შინაგანი ორგანოების დაავადებებით გამოწვეული ძილის დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილის დარღვევა სხვადასხვა დაავადების დროს

- სამედიცინო ლიტერატურის მონაცემების თანახმად, შინაგანი ორგანოების დაავადებებით გამოწვეული ძილის დარღვევა სიხშირითა და გავრცელებით ნერვული სისტემის დაავადებებით განპირობებულ უძილობას უტოლდება. იმ პათოლოგიებს შორის, რომლებიც ძილის დარღვევას იწვევს, უნდა დავასახელოთ ბრონქული ასთმა და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებები, გულის პათოლოგიები, გასტროეზოფაგურ-რეფლუქსური დაავადება, ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიები, მაგალითად, ართრიტი, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, ფიბრომიალგია, ზურგის ტკივილი, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ძილის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილით მიმდინარე ნებისმიერმა დაავადებამ.

ზემოთ ჩამოთვლილ პათოლოგიათა ნაწილი დაწოლისას სიმპტომების გამწვავების გამო აძნელებს ჩაძინებას. ზოგ შემთხვევაში პაციენტს ჩაძინება არ უჭირს, მაგრამ ტკივილისა თუ უსიამოვნო შეგრძნებების გამო ხშირად ეღვიძება.

ზოგჯერ ძილი თითქოსდა დარღვეული არ არის, მაგრამ დილით ადამიანი დასვენებული კი არა, გადაღლილი იღვიძებს. ასეთი რამ ხერხემლის დაავადებებისთვის არის ტიპობრივი.

- ბრონქული ასთმა ჩვენი მკითხველებისთვის კარგად ნაცნობი პათოლოგიაა. რა განაპირობებს ძილის დარღვევას ამ დროს?

- ასთმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, გულმკერდში შებოჭვის შეგრძნება, ხველა, რომლის დროსაც ნახველის გამოყოფა შეუძლებელია, მსტვენი სუნთქვა, - ბუნებრივია, ძილის დარღვევას იწვევს. ასეთი ღამის შემდეგ ადამიანი მთელი დღის განმავლობაში დაღლილობასა და მოთენთილობას გრძნობს.

არ შეიძლება, ღამის ასთმის შემთხვევები უყურადღებოდ დავტოვოთ არა მარტო ძილის დარღვევის, არამედ იმის გამოც, რომ ღამის ასთმა დაავადების გაცილებით სერიოზული ფორმაა, ვიდრე დღისა. ამავე დროს, ის სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშიც არის. გამოკვლევათა თანახმად, ასთმის გამო გარდაცვლილთა უმრავლესობა სწორედ ღამით კვდება. ღამით ასთმის სიმპტომების გაძლიერება იშვიათი არ არის. მას ასთმით დაავადებულთა 75% უჩივის. სიმპტომები ყველაზე ხშირად ღამის 4 საათისთვის აღმოცენდება. მიუხედავად ამისა, პაციენტები ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ მდგომარეობის სირთულეს. ღამის ასთმა მაჩვენებელია იმისა, რომ დაავადება კონტროლირებული არ არის და ექიმთან კონსულტაციაა საჭირო.

რატომ მწვავდება ღამით ასთმის სიმპტომები, დანამდვილებით ჯერ არ ვიცით, თუმცა არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა.

მიზეზთა შორის ასახელებენ ძილის დროს ალერგენებთან მჭიდრო კონტაქტს, სასუნთქი გზების გადაცივებას, სხეულის ჰორიზონტალურ მდებარეობას, ჰორმონული ფაქტორების ზეგავლენას.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ თავად ძილი ცვლის ფილტვებისა და სასუნთქი გზების მდგომარეობას. სხეულის ჰორიზონტალური მდებარეობისას იზრდება ფილტვებში მოცირკულირე სისხლის მოცულობა, მცირდება ფილტვების სასუნთქი მოცულობა, იმატებს სასუნთქი გზების მგრძნობელობა სხვადასხვა სტიმულის მიმართ.

გარდა ამისა, ღამით ძლიერდება სეკრეტის ჩამოდენა ცხვირის ღრუს დანამატი წიაღებიდან, რაც სინუსიტს (ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთებას) ახასიათებს. ღამის ასთმის ერთ-ერთი მიზეზია ღამით ლორწოს გაძლიერებული წარმოქმნა. ძილის დროს სასუნთქი გზები ვიწროვდება, ლორწო კი მათ ბლოკირებას აძლიერებს. ეს ძილის დროს ხველას იწვევს, რაც თავის მხრივ სასუნთქი გზების კიდევ უფრო ძლიერ შევიწროებას განაპირობებს.

საგულისხმოა, რომ ასთმის შეტევა ძილის დროს ძლიერდება და ამ თვალსაზრისით დღე-ღამის მონაკვეთს მნიშვნელობა არ აქვს.

