლებაგრესიულნი არიან, სწრაფი პროგრესირება არ ახასიათებთ და უფრო ღრმა ცვლილებებს დიდი ხნის შემდეგ იწვევენ.

- როგორია ზერელე კარიესის კლინიკა და მკურნალობის ტაქტიკა?

- ზერელე კარიესისთვის დამახასიათებელია მიზეზობრივი ტკივილი ანუ ტკივილი განსაზღვრული მიზეზის (ტკბილის, ცივის, მჟავეს) ზემოქმედებისას. მიზეზის მოცილებისთანავე ტკივილი გაივლის. ზერელე კარიესის სამკურნალოდ ტარდება კბილის პრეპარირება (ამ პროცესს პაციენტები გაბურღვას უწოდებენ) და დაბჟენა.

- რა არის საშუალო კარიესი, როგორ მკურნალობენ მას?

- საშუალო კარიესის დროს პათოლოგიური პროცესი დენტინში გადადის. მართალია, საშუალო კარიესი უფრო შორსწასული პროცესია, ვიდრე ზერელე, მაგრამ ამ დროს პაციენტი არაფერს უჩივის, ვინაიდან დენტინი რეცეპტორებს არ შეიცავს, პულპამდე კი დენტინის სქელი შრეა. საშუალო კარიესის დროს ტარდება კბილის პრეპარირება და დაბჟენა.

- რა არის ღრმა კარიესი, როგორია მისი მკურნალობის თავისებურებები?

- ღრმა კარიესის დროს დაზიანებულია დენტინის ღრმა შრეები, პროცესი პულპისგან დენტინის თხელი შრით არის გამოყოფილი. ჩივილებიდან დამახასიათებელია მიზეზობრივი ტკივილი. ღრმა კარიესის დროს პრეპარირება განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ჩატარდეს, რათა არ დაზიანდეს დენტინის თხელი შრე. მკურნალობის თავისებურებათაგან უნდა აღინიშნოს სპეციალური საიზოლაციო ან სამკურნალო სარჩულის გამოყენების აუცილებლობა.

- ცნობილია, რომ კარიესულ კბილს ცივი, ცხელი, ტკბილი საკვების ზემოქმედებისადმი სხვადასხვაგვარი მგრძნობელობა ახასიათებს. რისი ბრალია ეს?

- ცივი საკვებისადმი მგრძნობელობა დამახასიათებელია კარიესისა და პულპიტისთვის - კბილის სისხლძარღვოვან-ნერვული კონის ანთებისთვის. ცხელი საკვების შეხებისას ტკივილი აღმოცენდება პერიოსტიტის, მწვავე ან ქრონიკული პულპიტის, პერიოდონტიტის დროს.

- რა არის პულპიტი და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?

- როგორც აღვნიშნეთ, პულპიტი კბილის რბილი ქსოვილის ანთებაა. პაციენტები მას ნერვის ანთებად იხსენიებენ. პულპიტის დროს ადამიანი უჩივის ძლიერ ტკივილს. ტკივილი აღმოცენდება ტემპერატურული გამღიზიანებლის ზემოქმედებისას, მწვავდება ღამით. უნდა ითქვას, რომ თუკი ზერელე კარიესისთვის მიზეზობრივი ტკივილია დამახასიათებელი, პულპიტის დროს ტკივილი გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილების შემდეგაც აღინიშნება. ზოგჯერ ტკივილი მუდმივი ხდება. პულპიტის შემთხვევაში ხდება პულპის მოცილება და არხების დაბჟენა.

თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, შესაძლოა მოხდეს პულპის ნეკროზი და პროცესი კბილის მწვერვალის ირგვლის ქსოვილებზე გავრცელდეს.


- რას ნიშნავს დეპულპაცია, როგორ ტარდება ის?

- დეპულპაცია ის პროცესია, რომელსაც პაციენტები ნერვის მოკვლას უწოდებენ. არსებობს მისი ორი მეთოდი: ერთი - ვიტალური ამპუტაცია, რომელიც ტარდება საანესთეზიო პრეპარატის ინექციით გაუტკივარების შემდეგ, მეორე კი დევიტალიზაცია, რომელიც სპეციალური ქიმიური ნივთიერებების შემცველი პასტით ხორციელდება. ამ მიზნით ადრე დარიშხანის შემცველ პასტებს იყენებდნენ, ხოლო დღეს სხვა ნივთიერებები გამოიყენება.

