რატომ გვიჭირს სუნთქვა
ბრონქული ასთმა
სასუნთქი სისტემის დაავადებებით განპირობებული სუნთქვის გაძნელების განხილვას ბრონქული ასთმით დავიწყებთ. ეს სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც მათ შექცევად შევიწროებას იწვევს. სუნთქვის გაძნელების განმეორებითი შეტევის ეპიზოდებს ასთმის დროს ახასიათებს ხიხინი, ერთგვარი მსტვენი ხმიანობა სუნთქვისას, რომელიც უფრო უკეთ ისმინება ამოსუნთქვის დროს, შებოჭვის შეგრძნება გულმკერდში, ხველა ნახველის გაძნელებული გამოყოფით, ზოგჯერ - შეტევითი ხველა. ხშირად შეტევა ვითარდება ღამით ან დილაადრიან და თავისთავად ან სათანადო მედიკამენტების მიღების შედეგად გაივლის, სრულდება მოთეთრო გამჭვირვალე ნახველის გამოყოფით. ამ დაავადებამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა უმეტესად ბავშვობისას იწყება. ასეთივე, ოღონდ ნაკლებად მძიმე სურათია მოსალოდნელი ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებების ფონზე განვითარებული ბრონქოსპაზმის დროსაც. ამ შემთხვევაში, ბრონქული ასთმისგან განსხვავებით, განკურნების შემდეგ ბრონქოსპაზმი აღარ მეორდება, ხანგრძლივი მკურნალობა მის თავიდან ასაცილებლად საჭირო არ არის. ბრონქული ასთმის დროს კი უმეტესად საჭიროა განსაზღვრული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება, ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც კი, რათა ბრონქოსპაზმისა და სუნთქვის გაძნელების შეტევები აღარ აღმოცენდეს. თანამედროვე მკურნალობის წყალობით ასთმით დაავადებული პიროვნების ცხოვრების ხარისხი არაფრით განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრების ხარისხისგან. ზემოთ აღწერილ შემთხვევებში დიაგნოზი უწინარესად პაციენტის გასინჯვას ემყარება. ექიმი ფილტვების მოსმენისას ადასტურებს ბრონქების სპაზმის არსებობას. ზოგჯერ ბრონქოსპაზმის დასადასტურებლად საჭირო ხდება სუნთქვის ფუნქციის შესწავლა - სპირომეტრია. რენტგენოლოგიური გამოკვლევა გვეხმარება ბრონქოსპაზმის გამომწვევი ფილტვის სხვა დაავადებების გამორიცხვაში.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
სუნთქვის გაძნელების მნიშვნელოვანი მიზეზია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ). ეს არის პროგრესული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს სუნთქვა უჭირს. სიტყვა პროგრესული კი, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ დაავადება პროგრესირებს და პაციენტის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. ფქოდ-ის კლინიკური სიმპტომებია ხველა, რომლის დროსაც ადამიანი უხვად გამოყოფს ნახველს, ხიხინი, ქოშინი, გულმკერდის შებოჭვის შეგრძნება. ამ დაავადების წამყვანი მიზეზია თამბაქოს წევა. სამწუხაროდ, მწეველები ბუნებრივად მიიჩნევენ დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფას, განსაკუთრებით - დილაობით, ადგომის შემდეგ, და აზრადაც არ მოსდით, რომ ეს დაავადების სიმპტომია. გარდა თამბაქოსი, ფქოდ-ის მიზეზად შეიძლება იქცეს მავნე ნივთიერებით დაბინძურებული ჰაერი, ქიმიურ ნივთიერებებთან რეგულარული კონტაქტი. ჩამოთვლილი ფაქტორების ზემოქმედებით სასუნთქ გზებში ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები – ფილტვები კარგავს ელასტიკურობას, ირღვევა ალვეოლები (ფილტვის უმცირესი სტრუქტურა, რომელშიც აირთა ცვლა მიმდინარეობს), სასუნთქი გზების კედლები სქელდება ანთების შედეგად, წარმოიქმნება უფრო მეტი სეკრეტი, რომელიც ჩვეულებრივზე სქელია და ახშობს სასუნთქ გზებს. ამ ყველაფრის გამო, ბუნებრივია, სუნთქვა ძნელდება. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ცნება ორ ძირითად მდგომარეობას აერთიანებს: ემფიზემას და ქრონიკულ ბრონქიტს. პაციენტთა უდიდეს ნაწილს მეტ-ნაკლები ხარისხით ორივე მათგანი აქვს. ფქოდ, წესისამებრ, ნელა, მაგრამ განუხრელად პროგრესირებს. თავდაპირველად პაციენტი სუნთქვის ფუნქციის გაუარესებას ვერ გრძნობს - ის შესამჩნევი ხდება მხოლოდ სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის თანდართვის ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში, მერე და მერე კი სუნთქვის გაძნელებამ შესაძლოა თავი იჩინოს ყოველდღიური აქტივობის - სიარულის, საჭმლის მომზადების და საკუთარი თავის მოვლის დროსაც კი. ფქოდ-ის დიაგნოზი ემყარება კლინიკურ ნიშნებს, რენტგენოლოგიურ მონაცემებს და სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევის - სპირომეტრიის შედეგს. ეს უკანასკნელი ამ დროს, ბრონქული ასთმისგან განსხვავებით, ადასტურებს, რომ ბრონქების ობსტრუქცია (სპაზმი) არ არის შექცევადი, ბოლომდე არასოდეს იხსნება. ფქოდ-ის მქონე პაციენტთა უდიდესი ნაწილი შუა ხნისა ან ხანში შესულია. ფქოდ ქრონიკული დაავადებაა, მისგან განკურნება შეუძლებელია, თუმცა ამჟამად არსებული მედიკამენტური საშუალებებისა და ცხოვრების წესის შეცვლის წყალობით, რაც, უპირველეს ყოვლისა, თამბაქოსთვის თავის დანებებას გულისხმობს, შესაძლოა, პაციენტმა თავი უკეთ იგრძნოს, დაავადების პროგრესირება კი შეფერხდეს.
