ალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობები

ჩვენი რუბრიკის ერთგულ მკითხველთა ინტერესის გათვალისწინებით, წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ: ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებზე, ხელშეკრულების დადების პირობებზე, მესამე პირთა სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლაზე, ვალდებულების არსებობის პრეზუმფციასა და მისი კეთილსინდისიერად შესრულების აუცილებლობაზე, კრედიტორისა და მოვალის მიერ ვადის გადაცილების შედეგებზე, ვალდებულების დარღვევაზე, ზიანის ანაზღაურების მოვალეობასა და ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვინაიდან ვალდებულებითი სამართალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ყველაზე ვრცელი ნაწილია, მასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებზე ჟურნალის მომდევნო ნომრებშიც მოგვიწევს საუბარი. მკითხველებს მივაწვდით ბევრ საინტერესო ინფორმაციას, რომელშიც მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის დღიდან (1997 წლის 25 ნოემბერი) დღემდე მასში შეტანილ ყველა ცვლილებას გავითვალისწინებთ.

ვალდებულებითი სამართალი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას, რომელიც არეგულირებს ქონების გადაცემასთან, სამუშაოს შესრულებასთან, მომსახურების გაწევასთან, ზიანის მიყენებასთან, უსაფუძვლო გამდიდრებასა და სხვა ამგვარ მოქმედებებთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს. იგი შედგება ზოგადი და კერძო ნაწილისგან.

ზოგადი ნაწილი მოიცავს ნორმებს, რომლებიც თანაბრად გამოიყენება ყველა ვალდებულების მიმართ, კერძო ნაწილში კი თავმოყრილია ისეთი ნორმები, რომლებიც არეგულირებს ცალკეულ ვალდებულებებს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა ნასყიდობის, ქირავნობის, სესხის, ნარდობის და სხვა ხელშეკრულებები.

ვალდებულება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობაა. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღსანიშნავია, რომ შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებითაც.

ხელშეკრულების და ხასიათის გათვალისწინებით, მოვალე ვალდებულია შეასრულოს მეორე მხარის ანუ კრედიტორის სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება. ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია, მონაწილეთა შორის დაიდოს ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

  • სახელდობრ, ვინ არიან ვალდებულების სუბიექტები?

- ვალდებულების სუბიექტები არიან მასში მონაწილე პირები; ისინი იწოდებიან კრედიტორებად და მოვალეებად.

კრედიტორი ვალდებულების ის მხარეა, რომელსაც განსაზღვრული მოქმედების შესრულების უფლება აქვს, მოვალე კი ის მხარე, რომელმაც უნდა შეასრულოს კრედიტორის მოთხოვნა. ვალდებულების შესრულებით დაინტერესებული უნდა იყოს კრედიტორიც და მოვალეც.

კანონის თანახმად, ვალდებულების შესრულებისას თითოეულმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს მეორე მხარეს მისი ვალდებულების შესრულებაში. უფრო მეტიც - ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

  • როგორ გავიგოთ ტერმინი “ვალდებულების ობიექტი” და რა ვალდებულებას აკისრებს მას კანონი?

- ვალდებულების ობიექტს წარმოადგენს ის, რაზეც მიმართულია კრედიტორის უფლება და მოვალის ვალდებულება. რამდენადაც კრედიტორის უფლება და მოვალის ვალდებულება მიმართულია მოქმედების შესრულებისკენ ან მისი შესრულებისგან თავის შეკავებისკენ, ისინი შეიძლება გამოხატული იყოს ქონების გადაცემით. მაგ., ნასყიდობის დროს სამუშაოს შესრულებით და ამასთან დაკავშირებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით.

კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულება - ესაა კერძო პირთა შეთანხმება, რომლითაც მხარეებს წარმოეშობათ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. არსებობს როგორც ყოველდღიური წვრილმანი, ისე რთული და დიდ ფინანსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები.

ვალდებულების საფუძველია გარიგება, სწორედ მის ყველაზე გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს ხელშეკრულება. ხელშეკრულების გარდა, ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები ზოგჯერ კანონითაა გათვალისწინებული და მათ კანონისმიერი ვალდებულებები ეწოდება.

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეწარმეებს გარიგების დასადებად მრავალ ქვეყანაში უხდებათ მოგზაურობა, მაგრამ სანამ ხელშეკრულება დაიდება, ხშირად აუცილებელია მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება - ბაზრის შესწავლა, პარტნიორების გაცნობა, ბიზნესგეგმების დამუშავება, მოლაპარაკებები, კონსულტაციები და სხვა. ყოველივე ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც მხარეები თვითონ კისრულობენ. ვინაიდან იყო შემთხვევები, როცა ყველაფერი მომზადდა, მაგრამ ერთი მხარის ბრალით ხელშეკრულება არ დაიდო და რეალურად მეორე მხარეს მოუწია ხარჯების გაწევა, სასამართლო პრაქტიკამ ჩამოაყალიბა ნორმა, რომლის თანახმადაც, თუ ხელშეკრულება არ დაიდო ერთ-ერთი მხარის ბრალეული მოქმედებით, მეორე მხარეს შეუძლია მოსთხოვოს მას იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დასადებად გასწია.

