ხმაური ყურებში - ყურჩქამი
ყურებში ხმაურის გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტიკის საშუალებებსა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება სამკურნალო ცენტრ "ჯანმრთელობისა" და მოზრდილთა მე-19 პოლიკლინიკის ექიმი ოტოლარინგოლოგი ნინო კვერნაძე.
- ქალბატონო ნინო, ზოგადად როგორ შეიძლება დავახასიათოთ ყურებში ხმაურის შეგრძნება და რა ფენომენით ვლინდება იგი?
- ხმაური (ყურჩქამი - tenitus aurium) არის ბგერები, რომლებიც არასასურველად, გამაღიზიანებლად მოქმედებს ადამიანზე, ხელს უშლის მას მუშაობასა და დასვენებაში. სრულ სიჩუმეში ჯანმრთელსაც შეიძლება ჩაესმას ყურებში ხმაური, მაგრამ ეს შეიძლება აიხსნას შუა ყურის წვრილ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევით. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფიზიოლოგიურ ხმაურთან.
ყურებში შემაწუხებელ, პათოლოგიურ ხმაურს იწვევს სმენის ნერვში არათანაბარი სისხლის მიმოქცევა ან მისი გაღიზიანება ამა თუ იმ დაავადების გამო. ხმაურს ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ: სტვენის, ჩანჩქერის, მექანიზმის, ზარის სახით. ხმაური შეიძლება იყოს ინტენსიური, მუდმივი. იგი მოქმედებს როგორც შრომისუნარიანობაზე, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობაზეც - შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, უძილობა, საერთო სისუსტე.
- რომელი პათოლოგიური მდგომარეობა იწვევს თავად ხმაურს?
- ყურებში ხმაურს მრავალი დაავადება იწვევს, უმთავრესად - გარეთა, შუა და შიგნითა ყურის დაავადებები. თვით ამ დაავადებათა უმთავრეს მიზეზად კი მიიჩნევენ სმენის ნერვის დაბოლოების გაღიზიანებას შიგნითა ყურის ანთებითი პროცესებით, ტოქსიკური პრეპარატებით. არტერიული წნევის აწევა ან დაწევა, სისხლძარღვოვანი კრიზი, ვეგეტატიური ნერვული სისტემის პათოლოგიური მდგომარეობა, შაკიკი, ნევრასთენია, სისხლძარღვოვანი დარღვევები, ოსტეოქონდროზი, შაქრიანი დიაბეტი - ის დაავადებებია, რომელთა დროსაც შესაძლებელია ყურებში ხმაურის განვითარება. ასევე შესაძლოა დროებითი ხმაურის გაჩენა ორსულობის დროს და კლიმაქტერიულ პერიოდში.
- შესაძლოა თუ არა, ყურებში ხმაურს თან ახლდეს სმენის დარღვევა?
- ხშირად ხმაურს მართლაც ახლავს თან სმენის დაქვეითება, რომლის მიზეზია გოგირდოვანი ან ეპიდერმისული საცობები გარეთა ყურში, ნეიროსენსორული დარღვევები და სხვა. როდესაც ხმაური ყურში გამოწვეულია ოტოსკლეროზით, წარმატებული ოპერაციის შემდგომ ის სრულიად ქრება.
- როგორ სვამენ დიაგნოზს?
- პაციენტის ჩივილების, დაავადების ზოგადი მდგომარეობის შეფასების საფუძველზე. ოტოლარინგოლოგმა ოტოსკოპით აუცილებლად უნდა დაათვალიეროს გარეთა სასმენი მილი, დაფის აპკი, რათა გამოირიცხოს ელემენტარული მიზეზი - გოგირდოვანი საცობი. საცობის შემთხვევაში ამორეცხვის შემდეგ ხმაური ქრება. მომდევნო ეტაპია კამერტონით აუდიოლოგიური გამოკვლევა და თანმხლები დაავადების ანალიზი თუ დიაგნოსტირება.
- რას ურჩევდით მათ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს?
- როდესაც ადამიანს ყურში ხმაური ჩაესმის, ცხადია, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად აღმოიფხვრას ყურის, გულ-სისხლძარღვთა, ნევროლოგიური და სხვა დაავადებები. დაავადების მართვაში ჩართულნი უნდა იყვნენ ოტოლარინგოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ოჯახის ექიმი და სხვა სპეციალისტები.
მკურნალობა უმთავრესად გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, რაციონალურ კვებას, ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმას. მედიკამენტური მკურნალობით, პირველ რიგში, უნდა ვმართოთ ძირითადი მიზეზი: არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ნევროლოგიური მდგომარეობა, პროთრომბინის დონის მაჩვენებელი სისხლში.
ყურში მიმდინარე ყველა პათოლოგიურ პროცესს აქვს მკურნალობის ინდივიდუალური სქემა, მაგალითად, მწვავე ანთება მკურნალობის შემდეგ უკვალოდ ქრება და მასთან ერთად წარსულს ბარდება ხმაურიც. სამკურნალოდ, პირველ რიგში, ინიშნება პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე: A და B ჯგუფის ვიტამინები, დამამშვიდებელი საშუალებები.
მეტად მნიშვნელოვანია არტერიული წნევის მოწესრიგება, შიგნითა ყურში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ზოგადად ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ნოვოკაინის ბლოკადა. მკურნალობაში შეიძლება ჩართულ იქნეს ფიზიოთერაპიული კურსი (ელექტროფორეზი იოდკალიუმით) და კისრის სამკურნალო მასაჟი, ოღონდ ის აუცილებლად კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს.
- როგორი შეიძლება იყოს პროგნოზი?
- ადამიანის ყური ძალზე მნიშვნელოვანი, რთული და იმავდროულად ძალზე სათუთი ორგანოა. თუ მკურნალობა ადრე დავიწყეთ, პროგნოზი საიმედოა, მაგრამ პაციენტი ექიმს უმეტესად მაშინღა მიმართავს, როდესაც მისი მდგომარეობა ძლიერ შემაწუხებელი ხდება, უჭირს მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს (რადგან ემოციური დაძაბულობის დროს ყურებში ხმაური ძლიერდება). ამ შემთხვევაში მკურნალობა უმთავრესად იქით არის მიმართული, რომ ხმაური არსებულ დონეზე შევინარჩუნოთ და პაციენტს მდგომარეობა უფრო მეტად არ დაუმძიმდეს.
ყურებში ხმაურის თავისებურება, პროგნოზი და მკურნალობა მისი სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში სხვადასხვაგვარია.
პროფილაქტიკური გასინჯვა სასურველია წელიწადში 2-ჯერ ჩატარდეს. ყურში ხმაური მრავალი დაავადების პრობლემას მოიცავს, ამიტომ ჩემი რჩევაა, დროულად მიმართოთ ექიმს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ეს ხმაური შეიძლება ჩვენი სამუდამო თანამგზავრი გახდეს.