ფილტვების ანთება
სუნთქვის გაძნელების მიზეზი შესაძლოა იყოს პნევმონიაც, ანუ ფილტვების ანთება, თუმცა ამ დროს სუნთქვის გაძნელებასთან ერთად ყურადღებას იპყრობს ნახველიანი ხველა, ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ოფლიანობა. დაავადებაზე მიგვანიშნებს ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვით მიღებული მონაცემები, სისხლში არსებული ანთებითი ცვლილებები. დიაგნოზს ადასტურებს ფილტვების რენტგენოგრაფია. ზემოთ აღწერილი ქრონიკული დაავადებებისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში სუნთქვის გაძნელება მხოლოდ დროებითია, პნევმონიისგან განკურნების შემდეგ ის მალევე გაივლის.
ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები
ქოშინი ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია. ფილტვების ინტერსტიციული დაავადება კრებითი ტერმინია, რომელიც ფილტვის ინტერსტიციუმის დაზიანებით მიმდინარე რამდენიმე დაავადებას აერთიანებს. ინტერსტიციუმი ალვეოლების, სისხლძარღვებისა და მცირე ჰაერსავალი გზების ირგვლივ არსებული სივრცეა. ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებას ახასიათებს ფილტვის ქსოვილში ანთებითი უჯრედების ანომალიური აკუმულაცია, რაც იწვევს ქოშინს, ხველას, განსაზღვრული ტიპის რენტგენოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა ყველა ინტერსტიციული დაავადება ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. ზოგი მათგანი საკმაოდ იშვიათია. მიუხედავად განსხვავებებისა, სხვადასხვა ფაქტორთან დაკავშირებული მიზეზებისა, ფილტვის ყველა ინტერსტიციულ დაავადებას აერთიანებს სისხლისთვის ჟანგბადის მიწოდების შემცირება, ფილტვის ელასტიკურობის დაქვეითება, მისი შეჭმუხნა, რაც საბოლოოდ სუნთქვის გაძნელებას და ხველას იწვევს. ინტერსტიციული დაავადების მაგალითებია ფილტვების დაზიანება სისტემური დაავადებების, მაგალითად, მაანკილოზებელი სპონდილიტის, რევმატოიდული ართრიტის, სკლეროდერმიის, სისტემური წითელი მგლურას, დერმატომიოზიტის დროს. ინტერსტიციული დაავადების მიზეზად შესაძლოა იქცეს სოკოვანი, ბაქტერიული, პარაზიტული, ვირუსული ინფექცია, ტუბერკულოზი. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ზოგიერთი მედიკამენტიც: ამიოდარონი, ბლეომიცინი, კარბამაზეპინი, ქლორამბუცილი, კოკაინი, ციკლოფოსფამიდი, ოქრო, მეტოტრექსატი, ნიტროფურანტოინი, სულფონამიდები. ცალკე უნდა ვახსენოთ იდიოპათიური ინტერსტიციული პნევმონია. ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებას იწვევს ამილოიდოზი, სარკოიდოზი. ფილტვების ინტერსტიციული დაავადების დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ, რენტგენოლოგიურ, კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ მონაცემებს, ფილტვის ფუნქციის შესწავლის, ბრონქოსკოპიით ან ქირურგიული ბიოფსიით მიღებული ფილტვის ქსოვილის მიკროსკოპული შესწავლის შედეგებს. ჩვენ ფილტვების ინტერსტიციული დაავადების მიზეზთა არასრული ჩამონათვალი მოვიყვანეთ. არსებობს მრავალი სხვა იშვიათი დაავადებაც. მათ უმთავრესად ჰორმონებით (პრედნიზოლონი) მკურნალობენ. ზოგჯერ (მაგალითად, ტუბერკულოზის, ბაქტერიული დაავადებების დროს) აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჟანგბადის გამოყენებას (ოქსიგენოთერაპია), რეაბილიტაციურ ვარჯიშს. ინტენსიური კვლევები ფილტვების ინტერსტიციული დაავადების სამკურნალო საშუალებების ძიების მიზნით გრძელდება.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია ფილტვის არტერიის ტოტის თრომბით დახშობაა. ის უმეტესად ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბის მოწყვეტითაა განპირობებული, იშვიათად კი სხვა არეებში არსებული თრომბის მოწყვეტით. ქვედა კიდურების ვენური თრომბოზი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, თუმცა მის რისკს ზრდის ხანგრძლივი იმობილიზაცია (უმოძრაობა), სიმსივნე, ქირურგიული ჩარევა. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია სხვადასხვანაირად ვლინდება. ეს დამოკიდებულია დახშობილი სისხლძარღვის კალიბრზე, რაოდენობაზე, ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- უეცრად აღმოცენებული ქოშინი, რომელიც მკვეთრად ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას;
- ტკივილი გულმკერდში, რომელიც ძლიერდება ღრმა სუნთქვის, ხველის, ჭამის დროს;
- ხველა, რომელსაც შესაძლოა ახლდეს სისხლის გამოყოფა.
