რეინოს სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რეინოს სინდრომი

ამ და სხვა კითხვებზე ანგიოქირურგი, მედიცინის დოქტორი გიორგი რამიშვილი გვიპასუხებს.

- ბატონო გიორგი, რა არის რეინოს სინდრომი? იგივეა თუ არა, რაც რეინოს დაავადება?

- რეინოს სინდრომი სისხლძარღვთა სპაზმით მიმდინარე პათოლოგიაა, რომელსაც უპირატესად წვრილი ტერმინალური არტერიებისა და არტერიოლების დაზიანება ახასიათებს. იგი ვლინდება შეტევითი ხასიათის თითების გაფითრებითა და ციანოზით. განასხვავებენ რეინოს პირველად და მეორეულ სინდრომებს. პირველს რეინოს დაავადება ეწოდება, მეორეს - რეინოს ფენომენი.

პირველადი რეინოს სინდრომი დამოუკიდებელი დაავადებაა. მის წილად მოდის შემთხვევათა 50%. არ გამორიცხავენ მის წარმოშობაში ალფა-2 ადრენორეცეპტორებისადმი სისხლძარღვთა მომატებული მგრძნობელობის მონაწილეობას. პროცესი, ჩვეულებრივ, სიმეტრიულად ლოკალიზდება ზედა კიდურებზე.

მეორეული რეინოს სინდრომი შერწყმულია სხვადასხვა დაავადებასთან და ზრდასრული მოსახლეობის 4-10%-ში გვხვდება.

- კერძოდ რომელი დაავადებების დროს არის შესაძლებელი რეინოს ფენომენის თანაარსებობა?

- რეინოს ფენომენი, ჩვეულებრივ, გვხვდება ისეთი დაავადებებისა და მდგომარეობების ფონზე, როგორიც არის:

* შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები:

  • სკლეროდერმია;
  • წითელი მგლურა;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • შეგრენის სინდრომი;
  • პოლიმიოზიტი/დერმატომიოზიტი.

* სისხლძარღვთა დაავადებები:

  • მაობლიტირებელი თრომბანგიიტი;
  • ტაკაიასუს დაავადება;
  • ათეროსკლეროზი;

* დაავადებები, რომლებსაც თან სდევს სისხლის სიბლანტის მატება:

  • კრიოგლობულინემია;
  • პოლიციტემია;
  • ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია;
  • წინა კიბისებრი კუნთის სინდრომი;
  • ფეოქრომოციტომა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპოთირეოზი.

* რეინოს სინდრომი გვხვდება როგორც ზოგიერთი სამკურნალო საშუალების გვერდითი ეფექტი. ეს საშუალებებია:

  • ბეტა-ადრენობლოკატორები
  • ბლეომიცინი;
  • კლოფელინი;
  • ერგოტამინი;
  • მეტისერგიდი;
  • პარლოდელი;
  • ციკლოსპორინი;

* დაბოლოს, უნდა აღინიშნოს მის წარმოშობაში განმეორებადი საწარმოო ტრავმების - ვიბრაციის (პნევმატური ჩაქუჩით მომუშავე პირები, პიანისტები, მბეჭდავები), მოყინვის როლი.

- ბატონო გიორგი, რა იწვევს რეინოს დაავადებას?

- დღემდე არავინ იცის, რატომ ვითარდება ეს დაავადება. ცნობილია, რომ იგი მეტწილად ახალგაზრდა ქალებს ემართებათ, მაგრამ ავადდებიან მამაკაცებიც. დაავადება თავს იჩენს ნებისმიერ ასაკში, უმეტესად - 20-იდან 40 წლამდე.

