სხვადასხვა ორგანოთა კისტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხვადასხვა ორგანოთა კისტები

კისტები ნაკლები სიხშირით გვხვდება:

  • თავის ტვინში;
  • ჰაერგამტარ გზებში;
  • თვალში;
  • ფილტვებში;
  • ნაწლავებში;
  • კუდუსუნში;
  • სათესლე ჯირკვალში;
  • ბერთოლინის ჯირკვალში;
  • კანში.

თავის ტვინის კისტა

თავის ტვინში წარმონაქმნი შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი, ლოკალიზდებიან საკუთრივ თავის ტვინში ან მის გარსებს შორის. თანდაყოლილი შესაძლოა გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში.

განირჩევა ცერებრული – ტვინშიდა და არაქნოიდული წარმონაქმნები, პირველი ტიპის ტვინის შიდა სტრუქტურებში ნეკროზის ადგილებში, მეორე კი – ტვინის რბილ და მაგარ გარსებში ლოკალიზდებიან.

მაპროვოცირებელი ფაქტორებია: ანთებითი დაავადებანი, ტრავმები, მათ შორის სამშობიარო, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, პარაზიტული ჭიებით ინვაზია, ოპერაციისშემდგომი გართულებები.

ტვინშიდა კისტები ჩნდებიან ქსოვილოვანი კვდომის ადგილზე, ინსულტისას. ზოგჯერ თავის ტვინში სისხლის გზით აღწევენ პარაზიტი ჰელმინთები და იქ კაფსულირდებიან. მათ გაჩენას ასევე ხელს უწყობს ტრავმები, ანთება, ოპერაციული ჩარევა, მუცელშიდა განვითარების პროცესის დარღვევები.

როგორც ცერებრული, ისე არაქნოიდული კისტები ზომის გადიდებისას აწვებიან ირგვლიმდებარე ქსოვილებს, იწვევენ თავის ტკივილს, ქალასშიდა ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს.

ზოგჯერ კეროვანი დაზიანების სიმპტომები ვლინდება: მხედველობის, მგრძნობელობის და მოტორული აქტივობის დარღვევა, მოსალოდნელია თავბრუსხვევა, თავის არეში პულსაციის შეგრძნება, ხმაური, ძილის დარღვევა, შრომის უნარის დაქვეითება.

დიაგნოსტიკას ახდენს ნევროლოგი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით ნიშნავს თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიულ, მაგნიტორეზონანსულ კვლევას, დიაგნოზის მიხედვით შეირჩევა მკურნალობის ფორმა და ტაქტიკა.

ჰაერგამტარი გზების კისტები

ცხვირისა და მისი დანამატი ღრუების კისტა

ყველაზე ხშირად კისტა წარმოიქმნება ჰაიმორის ღრუში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს კბილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, კბილის ქსოვილის ანთებას, როცა პროცესი ვრცელდება ფესვებზე, ან ცხვირისა და მისი დანამატი ღრუების განვითარების თავისებურებებს, ჰაიმორის ღრუს ჯირკვლების სადინარების დახშობას.

მისთვის დამახასიათებელია თვალის ქვეშ ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, თვალის და ლოყების არეში ტკივილი, ჰაიმორიტის და ცხვირში ხშირი სურდოს ფონზე ჩნდება საყლაპავის უკანა კედლის მხარეს ყვითელი ფერის გამონადენი.

დიაგნოზის დასაბუთებას ესაჭიროება რენტგენოლოგიური კვლევა. პუნქტანტს ამ დროს გააჩნია ყვითელი ფერი და სქელი კონსისტენციისაა.

პუნქციის შემდეგ ტარდება ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, გართულებულ შემთხვევაში შესაძლებელია ენდოსკოპიური ან ღია ქირურგიული მკურნალობაც.

ხორხის კისტა

ხორხში კისტები შესაძლოა გაჩნდეს მის ნებისმიერ განყოფილებაში, ისინი არ იზრდებიან ლორწოვან გარსში, არამედ ლოკალიზდებიან მისი სანათურისკენ და ამასთან, მას ავიწროებენ.

რეტენციული კისტების განვითარებას ხელს უწყობს ხორხის ჯირკვლების გამომტანი სადინარების დახშობა, რაც შეეხება მბგერავი იოგების დონეზე გაჩენილ კისტებს, ისინი ყველაზე ხშირად სახმო აპარატის გადაღლისა და არარაციონალური დატვირთვების შედეგია.

