სახის ტრავმები

ამიტომ სახის ძვლების მცირე ტრავმაც კი ადამიანს დიდ უსიამოვნებად ექცევა ხოლმე. ექიმი ქეთევან მაისურაძე იმ პათოლოგიებზე გვესაუბრება, რომლებსაც სახის ძვლების ტრავმა უდებს სათავეს:
- პირდაპირი მექანიკური ტრავმის შედეგად ზედა ყბისაზე ხშირად ქვედა ყბის ძვალი ზიანდება, თუმცა ტრავმის შემდგომი სახის დეფორმაცია უფრო ზედა ყბის მოტეხილობისთვის არის დამახასიათებელი, რადგან ამ დროს ხშირად ზიანდება ცხვირის ძვლები, ორბიტის კედლები და ყვრიმალის ძვლები. რაც შეეხება ქვედა ყბას, ის, ჩვეულებრივ, სუსტ ადგილებში ტყდება: ყბის ძვლის შუა ხაზზე, ეშვების დონეზე, ქვედა მერვე კბილის არეში და ყბის ძვლის კუთხეში.
მოტეხილობა შესაძლოა იყოს როგორც ერთეული, ისე მრავლობითი. ყბის ძვლების მოტეხილობას ყოველთვის სდევს თან ლორწოვანი გარსის დაზიანება. ამ დროს დაზიანებული ყბის არეში ვითარდება ძლიერი ტკივილი, რომელიც ძლიერდება მეტყველების, პირის გაღებისა და საკვების მიღების დროს, პირი არ იკუმება, ძლიერდება ნერწყვდენა, დაზიანებული ადგილიდან დის სისხლი. ყბის ძვლის მრავლობითი დაზიანებისას გამორიცხული არ არის ენის გადაყლაპვა, რაც მოგუდვის საშიშროებას ქმნის. როდესაც ყბის ძვლის დაზიანებას ერთვის თავის ტვინის შერყევაც, დაშავებული მცირე ხნით გონს კარგავს, აღებინებს, უვითარდება რეტროგრადული ამნეზია. დაზიანებული ადგილიდან ჩირქის დენა მაშინ იწყება, თუ დაშავებულმა სტაციონარში მისვლა დააგვიანა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- სახის ტრავმული დაზიანების დროს რა არის მკურნალობის ძირითადი ამოცანა?
- დაზიანებული ორგანოს ფორმისა და ფუნქციის აღდგენა, ანთებითი გართულებებისა და ტრავმისშემდგომი დეფორმაციების პროფილაქტიკა. უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ტკივილის გაყუჩება, დაშავებულის დამშვიდება, მოტეხილი ძვლის ფიქსაცია და სტაციონარში რაც შეიძლება სწრაფად გადაყვანა, სადაც დაზიანების სიმძიმის, ტრავმის მიმდინარეობის და კლინიკური გამოვლინებების გათვალისწინებით სათანადო მკურნალობა ჩაუტარდება.
- სტომატოლოგიაში არანაკლებ მწვავედ დგას კბილების ამოღების შემდგომ ძვლოვანი ქსოვილის ატროფიის (განლევის) პრობლემა, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის დენტალურ იმპლანტაციას. რას უკავშირდება ეს სირთულეები?
- ალვეოლური მორჩის მნიშვნელოვანი განლევა ძვლოვანი ქსოვილის პროგრესირებადი ატროფიის შედეგია, რომელიც ქვედა ყბის ნერვის დაზიანების, ფსკერის პერფორაციისა და ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის გახეთქვის მაღალი ალბათობის გამო შეუძლებელს ხდის დენტალურ იმპლანტაციას. ამის უმთავრესი მიზეზია კბილების ნაადრევი დაკარგვა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და ის დაავადებები, რომლებიც, საზოგადოდ, ძვლოვანი ქსოვილის ატროფიით მიმდინარეობს. დადგენილია, რომ ალვეოლური ძვალი კბილის ამოღებიდან 3 წლის შემდეგ 40-60%-ით პატარავდება. ატროფიის პროცესი შემდგომაც გრძელდება - ძვლის ზომა ყოველწლიურად 0,5-1%-ით იკლებს.
- რატომ არ შეიძლება ატროფირებულ ყბის ძვალში იმპლანტანტის მოთავსება?
- დენტალური იმპლანტაცია წარმატებით რომ განხორციელდეს, ალვეოლური მორჩი სათანადო სიმაღლისა და სიგანისა უნდა იყოს: იმპლანტანტის როგორც გარეთა, ისე შიგნითა მხარეს 1-2 მმ ძვლოვანი ქსოვილია საჭირო, - განლეული ძვალი კი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ მასზე ხელოვნური ფესვების შექმნა დაუშვებელია. ალვეოლური მორჩის სათანადო სიმაღლე და სიგანე ასევე აუცილებელია კბილების ოპტიმალური ფუნქციური და ესთეტიკური რეკონსტრუქციის დროსაც.
- რით შეგიძლიათ დაეხმაროთ პაციენტს, რომელსაც ალვეოლური მორჩი განლეული აქვს?
- ამ მხრივ უკანასკნელ ხანს მიღწეულ წარმატებათა მიუხედავად, პროთეზირებისა თუ დენტალური იმპლანტაციის დროს განლეული ალვეოლური მორჩის გასადიდებელი მასალის შერჩევა პრობლემად რჩება, რადგან ყოველ ცალკეულ შემთხვევაში აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის მორფოფუნქციურ თავისებურებათა გათვალისწინება. უპირველეს ყოვლისა, ვიყენებთ ოსტეოპლასტიკურ მეთოდს. ეს არის იმ მეთოდების ერთობლიობა, რომლებიც ძვლის მოცულობის გაზრდას, ხარისხობრივ გაუმჯობესებას გულისხმობს. მისი მიზანი ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაცია და აღდგენაა. ოსტეოპლასტიკის წარმატება ფაქტორების მთელ წყებაზეა დამოკიდებული: დაზიანების ლოკალიზაციასა და გავრცელებაზე, დეფექტის ზონაში ძვლოვანი ქსოვილის ატროფიის ხარისხსა და ოსტეოპლასტიკისთვის აუცილებელი მასალების სწორ შერჩევაზე.
- რომელი მასალები გამოიყენება ოსტეოპლასტიკისთვის?
- აუტოძვალი, ალოგენური ძვალი, ქსენოძვალი და ოსტეოინდუქციური მასალები. საუკეთესო შედეგს აუტოძვლის გამოყენებისას ვიღებთ - დაზიანებული მორჩის არეში პაციენტს საკუთარ ძვალს ვუნერგავთ, ამიტომ უცხო სხეულის მოცილების იმუნური რეაქციისგან დაზღვეულნი ვართ. უკანასკნელ ხანს უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ალოგენური ძვლის ანუ ალოპლასტების ჩანერგვას. ალოგენური ძვალი კალციუმის ფოსფატის ფუძეზე დამზადებული კერამიკული მასალაა, რომელიც ადვილად ეთავსება ადამიანის ქსოვილებს და ძვლის ზრდისთვის საჭირო საფუძვლის შექმნას უწყობს ხელს. ალოპლასტებს ყველაზე ხშირად ყბის ძვლის განლევისას წარმოქმნილი დეფექტების დასახურავად, ძვალსა და კონსტრუქციას შორის დარჩენილი სიცარიელის ამოსავსებად იყენებენ. აღსანიშნავია, რომ მათი გამოყენება თანაბრად შესაძლებელია ალვეოლური მორჩის როგორც ადრეული, ისე მოგვიანებითი იმპლანტაციისთვის მოსამზადებლად.