- როდის არის აუცილებელი კბილის ფესვების დაბჟენა? რა სირთულეებს უკავშირდება ეს პროცედურა და როგორ ტარდება?

- ფესვების დაბჟენა აუცილებელია პულპიტისა და პერიოდონტიტის მკურნალობის დროს, ზოგჯერ - პროთეზირების დროსაც, ასევე - შემთხვევით პულპის ღრუს გახსნის ან ტრავმის შემთხვევაში.

რაც შეეხება სირთულეს, რიგ შემთხვევაში ფესვების გაუვალობის გამო შესაძლოა ტექნიკურმა სირთულემ იჩინოს თავი. ამის მიზეზია ასაკთან ერთად ფესვის ღრუში კალციუმის ჩალაგება, გაკირვა, ასევე - ფესვის ანატომიური ანომალია. თუმცა ამ პრობლემას ექიმი ისე გადალახავს ხოლმე, რომ პაციენტს განსაკუთრებული დისკომფორტი არ შეუქმნას.

- რამდენ ხანს შეიძლება კბილში დარიშხანის დატოვება? რა პრობლემებს იწვევს ამ პროცესის გახანგრძლივება?

- მაქსიმალური დროა 48 საათი მრავალფესვიანი კბილის შემთხვევაში და 24 საათი ერთფესვიანი კბილის შემთხვევაში. მის გახანგრძლივებას შესაძლოა ანთებითი პროცესის განვითარება და მედიკამენტური პერიოდონტიტის აღმოცენება მოჰყვეს.

არსებობს პროლონგირებული მოქმედების დარიშხანოვანი პასტებიც, რომელთა ჩადება უფრო მეტი ხნით შეიძლება, თუმცა პაციენტმა ნებისმიერ შემთხვევაში ზუსტად უნდა დაიცვას ექიმთან ვიზიტის დაგეგმილი დრო.

- ზემოთ პერიოდონტიტი ახსენეთ. რა არის ეს?

- პერიოდონტიტი კარიესული პროცესის ყველაზე საშიში გართულებაა. ამ დროს ანთებითი პროცესი ვრცელდება არა მარტო კბილის ქსოვილზე, არამედ კბილის ფესვების ირგვლივ არსებულ ძვლოვან ქსოვილზეც.

პერიოდონტიტის აღმოცენებაში მთავარ როლს მიკროორგანიზმები და მათი ტოქსინები ასრულებს. ამ დროს ინფექცია უმეტესად პულპიტის ან პულპის ნეკროზის შედეგად ვრცელდება ფესვის არხიდან. მიკრობები და მათი ტოქსინები აღწევენ პერიოდონტის ქსოვილში და საშიშ ანთებას იწვევენ.

მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ პერიოდონტიტს და ქრონიკული პერიოდონტიტის გამწვავებას,

თავისებურებათა მიხედვით კი პერიოდონტიტის ფიბროზულ ფორმას, გრანულომას და კისტას.

რაკი კბილის საფიქსაციო იოგი ზიანდება, კბილი მოძრავი ხდება, მცირედი შეხების დროსაც კი ტკივილი იჩენს თავს. მწვავე პერიოდონტიტი ვლინდება კბილის არეში მკვეთრი ტკივილით, რომელიც ძლიერდება კბილთან შეხებისას. პერიოდონტიტს ახასიათებს ტკივილი კბილის კბილზე დაჭერის დროს.

პაციენტს აქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს კბილი დაგრძელდა. შესაძლოა, აღინიშნებოდეს ღრძილის შეშუპება. კბილი მყარად აღარ დგას კბილბუდეში, მოძრაობს. თუ ამ ჩივილების გამო პაციენტმა ექიმს დროულად არ მიმართა, ყალიბდება ქრონიკული პერიოდონტიტი. ის ტკივილის გარეშე მიმდინარეობს, შესაძლოა, მოხდეს ფესვის ირგვლივ გრანულომის (პარკისებრი წარმონაქმნი კბილის მწვერვალზე) ან კისტის (კბილის მწვერვალის არეში მკვრივი კაფსულის მქონე ანთებითი წარმონაქმნი) ფორმირება. ქრონიკული პერიოდონტიტის დროს ზოგჯერ ღრძილზე ჩნდება ხვრელმილი, პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი.