ცნობილია, რომ თუ ასთმით დაავადებული ღამის ცვლაში მუშაობს, სიმპტომები დღისით ძილის დროს უფრო მეტად უმწვავდება. მკვლევართა მონაცემების თანახმად, ფილტვების ვენტილაცია ჩაძინებიდან 4-6 საათის შემდეგ უარესდება, ამ ფაქტს კი ასთმის მაპროვოცირებელი განსაზღვრული შინაგანი ფაქტორების არსებობას უკავშირებენ.

ბრონქული ასთმის სიმპტომების ღამით გამოვლინებას ორგანიზმის დაგვიანებული რეაქციითაც ხსნიან - ზოგჯერ სასუნთქი გზების შევიწროება ალერგენთან კონტაქტიდან 3-5 საათის შემდეგ ვითარდება. ამგვარ მოგვიანებით რეაქციას ახასიათებს სასუნთქი გზების მგრძნობელობის მატება, ბრონქებში ანთების აღმოცენება და სასუნთქი გზების ხანგრძლივი ბლოკირება.

ღამის ასთმის აღმოცენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰორმონთა დონე. ბრონქების ნორმალური განვლადობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჰორმონ ადრენალინს. ამავე დროს ის თრგუნავს ბრონქოსპაზმისა და ლორწოს ჭარბი გამოყოფის მასტიმულებელი ნივთიერების - ჰისტამინის - ზემოქმედებას ბრონქულ ხეზე. ცნობილია, რომ ადრენალინის დონე ორგანიზმში დილის 4 საათისთვის მცირდება, ხოლო ჰისტამინისა, პირიქით, იზრდება, ეს ცვლილება კი ღამით ასთმის სიმპტომების გამწვავებას იწვევს.

- სასუნთქი სისტემის კიდევ რომელი პათოლოგიაა საყურადღებო ძილის დარღვევის თვალსაზრისით?

- არ შეიძლება არ ვახსენოთ ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი. ამ მდგომარეობას ძილის დროს ზედა სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული კოლაფსი (ჩაფუშვა) ახასიათებს.

ამ კოლაფსის მექანიზმი საკმაოდ რთულია. ძილის დროს ხახის კუნთების მოდუნება სასუნთქი გზების კოლაფსისაკენ მიდრეკილებას იწვევს. ჩასუნთქვისას ფილტვებში იქმნება უარყოფითი წნევა, რაც კოლაფსისაკენ მიდრეკილი ხახის კუნთების დახშობას იწვევს - სასუნთქი გზები იხურება, ფილტვებისკენ ჰაერის ნაკადის დენა წყდება, სუნთქვა ჩერდება. შესაბამისად, მცირდება სისხლში ჟანგბადის შემცველობაც. სუნთქვა რომ განახლდეს, ადამიანმა მცირე ხნით უნდა გამოიღვიძოს.

დაგროვილი ნახშირორჟანგი და ჟანგბადის დეფიციტი შესანიშნავი სტიმულია ხანმოკლე გამოღვიძებისთვის. გამოღვიძების შემდეგ ადამიანი კვლავ იძინებს, მაგრამ მალე ყველაფერი მეორდება. ასეთი გამოღვიძება ღამის განმავლობაში შესაძლოა არაერთხელ გახდეს საჭირო. დაავადების სიმძიმის მიხედვით, მისი რიცხვი საათში 5-დან 100-მდე ვარირებს, ხოლო პაუზების ხანგრძლივობა საერთო ჯამში 3-4 საათია. შედეგად ძილი ზედაპირული და ფრაგმენტულია. ბუნებრივია, ასეთი ძილი ადამიანს ვერ დაასვენებს.

ძილის ობსტრუქციულ აპნოეს ხშირად უჩვიან მამაკაცები, ჭარბი წონის მქონე პირები, არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულები და ხანშიშესულები.

- როგორ ვლინდება ძილის ობსტრუქციული აპნოე და რამდენად უვნებელია ის ადამიანის ორგანიზმისთვის?

- ძილის ობსტრუქციული აპნოეს შემთხვევაში ადამიანი ხვრინავს. ხვრინვის ამპლიტუდა და სიმაღლე თანდათან იმატებს, შემდეგ რამდენიმე წამით სუნთქვა ჩერდება და ხვრინვა კვლავ განახლდება.

ბუნებრივია, ძილის ობსტრუქციული აპნოე ორგანიზმისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. გარდა არასრულფასოვანი ძილით გამოწვეული დისკომფორტისა, აპნოე ვნებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. კოლაბირებული სასუნთქი გზების პირობებში ჩასუნთქვის მცდელობა გულმკერდში წნევის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. დაავადებულთა დაახლოებით 50%-ს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დილით არტერიული წნევის მაჩვენებელი აპნოეს სიხშირის პარალელურად იმატებს, აღინიშნება გულის რიტმის დარღვევა.

