ვისცერული ხასიათის ანუ შინაგანი ორგანოების პათოლოგიით გამოწვეული წელის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვისცერული ხასიათის ანუ შინაგანი ორგანოების პათოლოგიით გამოწვეული წელის ტკივილი

წელის არეში ტკივილის მიზეზი ყველაზე ხშირად მენჯის ორგანოთა პრობლემებია, ასევე - პანკრეასის, თირკმელების, მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები და სიმსივნეები, რომლებიც მუცლის ფარის (პერიტონეუმის) უკანაა ლოკალიზებული. წელის არეში ტკივილი ხშირად აღმოცენდება ინსულტის მსგავსი მდგომარეობების ფონზე, როდესაც ზურგის ტვინის სისხლის მიმოქცევა სერიოზულადაა დარღვეული. ასეთ დროს წელის ტკივილის მსგავსი შეგრძნება იჩენს თავს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოთა დაავადებები, მაგალითად, ატიპურად მიმდინარე მწვავე აპენდიციტი, ნაწლავის გაუვალობა და სხვა, ასევე შეიძლება წელის ტკივილის მიზეზად იქცეს. საყურადღებოა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიც: გონორეა, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, ადნექსიტი. ყველა ამ დაავადებას წელის არეში ტკივილი ახასიათებს. წელის ორმხრივი ან ცალმხრივი (მარჯვნივ ან მარცხნივ) ტკივილი შესაძლოა იყოს ისეთი დაავადებების სიმპტომი, როგორებიცაა პიელონეფრიტი, საშვილოსნოს დანამატების ანთება, გინეკოლოგიური პათოლოგიები. მამაკაცებში წელის ტკივილის მიზეზი უმეტესად პროსტატის პრობლემებია. წელის არეში მკვეთრად აღმოცენებული ტკივილი, რომელიც მუცლის ქვედა მხარეს გადაეცემა და შეუღლებულია შარდის გამოყოფის პრობლემებთან, თირკმლის ჭვალზე (კოლიკაზე) მეტყველებს. ასეთივე შეგრძნება შესაძლოა თან ახლდეს აპენდიქსის (ჭიანაწლავის) ანთებას ან შარდკენჭოვანი დაავადების მანიშნებელი იყოს. წელის არეში სიარულის დროს აღმოცენებული ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ენდომეტრიოზი;
  • საშვილოსნოს მიომა;
  • დისმენორეა;
  • საკვერცხეების ანთება;
  • მსხვილი სისხლძარღვების პათოლოგიები;
  • თირკმლის დაავადებები;
  • ქრონიკული პროსტატიტი;
  • ნერვული სისტემის ცალკეული დაავადებები.

წელის უპირატესად მარჯვენამხრივი ტკივილი ახასიათებს სასქესო ორგანოთა, კერძოდ, მარჯვენა საკვერცხისა და მცირე მენჯის ფარის ანთებას, ასევე - აპენდიციტს, მარჯვენა თირკმლისა და შარდსაწვეთის პათოლოგიას, თიაქარს, ნაწლავისა და მუცლის ფარის დაავადებებს, მარცხენამხრივი ტკივილის მიზეზი კი შეიძლება იყოს ნაწლავი, მარცხენა შარდსაწვეთი, თიაქარი და მარცხენა საკვერცხე. და მაინც, ყველაზე ხშირად რომელი დაავადებების დროს აღმოცენდება წელის არეში ტკივილი?

