რა პრობლემებს ქმნის ვისცერული ცხიმი
ვისცერული ცხიმი არის ჩვენი სხეულის სარეზერვო საკვები, ენერგიის მარაგი ცხიმოვანი ქსოვილის სახით. კანქვეშა ცხიმისაგან განსხვავებით, რომელიც გროვდება თეძოების, მუცლის ან წელის მიდამოში, ვისცერული ცხიმი მდებარეობს ბევრად უფრო ღრმად და გარს აკრავს პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო ორგანოს.
სულ უფრო მეტ ადამიანს სურს იყოს კარგ ფორმაში და გამოიყურებოდეს მიმზიდველად, ამიტომაც ყველანაირად ცდილობენ ხოლმე ზედმეტი ცხიმისგან თავის დაღწევას. თუმცა სიმსუქნე არა მხოლოდ გარეგნობას უქმნის საფრთხეს, სერიოზულ გამღიზიანებლად ევლინება ორგანიზმს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ ვისცერულ და არა კანქვეშა ცხიმს, რადგან ეს უკანასკნელი საერთოდ არ არის საშიში, თუ არ ჩავთვლით კოსმეტიკური ეფექტის მხრივ პრობლემას.
სტატიიდან თქვენ გაარკვევთ:
- რა არის ვისცერული ცხიმი?
- სად და რატომ გროვდება ის?
- რა არის ვისცერული ცხიმის საშიშროება?
- როგორ გავარკვიოთ შიდა ცხიმის რაოდენობა და გადაჭარბებულია თუ არა მისი ნორმა?
- როგორ მოვიშოროთ ვისცერული ცხიმი?
რა არის ვისცერული ცხიმი?
თუ გსურთ შეიმუშაოთ ვისცერული ცხიმის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდიკა, მაშინ საფუძვლიანად უნდა შეისწავლოთ ის. ვისცერული ცხიმის თავისებურება ის არის, რომ ის დეპონირდება სეროზული გარსის შიგნით, რომლითაც ამოფენილია ჩვენი სხეულის ყველა ღრუ. აღნიშნული სეროზული გარსები ვიზუალურად წააგავს თხელ შემაერთებელ მემბრანებს, მათ ხშირად აპკსაც უწოდებენ. ამრიგად, თუ ცხიმი, რომელსაც ვხედავთ, გროვდება კანქვეშა ცხიმოვან შრეში, ანუ შორს ამ აპკებიდან, ვისცერული ცხიმი სწორედაც ამ ღრუებშია კონცენტრირებული.
ვისცერული ცხიმი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარს აკრავს ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს. ამიტომაც ქირურგები ადვილად აშორებენ კანქვეშა ცხიმს, მაშინ როცა უძლურნი არიან ვისცერული ტიპის მიმართ. ზემოაღნიშნული ელემენტების სტრუქტურა და შემადგენლობაც ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ვისცერული ცხიმის საფუძველს ქმნიან ყავისფერი უჯრედები, მაშინ როცა კანქვეშა ცხიმი წარმოდგენილია თეთრი უჯრედებით.
სად და რატომ გროვდება ვისცერული ცხიმი?
უკვე აღვნიშნეთ, რომ ვისცერული ცხიმი მდებარეობს შინაგან ორგანოთა ახლოს, ამიტომაც მას ხშირად შიდა ან მუცლის (აბდომინურ) ცხიმს უწოდებენ. ამ ტიპის ცხიმის ჭარბი კონცენტრაციის დადგენა საკმაოდ მარტივია, ვინაიდან ასეთი დარღვევა მუცლის არეში ვიზუალური მატებით ვლინდება, მუცელი წინ იწევს, სხეულის დანარჩენი ნაწილი კი იმავე ფორმაში რჩება. სხეულის დისპროპორცია ვისცერული ცხიმის გადაჭარბებული რაოდენობის პირველი ნიშანია. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ასეთი ცვლილებები ორგანიზმში ხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის უგულებელყოფის, კერძოდ, დაუბალანსებელი კვების, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობის, ცუდი ჩვევებისა და სხვა ფაქტორების გამო. ბევრს მიაჩნია, რომ ვისცერული ცხიმის კონცენტრაციის მატება ასაკს უკავშირდება, არავითარ შემთხვევაში – ეს ფაქტორი არანაირ როლს არ თამაშობს.
დღესდღეობით პათოლოგიურად არასწორი ცხოვრების წესის გამო ბევრ ახალგაზრდას აწუხებს მუცლის ჭარბი ცხიმი. უფრო მეტიც, ბავშვებიც კი არ არიან გამონაკლისი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვისცერული ცხიმი არ არის უსარგებლო ელემენტი, პირიქით, ის ასრულებს გარკვეულ ფუნქციებს:
- ორგანოებს იცავს დაზიანებებისა და გარემოს მექანიკური ზემოქმედებისგან;
- გამოიყენება ორგანიზმის მიერ სარეზერვო ენერგიის წყაროდ.
რა არის ვისცერული ცხიმის საშიშროება?
შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვისცერული ცხიმი ძალზე მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რადგან ის ქმნის ერთგვარ ბალიშს, რომელიც თავის მხრივ იცავს შინაგან ორგანოებს ყველა სახის დაზიანებისა და გარემოს მექანიკური ზემოქმედებისგან. ვისცერული ცხიმის ჯანსაღი თანაფარდობის ნიშნები ცხიმის უჯრედების მთლიან მასასთან დაახლოებით 10-15%-ია. ანუ ამ ტიპის ცხიმის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს ყველა ცხიმოვანი უჯრედის მთლიანი მოცულობის 15%-ს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს პროპორცია ირღვევა, ზოგ შემთხვევაში დასაშვებ ნორმას აჭარბებს, რის გამოც ადამიანს მუცელი წინ ებურცება.
რეკომენდებული ნორმის გადაჭარბება ხასიათდება სხვადასხვა უარყოფითი გამოვლინებით:
- ფეხებზე გადაჭარბებული დატვირთვის გამო ჩნდება ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
- ვისცერული ცხიმი სერიოზულ ზეწოლას ახდენს გულზე, რის შედეგადაც ის მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა მრავალი სერიოზული დაავადების მიზეზი ხდება;
- გარდა ამისა, ამ ცხიმის რეკომენდებული კონცენტრაციის გადაჭარბება შეიძლება კიბოს გაჩენის წინაპირობა გახდეს;
- ნეგატიური მოვლენები ვლინდება ჰორმონული დისბალანსის და სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევის სახით.
კიდევ უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, ვისცერული ტიპის ცხიმი მდებარეობს საკმაოდ აქტიურ ადგილას, სადაც მრავალი მეტაბოლური პროცესი მიმდინარეობს. ისიც საყურადღებოა, რომ ვისცერული ცხიმი მუდმივად მოძრაობს სისხლის ნაკადით და ხვდება ღვიძლში.
თუ ნორმის დროს ის ადამიანისთვის საშიში არ არის, მისმა გადაჭარბებულმა მოცულობამ შეიძლება გამოიწვიოს გულთან დაკავშირებული სერიოზული გართულებები. როდესაც ვისცერული ცხიმი ხვდება სასიცოცხლო მნიშვნელობის ჯირკვალში (ღვიძლში), გარდაიქმნება ქოლესტერინად. ეს უკანასკნელი ადვილად ილექება სისხლძარღვთა ინტიმაში და იწვევს მათ დაცობას. ამის შედეგად ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს ჩვენს დროში საკმაოდ გავრცელებული დაავადება – ათეროსკლეროზი.
მნიშვნელოვანია იცოდეთ! რა თქმა უნდა, ჭარბი ქოლესტერინი საკმაოდ საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის. თუმცა ეს ზედმეტად განზოგადებული კონცეფციაა. საქმე ისაა, რომ ამ ნივთიერებას წყალში გახსნის უნარი არ აქვს. ხოლო რადგან ადამიანის სისხლი პრაქტიკულად წყლისგან შედგება, ქოლესტერინი ვერ იქნება ბუნებრივ ფორმაში, სამაგიეროდ, მისი ტრანსპორტირება ხდება ეგრეთ წოდებული „ლიპოპროტეინებით“ ან ტრიგლიცერიდების კონტეინერებით. ეს რთული, კომპლექსური ნაერთები, რომელთა საფუძველს ქმნის ცილები, იყოფა რამდენიმე ტიპად:
- HDL – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები;
- LDL – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები;
- VLDL – ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები;
- ქილომიკრონები.
სწორედ ეს დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის კომპლექსური ნაერთები საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის. მათი გადაჭარბება იწვევს გულთან დაკავშირებულ პრობლემებს, ათეროსკლეროზს. რა თქმა უნდა, ისინი ასე თუ ისე ცირკულირებენ ჩვენს სისხლში, თუმცა ჭარბი წონის გამო მათი კონცენტრაცია საგრძნობლად იმატებს, რაც ძალიან უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.
ამგვარად, მთლიანად ქოლესტერინი არ არის საშიში, მხოლოდ ის, რომელიც ტრანსპორტირდება დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებით.
ჯანმო-ს სტატისტიკის მიხედვით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. მხოლოდ 2012 წელს 17 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა პრობლემით. შესაბამისად, აუცილებელია დაფიქრება იმაზე, თუ როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრების წესი. მით უფრო, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემების ძირითადი მიზეზი ჭარბი წონაა, მათ შორის ჭარბი ვისცერული ცხიმი.
