რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.
ჩვენი რუბრიკის ერთგულ მკითხველთა თხოვნით, დღეს სამკვიდროს მიღების სამართლებრივ საკითხებზე გესაუბრებით. სამკვიდროს იღებს კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. სამკვიდროს მიღების უფლება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან წარმოიშობა.
ამ მომენტამდე არ შეიძლება არც სამკვიდროს მიღება და არც მასზე უარის თქმა. იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. სამკვიდროს მიღების წესი ერთნაირია როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს
- დაწესებულია თუ არა კანონით სამკვიდროს მიღების განსაკუთრებული ფორმა და რა დროიდან ჩაითვლება სამკვიდრო მიღებულად?
- სამკვიდროს მიღების ორი საშუალება არსებობს: სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანა და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ანდა ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. აღნიშნულ საკითხში უფრო უკეთ რომ გავარკვიოთ ჩვენი მკითხველი, კონკრეტულად განვმარტავთ იმ პროცედურებს, რომლებიც სამკვიდროს მიღებასა და ფლობასთან არის დაკავშირებული: განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს წერილობით სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში. აღსანიშნავია, რომ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანა შეუძლია იმ მემკვიდრესაც, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობასა და მართვას. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს. მაგალითად, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, რომელშიც მამკვიდრებელი ცხოვრობდა, განიხილება როგორც სამკვიდროს მიღება (თუ, ცხადია, მემკვიდრე უარს არ განაცხადებს მის მიღებაზე), რამდენადაც მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა გარდაცვლილის ნივთების ფლობას. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არ აქვს. ქონების ფაქტობრივ ფლობას ნიშნავს ასევე მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანა (სხვა საქმეა, თუ მემკვიდრე განაცხადებს, რომ დოკუმენტებს ინახავს არა თავისთვის, არამედ სხვა მემკვიდრეებისთვის გადასაცემად და არ აქვს განზრახული სამკვიდროს მიღება). ისეთ მოქმედებად, რომელიც ცხადყოფს სამკვიდროს მიღების ფაქტს, უნდა ჩაითვალოს აგრეთვე სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა სამკვიდროს მიღების შესახებ. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რითაც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. აქ იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამკვიდრო სხვადასხვა ადგილზეა. მაშინ ისეთი მოქმედება, რომლითაც დასტურდება სამკვიდროს მიღება ერთ ადგილზე, სამკვიდროს სხვა ადგილზე მიღებასაც ნიშნავს. ერთ-ერთი მემკვიდრის მიერ სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარის თქმა სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ სამკვიდროს მიღებად ჩაითვლება. სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა გულისხმობს იმ შემთხვევებსაც, როცა მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან საცნაურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს. მაგალითად, სამკვიდროს გახსნის შემდეგ იხდის ქონების გადასახადს, ახდევინებს ქირას მამკვიდრებლის ქონების დამქირავებელს და ა.შ.