კლეპტომანია - ვარსკვლავური დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კლეპტომანია - ვარსკვლავური დაავადება

გახმაურებული ქურდობა

2001 წლის 12 დეკემბერს მეხუთე ავენიუზე მდებარე ცნობილი მაღაზიის გასასინჯ კუთხეში მაღაზიის მცველმა, რომელიც შიდა სათვალთვალო კამერით ათვალიერებდა დარბაზს, შეამჩნია გრძელ პალტოში გამოწყობილი სათვალიანი ქალი, რომელიც იატაკზე იჯდა და პატარა მაკრატლით იარლიყებს აჭრიდა საღამოს კაბებს, ჩანთებს და აქსესუარებს, მერე კი სავსე ჩანთებით პირდაპირ გასასვლელისკენ გაემართა, სადაც დააკავეს კიდეც უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა. ავისმზრახველს ჯიბეში რვა სახეობის ფსიქოტროპული პრეპარატი აღმოუჩინეს, ხოლო ჩანთაში - სოციალური დაზღვევის ბარათი, რომელიც ვაინონა რაიდერის სახელზე იყო გაფორმებული. მაღაზიის მეპატრონეებმა სახელგანთქმულ მსახიობს სასამართლოში უჩივლეს. ბრალდება სამი მუხლით აღიძრა: ქურდობა, ვანდალიზმი, ე. წ. საგანგებო სიაში შემავალი ძლიერმოქმედი პრეპარატების (აშშ-ში მათი ხმარება უკიდურესად შეზღუდულია) უკანონო შენახვა. პირველი მოსმენისას ვაინონა ამტკიცებდა, რომ მას ზოგიერთი ნივთის საფასური უკვე გადახდილი ჰქონდა და როცა დანარჩენის გადახდასაც აპირებდა, სწორედ მაშინ წაადგა თავს დაცვა, მეორე მოსმენისას კი ირწმუნებოდა, რომ როლზე მუშაობდა და რეჟისორის რჩევით გადაწყვიტა მაღაზიის გაქურდვა, რათა სამსახიობო გამოცდილება გაემდიდრებინა. მესამე სხდომა სასამართლოში სკანდალით დასრულდა: მსახიობი ქალი სასამართლო დარბაზში გამჭვირვალე საღამოს კაბით გამოცხადდა, რომლის ქვეშაც აშკარად ჩანდა მისი შავი ლიფი და თეთრი ტრუსი. მოსამართლემ ვაინონა რაიდერი დარბაზიდან გააძევა და ურჩია, ვითარების შესატყვისად შემოსილიყო. თითქმის  ერთი წლის განმავლობაში იტეხდნენ თავს ნაფიცი მსაჯულები, რასთან ჰქონდათ საქმე - დასაბუთებულ ქურდობის ფაქტთან, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ კლეპტომანიის აქტთან, რომელიც ფსიქიატრიულ მკურნალობას მოითხოვს. საბოლოოდ სასამართლომ ასეთი განაჩენი გამოიტანა: სასჯელი, პლუს იძულებითი თერაპია. ვაინონას სამი წლის პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს - თუ კიდევ ერთხელ გამოიჭერდნენ ქურდობაში, იგი აუცილებლად მოხვდებოდა