კბილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კბილები

ადამიანს 32 მუდმივი კბილი აქვს, ყბის თითოეულ ნახევარზე - 8. კბილთა სახეები ფორმისა და ფუნქციის მიხედვით კბილები 4 ჯგუფად იყოფა:

1. საჭრელები - პირველი და მეორე კბილები;

2. ეშვები - მე-3 კბილი;

3. პრემოლარები - მცირე ძირითადები - მე-4 და მე-5 კბილები;

4. მოლარები - დიდი ძირითადები - მე-6, მე-7, მე-8 კბილები.

ადამიანი კბილებს ერთხელ იცვლის, ამის მიხედვით განასხვავებენ პირველი პერიოდის - სარძევე - და მეორე პერიოდის - მუდმივ კბილებს. ადამიანს 20 სარძევე კბილი აქვს: 4 საჭრელი, 2 ეშვი ანუ საკბეჩი და 4-4 დიდი ძირითადი კბილი თითოეულ ყბაზე.

მუდმივი კბილი 32-ია: 4 საჭრელი, 2 ეშვი, 4 მცირე ძირითადი და 6 დიდი ძირითადი კბილი თითოეულ ყბაზე.

საჭრელ კბილებზე ხუთ ზედაპირს განარჩევენ: ტუჩისას, ენისას, მედიალურს, დისტალურსა და საჭრელ კიდეს. ყველაზე განიერი გვირგვინი აქვს ზედა შუა საჭრელ კბილს, ყველაზე ვიწრო კი ქვედა მედიალურ საჭრელს.

ეშვებზე 5 ზედაპირს განასხვავებენ: ტუჩისას, ენისას, მედიალურს, დისტალურსა და საკბეჩ კიდეს, რომელზეც საჭრელი ბორცვია. ეშვები ყველაზე გრძელი კბილებია.

მეორე ძირითად კბილებზე ასევე ხუთი ზედაპირი განირჩევა. მათი საღეჭი ზედაპირი ოვალური ფორმისაა.

დიდი ძირითადი კბილების გვირგვინოვან ნაწილს კუბური ფორმა აქვს. მისი ზომა წინიდან უკან თანდათან იკლებს.

საჭრელ კბილებსა და ეშვებს თითო-თითო ფესვი აქვს. ზემოთა ეშვების ფესვები დანარჩენებზე მსხვილი და გრძელია.

მცირე ძირითად კბილებს ორ-ორი ფესვი აქვს.

ზედა ყბის მცირე ძირითადი კბილების ფესვი ზოგჯერ გაორკაპებულია.

ზედა ყბის დიდ ძირითად კბილებს სამ-სამი ფესვი აქვს. ორი ლოყისკენ არის მიმართული, მესამე კი სასისკენ.

ქვედა ყბის დიდ ძირითად კბილებს ორ-ორი ფესვი აქვს - წინა და უკანა.

სარძევე და მუდმივი კბილები ერთმანეთისგან განსხვავდება:

  • სარძევე კბილები დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები ზომისაა, ვიდრე მუდმივები.
  • სარძევე კბილებს მოთეთრო-მოლურჯო ფერი აქვს, მუდმივებს კი მოთეთრო-მოყვითალო.
  • სარძევე კბილების ბორცვები გაცვეთილია, მუდმივისა კი არა.
  • სარძევე კბილები მუდმივთან შედარებით უფრო სუსტად არის გამაგრებული კბილბუდეში.
  • სარძევე კბილებზე მინანქარი ყელის მიდამოში ცემენტზე გადასვლისას ქმნის ძგიდეს, მუდმივ კბილებზე კი მინანქარი შეუმჩნევლად გადადის ცემენტში.
  • სარძევე კბილების კბილის ღრუ მუდმივი კბილებისაზე დიდია.

კბილის აგებულება

ყოველი კბილი სამი ნაწილისგან შედგება: გვირგვინისგან - კბილის იმ ნაწილისგან, რომელიც პირის ღრუშია ამოსული, ყელისგან, რომლითაც გვირგვინი უერთდება ფესვს და ფესვისგან, რომელიც მდებარეობს კბილბუდეში და ძვლისსაზრდელათია გამაგრებული. გარეგნულად კბილი ძვალს წააგავს. მისი გვირგვინის სადაფივით მოელვარე ზედაპირს მინანქარი ეწოდება და უმნიშვნელო სისქისაა. მინანქარი, ისევე როგორც კბილის ყველა სხვა ნაწილი, ცოცხალი ქსოვილია. მის ქვეშ გვირგვინის ძირითადი ნივთიერება - დენტინია. კბილის ფესვოვანი ნაწილი ძვლის მსგავსი ქსოვილისგან - ცემენტისგან შედგება.