არსებობს მონაცემები, რომ ძილის ობსტრუქციული აპნოე ხშირად არის ასოცირებული ინსულტთან, თანაც, სამწუხაროდ, არცთუ ხანდაზმულ ასაკშიც.

შეისწავლიან აპნოეს გავლენას მიოკარდიუმის ინფარქტის აღმოცენებაზე.

ძილის ობსტრუქციული აპნოე ამძიმებს ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი) მიმდინარეობას.

- რამდენად მნიშვნელოვანია ძილის დარღვევის თვალსაზრისით ქვედა სასუნთქი გზების ობსტრუქციით მიმდინარე დაავადებები?

- ქვედა სასუნთქი გზების (ბრონქები, ბრონქიოლები) ობსტრუქცია ძილის დარღვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ დროს ადამიანს უჭირს ჩაძინება ან შემდგომ ერღვევა ძილის უწყვეტობა, ხშირად ეღვიძება.

ქვედა სასუნთქი გზების ობსტრუქციით მიმდინარე დაავადების მაგალითია ბრონქული ასთმა, რომლის შესახებაც უკვე ვრცლად ვისაუბრეთ. გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, ბრონქოექტაზები, კისტური ფიბროზი ანუ მუკოვისციდოზი.

დადგენილია, რომ ამ პათოლოგიების დროს სუნთქვის დარღვევა ღამით უფრო მკვეთრად არის გამოხატული. ხშირად ხველის გამო განსაკუთრებით ჭირს ჩაძინება. ხველის გაძლიერება შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული: წოლისას ნახველის დრენირებით, ცივ საწოლში ჩაწოლის გამო ბრონქების სპაზმის გაძლიერებით.


- არ შეიძლება, ძილის დარღვევაზე საუბრისას არ შევეხოთ ხვრინვას. რა იწვევს მას, აქვს თუ არა ამას კავშირი ჯანმრთელობის პრობლემებთან?

- ხვრინვა ძილის დროს სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის გავლისას პირ-ხახის ქსოვილების ვიბრაციის შედეგად აღმოცენდება. ჩვეულებრივ, ხვრინვა ჩასუნთქვისას ისმის და იმის ნიშანია, რომ ჰაერგამტარი გზები ნაწილობრივ დახურულია. ხმა, რომელიც ხვრინვას ახასიათებს, შეიძლება მოდიოდეს ცხვირიდან, პირიდან ან ერთდროულად ორივე მათგანიდან. ხვრინვის ინტენსივობა და სიმაღლე განსხვავებულია, ზოგჯერ ის არა მარტო გვერდით მყოფ ადამიანს, არამედ თავად მხვრინავსაც აწუხებს. თუმცა ხვრინვასთან დაკავშირებული ხმაური პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. გაცილებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხმამაღალი ხვრინვისას პაციენტთა თითქმის ნახევარს ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი აქვს, ეს მდგომარეობა კი, როგორც მოგახსენეთ, დაავადებათა მთელ წყებასთან არის ასოცირებული.

- რამდენად ხშირია ხვრინვა და უმთავრესად ვინ უჩივის მას?

- განსაზღვრულ პირობებში ყველა ხვრინავს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ზოგიერთი გამოკვლევის მონაცემებით, ხვრინვა ბავშვების 10-12%-ს აღენიშნება. მუდმივი ხვრინვა კი ზრდასრული ქალების 24%-სა და მამაკაცების 40%-ს აწუხებს. ხვრინვის სიხშირე ასაკთან ერთად იკლებს. 70 წლის შემდეგ მამაკაცები უფრო იშვიათად ხვრინავენ.

ხვრინავენ უმთავრესად ჭარბი წონის მქონე ადამიანები. მათ ხახის უკანა კედლის არეში ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბად აქვთ განვითარებული, რაც სასუნთქი გზების შევიწროებასა და ჰაერის ნაკადის ზემოქმედებით ვიბრაციას იწვევს.

ხვრინვის ალბათობა იმატებს ცხვირით სუნთქვის დარღვევისას, ორსულობისას. მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორის როლი. ხვრინვის ალბათობას ზრდის აგრეთვე ალკოჰოლის, ნარკოტიკების მიღება, თამბაქოს წევა და კუნთების ტონუსის დამაქვეითებელი პრეპარატების მიღება.

ხვრინვისა და ძილის აპნოეს შემთხვევებში ეფექტიანია წონის დაკლება. პაციენტმა გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში ძილის ჩვევა უნდა გამოიმუშაოს.