გისოსებს მიღმა. მანამდე კი მსახიობ ქალს შეეძლო თავისუფლად ესეირნა და ჩაეტარებინა სპეციალური პროგრამით გათვალისწინებული რეაბილიტაცია. რაიდერი აიძულეს, საზოგადოების სასარგებლოდ 480 საათი ემუშავა. ამ ხნის ნახევარი მან ლოს ანჯელესის სამედიცინო ცენტრში, ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის განკუთვნილ "იმედის ქალაქში" გაატარა; 120 საათის განმავლობაში უსინათლო ბავშვებს წიგნები უკითხა; ამდენივე იმუშავა შიდსით დაავადებულ ბავშვთა ფონდში; გარდა ამისა, აუნაზღაურა ხარჯი სასამართლოს და ზარალი - გაქურდულ მაღაზიას, მაგრამ ამით არაფერი დაჰკლებია, პირიქით, თავისი მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესა და მათიც, ვინც გაქურდა - ვ. რაიდერის მიერ გაძარცული მაღაზიის კლიენტურა რამდენჯერმე გაიზარდა. განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს ის ნივთები, რომლებსაც თვალი დაადგა სახელგანთქმულმა მსახიობმა, მათ შორის - "მარკ ჯაკობსის" ფირმის სვიტერები, რომელთა მაღაზიიდან გატანაც სცადა რაიდერმა. ამ ფირმამ ზემოხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებით ფოტოების მთელი სერია გადაიღო და ამერიკული ავტოსტრადების სარეკლამო ბანერებზე გამოფინა. ფოტოებზე ვაინონა რაიდერი "ჯაკობსის" ნივთებით სავსე ჩანთით არის აღბეჭდილი. სასამართლო პროცესისადმი ინტერესის წყალობით გამდიდრდა მოკრძალებული სავაჭრო ჯიხურის მფლობელი, რომელმაც შეუკვეთა მაისურების დიდი პარტია წარწერით "თავისუფლება რაიდერს!" ამ მაისურებში გამოეწყო ლოს-ანჯელესის თითქმის ყველა მცხოვრები. ჯარიმის გადახდის შემდეგ მსახიობი მოპარული ნივთების კანონიერი მფლობელი გახდა და გადაწყვიტა, ისინი აუქციონზე გაეტანა, ხოლო ამოღებული თანხა (წინასწარი პროგნოზით, არანაკლებ 100 ათასი დოლარისა) საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გადაერიცხა. კეთილი განზრახვისათვის ჟურნალისტებმა რაიდერს ჰოლივუდელი რობინ ჰუდი უწოდეს. მაგრამ მოსამართლემ მიიჩნია, რომ რაიდერს უფლება არ ჰქონდა, ნაქურდალი საქონლის გაყიდვით სარგებელი მიეღო. ასეა თუ ისე, მთავარია გაირკვეს, მაინც რამ უბიძგა რაიდერს ქურდობისკენ - ანგარებამ თუ აზარტმა, რომელიც მუდამ თან სდევთ პათოლოგიურ მოთამაშეებს, ალკოჰოლიკებს და შოპინგ სინდრომის მსხვერპლთ.