პაციენტი ამ დროს განიცდის ხმის ცვლილებას, ყელის ტკივილს, სუნთქვის გაძნელებას, ხველას, ყელში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნებას.

ხორხის დათვალიერებისას, საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია, ლარინგოსკოპია, ულტრაბგერითი კვლევა და ტარდება ქსოვილის პუნქცია.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმონაქმნზე მიმდინარე მონიტორინგი ხორციელდება, რადგან მოსალოდნელია მისი თვითგაწოვა, თუ მისი ზომა, პირიქით, იზრდება, არე ანთებითი ხდება, ხელს უშლის პაციენტს საუბრისას და სუნთქვისას, აუარესებს მისი ცხოვრების ხარისხს, კისტას ქირურგიული წესით კვეთენ, ოპერაციული მკურნალობის შემდეგ კი ტარდება ქსოვილის ჰისტოლოგიური კვლევა.

თვალის კისტა

თვალში კისტები ჩნდება კონიუნქტივიდან, რქოვანადან და თვალის ფერადი გარსიდან.

მიზეზი ანთება და ტრავმებია, დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც ოფთალმოლოგის კომპეტენციაა.

სიმპტომებიდან აღსანიშნავია თვალში უცხო სხეულისა და ქვიშის ნაწილაკების არსებობის შეგრძნება, ტკივილი, ქავილი, მხედველობის დარღვევა, მხედველობის არეში მფრინავი, ნახევრად გამჭვირვალე წერტილების გაჩენა.

მკურნალობა ტარდება ლაზერული მეთოდით, მიკროქირურგიული ინსტრუმენტების გამოყენებით.

ფილტვის კისტა

ეს ფილტვის ქსოვილში არსებული პათოლოგიური ღრუა, რომელიც ავსებულია სითხით ან აირით. აბსცესისგან განსხვავებით, რომელიც ჩირქოვან-ანთებითი წარმონაქმნია, კისტებს გააჩნიათ უსიმპტომო მიმდინარეობა და არ იწვევენ ინფექციურ პროცესებს.

ისინი გვხვდებიან როგორც ახალშობილთა, ისე მოზრდილებს შორის, ჯანმოს მონაცემებით, ფილტვის დაავადებათა სტრუქტურაში კისტები 3-5%-ს შეადგენს.

მათ გაჩენას ხელს უწყობს მრავლობითი ფაქტორი, ამიტომ ცალსახა მიზეზის დადგენა შეუძლებელია.

ჩვეულებრივ, მისი დიაგნოსტიკა ხდება შემთხვევით, სასუნთქი სისტემის სხვა რომელიმე დაავადების გამოსავლენად ჩატარებული საკონტროლო კვლევისას.

მიუხედავად იმისა, რომ კისტა უვნებელ წარმონაქმნად არის მიჩნეული, გართულებისას სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია.

წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის მიხედვით განირჩევა თანდაყოლილი და შეძენილი კისტები. თანდაყოლილი ფორმირდება ორსულობის პერიოდში. მათ მიეკუთვნება ფილტვების კისტოზური ჰიპოპლაზია, თანდაყოლილი გიგანტური კისტა, დამატებითი ფილტვი, ფილტვების ბრონქიოლური ემფიზემა.

შეძენილი ფორმები ჩნდება როგორც პასუხი გამღიზიანებელი ფაქტორის ხანგრძლივ მოქმედებაზე, მათ შორის ექინოკოკური, რეტენციული, ფილტვის აროვანი კისტა, ბულოზური ემფიზემა, პნევმოცელე და სხვა.

ფილტვების კისტები საკმაოდ დიდხანს უსიმპტომონი არიან, მათი პროვოცირება შესაძლოა უკავშირდებოდეს მწვავე რესპირატორულ დაავადებებს, მძიმე ინტოქსიკაციას, პნევმონიას, ასეთ დროს კისტები ვლინდება შემდეგი ნიშნებით:

  • პროდუქტიული ხველა უსიამოვნო სუნით და დიდი რაოდენობით ჩირქოვანი ნახველით;
  • სისხლიანი ამოხველება – ეს კისტის გასკდომის ან მისი დაშლის ნიშანია;
  • ტკივილი გულმკერდის არეში – რაც პროცესის პლევრის ღრუში გავრცელებაზე მეტყველებს;
  • სუნთქვის გაძნელება – ფილტვის მოფუნქციონირე ქსოვილის მოცულობის შემცირების გამო;
  • სხეულის ტემპერატურის მატება – სისუსტე, მოთენთილობა, სხეულის მასის დაქვეითება და მადის დაკარგვა.