პანკრეასი და წელის ტკივილი

ტკივილის სინდრომი ქრონიკული პანკრეატიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმპტომია. სწორედ ის გახლავთ დაავადებულთა შრომისუნარიანობის დაქვეითების ძირითადი მიზეზი. ტკივილის სინდრომის სუბიექტური ხასიათი, მისი პოლიმორფულობა, სხვადასხვა სიხშირის შეტევითი მიმდინარეობა, მისი პათფიზიოლოგიური მექანიზმების არასრულფასოვანი ცოდნა, სამკურნალო მანიპულაციებისა თუ სხვა საშუალებების ეფექტურობის შეფასების სირთულე და სხვა ფაქტორები ართულებს ხარისხიან საექიმო მენეჯმენტს. ქრონიკული პანკრეატიტის დროს განვითარებული ტკივილის სინდრომი დღესაც კვლევის აქტუალური საგანია; ინტენსიურად შეისწავლება ქრონიკული პანკრეატიტის დროს პანკრეასის ქსოვილის ცვლილების ხასიათი და გავრცელების თავისებურება, ჯირკვლის ქსოვილის დაზიანების ხარისხის კავშირი ტკივილის სინდრომის დაწყება (ინიციაცია)-შენარჩუნებასთან. ტკივილის გამომწვევ საკვანძო მექანიზმებს შორის აღსანიშნავია:

  • პანკრეასის სადინარებში წნევის მომატება, სადინარების გაფართოება კონკრემენტებით მათი დაცობის გამო;
  • სადინარების გარეთ არსებული ტკივილის რეცეპტორების უშუალო გაღიზიანება საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით;
  • ტკივილის რეცეპტორების გაღიზიანება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც ანთების კერაში წარმოიქმნება;
  • პანკრეასის კაფსულის გაჭიმვა ანთებითი შეშუპების გამო, ფსევდო ანუ ცრუ კისტების განვითარება, რომლებმაც შესაძლოა გიგანტურ ზომებს მიაღწიოს;
  • უჯრედული მეტაბოლიტების ტკივილის რეცეპტორებთან პროლონგირებული (ხანგრძლივი) მოქმედება ანთებითი კერის გარშემო შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდა-განვითარების გამო.

ლოკალურ მექანიზმებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ტკივილის იმპულსების გადაცემის ნეირომედიატორულ მექანიზმებს, ასევე - ტკივილის აღქმა-შეგრძნების ფსიქოფიზიოლოგიურ ასპექტებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პანკრეასის ქსოვილში ნერვულ დაბოლოებებსა და ტკივილის რეცეპტორებს, გარდა მექანიკური გაწელვა-გაჭიმვისა, აღიზიანებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტები და ანთების კერაში წარმოქმნილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიც (ჰისტამინი, სეროტონინი, სუბსტანცია P, პროტეინ-კინაზები, აზოტის ოქსიდი და სხვა). ქრონიკული პანკრეატიტის დროს ტკივილს უმეტესად პროვოცირებას უწევს ალკოჰოლის მიღება, გადაძღომა, უმეტესად ცხიმიანი, შემწვარი და ხორციანი საკვების მიღება, განსაკუთრებით - საღამოს ან ღამის საათებში. პანკრეასის ტრავმა, ჰიპერპარათირეოიდული კრიზი, ნაღვლის კოლიკა (ჭვალი), ასევე შესაძლოა ტკივილის მიზეზად იქცეს. წესისამებრ, ტკივილი ლოკალიზებულია ეპიგასტრიუმში, მარცხენა ან მარჯვენა ნეკნქვეშა არეში. საერთოდ, პანკრეატიტისთვის ტიპურია სარტყლისებრი ტკივილი ზურგში ირადიაციით. ის შესაძლოა იყოს მუდმივი, გარდამავალი, ყრუ ან მწველი. ერთსა და იმავე პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს როგორც უმნიშვნელო, ისე მკვეთრი ტკივილიც. ტკივილის შეგრძნება ძლიერდება საკვებისა და ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ასევე - ზურგზე წოლისას. ტიპურ შემთხვევებში შიმშილი, სიცივე მუცელზე ან ზურგზე (პანკრეასის საპროექციო არეში), მუხლ-იდაყვის პოზიციაში ყოფნა, სამკურნალო საშუალებათა მიღება ამცირებს ტკივილის ინტენსივობას ან სავსებით აცხრობს მას. ტკივილის ხანგრძლივობა მეტად ცვალებადია (ვარიაბელურია) - რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. შესაძლოა, თან ახლდეს სიმძიმის შეგრძნება მუცლის არეში, შებერილობა, რომელსაც ღებინებაც კი ვერ ამსუბუქებს. არსებობს მოსაზრება, რომ დაავადების ხანდაზმულობის კვალობაზე (10 წელზე მეტი) ტკივილის სინდრომის აღმოცენების სიხშირე იკლებს, მისი ინტენსივობა კი ქვეითდება და ხშირად ასატანი დისკომფორტის შეგრძნებაში გადადის. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზია ტკივილის რეცეპტორების რაოდენობის შემცირება ან მათი გაღიზიანების ზღურბლის გაზრდა წინამორბედი ხშირი სტიმულაციის შედეგად.