პირველი შეტევა შესაძლოა განვითარდეს გადატანილი ინფექციის ან რომელიმე მაპროვოცირებელი ფაქტორის - გადაღლის, გადაცივების, ჭარბი ინსოლაციის (გარუჯვის) გავლენით. დაავადების აღმოცენება შესაძლებელია როგორც თავის ტვინის ტრავმის, ისე ძლიერი ემოციური სტრესის ფონზეც. მის ნევროლოგიურ ბუნებაზე მეტყველებს აგრეთვე დაზიანების სიმეტრიულობა: სიმპტომები ერთდროულად ვლინდება ორივე მხარეს - როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ. მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თითების ფიზიკურ დატვირთვას - დაავადება ხშირად ემართებათ მბეჭდავებს, პიანისტებს. მნიშვნელოვან პირობად მიიჩნევენ გარემო ფაქტორებზე მემკვიდრეობით განპირობებული სისხლძარღვთა რეაქციის თავისებურებებს. ასე, მაგალითად: სხვადასხვა ადამიანის სისხლძარღვები ერთსა და იმავე სიტუაციაზე სხვადასხვანაირად რეაგირებს - მღელვარების დროს ზოგი წითლდება, ზოგი კი ფითრდება. ასეთივე სიმპტომები შეინიშნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, ნერვული სისტემის დაავადებებისა და იმუნური სისტემის დასუსტების დროს, აგრეთვე - ტყვიისა და ვერცხლისწყლის მარილებით ქრონიკული მოწამვლის დროს და ისეთი მავნე ფაქტორების ზემოქმედებისას, როგორიც არის ვიბრაცია.

- რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

- სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედებით განვითარებული შეტევების დროს ხდება განსაზღვრული ჯგუფის სისხლძარღვთა ტონუსის მკვეთრი მატება. ამის შედეგად ვითარდება არტერიების სპაზმი - მათი სანათური იმდენად ვიწროვდება, რომ სისხლი ქსოვილებამდე თითქმის ვეღარ აღწევს. მოგვიანებით ვაზოკონსტრიქციის ინტენსიურობა იკლებს და კაპილარებსა და ვენებში ჟანგბადით გაღარიბებული სისხლი გროვდება. ამის გამო თითები იღებს მოლურჯო ფერს. სითბოს გავლენით გაფითრებასა და სილურჯეს რეაქტიული ჰიპერემია და კიდურების სიწითლე ცვლის.

შეტევებს შორის პერიოდში იმ პაციენტებს, რომელთაც ტროფიკული ცვლილებები არ აღენიშნებათ, კიდურების სისხლძარღვოვანი ტონუსი თითქმის ნორმალური აქვთ, ხოლო ტროფიკული ცვლილებების დროს სისხლძარღვები შეტევებს შორისაც შევიწროებული რჩება, რაც მათ სტრუქტურულ ცვლილებაზე მეტყველებს.


- რა სიმპტომები ახასიათებს რეინოს დაავადებას?

- პირველადი რეინოს სინდრომი ანუ რეინოს დაავადება თანდათანობით ვითარდება. პაციენტები უჩივიან სიცივეში სისხლძარღვთა სპაზმის ხანმოკლე, მსუბუქ შეტევებს. დროთა განმავლობაში ასეთი შეტევები უფრო და უფრო დიდხანს გრძელდება, ხოლო კლინიკური სიმპტომები უფრო და უფრო მეტად მძიმდება. ჩვეულებრივ, შეტევებს გადაცივება აპროვოცირებს, თუმცა არცთუ ისე იშვიათია შეტევა ემოციური სტრესის ფონზეც. შეტევა შესაძლოა შეწყდეს გათბობისას, ზოგჯერ კი თავისთავადაც გაივლის. შეტევებს შორის ავადმყოფი არაფერს უჩივის, ხოლო გასინჯვისას ექიმი პათოლოგიურ ცვლილებებს ვერ აღმოაჩენს.

რეინოს შეტევას ახასიათებს სამფაზიანი მიმდინარეობა: გაფითრება, ციანოზი და ჰიპერემია, - მაგრამ საკმაოდ ხშირია ბიფაზური მიმდინარეობაც გაფითრებით და/ან ციანოზით და ჰიპერემიით.

რეინოს დაავადების კლასიკური შეტევის დროს თითები უეცრად თეთრდება. ამას ანგიოსპაზმის სტადიას უწოდებენ. მოგვიანებით სიფითრეს ენაცვლება მოლურჯო შეფერილობა - ციანოზი. ამ დროს ავადმყოფი უჩივის ხელის თითების დაბუჟებას (პარესთეზია), შეცივებას; ვითარდება მწვავე ტკივილი და ტეხის ან წვის შეგრძნება. ხანმოკლე სპაზმი სწრაფად იცვლება სისხლძარღვთა გაფართოებით, რასაც მოჰყვება კანის შეფერილობის მოლურჯოდან მოწითალოში გადასვლა, ხოლო სიცივის შეგრძნებას ცვლის თითების შეთბობა, ჩხვლეტა და პულსაციის შეგრძნება.