ხელშეკრულების ძალით, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას, შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების თავისუფლება საბაზრო ეკონომიკის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. თავისუფლების პრინციპი ორი ნაწილისგან შედგება: ერთი მხრივ, იგი მოიცავს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, მეორე მხრივ - ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. მხარეებს ასევე შეუძლიათ, შეწყვიტონ ხელშეკრულება.


  • აქვთ თუ არა უფლება კერძო სამართლის სუბიექტებს, დადონ ისეთი ხელშკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული?

- დიახ, მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არც ეწინააღმდეგება მას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დასაცავად ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომელთა თაობაზეც, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ან რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონით.

ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) შეთავაზებულად ითვლება, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. თუ მეწარმე ოფერტს უარყოფს, ხოლო საქონელი უკვე გაგზავნილია, იგი ვალდებულია, ზიანის თავიდან ასაცილებლად ოფერენტის ხარჯზე დროებით შეინახოს საქონელი ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს მას.

  • რომელ გამონათქვამს უნდა მიენიჭოს უპირატესობა ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხავი გამონათქვამების დროს?

-მოქმედი კანონის თანახმად, ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხავი ან მნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა ენიჭება იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესიტყვება ხელშეკრულების შინაარსს. ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მთელი თავისი მომავალი ქონება ან ქონების ნაწილი გადასცეს სხვას ან უზუფრუქტით დატვირთოს იგი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულება დადებულია მომავალი ქონების ცალკეულ ნივთებზე.

ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მთელი თავისი ამჟამინდელი ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს სხვას ან უზუფრუქტით დატვირთოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულება დადებულია ამჟამინდელი ქონების ცალკეულ ნივთებზე (08.12.2006 წ. #3879, ძალაშია 2007 წლის 15 მარტიდან).

  • რა შემთხვევაში შეიძლება ბათილად იქნეს მიჩნეული სამკვიდრო ქონების შესახებ დადებული ხელშეკრულება?

- ბათილია პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებული ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ იგივე წესი მიესადაგება პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროდან გამომდინარე სავალდებულო წილის ან საანდერძო დანაკისრის შესახებ ხელშეკრულების მიმართ. ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, საკუთრება უძრავ ნივთზე გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, აუცილებლად უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით და მოხდეს შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულება ორი ან მეტი პირის შეთანხმებაა, რომლითაც ისინი კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას ისახავენ მიზნად და ამისათვის მზად არიან დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი, ე.ი ორმხრივად შეიბოჭონ თავი.

სახელშეკრულებო შებოჭვა გულისხმობს, რომ ხელშეკრულების მხარეს ცალმხრივად, თავისუფლად არ შეუძლია ნაკისრი ვალდებულების უარყოფა, რადგან მეორე მხარეს შეუძლია იძულებით მოითხოვოს ნაკისრის შესრულება. იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ იღებს სარგებელს საგნის სათანადო გამოყენების დარღვევის გამო, თუმცა მას სარგებლის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, იგი ვალდებულია, კრედიტორს აუნაზღაუროს სარგებლის მიუღებლობით გამოწვეული ზიანი. ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის შეტყობინებით.

დაუშვებელია ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუ მოვალეს შეეძლო გაქვითვის გზით შეესრულებინა ვალდებულება და გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ განაცხადებს ვალდებულების გაქვითვის შესახებ. მაგრამ თუ ხელშეკრულება დადებულია იმ პირობით, რომ მოვალემ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა დაკარგოს თავისი უფლებები, თუ თავის ვალდებულებას არ შეასრულებს, ამ შემთხვევაში კრედიტორს ამ ფაქტის დადგომისას შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის ყოველგვარი შეთანხმება არ წარმოადგენს ხელშეკრულებას. ასეთებია: ე.წ. ჯენტლმენური და მეგობრული შეთანხმება.

ჯენტლმენურია შეთანხმება, როცა მხარეები თანხმდებიან განსაზღვრული მოქმედების შესრულებაზე, მაგრამ მას სამართლებრივად სავალდებულო ხასიათს არ ანიჭებენ.

მეგობრულია შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მხარეები ასრულებენ განსაზღვრულ მოქმედებებს არა სამართლებრივი შებოჭვის გზით, არამედ მეგობრობის, კოლეგიურობის, მეზობლობის, ურთიერთპატივისცემის გრძნობიდან გამომდინარე.

ხელშეკრულების დადების დროს მხარეები თვითონ უნდა შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რა პირობები ჩაითვლება არსებითად.

  • მაინც რა პირობები ჩაითვლება არსებითად ხელშეკრულების დადების დროს?

-ხელშეკრულების დადების დროს არსებით პირობებად შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულების სახე, ხელშეკრულების მხარეები, მათ მიერ განსახორციელებელი შესრულება და სხვა. ხელშეკრულების არსებითი პირობები განისაზღვრება ოფერტში (ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადებაში). ამ შემთხვევაში აუცილებელია ორივე მხარის ნების გამოვლინება ერთმანეთს ემთხვეოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ბათილი იქნება.