თირკმელი და წელის ტკივილი

წელის არეში ტკივილის აღმოცენებას ხშირად ფიზიკურ გადატვირთვას მიაწერენ, თუმცა ის ხშირად თირკმლის დაავადების დასაწყისის მანიშნებელია. თირკმელები ადამიანის ორგანიზმში ხერხემლის ორივე მხარეს, წელის დონეზეა განთავსებული. მარჯვენა თირკმელი მარცხენაზე ოდნავ ქვემოთაა. ზემოდან მას ღვიძლი ესაზღვრება. ფიზიკური გადატვირთვის დროს რეალურად არა თირკმელები, არამედ წელის კუნთები გვტკივა. თუ პრობლემა შინაგან ორგანოებს არ უკავშირდება, ტკივილის შეგრძნება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მალევე გაივლის. ყველაზე გავრცელებული პრობლემები:

  • შარდკენჭოვანი დაავადება - ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. მოსვენებისას კენჭები ტკივილს მეტწილად არ იწვევს. საკმარისია მათი ამოძრავება, რომ წელისა და თირკმლის არეში ტკივილი გაუსაძლისი ხდება. საქმე ის გახლავთ, რომ მოძრაობისას ქვები აზიანებს თირკმლის ლორწოვან გარსს და ტკივილის სინდრომს იწვევს.
  • თირკმლის ტრავმა და დაჟეჟილობა - ამ დროს წელის არეში აღმოცენებული ტკივილის მიზეზი კუნთოვან ბოჭკოებში ნერვული იმპულსის გავლის დარღვევა ან შინაგანი ორგანოების, უმეტესად - თირკმელების, დაზიანებაა. თირკმლის ტრავმის დროს ორგანოს დაზიანება მსუბუქია, შესაბამისად, ტკივილიც ყრუ და სუსტია. თირკმლის უფრო სერიოზული დაზიანების შემთხვევაში კი, მაგალითად, მისი გახეთქვისას, ტკივილი მწვავე და აუტანელია.
  • თირკმლის კეთილთვისებიანი სიმსივნე - შედარებით იშვიათი პათოლოგიაა, ადამიანის სიცოცხლისთვის უსაფრთხო, თუმცა შემაწუხებელი წელისა და თირკმლის არეში არსებული ტკივილის გამო.
  • თირკმლის უკმარისობა - ამ დროს წელის არეში ზომიერი ტკივილის პერიოდული აღმოცენება შეინიშნება. მოგვიანებით ეტაპზე ტკივილი ძლიერდება. თირკმლის ჭვალი (კოლიკა) და აუტანელი ტკივილი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) საშუალებები ვერ ხსნის, წესისამებრ, თირკმლის უკმარისობისათვის არის დამახასიათებელი.
  • თირკმლის დაწევა - ამ დროს წელის არეში ტკივილი ვერტიკალურ მდგომარეობაში წარმოიშობა. ძლიერდება მოძრაობისა და სიარულის დროს.
  • თირკმლის კიბო - მეტად მძიმე პათოლოგიაა, რომელსაც ასევე ახასიათებს წელის არეში ტკივილის განვითარება.

ეს გახლავთ ჩამონათვალი თირკმლის ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებებისა, რომლებსაც წელის ტკივილი ახლავს თან. საყურადღებოა, რომ თირკმელებისა და, საზოგადოდ, წელის არეში განვითარებული ტკივილი, ტემპერატურული რეაქცია, შარდის ფერის ცვლილება, ზოგადი სისუსტე, ქვედა კიდურების შეშუპება, უბრალო გადაღლა-გადაქანცვის ნიშანი კი არ არის, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ თირკმელებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების განგაშის ზარი.