კისტის არსებობაზე ეჭვის გაჩენისას პაციენტს უტარდება დამატებითი კვლევები: გულმკერდის ღრუს რენტგენოგრაფია, კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ფიბრობრონქოსკოპია.

კვლევათა შედეგების შემდგომ კი ინიშნება ინდივიდუალური თერაპია. მკურნალობა განსხვავებულია და მას კისტის სახეობა და ზომა განსაზღვრავს.

ტარდება ქირურგიული კორექციაც, რომელიც ვიდეოთორაკოსკოპიით ხორციელდება, კისტის ამოკვეთის შემდგომ ფილტვში შესაძლოა განვითარდეს ფიბროზი, რომელიც ოპერაციიდან 2-3 წელიწადში ქრება.

ნაწლავის კისტა – პნევმატოზი

ნაწლავის პნევმატოზი – ეს პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ნაწლავის კედელში ფორმირდება აიროვანი კისტები. ამ დროს ნაწლავური აირები აღწევენ, იჭრებიან ორგანოს კედელში და იქ აიროვან ღრუებს წარმოქმნიან.

ყველაზე ხშირად პათოლოგიური პროცესი ლოკალიზებულია წვრილი და მსხვილი ნაწლავების ლორწქვეშა ან სუბსეროზულ გარსში.

დაავადება გვხვდება ნებისმიერი ასაკის ადამიანთა შორის, თუმცა უპირატესად ახალშობილთა და ხანდაზმულთა პრობლემაა.

აიროვანი კისტების ზომები განსხვავებულია და ვარირებს 0,5-დან 5 სმ-მდე დიამეტრში.

გავრცელების მიხედვით ის შესაძლოა იყოს შემოსაზღვრული, ლოკალური, რომელიც ნაწლავის მხოლოდ ერთ ნაწილს მოიცავს, და დიფუზური, პათოლოგიური წარმონაქმნები ერთნაირადაა გავრცელებული ნაწლავის მთელ ფართობზე.

გამომწვევი მიზეზებიდან აღსანიშნავია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ძირითადი დაავადება, რომლის დროსაც ნაწლავებში ხანგრძლივი დროით წარმოიქმნება ჭარბად აირები, ეს კი შესაძლოა უკავშირდებოდეს: ნაწლავურ ინფექციებს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნეებს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ატონიას, ნაწლავების ანთებით პათოლოგიებს, არაჯანსაღ ცხოვრების წესს, ადინამიას, ნერვულ მოშლილობებს, რაციონში აირების წარმომქმნელი პროდუქტების მოჭარბებულ რაოდენობას, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც მეტეორიზმს იწვევს.

გამოვლინების სიმწვავე დამოკიდებულია კისტების გავრცელების ხარისხსა და მათ რაოდენობაზე. პაციენტები უჩივიან: მუცლის არეში დისკომფორტსა და სიმძიმეს, გაძნელებულ აირების გამოყოფას, ჩნდება პერიოდული შეტევისმაგვარი ტკივილები კონკრეტული ლოკალიცაზიის გარეშე. აიროვანი კისტების წარმოქმნა ართულებს და ანელებს ნაწლავების პერისტალტიკას და იწვევს ყაბზობას.

შესაძლოა ყაბზობას ანაცვლებდეს დიარეა, რომლის დროსაც განავალი სისხლის მინარევებს შეიცავს.

ვითარდება გულისრევის შეგრძნება და ღებინება, ბოყინი უსიამოვნო სუნით.

დიფუზური გავრცელების დროს პაციენტებს ზოგადი სიმპტომატიკა აღენიშნებათ: კანის საფარველის გაფერმკრთალება, სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, კომპენსატორული მექანიზმით ხშირდება გულისცემათა რიცხვი.

ნაწლავშიდა წნევის მატება ხელს უწყობს მისი მარყუჟების ფორმის ცვლილებას, ზრდის მათი შემოგრეხისა და ერთმანეთში ჩაზრდის რისკს, რაც შესაძლოა ნაწლავური გაუვალობის მიზეზად იქცეს, შედეგად კი მივიღებთ ორგანიზმის ინტოქსიკაციას, რომელიც ინფექციურ-ტოქსიკური შოკით რთულდება.