ქრონიკული პერიოდონტიტის დიფერენცირება შესაძლებელია კბილის რენტგენოგრამის საფუძველზე. გრანულომა და კისტა საკმაოდ მძიმე პროცესებია არა მარტო იმიტომ, რომ ამ დროს კბილის შენარჩუნება ჭირს, არამედ იმიტომაც, რომ ორგანიზმში შესაძლოა გავრცელდეს ქსოვილების დაშლის ტოქსიკური პროდუქტები.

პერიოდონტიტით გართულებული კბილი, მეტადრე - რამდენიმე, ინფექციის წყაროა მთელი ორგანიზმისთვის.

პერიოდონტიტის მკურნალობა მრავალეტაპიანია. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი ინდივიდუალურ ტაქტიკას ირჩევს, თუმცა არსებობს ერთიანი პრინციპები. ტარდება კბილის პრეპარირება, არხების სათანადო დამუშავება, საჭიროებისამებრ სპეციალური ანტისეპტიკების გამოყენება. გამოიყენება პასტები გრანულომის გაწოვის მიზნით. ზოგჯერ კონსერვატიული მეთოდები უეფექტოა და ინფექციის კერის მოსაცილებლად საჭირო ხდება კბილის ფესვის მწვერვალის რეზექციის ქირურგიული ოპერაცია. ნებისმიერ შემთხვევაში ექიმი მაქსიმალურად ცდილობს კბილის შენარჩუნებას.

- ყველაზე დიდი დისკომფორტი, რის გამოც პაციენტთა არცთუ მცირე ნაწილი გაურბის სტომატოლოგთან ვიზიტს, კბილის გაბურღვასთან არის დაკავშირებული. როგორია ეს მანიპულაცია თანამედროვე აპარატურის გამოყენებით და რა საშუალებები არსებობს დისკომფორტის შესამცირებლად?

- გაბურღვა, ჩვენს ენაზე - პრეპარირება, მართლაც საკმაოდ უსიამოვნო პროცედურაა. მართალია, თანამედროვე ბორმანქანების ბრუნვის მაღალი სიხშირის წყალობით დისკომფორტი ნაკლებია, მაგრამ მაინც არსებობს. თუმცა პრეპარირებასთან დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნება შეიძლება მოიხსნას საანესთეზიო მედიკამენტების გამოყენებით - გაუტკივარებით. დღეს ასეთ ტაქტიკას ხშირად ვირჩევთ.

- ანესთეზიის რომელი ფორმა გამოიყენება კბილის დაბჟენისას? შესაძლებელია თუ არა, ეს ჩარევა ნარკოზით ჩატარდეს?

- კბილის დაბჟენისას ტარდება ადგილობრივი - რეგიონული ან ინფილტრაციული - ანესთეზია. რეგიონული ანესთეზიისას ხდება განსაზღვრული უბნის ანუ რეგიონის მაინერვირებელი ნერვის მგრძნობელობის გამოთიშვა. ამ მეთოდს უმთავრესად ქვედა ყბის კბილების დაბჟენისას ვიყენებთ, რადგან ქვედა ყბის ძვალი საკმაოდ კომპაქტურია და ამის გამო ინფილტრაციული ანესთეზია არაეფექტურია.

ინფილტრაციული ანესთეზიისას საანესთეზიო ნივთიერება უშუალოდ კბილის ირგვლივ ქსოვილში შეჰყავთ. ძვლის სტრუქტურის თავისებურებათა გათვალისწინებით, ის ზედა ყბის კბილებზე მუშაობისას არის რეკომენდებული.

რიგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ინტრაპულპალური ანესთეზია. ამ დროს პრეპარატი შეჰყავთ უშუალოდ ნერვში. ასეთ ანესთეზიას მხოლოდ აუცილებლობისას, იშვიათად იყენებენ, რადგან ტრავმულია და უშუალოდ ინექციის მომენტში ახლავს ხანმოკლე ტკივილი.

კარგა ხანია დანერგილია სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარება ინტრავენური და ენდოტრაქეული ნარკოზითაც კი.


- რა გზას მიმართავენ სტომატოლოგები საანესთეზიო საშუალებების გვერდითი ეფექტების შესამცირებლად?

