სტრესი, როგორც ზურგის ტკივილის მიზეზი
სტრესთან დაკავშირებული ზურგის ტკივილის მიზეზების შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს.
ყველა თეორიის თანახმად, ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორები იწვევენ გარკვეულ ფიზიკურ ცვლილებებს, რაც ზურგის ტკივილის საფუძველია.
სტრესული ზურგის ტკივილის თეორიების უმეტესობაში, ციკლური ტკივილის გაგრძელებასთან ერთად, ის ძლიერდება, რაც იწვევს პაციენტის მოუსვენრობას და მას უჭირს ყოველდღიური აქტივობები.
ციკლური ტკივილის დროს:
- პაციენტს ძალიან უჭირს ყოველდღიური მრავალი ფუნქციის შესრულება;
- აქტივობის ეს დაქვეითება გამოწვეულია ტკივილის ან ტრავმის შიშით;
- ეს შიში შეიძლება გამწვავდეს ექიმის (ახლობლების) რჩევით, – დამშვიდდი და მოერევი დიაგნოზს, რადგან აღგენიშნება მცირე სტრუქტურული ცვლილებებიო (რაც შეიძლება რეალურად არ იყოს ზურგის ტკივილის მიზეზი);
- მოძრაობისა და აქტივობის შეზღუდვა იწვევს ფიზიკური მდგომარეობის დარღვევას და კუნთების შესუსტებას, რასაც მოჰყვება ზურგის ტკივილი.
რა თქმა უნდა, ამ ციკლით გამოწვეულ ტკივილს, შიშს, ახლავს უფრო დიდი ფიზიკური დეზადაპტაცია, სხვა რეაქციებთან ერთად (სოციალური იზოლაცია, დეპრესია და შფოთვა).
ჯანსაღ მდგომარეობაში კუნთები დაძაბულია მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს, სტრესულ მდგომარეობაში, ნეგატიური ემოციებისას კი მუდმივად დაჭიმულია. ადამიანს უჭირს, სრულფსოვნად დაისვენოს. გახანგრძლივებული დაძაბულობის შედეგად კუნთები მკვრივდება, კარგავს ელასტიკურობას და იჭიმება. ხდება ნერვული დაბოლოებების და სისხლძარღვების თანდათანობითი შეკუმშვა, რაც იწვევს ცალკეული ქსოვილების სისხლმომარაგების და კვების დარღვევას. ჩნდება ზურგის ქრონიკული ტკივილი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ სტრესით.
დიდი ხნის განმავლობაში დაძაბული ყოფნისას ადამიანი თანდათან კარგავს მოდუნების უნარს. აშკარა ხდება დაავადების გარეგანი გამოვლინებებიც კი – დახრილი ზურგი, ჩამოშვებული მხრები, დაძაბული კისერი, მძიმე სიარული. ეს შეიძლება იყოს ოსტეოქონდროზი, ზურგის ტვინის ნერვის ჩაჭედვა, თიაქარი, ართრიტი, ართროზი და სხვა პათოლოგიები.
ხერხემლის დაავადებები სხვადასხვანაირად ვლინდება:
- ძვლოვანი ქსოვილის ცვლილებები;
- სახსრებისა და ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანება;
- ნევროლოგიური დარღვევები;
- წელის თიაქარი;
- დისკის პროტრუზია;
- ოსტეოქონდროზი;
- სკოლიოზი.
ადამიანი ძალიან ემოციური არსებაა, მაგრამ ზოგჯერ, გარემოებების გათვალისწინებით, აუცილებელია ემოციების დათრგუნვა ან იგნორირება. შინაგანად მიმართული ბრაზი, შიში, დაბნეულობა, სიმწარე, დანაშაულის გრძნობა, უმწეობა, სიძულვილი და სხვა ძლიერი ემოციები არ ქრება, გროვდება, ტოვებს ფიზიკურ კვალს, იწვევს დაავადებებს. ხანგრძლივი ემოციური სტრესი გავლენას ახდენს ჰორმონალურ დონეზე და ხელს უშლის სეროტონინის და ენდორფინის გამომუშავებას.
ფსიქოგენური ზურგის ტკივილი შეიძლება გაქრეს დადებითი ემოციების გამოვლინებით, მაგრამ სტრესულ სიტუაციებში განახლებული ენერგიით ბრუნდება.
ჯანმრთელობაზე ემოციური მდგომარეობის ძლიერი ზემოქმედების დასაძლევად აუცილებელია სხვადასხვა სპეციალისტთან (ნევროლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი) კონსულტაცია. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია შინაგანი სიმშვიდის, პოზიტივის, საკუთარი თავის ფლობის და ნებისმიერ უბედურებაზე შეგნებული რეაგირების გამომუშავება. მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ სწორად დასვენება, გადართვა და მოდუნება. არ არის საჭირო, პრობლემას გონებით ხშირად დაუბრუნდეთ. ასეთი ქცევა გააუარესებს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, არამედ ფიზიკურს.