ქურდი თუ კლეპტომანი

კლეპტომანია (ბერძ. კლეპტო - ვიპარავ, მანია - სიგიჟე, შეშლილობა, ჟინი, გატაცება) - ეს არის ხშირად იმპულსური, ზოგჯერ კი ზედმიწევნით დაგეგმილი მისწრაფება ქურდობისაკენ ყოველგვარი ანგარების გარეშე. მაგალითად, დედოფალი მარგოს თანამეცხედრეს ანრი IV-ს, თანამედროვეთა გადმოცემით, ჰყვარებია სტუმრად ყოფნისას ძვირფასი ნივთების, სამშვენისების აცოცება, რომლებსაც შემდეგ პატრონს უბრუნებდა და თან დაუდევრობისთვის სიცილს აყრიდა. კლეპტოპმანები ერთგვარი კეთილშობილი ქურდები არიან: მათთვის დამახასიათებელია უანგარობა, გულადობა, რისკის სიყვარული, სინდისიერება. კლეპტომანისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთიც კი არ წარმოადგენს მატერიალურ ფასეულობას - ის არ აპირებს მის გაყიდვას ან ტარებას. აი, შენახვა და თვალიერება კი დიდ სიამოვნებას ანიჭებს - იმ ნეტარებას ახსენებს, რომელსაც მისი მითვისების მომენტში განიცდიდა. ამ გზით კლეპტომანი იხსნის სტრესს, თავისუფლდება შინაგანი დაძაბულობისგან, მერე კი ხელახლა ქურდობს. რუსეთში არსებობს სოციალური და სასამართლო ფსიქიატრიის სამეცნიერო ცენტრი, სადაც კლეპტომანთა ავადმყოფობის ისტორიები ინახება. ერთ-ერთი ისტორია მოგვითხრობს, რომ პაციენტი ყოველთვიურად მიდიოდა ცენტრალური უნივერმაღის მამაკაცთა განყოფილებაში, ისინჯავდა კოსტიუმს, ზემოდან საკუთარს იცვამდა და მიდიოდა. ერთი წლის განმავლობაში მან 12 კოსტიუმი მოიპარა და ყველა ხელუხლებლად ეწყო სახლში. მეორე ავადმყოფი ბეწვის ქურქების კოლექციას აგროვებდა. ოპერატიული მუშაკები, რომლებიც მასთან ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ, გაოცდნენ და უთხრეს კიდეც: "ხომ შეგეძლო, თითოეული ნახევარ ფასად გაგეყიდა და სხვა რამ შეგეძინაო". კლეპტომანი ნაწყენი დარჩა: "რატომ უნდა გამეყიდა, მე ხომ საკმაოდ კარგი ხელფასი მაქვსო". ასე იყო ვაინონა რაიდერის შემთხვევაშიც: შეძლებულ მსახიობს ხომ სულ ადვილად შეეძლო ნებისმიერი ნივთის შეძენა, მაგრამ მოპარვა ამჯობინა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კლეპტომანებს დაქვეითებული აქვთ თვითგადარჩენის ინსტინქტი - ისინი რისკზე მიდიან და ებმებიან სახიფათო თამაშში, რომელშიც მათთვის ყველაზე მიმზიდველი ის არის, რომ შეიძლება ყველაფერი დაკარგონ. აღნიშნულ ინციდენტამდე რაიდერის სინდისზე კიდევ მინიმუმ სამი ქურდობა იყო, რომლებიც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა: ერთი - ნიუ იორკის მაღაზია "ბარნიზში", ხოლო ორი - ბუტიკ "ნეიმენ მარკუსში", ბევერლი ჰილზზე. უკანასკნელ შემთხვევაში მან შლაპა აირჩია, თავზე დაიხურა, დიდხანს იბორიალა მაღაზიაში და მერე ისე გავიდა ქუჩაში, რომ საფასური არ გადაუხდია. ქურდობის სიხშირე შინაგანი დისკომფორტის პერიოდულობაზეა დამოკიდებული. სწორედ იგი აიძულებს კლეპტომანს იქურდოს, პირომანს - გააჩინოს ხანძარი, ნარკომანს - იჩხვლიტოს. მაგრამ ნებელობითი ფუნქციების დარღვევა სერიიდან "ორი ერთში" იშვიათად გვხვდება. ფაქტმა, რომ ქურდობისას მსახიობი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სპეციალისტები აიძულა, კლეპტომანიისადმი მის მიდრეკილებაში ეჭვი შეეტანათ - აქ ან ერთია, ან მეორე.