- ყველაზე მნიშვნელოვანი გართულება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ანესთეზიას კბილზე მანიპულაციის დროს, არის ალერგიული რეაქცია. მის თავიდან ასაცილებლად წინასწარ ტარდება ალერგიული სინჯი საანესთეზიო საშუალების მიმართ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტს ადრე არასოდეს ჩაუტარებია ანალოგიური გაუტკივარება. გარდა ამისა, საანესთეზიო საშუალებების შერჩევისას მხედველობაში მიიღება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას შეირჩევა საანესთეზიო საშუალებები ადრენალინის მინიმალური შემცველობით ან მის გარეშე, წინასწარ ხდება ამ დაავადებების მკურნალობა, რათა პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყოს. თუ პაციენტი ემოციურია ან ნერვული სისტემის დაავადება აქვს, ტარდება პრემედიკაცია.

- მკითხველები ხშირად გვეკითხებიან, შესაძლოა თუ არა, ვერ მოხერხდეს ნერვის ამოღება. როგორი ტაქტიკაა რეკომენდებული ამ დროს?

- ასეთი რამ შესაძლოა, მაგრამ ძალიან იშვიათი. ეს მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა ფესვის არხები არ არის გამავალი. ამ დროს ექიმმა შესაძლოა სპეციალური პასტების გამოყენებით ნერვის მუმიფიკაცია ჩაატაროს.

- ბუნებრივია, შეუძლებელია, კარიესზე ვისაუბროთ და ყურადღება არ გავამახვილოთ კბილის დაბჟენაზე. რა განსხვავებაა ძველ და თანამედროვე ბჟენებს შორის?

რა სახის ბჟენები გამოიყენება თანამედროვე სტომატოლოგიაში? რა თავისებურება და ღირსება აქვს პაციენტთა შორის ძალიან პოპულარულ ჰელიობჟენს?

- ძველი და თანამედროვე ბჟენები მართლაც საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველაზე ძველი ბჟენები სტომატოლოგიური ფოსფატური და სილიკატური ცემენტებისგან მზადდებოდა. ყველაზე დიდი ნაკლი, რაც ძველ დასაბჟენ მასალებს აქვს, არის ტოქსიკური ზემოქმედება ცოცხალ კბილზე. ამავე დროს, ისინი ვერ აკმაყოფილებენ კოსმეტიკურ მოთხოვნებს.

თანამედროვე ბჟენები ნაკლებ ტოქსიკურნი არიან, გამოირჩევიან მდგრადობით და ესთეტიკური თვისებებით. დღეს სტომატოლოგების არსენალშია ცემენტის, ქიმიურად გამყარებადი და სხივით გამყარებადი ბჟენები. ჰელიობჟენს პაციენტები სწორედ სხივით გამყარებად ბჟენებს უწოდებენ. ასეთი ბჟენის გამოყენებისას პოლიმერული მასალის გამყარება სინათლის განსაზღვრული სპექტრის სხივის ზემოქმედებით ხდება. მას სპეციალური სინათლის წყარო გამოსცემს.

სხივით გამყარებადი ბჟენი ექიმს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად აღადგინოს კბილის მთლიანობა, სათანადოდ შეარჩიოს ფერი. ასეთი ბჟენი ახლოს არის კბილის ქსოვილოვან სტრუქტურასთან. ნებისმიერი ბჟენის გამოყენებისას არსებობს ერთიანი პრინციპი, რომლის დაცვასაც ცდილობს ყველა სტომატოლოგი: ბჟენი უნდა იმეორებდეს კბილის ფორმას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოიწვევს ღრძილის ტრავმირებას, პაროდონტიტის აღმოცენებას.

- გავრცელებული წარმოდგენით, ზოგიერთი ბჟენის სიმტკიცე კბილისას აღემატება, რის გამოც კბილი მეტ მექანიკურ დატვირთვას განიცდის და ადვილად იშლება. აქვს თუ არა საფუძველი ამ შეხედულებას?

- ეს წარმოდგენა არ არის მართებული, თუმცა პაციენტთა შორის მის პოპულარობას აქვს გარკვეული საფუძველი: ზოგიერთ საბჟენ მასალას ერთგვარი თავისებურება ახასიათებს - დაბჟენიდან განსაზღვრული ხნის შემდეგ ფართოვდება, რაც შემდგომ კბილის გასკდომას იწვევს.

- რატომ არის აუცილებელი დროებითი ბჟენის გამოყენება, რა ხნის განმავლობაშია შესაძლებელი მისი დატოვება?