გარდა ამისა, სასიცოცხლო ორგანოების ირგვლივ შინაგანი ცხიმის დაგროვება ხელს უწყობს ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების მოშლას, ასევე ინსულინრეზისტენტობას. მარტივად გასაგები რომ იყოს, განვიხილოთ ერთი მაგალითი. როდესაც ჩვენ ვჭამთ ნებისმიერ საკვებს, ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს ინსულინს, რომელიც პასუხისმგებელია ნახშირწყლების ცვლისა და სხვა მეტაბოლური პროცესების რეგულირებაზე ჩვენი სხეულის ფაქტობრივად ყველა ქსოვილში. ინსულინორეზისტენტობის გამო ადამიანის სისხლში გადაისროლება ინსულინის გაზრდილი დოზა, ანუ ამ პეპტიდური წარმოშობის ჰორმონის მიმართ მგრძნობელობა მნიშვნელოვნად მცირდება ორგანიზმში დაგროვილი ცხიმის გამო. ინსულინის ასეთი გაზრდილი კონცენტრაციის გამო კი შეიძლება აღმოცენდეს გლობალური გართულებები, სერიოზული პათოლოგიები და მრავალი დაავადება. კერძოდ: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ათეროსკლეროზი, სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ა.შ.
გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ვისცერული ცხიმის გადაჭარბებული დაგროვება არღვევს ადამიანის ნორმალურ ჰორმონულ ფონს. შედეგად მიიღება პოტენციის გაუარესება, მადის მატება (მადა ძლიერდება შესაბამისი ჰორმონის, „გრელინის“, გადაჭარბებული გამოყოფის გამო), სისხლში ინსულინის დონის მატება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. აღსანიშნავია ასევე კიდევ ერთი საფრთხე – ცხიმოვანი ჰეპატოზი. ეს არის ღვიძლის საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც გულისხმობს ღვიძლის უჯრედების გაცხიმოვნებას.
რას იწვევს ყოველივე ეს? ეს იწვევს ღვიძლში ინსულინის გადამუშავების მნიშვნელოვნად შეფერხებას, რის შედეგადაც ორგანიზმში ცხიმების დონე იზრდება. ანუ ყველა ეს გართულება ხელს უწყობს კიდევ უფრო დიდ პრობლემებს, სიმსუქნის მატებას, მრავალი ქრონიკული დაავადების განვითარებას და ა.შ.
ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დროულად დაწყება და სწორი კვება. აუცილებელია სპორტით დაკავება, რადგან ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს ინსულინისადმი მგრძნობელობის მატებაზე, აღადგენს ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო მეტაბოლურ პროცესს.
როგორ გავარკვიოთ შიდა ცხიმის რაოდენობა ორგანიზმში და როგორ დავადგინოთ გადაჭარბებულია თუ არა მისი ნორმა?
ამის დასადგენად საკმაოდ მარტივი მეთოდები არსებობს. მაგალითად, აიღეთ სპეციალური საზომი ლენტი „მეტრი“ და შემოიხვიეთ წელზე. მამაკაცებისთვის ნორმა არის დაახლოებით 90-94 სანტიმეტრი (წელის გარშემოწერილობა), ხოლო ქალებისთვის – 80 სანტიმეტრამდე. თუ ეს ნორმა მომატებულია და ვიზუალურადაც ჩანს, რომ მუცელი გამოწეულია, უნდა დაფიქრდეთ სპორტულ ცხოვრებასა და კვების რაციონის გადახედვაზე.
არსებობს კიდევ უფრო ზუსტი გზა იმის გასარკვევად, დარღვეულია თუ არა მუცლის ცხიმის ნორმა, კერძოდ: MRI ან კომპიუტერული ტომოგრაფია. ამავდროულად, ამ მეთოდებს შეუძლიათ მთელი ორგანიზმის მდგომარეობის შემოწმება.
როგორ მოვიშოროთ ვისცერული ცხიმი?
როგორც წესი, ვისცერული ცხიმი ქრება კანქვეშა ცხიმთან ერთად, ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ენდოკრინული სისტემის დაავადებების არსებობა. ამიტომ ასეთი პრობლემის მოსაგვარებლად შესაფერისია სტანდარტული მეთოდები, რომლებიც გამოიყენება წონის კლებისთვის: დიეტა (სწორი კვება), ფიზიკური აქტივობის გაზრდა.
ასევე, ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებისა და ორგანიზმის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის აუცილებელია წყლის საჭირო დღიური ნორმის დალევა დღეში. ეს ასევე ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის წვის პროცესის დაჩქარებას, მათ შორის შიდა ცხიმისას.
ჭარბი ცხიმისგან თავის დასაღწევად საჭიროა პრობლემას კომპლექსურად მიუდგეთ და ყველა ჩამოთვლილი მეთოდი ერთდროულად გამოიყენოთ:
- ნებისმიერ შემთხვევაში, შეუთავსეთ სათანადო კვება და ვარჯიში;
- კონცენტრირდით დაბალანსებულ დიეტაზე, ჭამეთ ნაკლები, მაგრამ უფრო ხშირად. არ უნდა იგრძნოთ შიმშილი. ხშირი კვება მოიცავს საკვები რაციონის დღეში 5-6-ჯერ გადანაწილებას. ასეთი რეჟიმით ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა და აქტიურდება ზედმეტი ცხიმების წვის პროცესი.
- გაზარდეთ C ვიტამინის კონცენტრაცია;
- შეზღუდეთ სწრაფი ნახშირწყლებისა და ცხიმების მიღება;
- მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს და სედაციურ საშუალებებს.