არსებობს სტრესთან გამკლავების რამდენიმე საშუალება:
- სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა;
- სპორტი, ფიტნესი, სუფთა ჰაერზე სეირნობა;
- აუზში ცურვა, საუნა და წყლის სხვა პროცედურები;
- სწორად შერჩეული კვება;
- დადებითი ემოციები (ცეკვა, მუსიკა, ჰობი).
თუ გაწუხებთ ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, უძილობა ან მომატებული დაღლილობა უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
ზურგის „სტრესული ტკივილის“ დიაგნოზი
ზურგის სტრესული ტკივილის დიაგნოზი ხშირად დგინდება სამედიცინო ისტორიისა და ფიზიკური გამოკვლევის საფუძველზე. ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს სერიოზული სამედიცინო მდგომარეობით (ხერხემლის სიმსივნე ან ინფექცია). ყოვლისმომცველი სამედიცინო ინფორმაციით, ვიზუალიზაციის კვლევების შემდგომი დაკვირვებით, უმეტეს პაციენტებში შეიძლება გამოირიცხოს ზურგის ტკივილის უფრო სერიოზული სტრუქტურული მიზეზები.
თუ ზურგის ტკივილი დაკავშირებულია სტრესთან, ტკივილის ისტორია ხშირად საკმაოდ ცვალებადია. ტკივილი შეიძლება განვითარდეს კონკრეტული ინციდენტის შემდეგ ან მოულოდნელად გამოვლინდეს. მაგალითად, ტკივილი უმეტესად იწყება კუნთების და მყესების დაჭიმვით, მაგრამ არ ქრება ემოციური ფაქტორების გავლენის გამო.
ხშირ შემთხვევაში, MRI სკანირებამ შეიძლება გამოავლინოს დისკის პროტრუზია ან ოსტეოქონდროზი, თუმცა სტრესი რეალურად არის ზურგის ტკივილის მიზეზი.
სტრესული ზურგის ტკივილის საერთო მახასიათებლები მოიცავს სიმპტომებს:
- ზურგის ან/და კისრის ტკივილი;
- კუნთების დიფუზური ტკივილი;
- მტკივნეული წერტილები კუნთებში;
- ძილის დარღვევა და დაღლილობა;
- ხშირად, სტრესული ზურგის ტკივილის დროს, პაციენტები უჩივიან ტკივილის მიგრაციას.
სტრესული ზურგის ტკივილის დიაგნოზი ისმება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტკივილის ორგანული მიზეზები სრულად არის გამორიცხული და ამავდროულად, ჩანს სტრესული ზურგის ტკივილის დამახასიათებელი ნიშნები.
სტრესთან დაკავშირებული ზურგის ტკივილის მკურნალობა
ისევე, როგორც არსებობს მრავალი თეორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა და სხვა ემოციურმა თუ ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა ზურგის ტკივილი, ასევე არსებობს მკურნალობის მრავალი მიდგომა. მაგრამ მთავარი – ინტეგრირებული მიდგომაა.
ყოვლისმომცველი მკურნალობის მიდგომა ითვალისწინებს მრავალ ფაქტორს: ფიზიკურ, ემოციურ, კოგნიტურ და გარემო ფაქტორებს.
ამრიგად, მკურნალობის ეფექტი ხორციელდება შემდეგ ასპექტებზე:
- ფიზიკური, მათ შორის დასუსტებული კუნთები, ნერვის გაღიზიანება და ა.შ.;
- ემოციური, მათ შორის დეპრესია, შფოთვა, ბრაზი და ა.შ.;
- შემეცნებითი, როგორიცაა უარყოფითი აზრები, პესიმიზმი, სასოწარკვეთა და ა.შ.;
- გარემო ფაქტორები, როგორიცაა სამუშაო ადგილის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები და ა.შ.
ყოვლისმომცველი მკურნალობის პროგრამა შეიძლება შეიცავდეს პროცედურებს, როგორიცაა:
- ფიზიკური ფაქტორების მკურნალობა ფიზიოთერაპიით, ანალგეტიკებით და ვარჯიშით;
- ფიზიკური და ემოციური ფაქტორების მკურნალობა შესაბამისი მედიკამენტების (ანტიდეპრესანტების ან მიორელაქსანტების) გამოყენებით;
- ემოციური და კოგნიტური ფაქტორების მკურნალობა ფსიქოლოგიური ტკივილის მართვის ტექნიკისა და ბიოფიდბეკის გამოყენებით;
- გარემო ფაქტორების მკურნალობა კონსულტაციის გზით.
მკურნალობის შედეგში მთავარი ფაქტორია პაციენტის მოტივაცია, გაიაროს მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული კურსი.