- დროებითი ბჟენის გამოყენება საჭიროა, როცა ექიმი დაავადებულ კბილს მკურნალობს. ამ დროს კარიესის ღრუ უნდა დაიფაროს ბჟენით, რომლის მოხსნაც პაციენტს დისკომფორტს არ მოჰგვრის, არ მოითხოვს მექანიკურ დამუშავებას ბორმანქანის მეშვეობით. დროებითი ბჟენი კბილში რჩება სტომატოლოგთან მორიგ ვიზიტამდე.

- რას გულისხმობს ტერმინი კბილის აშენება? როდის ტარდება ეს მანიპულაცია?

- კბილის აშენება ანუ რესტავრირება საჭიროა მაშინ, როცა კბილის გვირგვინოვანი ნაწილი დაშლილია. ამ შემთხვევაში კბილის ფესვში მაგრდება სპეციალური ლითონის ან მინაბოჭკოვანი წკირი, რომელიც შემდეგ სხივით გამყარებადი ბჟენით შეიფუთება.

- რა პრობლემებს ქმნის მაღალი ბჟენი?

- მაღალი ბჟენი იწვევს ტკივილს კბილების ურთიერთშეხებისას, ყბის სახსრების დატვირთვას, რაც შეიძლება ართრიტის მიზეზად იქცეს. ყველა სტომატოლოგისთვის ცხადია - ბჟენი მაღალი არ უნდა იყოს, ის პაციენტს დისკომფორტს არ უნდა უქმნიდეს.

- როგორ უნდა მოვუაროთ კბილს დაბჟენის შემდეგ?

- განსაკუთრებული მითითება არ არსებობს. დაბჟენის შემდეგ უნდა დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენის ის წესები, რომლებიც ჩვეულებრივ არის რეკომენდებული.


- ადრე არსებობდა მკაცრი რეკომენდაცია - დაბჟენის შემდეგ ორი საათის განმავლობაში აკრძალული იყო ჭამა, წყლის დალევაც კი. რატომ უარყვეს დღეს ეს მოთხოვნა?

- ცემენტის ბჟენის გამოყენებისას ეს მოთხოვნა კვლავაც ძალაშია. ეს აკრძალვა არ ეხება ჰელიობჟენს, ვინაიდან ის სინათლის სხივის ზემოქმედებით სწრაფად მყარდება.

- როდის წყვეტს სტომატოლოგი, რომ კბილის დაბჟენა შეუძლებელია და აუცილებელია მისი ამოღება ან დაბჟენის შემდეგ სპეციალური საფარის გამოყენება, რასაც პაციენტები გადაკვრას უწოდებენ?

- ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა არაერთი ჩვენების საფუძველზე იქნეს მიღებული. მაგალითად, ქრონიკული ინფექციის, პერიოსტიტის დროს. ზოგჯერ კბილის ამოღება საჭირო ხდება პროთეზირებისას, მაგალითად, კბილის რკალგარეთ დგომისას. თუ კბილის გვირგვინი მეტისმეტად დაშლილია, დაბჟენილი კბილის სიმყარისა და გამძლეობის უზრუნველსაყოფად შესაძლოა საჭირო გახდეს გადაკვრა.

- რა იწვევს კბილებზე სხვადასხვა ფერის ლაქების გაჩენას და როგორია მათი ლიკვიდაციის გზები?

- კბილის ლაქა შესაძლოა გამოწვეული იყოს არაკარიესული დაავადებებით: ჰიპოპლაზიით, ფლუოროზით. ზოგჯერ კბილის ლაქა მედიკამენტისა და მავნე მძიმე მეტალების ზემოქმედების შედეგია. ამის მაგალითია მოყვითალო-მოყავისფრო ყაეთნის გაჩენა პრეპარატ ტეტრაციკლინის ზემოქმედებით, ყაეთნის გაჩენა ტყვიის ზემოქმედებით. ფლუოროზისთვის დამახასიათებელია "ჩოფურა" კბილები - კბილებზე ყავისფერი წვრილი ლაქების წარმოქმნა. ეს გამოწვეულია წყალში ფთორის უკმარისობით და ზოგიერთი რეგიონისთვის არის დამახასიათებელი. ჰიპოპლაზიის დროს ლაქები სიმეტრიულ კბილებზე ჩნდება.

ჰიპოპლაზია კბილის ჩანასახის მინერალიზაციის დარღვევის შედეგია, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ერთ წლამდე ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებამ და ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ. ჰიპოპლაზია უმთავრესად მეექვსე და საჭრელ კბილებს აზიანებს, ვინაიდან მათი ჩანასახები წლამდე ყალიბდება. ფლუოროზის სამკურნალოდ ტარდება ელექტროფორეზი ნატრიუმის ფთორიდით, ხოლო ჰიპოპლაზიის გამოსწორება დაბჟენით ხდება.