გვირგვინის შიგნით ღრუა, რომელიც ნაზი შემაერთებელი ქსოვილით - პულპით არის სავსე. იგი სპეციფიკური უჯრედების, დიდი რაოდენობით ნერვული ბოჭკოსა და სისხლძარღვებისგან შედგება.

პულპა კბილის ერთგვარი ცენტრია, რომელიც დენტინის მილაკებით კბილის ყველა ნაწილს უკავშირდება. სწორედ დენტინის მილაკების დამსახურებაა კბილის გაძლიერებული მგრძნობელობა ყოველგვარი ცვლილების მიმართ, რადგან 1 მმ2 დენტინზე 30 ათასამდე დენტინის მილაკია, რომლებიც მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს შეიცავენ.


სარძევე და მუდმივი კბილების განვითარება

სარძევე და მუდმივი კბილების განვითარება ჩანასახს მე-40-45-ე დღეს ეწყება. პირველად საჭრელები ვითარდება, შემდეგ მოლარები და ბოლოს ეშვები. მე-5 თვეს ნაყოფს უკვე აქვს ყველა სარძევე კბილის ჩანასახი, რომლებიც მეშვიდე თვეს გაძვალებას იწყებენ. ასევე ნაყოფის მუცლადყოფნის დროს ფორმირდება სარძევე კბილების გვირგვინები.

მუდმივი კბილები შემდეგი თანამიმდევრობით ვითარდება:

  • მუცლადყოფნის მე-5 თვეს - პირველი დიდი ძირითადი კბილის ჩანასახი;
  • მე-7-მე-8 თვეს - მუდმივი საჭრელი კბილებისა და ეშვების ჩანასახები;
  • სიცოცხლის მე-5 თვეს - მეორე დიდი ძირითადი კბილის ჩანასახი;
  • მე-10 თვეს - მცირე ძირითადი კბილების ჩანასახი;
  • 3-4 წლის ასაკში მე-3 დიდი ძირითადი (სიბრძნის) კბილის ჩანასახი. ამრიგად ბავშვს 3-4 წლის ასაკში სარძევე კბილებთან ერთად 32-ვე კბილის ჩანასახი აქვს.

სარძევე და მუდმივი კბილების ჩანასახთა განლაგების თავისებურებაზეა დამოკიდებული მათი ამოჭრის დროც. სარძევე კბილები, რომლებიც ნაყოფს მუცლადყოფნის მე-5 თვემდე უვითარდება, პირველად ამოიჭრება, ხოლო კბილები, რომლებიც ვითარდება მუცლადყოფნის მე-5 თვიდან 4 წლამდე, უფრო გვიან ამოდის და მუდმივია.

დაბადებიდან 6 თვემდე ახალშობილი რძით იკვებება და კბილები, როგორც მექანიკური აპარატი მაგარი საკვების გადამუშავებისთვის, არ სჭირდება. კბილების მაგივრად მას ღრძილების თავისუფალ კიდეზე აქვს ლორწოვანი გარსის მაგარი, მორგვისებური შემაღლება, რომლითაც წოვის დროს ადვილად უჭირავს ძუძუს დვრილი. სწორედ ამ მორგვის მიმართულებით მდებარეობს ამოსაჭრელი სარძევე კბილების გვირგვინის ნაპირები, რომლებიც მხოლოდ ლორწოვანი გარსით არიან დაფარული.

კბილების ამოჭრა

მოვლენას, რომლის დროსაც ირღვევა ღრძილის ლორწოვანი გარსის მთლიანობა და კბილი ჩნდება, კბილის ამოჭრა ჰქვია. კბილის ამოჭრისას იშლება კბილბუდის წინა კედელი და განიერდება კბილბუდის ხვრელი. კბილბუდის უკანა კედელი უცვლელი რჩება, რადგან მუდმივი კბილის ჩანასახს შეიცავს და ამავე დროს სწორ მიმართულებას აძლევს სარძევე კბილს. კბილი საბოლოოდ ამოჭრილია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ანტაგონისტ კბილს შეეხება.

კბილების ნორმალური ამოჭრა უდიდეს როლს ასრულებს თავად ყბების განვითარებაშიც. დროულ ამოჭრაზეა დამოკიდებული კბილის ირგვლივ მდებარე ქსოვილების (პაროდონტის) ზრდა-განვითარებაც.

