საქორწინო ხელშეკრულება

მრავალრიცხოვანი მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით ამჯერად საქორწინო ხელშეკრულების გაფორმებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის სამართლებრივ რეგულირებაზე ვისაუბრებთ. საქორწინო ხელშეკრულება სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი უძველესი სამართლებრივი ინსტიტუტია.
იგი სათავეს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იღებს. პირველი წერილობითი დოკუმენტები ძველ საბერძნეთში, რომსა და ეგვიპტეში შეიქმნა. იმ დროს ქალი და მამაკაცი დებდნენ შეთანხმებას, რომლითაც ადგენდნენ როგორც მათ შორის ქონებრივ ურთიერთობას, აგრეთვე ერთობლივად შეძენილი ქონების მემკვიდრეობის საკითხსაც. ასეთი რამ საძრახისად ან სამარცხვინოდ არ ითვლებოდა და მომავლის "დაზღვევა" საკმაოდ იყო გავრცელებული. ევროპის ქვეყნებში საქორწინო ხელშეკრულების ინსტიტუტის აღდგენა მე-18 საუკუნის დასასრულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ინგლისში XIX საუკუნის ბოლომდე, "საერთო სამართლის" (ცომმონ ლაწ) შესაბამისად, მეუღლეთა ქონება ქმრის საკუთრებად ითვლებოდა და ის ქონებაც კი, რომელსაც ცოლი ქორწინებამდე ფლობდა, ქმრის საკუთრებაში გადადიოდა.
1882 წელს კი ინგლისის პარლამენტმა მიიღო სპეციალური კანონი "გათხოვილი ქალების ქონების შესახებ": გათხოვილ ქალებს მიეცათ უფლება, გაეფორმებინათ ხელშეკრულებები ქონებაზე, მემკვიდრეობით გადაეცათ იგი და სხვა. ეს იყო პირველი მცდელობა ქალის ქონების კანონის ძალით დაცვისა. საგულისხმოა, რომ როგორც ძველი დროის საქორწინო ხელშეკრულებათა დიდი უმრავლესობა, ისე ამჟამად მრავალ ქვეყანაში მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს შეთანხმებას როგორც მეუღლეთა ქონებრივ, ისე პირად უფლება-მოვალეობებზე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
1997 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა გაითვალისწინა საქორწინო ხელშეკრულების ინსტიტუტი, თუმცა იქვე აკრძალა მისი მეშვეობით მეუღლეთა პირადი უფლებების დარეგულირება, რაც სავსებით მართებულად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან მხოლოდ სიყვარულსა და ნდობაზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი ქორწინება შეიძლება იყოს მტკიცე და ხანგრძლივი. საქორწინო ხელშეკრულებით დარეგულირებული ქონებრივი ურთიერთობები ის ზედნაშენია, რომელსაც სიყვარულის ძალა ადუღაბებს და ცხოვრება წარმოშობს.
ხელშეკრულების გაფორმებისას მეუღლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეცვალონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგიერთი ნორმა და ქონებრივი უფლება-მოვალეობები საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოქმედი კანონის თანახმად, საქორწინო ხელშეკრულება ითვალისწინებს მეუღლეთა შორის შეთანხმებას მხოლოდ ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. იგი შეიძლება დაიდოს ქორწინების რეგისტრაციამდეც, მაგრამ ძალაში მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან შედის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით ან უვადოდ შეიძლება დაიდოს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს შორისაც ნებისმიერ დროს, ქორწინების ვადის მიუხედავად, მაგრამ აუცილებლად წერილობითი ფორმით და უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით.
ინდივიდუალური საკუთრება არის ქონება (როგორც მოძრავი, ასევე უძრავი), რომელიც მეუღლეს დაქორწინებამდე ეკუთვნოდა, ასევე ქონება, რომელიც მეუღლემ ქორწინების განმავლობაში მიიღო მემკვიდრეობით ან ჩუქებით, ამიტომ თითოეულ მეუღლეს უფლება აქვს, მეორე მეუღლისგან დამოუკიდებლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს იმ ქონებას, რომელიც მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს.
ინდივიდუალურ საკუთრებას განეკუთვნება აგრეთვე ის ნივთები, რომლებიც შეძენილია მეუღლეთა საერთო სახსრებით, მაგრამ განკუთვნილია ერთ-ერთი მათგანის ინდივიდუალური სარგებლობისთვის. ასეთია, მაგალითად, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაულები, კოსმეტიკა და სხვა.
კანონი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთებიდან გამორიცხავს ძვირფასეულობას. ძვირფასეულობას მიეკუთვნება ისეთი ნივთები, რომლებიც არ არის აუცილებელი ყოფითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად, ძვირფასი ლითონებისა და იშვიათი ქვებისგან დამზადებული საგნები, ანტიკვარული ნივთები და სხვა. აღნიშნულთან ერთად კანონი ცალკე გამოყოფს პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთებს, როგორიც არის მუსიკოსისთვის - მუსიკალური ინსტრუმენტები, ექიმისთვის - საექიმო კაბინეტის მოწყობილობა, სპორტსმენისთვის - სპორტული ინვენტარი და ა. შ.
თანასაკუთრების გაყოფისას პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები, თუნდაც ისინი შეძენილი იყოს საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისთვის სჭირდება, ხოლო მეორე მეუღლეს მიეცემა მათი საერთო ღირებულების ნახევარი ფულადი ანაზღაურების სახით.
სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმში მოქცეული ქონება, საბანკო ანაბრები, აქციები და სხვა რაიმე ქონებრივი წილი, რომლებიც გახსნილია შეძენილია ქორწინების განმავლობაში, ასევე პროცენტები (დივიდენდები) მათზე, როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე განქორწინების შემთხვევაშიც წარმოადგენს იმ მეუღლის საკუთრებას, რომლის სახელზეც არის გაფორმებული ეს ქონება.