- რისი ბრალია ერთი შეხედვით ჯანსაღი, კარიესით დაუზიანებელი კბილების მომატებული მგრძნობელობა? როგორ შევამციროთ ამ დროს დისკომფორტი?

- კბილების მომატებული მგრძნობელობა დაკავშირებულია მინანქრის მიკროსკოპულ, თვალით უხილავ დეფექტებთან. ამ დროს პაციენტი გრძნობს ტკივილს ცივი, ცხელი, მჟავე საკვების შეხებისას. მომატებული მგრძნობელობისას რეკომენდებულია სპეციალური ფთორშემცველი კბილის პასტებისა და სავლები ხსნარების გამოყენება, ფთორ-ლაქით კბილების დაფარვა, ელექტროფორეზი.

- რატომ ჩნდება კბილის ქვები და გარდა კოსმეტიკურისა, რა პრობლემას უქმნის ისინი ადამიანს?

- კბილის ქვის წარმოქმნა იწყება საკვების ნარჩენებისგან, ბაქტერიებისა და ნერწყვის კომპონენტებისგან შემდგარი ნადების ფორმირებით. შემდგომ ის მინერალური ნივთიერებებით იჟღინთება. მისი ფერი მოყვითალო-თეთრიდან მოყავისფრომდე მერყეობს. ასეთი მუქი შეფერილობა საკვების ნარჩენების, მკვდარი უჯრედების, ბაქტერიების, ფოსფორის, რკინისა და კალციუმის შემცველობით არის გამოწვეული. კბილის ქვის ფორმირება დაახლოებით 4,5-6 თვე გრძელდება.

ქვა თავდაპირველად კბილის ყელის არეში წარმოიქმნება, მერე კი შეიძლება ნებისმიერი ადგილი დაფაროს. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს კბილის ქვების გაჩენას. ესენია გენეტიკური განწყობა, ნერწყვის თავისებურებები, კბილების არასწორი მდებარეობა, ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ზოგიერთი მედიკამენტი, თამბაქოს წევა. აქვე უნდა დავასახელოთ ისეთი ბანალური მიზეზები, როგორიც არის კბილების არარეგულარული წმენდა, არასათანადო კბილის პასტებისა და ჯაგრისების გამოყენება. კბილის ქვების პირველი სიმპტომებია ღრძილების ქავილი და სისხლდენისკენ მიდრეკილება, პირიდან არასასიამოვნო სუნი. კბილის ქვა აღიზიანებს ღრძილს, შესაძლოა, ანთების მიზეზადაც იქცეს, ქვის ქვეშ შესაძლოა კარიესი განვითარდეს. თანდათან ქვა ფესვისკენ იზრდება, ხდება ძვლის რეზორბცია, კბილი ირყევა, იქმნება ხელშემწყობი პირობები პაროდონტიტის განვითარებისთვის.

როგორც ვხედავთ, კბილის ქვა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. ის შესაძლოა რიგი დაავადების მიზეზად იქცეს. ამის გამო აუცილებელია კბილის ქვების წარმოქმნის პროფილაქტიკა. ამ მიზნით რეკომენდებულია კბილების რეგულარული და სწორი წმენდა, სათანადო კბილის პასტების, ჯაგრისების, სპეციალური კბილის ძაფების, სავლებების გამოყენება.

თუ პაციენტს უკვე აქვს კბილის ქვები, ჯობს დროულად მიმართოს სტომატოლოგს, ვინაიდან ქვების მოცილების პროცედურას სტომატოლოგი ატარებს. ის უმნიშვნელო დისკომფორტს იწვევს. სამწუხაროდ, მოცილების შემდეგ კბილის ქვები ხშირად ხელახლა წარმოიქმნება, ამიტომ რეკომენდებულია მათი მოცილება ექვს თვეში ერთხელ.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც კბილები კარიესით აქვს დაზიანებული?

- გახსოვდეთ: თუ კარიესულ კბილს დროულად არ უმკურნალეთ, იზრდება დაავადების პროგრესირების, მძიმე ფორმების - პულპიტის, პერიოდონტიტის - ჩამოყალიბების და, რაც ყველაზე არასასურველია, კბილის დაკარგვის ალბათობა.