კბილის ნაწილობრივი ამოჭრის შემთხვევაში პაროდონტი განუვითარებელი რჩება, კბილებს შორის წარმოიქმნება თავისუფალი სივრცეები, ირღვევა კბილთა ნორმალური განლაგება და სხვა.

კბილების ამოჭრაზე გავლენას ახდენს ზოგიერთი ფაქტორი: კვების თავისებურებანი, ღეჭვის ფუნქცია, ბავშვის ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, ჰავა და სხვა.

სარძევე კბილების ამოჭრა საშუალოდ 6 თვიდან იწყება და გარკვეული თანამიმდევრობით მიმდინარეობს. ქვედა ყბის კბილები უფრო ადრე ამოიჭრება. ერთი და იმავე სახის კბილები, ჩვეულებრივ, ერთად ამოდის. პირველად ამოიჭრება ქვედა ყბის შუა საჭრელი კბილები, შემდეგ - ზედა ყბისა. ქვედა და ზედა შუა საჭრელების შემდეგ ამოდის ქვედა ყბის გვერდითი საჭრელები, შემდეგ - ზედა ყბის თანამოსახელე კბილები.

პირველი წლის ბოლოს ბავშვს 8 საჭრელი აქვს. დაახლოებით ორთვიანი შესვენების შემდეგ ასეთივე თანამიმდევრობით ამოიჭრება პირველი სარძევე მოლარები: ჯერ ქვედა, შემდეგ ზედა. ორივე ყბაზე სარძევე მოლარების ამოჭრის შემდეგ ამოიჭრება ეშვები და ბოლოს მეორე სარძევე მოლარები.

სარძევე კბილების ამოჭრის ვადები ასეთია:

  • დაახლოებით 6-დან 9 თვემდე ამოდის შუა საჭრელი კბილები, შემდეგ კი წლამდე - დანარჩენი საჭრელები;
  • 12-დან 16 თვემდე - პირველი სარძევე მოლარები;
  • 15-დან 20 თვემდე - ეშვები;
  • 20-დან 30 თვემდე - მეორე სარძევე მოლარები.

ამრიგად, 2-2,5 წლის ბავშვს უკვე აქვს ყველა (20) სარძევე კბილი.

მუდმივი კბილების ამოჭრა 6 წლის ასაკიდან იწყება და 14 წლამდე გრძელდება. სიბრძნის კბილები კიდევ უფრო გვიან - 17-20 წლის ასაკში ამოიჭრება, თუმცა ზოგჯერ 40 წლამდეც იგვიანებს და არც ის არის გამორიცხული, სრულიად არ ამოიჭრას.

  • პირველად 6-დან 7 წლამდე ამოიჭრება პირველი დიდი ძირითადი კბილები.
  • 7-დან 9 წლამდე - საჭრელი კბილები (პირველად - შუა საჭრელები);
  • 9-დან 11 წლამდე - პირველი მცირე ძირითადი კბილები;
  • 11-დან 13 წლამდე - მეორე მცირე ძირითადი კბილები;
  • 12-დან 14 წლამდე - ეშვები;
  • 12-დან 13 წლამდე - მეორე დიდი ძირითადი კბილები;
  • 17-20 წლამდე - მესამე დიდი ძირითადი კბილები.

პირველი დიდი ძირითადი კბილის ამოჭრა ფრიად მნიშვნელოვანია, ამის შემდგომ იწყება სარძევე კბილების მუდმივით თანდათანობითი შეცვლა. ამ დროისთვის სარძევე კბილებს უკვე აღარ შეუძლიათ იმ დიდი სამუშაოს შესრულება, რომელსაც მათგან ორგანიზმი მოითხოვს. ისინი საამისოდ მეტისმეტად ნაზი და უკვე საკმაოდ გაცვეთილია, ამიტომ დიდსულოვნად უთმობენ ადგილს მუდმივ, გაცილებით დიდ და მძლავრ კბილებს. სარძევე კბილები იმავე თანმიმდევრობით ამოვარდება, როგორითაც ამოიჭრა.

სარძევე კბილების მუდმივით შეცვლის პარალელურად იზრდება თავად ყბის ძვლებიც. საბოლოოდ ფორმირდება მძლავრი და ძლიერი საღეჭი აპარატი, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე უმნიშვნელოვანესი ფუნქციის - საკვების მექანიკური დამუშავების - განხორციელება ევალება.