საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა მოქმედი კანონის შესაბამისად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა მოქმედი კანონის შესაბამისად

- კანონით ნებადართულია ნაწარმოების გამოყენება ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს მითითება. ზემოაღნიშნული პირობების დაცვით გათვალისწინებულია: - მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით; მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციის სახით, გამოცემებში, რადიო და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფოტო და ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით; მიმდინარე ეკონომიკურ, სოციალურ და რელიგიურ საკითხებზე პერიოდული გამოცემების, სტატიების ან საჯაროდ გადაცემული მსგავსი შინაარსის ნაწარმოებების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა სპეციალურად არ არის აკრძალული ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ. ამასთან ავტორს უნარჩუნდება ასეთი ნაწარმოების კრებულში გამოცემის უფლება; მიმდინარე მოვლენების პროცესში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში ფოტოგრაფირების, ეთერში ან კაბელით გადაცემის გზით, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო გზით.

გთხოვთ აგვიხსნათ, არის თუ არა კანონით გათვალისწინებული საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და სხვა მსგავსი ნაწარმოებების, მათ შორის სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვების რეპროდუცირება და თუ ეს დასაშვებია, როგორი სახით?

- კანონით ნებადართულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით, საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და მსგავსი ნაწარმოებების, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა პერიოდული გამოცემების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით. ამასთან ავტორს უნარჩუნდება ასეთ ნაწარმოებთა ცალკე კრებულად ან წიგნად გამოცემის განსაკუთრებული უფლება. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონით ნებადართულია თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში მუდმივად განლაგებულ არქიტექტურული, ფოტოგრაფიული, სახვითი ხელოვნების ნაწარმოებთა რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაწარმოების გამოსახულება წარმოადგენს ასეთი რეპროდუცირების ან საჯარო გადაცემის ძირითად ობიექტს ან გამოიყენება მოგების მიღების მიზნით. აღსანიშნავია, რომ საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაცია უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის დამატებითი ჰონორარის გადახდის გარეშე, მოკლევადიანი სარგებლობისათვის ჩაწეროს ის ნაწარმოებები, რომელთა ეთერში გადაცემის უფლებაც მიიღო აღნიშნულმა ორგანიზაციამ შემდეგი პირობების დაცვით: ჩანაწერის დამზადება თავისი მოწყობილობის მეშვეობით, საკუთარი გადაცემისთვის; ჩანაწერის განადგურება დამზადებიდან 6 თვის შემდეგ, თუ უფრო ხანგრძლივი ვადა არ იყო შეთანხმებული ჩაწერილი ნაწარმოების ავტორთან. მნიშვნელოვანია, რომ ავტორის თანხმობის გარეშე ოფიციალურ არქივში შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ დოკუმენტური ხასიათის ჩანაწერი.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი ითვალისწინებს კომპიუტერული პროგრამის თავისუფლად გამოყენებას. იქნებ დეტალურად აგვიხსნათ, რა პირობების დაცვაა საჭირო ასეთ შემთხვევაში, რა უფლებები აქვს პირს, რომელიც მართლზომიერად ფლობს კომპიუტერული პროგრამის ეგზემპლარს, როგორ გამოიყენება ასეთი სახით მოპოვებული ინფორმაცია და სხვა.

- პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს კომპიუტერული პროგრამის ეგზემპლარს, უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე განახორციელოს კომპიუტერული პროგრამის დეკომპილაცია (კვლავ აწარმოოს და გარდაქმნას ობიექტური კოდი საწყის ტექსტში), აგრეთვე დაავალოს დეკომპილირება სხვა პირებს იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია მის მიერ დამოუკიდებლად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამასა და სხვა პროგრამებს შორის ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად, შემდეგი პირობების დაცვით: თუ ეს მოქმედებები განახორციელა პირმა, რომელსაც ჰქონდა პროგრამის ეგზემპლარის გამოყენების უფლება ან მისი სახელით სხვა პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი ნებართვა; ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად საჭირო ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ადრე არ ყოფილა ხელმისაწვდომი მისთვის; ეს მოქმედებები ეხება დეკომპილირებული პროგრამის იმ ნაწილებს, რომლებიც აუცილებელია ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად; დეკომპილირების შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ დამოუკიდებლად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამასა და სხვა პროგრამებს შორის ურთიერთქმედების უნარის მისაღწევად. ეს ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამოყენებულ იქნეს ახალი კომპიუტერული პროგრამის შესამუშავებლად, რომელიც არსებითად მსგავსია დეკომპილირებული პროგრამის ან სხვა ისეთი მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც არღვევს საავტორო უფლებას.


