ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ქონებრივი უფლებების მართვა კოლექტიურ საფუძველზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ქონებრივი უფლებების მართვა კოლექტიურ საფუძველზე

ჩვენი ჟურნალის ამ და მომდევნო ნომრებში დავასრულებთ წინა ნომრებში დაწყებულ საუბარს, რომელიც მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების საქმიანობის სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა.

რუბრიკის ერთგულ მკითხველთა თხოვნით, რომლებიც მითითებულ ტელეფონის ნომერზე ხშირად გვეხმიანებიან, განვმარტავთ: როგორია სახელმწიფო პოლიტიკა საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში; ვინ და რა სახით ახორციელებს მათი ქონებრივი უფლებების მართვას კოლექტიურ საფუძველზე; როგორი წესით ხდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა; რით განისაზღვრება მისი საქმიანობა, უფლება მოვალეობები და სხვა. დაპირებისამებრ, აქვე ვუპასუხებთ მკითხველთა შეკითხვებს.

საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“. მისი სტატუსი და უფლებამოსილება დგინდება საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი დებულების საფუძველზე. იგი უფლებამოსილია:

  • უზრუნველყოს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები მისი განვითარების შესახებ;
  • წარმოადგინოს საქართველო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში;
  • განახორციელოს ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • თავისი წარმომადგენლის მეშვეობით სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საერთო კრებისა და სამეთვალყურეო ორგანოების სხდომებში, ხოლო თუ ორგანიზაცია არღვევს საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნებს, ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივ და უცხოელ უფლების მფლობელთა ქონებრივი უფლებების ეფექტიანად მართვასა და განხორციელებას, აგრეთვე აღნიშნული უფლებების გამოყენების პროცესში არღვევს მოსარგებლეთა კანონიერ ინტერესებს, ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებაზე განსახილველად დააყენოს შესაბამისი საკითხები.

გთხოვთ, აგვიხსნათ, რა ვადით მოქმედებს შემსრულებლის უფლება და ამ შემთხვევაში საიდან აითვლება ვადა. გვაინტერესებს შემსრულებლის სახელისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების საკითხიც - აქაც ხომ არ არის განსაზღვრული რაიმე ვადები და გადადის თუ არა ეს უფლებები მემკვიდრეობით?

- “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლება მოქმედებს პირველი შესრულებიდან 50 წლის განმავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში შესრულების ჩანაწერი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ვადა გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება შემსრულებლის სახელის უფლებას და რეპუტაციის პატივისცემის უფლებას, ისინი დაცულია უვადოდ, თუმცა ეს უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის.

მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები ქვეყანათა უმრავლესობის ანალოგიურ ორგანიზაციებთან.

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა მიერ. იგი არ არის შემოქმედებითი კავშირი და მასზე არ ვრცელდება „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ორგანიზაცია იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

თუ ორგანიზაციის წესდება შეესაბამება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მისი რეგისტრაციის შესახებ და გასცემს რეესტრიდან ამონაწერს. მხოლოდ ამის შემდეგ არის უფლებამოსილი ზემოაღნიშნული ორგანიზაცია, განახორციელოს ქონებრივი უფლებების მართვა.


გთხოვთ, აგვიხსნათ, რა ვადით მოქმედებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საეთერო (საკაბელო) მაუწყებლობის ორგანიზაციისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება.

- საეთერო (საკაბელო) მაუწყებლობის ორგანიზაციის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ასეთი ორგანიზაციის მიერ ეთერში (კაბელით) პროგრამის პირველად გადაცემის შემდეგ. რაც შეეხება მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებას, იგი მოქმედებს მონაცემთა ბაზის დამზადებიდან 15 წლის განმავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში მონაცემთა ბაზა გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, 15 წელი აითვლება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან.

საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული ვადების ათვლა იწყება იმ წლის მომდევნო წლის პირველი იანვრიდან, როდესაც დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველია.

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა და ამ მიზნით გამოიყენოს ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელზეც უფლებები მას გადაცემული აქვს სამართავად კოლექტიურ საფუძველზე. აღნიშნული ორგანიზაცია მოქმედებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და რომელიც მას წესდების საფუძველზე მიენიჭა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისაგან.

იმ ორგანიზაციის წესდება, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უნდა შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც შეესაბამება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ორგანიზაციის საქმიანობაზე ხელმძღვანელობას ახორციელებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელები, რომელთა ქონებრივ უფლებებსაც მართავს ეს ორგანიზაცია.

გადაწყვეტილებებს ჰონორარის ოდენობისა და მოსარგებლეებისთვის ლიცენზიების გაცემის პირობების, შეგროვებული ჰონორარის განაწილებისა და გადახდის წესის, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე იღებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელები კოლეგიურად, საერთო კრებაზე.

გამოიყენება თუ არა იმ ორგანიზაციის მიმართ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს?

- არა, არ გამოიყენება. მოქმედი კანონის თანახმად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. ორგანიზაცია ვალდებულია, გამოაქვეყნოს საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიში, რომელშიც უნდა მიუთითოს: წლიური შემოსავალი; ადგილობრივი და უცხოელი უფლების მფლობელებისთვის შეგროვილი და განაწილებული ჰონორარების ოდენობა; სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია, „საქპატენტს“ წარუდგინოს: წესდება და ინფორმაცია მასში ცვლილების შეტანის შესახებ; ინფორმაცია საზოგადოების მართვის ორგანოებში შემავალი პირებისა და აღნიშნულ ორგანოებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ; სხვა ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადებული ხელშეკრულებები; საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტების გამოყენებისთვის დადგენილი ტარიფები და ინფორმაცია ტარიფებში ცვლილების შეტანის თაობაზე; ხელმძღვანელობისა და მართვის ორგანოების სხდომის ოქმი; წლიური ანგარიში; სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საქმეზე, რომელშიც ის მონაწილეობდა.

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია, ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების მოწვევის შესახებ „საქპატენტის“ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 3 თვის ვადაში მოიწვიოს ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება.

ამ საკითხით დაინტერესებულ მკითხველთა საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ „საქპატენტისათვის“ წარდგენილი ინფორმაცია საჯაროა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)