ხან გოგონაა, ხან კი მოჩვენება

ვაინონა რაიდერი შთამომავლობითი ნარკომანია. უფროსი რაიდერები 60-იანი წლების ჰიპები იყვნენ. გოგონა თავისუფლების ატმოსფეროში იზრდებოდა და ჯერ კიდევ მოზარდ ასაკში შეეჩვია ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. 15 წლის ვაინონა ჰაშიშს ეწეოდა, მერე კი ჰეროინი ამჯობინა და 32 წლისა უკვე 37 სახის ფსიქოტროპულ საშუალებას იყენებდა, რათა დეპრესია და უეცარი შიშის შეტევები ჩაეხშო. ყოველივე ეს დაწვრილებით არის აღწერილი პოლიციელთა ანგარიშში, რომელსაც 28 ფურცელი უკავია და შედგენილია სასამართლო გარჩევის დროს. ამიტომაც აღმოჩნდა განაჩენი ასეთი მსუბუქი - საპყრობილის ნაცვლად მსახიობი მალიბუს კერძოOკლინიკაში გაემგზავრა, სადაც ერთკვირიანი კურსი 20 ათასი დოლარი ღირს. აქ მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავებს მკურნალობენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების, კლეპტომანიისა და სხვა მავნე ჩვევების დროს. კლინიკის მუდმივი პაციენტია ცნობილი დებოშიორი და მფლანგველი ბენ აფლეკი; ლამის შინაურად ითვლება ალკოჰოლიკი, ნარკომანი, სექსოჰოლიკი და სკანდალისტი ჩარლი შინი, უმართავი რობერტ დაუნი-უმცროსი, რომელიც არაერთხელ დააკავეს ჰეროინის შენახვისთვის, იარაღის ტარებისთვის, არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის, სხვის სახლში შეჭრისა და სხვა უკანონო ქმედებებისთვის. ცხოვრების ნორმალურ წესს ჯერჯერობით მხოლოდ აფლეკი დაუბრუნდა. ექიმების აზრით, ჩარლი შინი ჯერ კიდევ გაუწონასწორებელ მდგომარეობაშია. რაც შეეხება დაუნი-უმცროსს, ის ციხესა და კლინიკას შორის მიმოდის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ვაინონა რაიდერს უფრო მეტად გაუღიმებს ბედი. ყველაფერი მის ხელთაა, მთავარია, ამ არაჯანსაღი ჩვევისგან განკურნება მოინდომოს.

ეძებე ქალი

მასშტაბური გამოკვლევის შედეგად კანადელმა მეცნიერებმა საშუალოსტატისტიკური კლეპტომანის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეადგინეს: ეს არის დაახლოებით 36 წლის ქალი, რომელიც უკვე დიდი ხანია ქურდობს; ის საქურდლად მარტო დადის; ძირითადად იპარავს ნივთებს,  რომლებიც არაფერში სჭირდება და მისთვის არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება სპონტანურ აღტყინებას, მაგრამ თავის ხელში აყვანას და ქურდობისკენ სწრაფვის დაოკებას ვერ ახერხებს. კლეპტომანიით შეპყრობილ ადამიანს, განსაკუთრებით - ქალს, ქურდობის წინ უჩნდება ნერვული დაძაბულობის განცდა, რომელიც თანდათან ძლიერდება (სპეციალისტები ასეთ ადამიანებს ურჩევენ, დაძაბულობა სირბილით, ფიტნესკლუბში ვარჯიშით ან სექსით მოიხსნან). ამ მდგომარეობას ზოგჯერ რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი იწვევს. ქურდობას კი უდიდესი შვება და სიამოვნება მოაქვს. ყველაზე აღტკინებული კლეპტომანებიც  კი არ დადიან საქურდლად ყოველდღე - ფსიქოლოგიური დატვირთვა მეტისმეტად დიდია. ქურდობის შემდეგ კლეპტომანები ერთხანს განცდილი სიამოვნების ხარჯზე ცხოვრობენ. კლეპტომანები გამოირჩევიან დაბალი თვითშეფასებით, მარტოობის განცდით და ზარალის ანაზღაურების ქვეცნობიერი სურვილით. ამიტომაც უწოდებენ მათ პატიოსან ქურდებს. ისინი კანონმორჩილი მოქალაქეები არიან, მაგრამ რომ არ იქურდონ, არ შეუძლიათ; გამოსავალი ერთია - ფსიქოთერაპიის სეანსები, ასევე - ენდოკრინული ფონის სტაბილიზაცია: სისხლში ჰორმონული ქარიშხალი დაავადების გამძაფრებას იწვევს.