ჩვენი ჟურნალის მკითხველთა ერთ ნაწილს აინტერესებს: როდის წარმოიშობა საავტორო უფლება, როგორია მისი ხანგრძლივობა, არსებობს თუ არა უვადო საავტორო უფლებები, შეიძლება თუ არა ვადაგასული საავტორო უფლების გამოყენება, გადაიცემა თუ არა საავტორო უფლება კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით და სხვა. საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში. კანონით გათვალისწინებული ვადების ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა მოხდება ფსევდონიმით ან ანონიმურად, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში ამ ფაქტის მართლზომიერი დადგომის თარიღიდან. საავტორო უფლება თანაავტორობით შექმნილ ნაწარმოებებზე მოქმედებს თითოეული თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა ხდება ტომებად, ნაწილებად, გამოშვებებად ან ეპიზოდებად, ხოლო საავტორო უფლების დაცვის ვადა აითვლება ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის თარიღიდან, ეს ვადა გამოითვლება თითოეული ასეთი ნაწარმოებისათვის. საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე მოქმედებს ზემოაღნიშნულ ავტორთაგან (თანაავტორთაგან) უკანასკნელის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. იმ პირის ქონებრივი საავტორო უფლება, რომელმაც მართლზომიერად განახორციელა იმ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა ადრე არ მომხდარა, მოქმედებს 25 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტის დადგომის თარიღიდან.

რა სახის საავტორო უფლებების დაცვა ხორციელდება უვადოდ?

- მოქმედი კანონის თანახმად, უვადოდ ხორციელდება ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის უფლების, სახელის უფლების, ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა. საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია სხვა ავტორის მოერ ნაწარმოების სახელწოდების გამოყენება იმავე ჟანრის ნაწარმოებისათვის, თუ ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ავტორთა აღრევა, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოები, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია, შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე. ამასთან დაცული უნდა იყოს ავტორობის, სახელის, ნაწარმოების ხელშეუხებლობის და რეპუტაციის პატივისცემის უფლებები. ეს წესი ვრცელდება იმ ნაწარმოებებზედაც, რომელიც არ იყო დაცული საქართველოს ტერიტორიაზე. საავტორო უფლება გადაიცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით. აქვე განვმარტავთ, რომ კანონით მემკვიდრეებზე საავტორო უფლების მოქმედების ვადის ფარგლებში გადადის ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლებები, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ავტორობის, სახელისა და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის. მემკვიდრეებს უფლება აქვთ განახორციელონ აღნიშნულ პირად უფლებათა დაცვა. მათი ეს უფლებამოსილება ვადით არ იზღუდება. თუ ავტორის მიერ მის სიცოცხლეში სხვა რამ არ იყო განსაზღვრული, მისი პირადი უფლებებიდან მემკვიდრეობით გადადის უფლება, ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა). აღნიშნული უფლება მემკვიდრეებზე გადადის საავტორო უფლების მოქმედების ვადით.

ვინ გადაწყვეტს სადავო საკითხს იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრეები არ არსებობენ ან არაჯეროვნად ასრულებენ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის დაცვას?

- თუ მემკვიდრეები არ არსებობენ ან არაჯეროვნად ახორციელებენ მათზე დაკისრებულ უფლებებს, ამ უფლების დაცვას აწარმოებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი". ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს შეუძლია ყველა ქონებრივი უფლება ან მათი ნაწილი გადასცეს უფლებამონაცვლეს. საავტორო ხელშეკრულებით გადაცემული უფლება ჩაითვლება ჩვეულებრივ უფლებად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შემთხვევაშიც კი ავტორს ამ ნაწარმოების გამოყენების უფლება უნარჩუნდება თავის ნაწარმოებთა მხოლოდ სრული კრებულის გამოცემისას, თუ განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შედეგად - თარიღიდან, როდესაც გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით ნაწარმოები საზოგადოებისათვის  ხელმისაწვდომი გახდა, გასულია 5 წელი. ამასთან ავტორს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ასეთი ნაწარმოები სრული კრებულისგან დამოუკიდებლად.

გთხოვთ აგვიხსნათ, რით განსხვავდება განსაკუთრებული ლიცენზია ჩვეულებრივისგან.

- ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი ლიცენზიატს აძლევს უფლებას გამოიყენოს ნაწარმოები იმ პირთა თანაბრად, რომლებმაც მიიღეს ასეთი ნაწარმოების იმავე სახით გამოყენების უფლება. რაც შეეხება განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებას, ამ შემთხვევაში ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი მხოლოდ ლიცენზიატს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახით და ფარგლებში და მასვე ანიჭებს უფლებას აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ. სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: გამოსაყენებელი ნაწარმოების ზუსტ აღწერას (სახელწოდება, მოცულობა, ჟანრი), მისი გამოყენების კონკრეტულ სახეს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას და ტერიტორიას, ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესს და ჰონორარის ოდენობას ნაწარმოების გამოყენების ყოველი სახისათვის, მისი გადახდის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, იგი შეიძლება გააუქმოს ავტორმა ან საავტორო უფლების სხვა მფლობელმა მისი დადებიდან 3 წლის შემდეგ. ლიცენზიატს აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს წერილობითი ხელშეკრულების გაუქმებამდე 6 თვით ადრე. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ტერიტორია, იგი მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. დღეს აქ შევწყვეტთ ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივ საკითხებზე საუბარს. საავტორო უფლებათა გადაცემის, ნაწარმოების შექმნისა და სალიცენზიო ხელშეკრულების ფორმის, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების, საავტორო უფლებათა მომიჯნავე უფლებების დაცვის, შემსრულებლის უფლებების, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებელთა განსაკუთრებული უფლებების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი ჟურნალის შემდეგ ნომერში ვესაუბრებით დაინტერესებულ მკითხველს.