გარდა ამისა, მოსალოდნელია ქვედა კიდურების ტკივილი და შეშუპება, ციანოზი - კანის მოლურჯო ელფერი, ცხელება, ჭარბი ოფლიანობა, ხშირი და არარეგულარული სუნთქვა, გაბრუება. დაავადების დიაგნოზის დასადგენად ტარდება ლაბორატორიული კვლევა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ქვედა კიდურების ვენების დუპლექსსკანირება, ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია. ინიშნება ანტიკოაგულანტები - შედედების საწინააღმდეგო საშუალებები.
პლევრის დაავადებები
სუნთქვის პროცესში ფილტვების ნორმალური გაშლა-აკრეფისთვის აუცილებელია ჯანსაღი პლევრა - თხელი შრე, რომელიც აკრავს ფილტვს და ამოფენს გულმკერდის ღრუს. პლევრის ანთება, მის ღრუში ანთებითი სითხის დაგროვება ან ჰაერის შეღწევა სუნთქვის გაძნელების მიზეზია.
პლევრიტი
პლევრიტი პლევრის ანთებაა. ის შეიძლება იყოს მწვავეც (ამ დროს ვითარდება პლევრის ფურცლების ანთება) და ექსუდაციურიც (როცა ანთებას თან ახლავს პლევრის ღრუში სითხის დაგროვება). მწვავე პლევრიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი, რის გამოც პაციენტს უჭირს სუნთქვა. ექსუდაციური პლევრიტის დროს კი პლევრის ღრუში დაგროვილი ანთებითი სითხე ზღუდავს ფილტვის მოძრაობას, რაც აფერხებს აირთა ცვლას. ამის გამო პაციენტი სუნთქავს ზედაპირულად და ხშირად. გარდა ამისა, აღინიშნება ტემპერატურის მომატება, ხველა, სისუსტე. პლევრიტი არ არის დამოუკიდებელი დაავადება, ის თან ახლავს ფილტვების ანთებას, ტუბერკულოზს, სიმსივნეს, ტრავმას და სხვა მდგომარეობებს. პლევრიტის დიაგნოზი ემყარება ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვით მოპოვებულ და რენტგენოლოგიური კვლევის მონაცემებს. ხშირად საჭიროა დამატებითი კვლევები პლევრიტის მიზეზის დასადგენად.
პნევმოთორაქსი
უეცრად აღმოცენებული ქოშინის მიზეზი შესაძლოა იყოს პნევმოთორაქსი - პლევრის ღრუში ჰაერის შეღწევა, რაც ფილტვის ნაწილის ჩაფუშვას იწვევს. პნევმოთორაქსს განაპირობებს გულმკერდის კედლის მთლიანობის დარღვევა ტრავმის გამო, ზოგიერთი სამედიცინო ჩარევა, დაავადება, რომელიც ფილტვის ქსოვილის რღვევით მიმდინარეობს. უეცარი ძლიერი ტკივილი და ქოშინი - სუნთქვის გაძნელება - პლევრის ღრუში ჰაერის შეღწევის ბრალია. პნევმოთორაქსზე ეჭვი მიაქვთ არსებული კლინიკური მონაცემების საფუძველზე, ხოლო დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური კვლევით, ზოგჯერ - კომპიუტერული ტომოგრაფიით. მცირე, გაურთულებელი პნევმოთორაქსი ჩარევის გარეშე უკუვითარდება, ხოლო დიდი პნევმოთორაქსის დროს აუცილებელია ჩარევა პლევრის ღრუში დაგროვილი ჰაერის ამოსაღებად. ამის შემდეგ ქოშინი უმეტესად გაივლის. მომდევნო ეტაპია პნევმოთორაქსის გამომწვევი დაავადების მკურნალობა. როგორც ვხედავთ, სუნთქვის გაძნელების ანუ ქოშინის გამომწვევი ფილტვისმიერი მიზეზების ნუსხა მრავალფეროვანია. მათ ერთმანეთისგან განასხვავებს პროგნოზი და სიმძიმე. თითოეული მათგანისთვის არსებობს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის განსაზღვრული ტაქტიკა. ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატების მიღებით და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ შრომისა და სრულფასოვანი ცხოვრების უნარი.