შეტევა უმეტესად ზედა კიდურებს მოიცავს, თუმცა ზოგჯერ პროცესში ოთხივე კიდურია ჩართული. უპირატესად ზიანდება ხელის 2-3 თითის ბოლო ფალანგების ან ტერფის 1-3 თითის სისხლძარღვები, იშვიათად - სხეულის სხვა ნაწილებიც (ცხვირი, ყურები, ნიკაპი). დაავადების მძიმე მიმდინარეობისას რამდენიმე წელიწადში ვითარდება ტროფიკული ცვლილებები - იწყება ტროფოპარალიზური სტადია. თითებიდან ქრება თმოვანი საფარი, ფრჩხილები ნელა იზრდება, დეფორმირდება და მტვრევადი ხდება. შეინიშნება პანარიციუმებისა და წყლულების განვითარებისადმი მიდრეკილებაც. კანი თხელდება, ატროფირდება და მჭიდროდ ეკვრის ქვემოთ მდებარე ქსოვილებს (სკლეროდაქტილია). თითების დისტალურ ფალანგებზე ჩნდება ზედაპირული ნეკროზის კერები და ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულები. წყლულები ძალზე მტკივნეულია, განსაკუთრებით - ღამით. შეხორცების შემდეგ მათ ადგილას რჩება მცირე ზომის ნაწიბურები.

- რა გართულებებია მოსალოდნელი?

- მოსალოდნელია:

  • ონიქოპათია (ფრჩხილის პათოლოგიები);
  • თითის წვერებზე წყლულები;
  • განგრენა;
  • თითის წვერების თვითამპუტაცია.

- როგორია რეინოს სინდრომის მიმდინარეობა და პროგნოზი?

- პირველადი სინდრომის პროგნოზი, როგორც წესი, საიმედოა - ასიდან დაახლოებით 50-55 შემთხვევაში პროცესი უკუვითარდება. მეორეული სინდრომის დროს კი შემთხვევათა დაახლოებით 13% პროგრესირებს და საქმე ცხიმოვანი ბალიშების ატროფიზმამდე, თითის წვერების იშემიურ წყლულებამდე მიდის.

- როგორ ხდება სინდრომის დიაგნოსტიკა?

- რეინოს ფენომენის დროს დიაგნოსტიკის ძირითადი მიზანია:

  • რეინოს სინდრომის დადასტურება;
  • სიმძიმის ხარისხისა და კლინიკური მიმდინარეობის შეფასება;
  • პირველად და მეორეულ სინდრომებს შორის განსხვავების დადგენა.

სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვების დაზიანების განსაზღვრა ხდება ინსტრუმენტული გამოკვლევების - კანის თერმომეტრიის, პლეტიზმოგრაფიის, რეოგრაფიის, კაპილაროსკოპიის მეშვეობით.

პლეტიზმოგრაფია (ბერძ. პლეტჰყსმოს - ავსება, გაზრდა; გრაპჰო - ჩაწერა) სისხლძარღვთა ტონუსისა და წვრილი კალიბრის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის გამოკვლევის მეთოდია, რომელსაც საფუძვლად უდევს გრაფიკული რეგისტრაცია.

რეოვაზოგრაფია და ოსცილოგრაფია საშუალებას იძლევა, განისაზღვროს თითებში სისხლის მიმოქცევა დოპლეროგრაფიული მეთოდით.

ბოლო ხანს იმატა ყურადღებამ კვლევის ბიომიკროსკოპიული მეთოდების მიმართ. ასეთია, მაგალითად, ფრჩხილის გაფართოებული კაპილაროსკოპია, რომელიც ფრჩხილის სტრუქტურული ცვლილებების დეტალიზაციის საშუალებას იძლევა.

უნგეალური კაპილაროსკოპია წარმოადგენს კვლევის არაინვაზიურ და ძალზე ეფექტურ მეთოდს, რომლის საშუალებითაც ვადგენთ სისხლძარღვების დაზიანების ხარისხს.