მენსტრუაცია და წელის ტკივილი

ქალების 80%-ს მენსტრუაციის დროს წელის ტკივილი აწუხებს. ტკივილის მიზეზი ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრები და ტკივილის მედიატორების, პროსტაგლანდინების, დონის მომატებაა. წელის ტკივილი ხშირად მენსტრუაციის შემდეგაც რამდენიმე დღეს გასტანს. ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და ტკივილის მიზეზის დასადგენად კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება. მენსტრუაციის დროს წელის არეში აღმოცენებული ტკივილი შესაძლოა ნევროლოგიური წარმოშობისა იყოს, მაგალითად, ხერხემლის თიაქრით ან ოსტეოქონდროზით განპირობებული, თირკმლის პათოლოგიაზე მიანიშნებდეს ან საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფებასთან იყოს დაკავშირებული. თუ ტკივილს თან სდევს სხეულის ტემპერატურის მომატება 37,3 გრადუსამდე, ეჭვობენ საკვერცხის ან საშვილოსნოს ანთებით პროცესს.

მენსტრუაციის დროს წელის არეში არსებული ტკივილის პროფილაქტიკა

მენსტრუაციის დღეებში სასურველია მარილიანი და ცხარე საკვების შეზღუდვა. ამ დღეებში განსაკუთრებით სასარგებლოა მაგნიუმისა და კალციუმის შემცველი პროდუქტების მიღება. ტკივილს ამსუბუქებს ასეთი ვარჯიში: უნდა დაწვეთ ზურგზე, ასწიოთ ფეხები და კედელს მიაბჯინოთ; ასე გაჩერდეთ 15 წუთს. ტამპონების ნაცვლად უმჯობესია ჰიგიენური საფენების გამოყენება, მათი ხშირი ცვლა. თუ ატყობთ, რომ წელის არეში ტკივილი მენსტრუაციასთან არ არის დაკავშირებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

საშვილოსნოს დაწევა და წელის ტკივლი

წელის ტკივილის მიზეზი ზოგჯერ საშვილოსნოს კედლების დაწევაა. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც მცირე მენჯის კუნთებისა და სტრუქტურების დასუსტების გამო საშვილოსნო ნორმალურ დონეზე დაბლა ეშვება ისე, რომ არ გამოდის სასქესო ნაპრალიდან. ქალებს საშვილოსნოს დაწევა უმეტესად მშობიარობის შემდეგ ემართებათ. დაწევის დროს საშვილოსნო ზოგჯერ საშოშიც იჭრება, თუმცა ეს პათოლოგია განსხვავდება საშვილოსნოს გამოვარდნისაგან. საშვილოსნოს დაწევის მიზეზები:

  • შარდსასქესო სისტემის კუნთოვან ქსოვილთა ინერვაციის დარღვევა;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა თანდაყოლილი დეფექტები;
  • შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები;
  • მცირე მენჯის ღრუს კუნთების დაზიანება და სისუსტე.

ძირითადი სიმპტომები:

  • სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში;
  • მქაჩავი ხასიათის ტკივილი საშოს არეში;
  • ტკივილი კუდუსუნის და წელის არეში (არა ყოველთვის);
  • დაძაბვისას შარდის შეუკავებლობა;
  • ტკივილი, ზოგჯერ - სისხლიანი გამონადენი;
  • უცხო სხეულის შეგრძნება საშოს არეში.

საშვილოსნოს მსუბუქი ხარისხის დაწევის დროს ინიშნება კონსერვატიული მკურნალობა:

  • აკრძალულია ფიზიკური დატვირთვა და მძიმე ტვირთის აწევა;
  • ტარდება შეკრულობის პროფილაქტიკა;
  • ინიშნება სამკურნალო ვარჯიშები;
  • რეკომენდებულია სპეციალური ბანდაჟის ტარება, ზოგჯერ - საშვილოსნოს რგოლების გამოყენება.

კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას.