ოჯახი და სამართალი
.
მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსია ენიშნება გარდაცვლილის ყოველ არასრულწლოვან შვილს, სრულწლოვანების - 18 წლის - მიღწევამდე. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება ან პენსია, ან "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" სახელმწიფო კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაცია. ამასთან, დაუშვებელია მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნისას გარდაცვლილის ოჯახის რომელიმე წევრისთვის მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.
-
ადრე მოქმედი კანონით, სტუდენტებზე მარჩენალის დაკარგვის გამო დანიშნული პენსიის გაცემა გრძელდებოდა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდში, 23 წლამდე. ძალაშია თუ არა აღნიშნული წესი ამჟამად?
- შვილებს მარჩენალის დაკარგვის გამო დანიშნული პენსია, 2006 წლის 1 იანვრიდან მოქმედი კანონის შესაბამისად, სამწუხაროდ, მხოლოდ 18 წლამდე ეძლევათ, განურჩევლად იმისა, აგრძელებენ თუ არა ისინი სწავლას სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში. მოქმედი კანონი ითვალისწინებს პენსიის დანიშვნას კატეგორიების შესაბამისად:
-
- "ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულის პენსია ენიშნებათ ასეთი წესით:
- ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაინვალიდებულ პირებს - განურჩევლად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა;
- ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირებს - მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო.
-
ენიშნებათ თუ არა პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს (არასრულწლოვანი შვილების გარდა) და რა ოდენობით?
- მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია ენიშნებათ 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის შემდეგ წევრებს: შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს, რომელიც შემდეგ არ დაქორწინებულა და არასრულწლოვან შვილს ან ნაშვილებს - მინიმალური პენსიის ოდენობით. "ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე (შემდგომი ბირთული ობიექტები) ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, პენსია ენიშნებათ:
-
- ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებულ პირებს - განურჩევლად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა.
-
რა პირობით ენიშნებათ პენსია ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს?
- ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს პენსია ენიშნებათ მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს ან მიღებული დაავადების გამო გარდაცვლილებისა და ინვალიდების შრომისუუნარო მშობლებს და მეუღლეს, აგრეთვე - ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაბადებულ არასრულწლოვან შვილებს პენსია ენიშნებათ მინიმალური პენსიის ოდენობით. "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე, "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსია ენიშნებათ:
-
- პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირებს - ასეთი სტატუსის მინიჭების შემდეგ, პენსიის მიღების ძირითადი საფუძვლის წარმოშობის მიუხედავად;
- გარდაცვლილი რეპრესირებული პირის, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის შვილს (18 წლის მიღწევამდე) შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს, შვილებს (ნაშვილებს).
"ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე, "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის საფუძველზე პენსია ენიშნებათ:
-
- ომის ინვალიდებს (განურჩევლად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა);
- ომის მონაწილეებს - მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო.
-
თუ შეიძლება, აგვიხსენით, როგორ ენიშნებათ პენსია ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს.
- ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს პენსია ენიშნებათ მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო. "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, პენსია ინდივიდუალურად ენიშნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს, ასევე არასრულწლოვან შვილებს - 18 წლის მიღწევამდე.
-
ვის უნდა მიმართოს პირმა, რომელსაც აქვს ზემოაღნიშნული რომელიმე საფუძვლით პენსიის მიღების უფლება?
- პენსიის დანიშვნის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა წერილობითი განცხადება უნდა შეიტანოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
-
- ასაკის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში - პირადობის მოწმობა და შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ შრომის სტაჟი აქვს);
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში - პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის შემთხვევაში - მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ქმედობაუუნარო პირის შემთხვევაში - პირადობის მოწმობა, მისი მეურვის პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი.