ოჯახი და სამართალი - შვილება (შვილად აყვანა)

დაინტერესებულ მკითხველთა საყურადღებოდ თავდაპირველად განვმარტავთ, რომ შვილად აყვანის წესსა და პირობებს სამართლებრივად არეგულირებს: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის - გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ, ჰააგის კონვენცია ბავშვთა დაცვის და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს კანონი და საქართველოს პარლამენტის მიერ 2009 წლის 18 დეკემბერს მიღებული და 2010 წლის 1 მარტიდან ძალაში შესული კანონი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ.
სწორედ ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო წყაროებზე დაყრდნობით და თქვენი კონკრეტული შეკითხვების გათვალისწინებით დაიწერა დღევანდელი წერილი. შევეცდებით ისე განვმარტოთ თქვენთვის საინტერესო ესა თუ ის საკითხი, რომ მრავალ ოჯახს გავუადვილოთ ოცნების ასრულება - ბავშვის შვილად აყვანა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეზიაროს დედაშვილობისა თუ მამაშვილობის განუმეორებელ გრძნობას.
შვილება (შვილად აყვანა) დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისთვის, თუ მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიც არის მშობლებსა და შვილებს შორის.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სრულწლოვანი პირის შვილება, კანონის შესაბამისად, მაშინ არის შესაძლებელი, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა. იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლისა და შვილად ასაყვანის ინტერესებს და ზნეობრივადაც არის გამართლებული.
შეიძლება თუ არა, სასამართლომ დაადასტუროს შვილად აყვანის ფაქტი აღმზრდელის გარდაცვალების შემდეგ?
- აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლო წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე - თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ.
კანონის თანახმად, დაუშვებელია შვილად აყვანა რაიმე პირობით, ვადის მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მშვილებლის უფლებაზე, წარმოდგენილ იქნეს სასამართლო წარმოებისას ადვოკატის მიერ, ასევე მოიძიოს და მოიპოვოს აკრედიტებული სააგენტოების დახმარება შვილად აყვანის პროცედურების დროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესაბამისად.
შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში - მშვილებლის ან ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის ან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
არის თუ არა კანონით დაწესებული რაიმე ვადა, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ უნდა აცნობოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს?
- დიახ, არის: 2010 წლის 1 მარტიდან სასამართლო ვალდებულია, შვილების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს თავისი გადაწყვეტილება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც წარმოადგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.
მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედობაუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა, რომელსაც:
- ჩამორთმეული ან შეზღუდული აქვს მშობლის უფლება;
- ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი;
- იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე ან მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა პირი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ აღნიშნული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო;
- რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობით არ შეუძლია მშობლის მოვალეობათა ჯეროვნად შესრულება;
- რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლეობა არა აქვს მოხსნილი ან გაბათილებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ვინ შეიძლება იყოს შვილად აყვანას დაქვემდებარებული პირი?
- შვილად აყვანას ექვემდებარება გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში აღრიცხული 18 წლამდე ასაკის პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი.
თუ მეუღლეები ერთად იშვილებენ ბავშვს, ან ერთ-ერთი იშვილებს მეორე მეუღლის შვილს, ბავშვი იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას.
კანონით ნებადართულია დაქორწინებული პირის შვილად აყვანაც, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია მისი მეუღლის თანხმობაც. მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც, თუმცა საპატიო მიზეზების არსებობისას სასამართლოს შეუძლია შეამციროს ასაკობრივი სხვაობა.
გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის: და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა ან მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი, მამინაცვალი.
აღსანიშნავია, რომ შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ რეესტრში რიგითობა, არამედ გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებიც. აქედან გამომდინარე, შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ რიგითობის დაცვა კანონით არ არის გათვალისწინებული.