კვლევის სპეციალური მეთოდები საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ სისხლის მიმოქცევის დარღვევები იმ სტადიაში, რომელიც ავადმყოფისთვისაც კი ჯერ კიდევ შეუმჩნეველია. თუ არსებობს ეჭვი თანდართულ სისტემურ დაავადებაზე, აუცილებელია შინაგანი ორგანოების, კერძოდ, თირკმელების, ფილტვების, გულის, საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევა.

- როგორ მკურნალობენ რეინოს სინდრომს?

- მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები ითვალისწინებს სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების გამოყენებას. ამ მიზნით გამოიყენება პრეპარატების რამდენიმე ჯგუფი, კერძოდ, კალციუმის ანტაგონისტები (ნიფედიპინი, კორინფარი). შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვა ბლოკერებიც: ვერაპამილი, დილთიაზემი, ნიკარდიპინი. გარდა ამისა, ინიშნება ალფა-ადრენობლოკერები, პერიფერიულად მოქმედი ადრენერგული ინჰიბიტორები, ცენტრალური ალფა-აგონისტები (მეთილდოფა), ვაზოდილატატორები.

სისხლძარღვოვანი დაზიანების მკურნალობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს აგფ-ინჰიბიტორები, კერძოდ, კაპტოპრილი. გამოიყენება კეტანსერინიც - სეროტონინული რეცეპტორების სელექციური ბლოკატორი HS2, უფრო - მოხუცებულ ასაკში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრეპარატებს, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, აქვეითებენ მის სიბლანტეს: დიპირიდამოლს, პენტოქსიფილინს (აგაპურინი, ტრენტალი), დაბალმოლეკულურ დექსტრანებს (რეოპოლიგლუკინი).

მკურნალობაში შეიძლება ჩაირთოს ჰიპერბარიული ოქსიგენოთერაპია, რეფლექსოთერაპია, ფსიქოთერაპია, ფიზიოთერაპია. მედიკამენტური თერაპია რეინოს დაავადების დროს წლობით გრძელდება.

კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ტარდება სიმპათექტომია, რომელიც კონსერვატიული მეთოდის ალტერნატივას წარმოადგენს. მკურნალობის მიზანია იმ ნერვული ბოჭკოების "გამორთვა", საიდანაც მოდის პათოლოგიური იმპულსები, რომლებიც სისხლძარღვებს შეკუმშვას "აიძულებს". არსებობს სიმპათექტომიის რამდენიმე სახეობა. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ნაკლებტრავმულია ენდოსკოპიური სიმპათექტომია, რომელიც მგრძნობიარე თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის დახმარებით სრულდება.


- შეტევის დროს როგორ მოვიქცეთ?

- იშემიის მწვავე შეტევის დროს გადაუდებელი მკურნალობა კიდურის გათბობას გულისხმობს, ვინაიდან სითბო ხელს უწყობს შეტევის უკუგანვითარებას. ამისთვის ხელები მოათავსეთ თბილ (და არა ცხელ) წყალში. კანის ტემპერატურა მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს სისხლძარღვების გაფართოებასა და შეთბობას. ხელები შეგიძლიათ შეუშვიროთ აგრეთვე საშრობი აპარატის თბილი ჰაერის ნაკადს. ტკივილი თავიდან რომ ავიცილოთ, საკმარისია, გავიკეთოთ მსუბუქი მასაჟი და თითები 2-3 წუთის განმავლობაში შევითბოთ. მასაჟი აუცილებლად უნდა გაკეთდეს თბილი თითებით ან შალის ქსოვილით. სასურველია, ავადმყოფმა დალიოს ცხელი ჩაი. შეტევის გახანგრძლივებისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

- როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადების გამწვავება?

- ამისთვის არსებობს სპეციალური რეკომენდაციები:

* ერიდეთ:

  • სიცივეს. სიცივეს უნდა მოარიდოთ არა მარტო კიდურები, არამედ სახე და სხეულის სხვა ნაწილებიც. როდესაც კისერი და მკერდი ღია გაქვთ, სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში ავტომატურად ნელდება. სხეულის ნებისმიერი ნაწილის გადაცივებამ შეიძლება თითის სისხლძარღვების შევიწროება (ვაზოკონსტრიქცია) და რეინოს შეტევა გამოიწვიოს; წყალსაცავში ბანაობა ჯანმრთელი ადამიანებისთვის სასარგებლოა, მაგრამ დაუშვებელია რეინოს დაავადების დროს; ნუ დაიბანთ ხელებს ცივი წყლით;
  • ისეთი მედიკამენტების მიღებას, რომლებიც იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს (ბეტა-ადრენობლოკერები, კოფეინი) - ისინი ხელს უწყობენ რეინოს დაავადების შეტევის განვითარებას და ახანგრძლივებენ მას;
  • მაგარი ჩაის, ყავის მიღებას;
  • სტრესულ სიტუაციებს;
  • თამბაქოს. თუ ეწევით, დაუყოვნებლივ და სამუდამოდ თქვით უარი სიგარეტზე. ჯანმრთელ ადამიანშიც კი, რომელსაც სისხლძარღვოვანი რეაქციები ნორმალური აქვს, ნიკოტინი იწვევს არტერიების ტონუსის ხანგრძლივ მატებას და კანის სისხლძარღვების სპაზმს, რეინოს სინდრომის შემთხვევაში კი შესაძლოა შეტევის პროვოცირება მოახდინოს;
  • ვიბრაციას. ნებისმიერ სახლში არსებობს თუნდაც მცირედი ვიბრაციის წყარო: ელექტროძრავიანი საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტები - ელექტრობურღი, ელექტროქურა, ყავის საფქვავი, მტვერსასრუტი. მაცივარი, სარეცხი მანქანა დადგით კარგად ამორტიზებულ ადგილას, რეზინის ან პარალონის ნოხზე, რომ არ იძაგძაგოს. ეცადეთ, არ გამოიყენოთ ელექტრობურღი და ელექტროხერხი. უკიდურეს შემთხვევაში ჩაიცვით შალის ხელთათმანი.

* ზამთარში აუცილებლად ატარეთ თბილი ხელთათმანები. ეცადეთ, ფეხსაცმელი ყოველთვის მშრალი გქონდეთ. სასარგებლოა რაციონში პოლიუჯერი ცხიმოვანი (ლინოლის, ლინოლენის, არაქიდონის) მჟავების ჩართვა. მიირთვით თევზი. ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს, სისხლძარღვებისთვის სასარგებლოა. დამტკიცებულია, რომ ეს მჟავები ორგანიზმს სიცივის გადატანას უადვილებენ და თავიდან გვაცილებენ რეინოს დაავადების შეტევებს.

* ავარჯიშეთ სისხლძარღვები. ეს თანდათანობით გაზრდის ტემპერატურის გრადიენტს და სისხლძარღვებს ტემპერატურული სტრესისადმი უფრო შეუვალს გახდის.

ეს საინტერესოა

სატირიკოსი ჟან ბატისტ მოლიერი, რომელიც უმოწყალოდ დასცინოდა თავის თანამედროვე ექიმებს, 100 წლის შემდეგ მცხოვრებ პარიზელ თერაპევტსა და ნევროპათოლოგს მორის რეინოს ღიმილს სულაც არ ჰგვრიდა. პირიქით, ამ უკანასკნელს სწყინდა კოლეგების დაცინვა და სურდა დაემტკიცებინა, რომ იმ დროშიც კი მედიცინის საქმე არც ისე ცუდად იყო. ბოლოს რეინომ დაწერა წიგნი "მოლიერის დროის ექიმები", რომლისთვისაც მისმა თანამედროვეებმა ავტორს ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიანიჭეს და უნდა ითქვას, რომ დამსახურებულადაც: რეინო იყო არა მარტო ნიჭიერი პრაქტიკოსი, არამედ ერუდირებული ფილოსოფოსი და მედიცინის ისტორიკოსი. შთამომავალთა მეხსიერებაში მისი სახელი დარჩა 1862 წელს გამოქვეყნებული ნაშრომით, სადაც მან პირველმა აღწერა მტევნისა და ტერფის წვრილ არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას მიმდინარე პათოლოგიური პროცესი, რომელიც პროგრესირებს და შესაძლოა, დროთა განმავლობაში თითების განგრენაც კი გამოიწვიოს. სიცივითა და ემოციებით პროვოცირებული დიგიტალური იშემიის ეპიზოდების აღწერა მისმა თანამედროვეებმა იმდენად სრულყოფილად მიიჩნიეს, რომ დაავადებას რეინოს სახელი მიანიჭეს.