ასევე მოსალოდნელია ნაწლავის იშემიისა და ნეკროზის განვითარება, დანეკროზებული კედლის გახეთქვა და ნაწლავის შიგთავსის მუცლის ღრუში მოხვედრა – პერიტონიტითა და შემდგომ სეფსისით გართულება.

დიაგნოსტიკა ითვალისწინებს გასტროენტეროლოგის შეფასებას, მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას, ირიგოსკოპიასა და კოლონოსკოპიას.

წამყვანი სიმპტომების გათვალისწინებით ინიშნება აირების მშთანთქავი, ადსორბენტი და გამომდენი, ანტისპაზმური, საფაღარათო ან დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები, დიეტური კვება, რომელიც აირების წარმომქმნელი პროდუქტების რაციონიდან გამორიცხვას ითვალისწინებს.

დროული და სწორად შერჩეული მკურნალობის პირობებში პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუმცა პაციენტი წელიწადში 2-ჯერ მუცლის ღრუს გეგმურ ულტრაბგერით კვლევას საჭიროებს.

კუდუსუნის კისტა

ყველაზე ხშირად უვითარდებათ ახალგაზრდა, 30 წლამდე ასაკის მამაკაცებს. ეს უპირატესად თანდაყოლილი წარმონაქმნია. კუდუსუნსა და გავის არეში კანზე მოჩანს წამონაზარდი – ეპითელური შესასვლელი, რომელიც ქსოვილებში ღრმად იხსნება.

არსებობს კუდუსუნის კისტის მეორე ვარიანტიც – ვითარდება თმის ირგვლივ, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში სქესობრივი მომწიფების პერიოდისას.

ვიდრე ქსოვილები თავისუფალია და ანთებითი პროცესი არ არის, უსიმპტომოა, თუ შიგნით შეაღწევენ მიკროორგანიზმები, პაციენტი უჩივის ტკივილს, შეწითლებას, კანის შეშუპებას და წანაზარდიდან ჩირქოვან გამონადენს.

მდგომარეობა წარმატებით ემორჩილება მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდს, რომელიც ანთების სიმპტომების მოხსნას ისახავს მიზნად, თუმცა ანთების გარეშე აღმოჩენილი წანაზარდი მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა ქირურგიული გზით მოიკვეთოს.

ბართოლინის ჯირკვლის კისტა

ბართოლინის ჯირკვლის კისტა ლოკალიზდება დიდი სასქესო ბაგეების სისქეში. დიდი ზომის წარმონაქმნი იწვევს ტკივილს სიარულის, ჯდომის, ინტიმური ურთიერთობისას.

შიგთავსის დაჩირქებისას ტკივილი ძლიერდება, კანი ცხელდება და წითლდება.

ამგვარი კისტის ფორმირებას ხელს უწყობს სასქესო ინფექციები, არასათანადო ჰიგიენა, მჭიდრო საცვლების ტარება, იმუნური სისტემის დასუსტება.

მკურნალობა ითვალისწინებს წარმონაქმნის მოცილებას ლაზერული ან ტრადიციული ქირურგიული წესით. მანიპულაციის შემდგომ შესაძლოა განვითარდეს საშოს სიმშრალე, რამდენადაც ბართოლინის ჯირკვალი გამოიმუშავებს სეკრეტს – ქალის გარეთა სასქესო ორგანოთა ბუნებრივ საცხს. შესაძლებლობის ფარგლებში მოსალოდნელია ახალი გამომტანი სადინარის ფორმირება გამომუშავებული სეკრეტის გარეთ გამოსასვლელად.

სათესლის კისტა

სათესლის კისტა ანუ სპერმატოცელე, როგორც მას უწოდებენ, არის ქსოვილოვანი წარმონაქმნი სათესლეზე, რომელშიც გროვდება სითხე. ის ლოკალიზდება სათესლის დანამატის ან თესლგამომტანი სადინარების სიახლოვეს.

თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია, რომლის დიამეტრიც 1 სმ-ს არ აღემატება.

კანის კისტა

ის ირგვლივმდებარე ქსოვილებისგან მკვეთრად გამოყოფილი სფეროსებრი წარმონაქმნია, რომელიც კანის ცხიმისა და კანის რქოვანი მასების ეპიდერმულ გარსში არსებული გროვაა – ეს კანის ჭეშმარიტი კისტაა, ან ერთგვარი ღრუ დერმაში, რომელიც ავსებულია ჰეტეროგენული – განსხვავებული შიგთავსით, ეპიდერმისის გარსის გარეშე – ეს კანის ცრუ კისტაა.