- საჭმლის მომნელები სისტემის რომელი დაავადებები შეიძლება იქცეს ძილის დარღვევის მიზეზად და რატომ?

- ძილის დარღვევის თვალსაზრისით საყურადღებოა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნაწლავის დაავადებებთან დაკავშირებული დიარეა, ნაღველკენჭოვანი დაავადება.

მკითხველებმა ალბათ იციან, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს კუჭის შიგთავსი საყლაპავში ამოიტყორცნება. ღამით, წოლისას, რეფლუქსი ძლიერდება და დაავადებისთვის დამახასიათებელი გულძმარვაც განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება. როცა ამოტყორცნილი მჟავე წვენი ხორხს ან საყლაპავის ქვედა ნაწილს აღიზიანებს, ცთომილი ნერვის აქტივობა იმატებს, ეს კი რეფლექსურად იწვევს ბრონქების სპაზმს.

როგორც აღვნიშნეთ, ღამის ძილი შესაძლოა ფაღარათით მიმდინარე ნაწლავთა ორგანული დაავადების დროსაც დაირღვეს. ღამით აღმოცენებული ფაღარათი, რომელიც პაციენტს აღვიძებს, მანიშნებელია იმისა, რომ მართლაც ნაწლავის ორგანულ დაავადებასთან გვაქვს საქმე და არა ფუნქციურ, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან დაკავშირებულ დიარეასთან, რაც არცთუ იშვიათია. ამ უკანასკნელის დროს, მიუხედავად ჩივილებისა, ნაწლავთა მხრივ ვერავითარი დარღვევის აღმოჩენა ვერ ხერხდება.

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში ძილის დარღვევა უმთავრესად ღამით ტკივილის გაძლიერებას უკავშირდება. ამის მიზეზია ღამით ცთომილი ნერვის ტონუსის, კუჭის წვენის სეკრეციისა და მისი მჟავიანობის მატება. ღამის ტკივილი, რომელიც უპირატესად თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის არის დამახასიათებელი, ძირითადად 24-დან 3 საათამდე იჩენს თავს და მცირდება საკვების ან ანტაციდების (სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები) მიღების შემდეგ.

უნდა ითქვას, რომ ღამის ტკივილი შესაძლოა კუჭის სხვა დაავადებების დროსაც აღმოცენდეს. საზოგადოდ, ღამით ტკივილის გაძლიერება უფრო მეტად ორგანული (განსაზღვრულ დაავადებასთან დაკავშირებული) პათოლოგიებით არის განპირობებული.

- კიდევ რომელი დაავადებებით გამოწვეული ტკივილი არღვევს ძილს?

- ტკივილი, რომელიც უძილობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია, შესაძლოა სრულიად სხვადასხვა წარმოშობისა იყოს: ნევრიტებთან დაკავშირებული, სახსროვანი, აბდომინური (მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებებით გამოწვეული)...

ნევრიტებისა და სახსრების დაავადებების დროს ღამით ტკივილის გაძლიერება უკავშირდება დაზიანებული არის შეშუპებას, ხშირად ძილის დროს დაზიანებულ არეზე ზეწოლას, ღამით სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურებას.

ტკივილი არღვევს ძილს, უძილობა კი თავის მხრივ უფრო მეტად ზრდის ტკივილისადმი მგრძნობელობას. ძილს არღვევს ღამით კიდურების პარესთეზია (ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება) და მათი მგრძნობელობის დაქვეითება, დაბუჟების შეგრძნება. ასეთი ჩივილები სხვადასხვა ფაქტორით - თირკმელების უკმარისობით, სისხლძარღვოვანი დაავადებებით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით - გამოწვეული პოლინეიროპათიის შედეგია.

ძილის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია ეგრეთ წოდებული მოუსვენარი ფეხების სინდრომი: ქვედა კიდურებში გაურკვეველი დისკომფორტის შეგრძნება, რომლის შემცირებაც მხოლოდ კიდურების მოძრაობით არის შესაძლებელი. ეს შეგრძნება ყველაზე მეტად ღამით, წოლის დროს არის გამოხატული. მის შესამცირებლად ადამიანი იძულებულია ან წამოდგეს და გაიაროს, ან კიდურები ამოძრაოს. მოუსვენარი ფეხების სინდრომი ქალებში 2-ჯერ უფრო ხშირია. ეს სინდრომი ხშირად სდევს თან თირკმელების ქრონიკულ უკმარისობას.

ძილს ხშირად არღვევს სახსრების ან ძვლების ტკივილი. სახსრების ტკივილთან დაკავშირებული უძილობა მადეფორმირებელ ოსტეოართროზს ახასიათებს. ეს არის სახსრების დისტროფიული დაავადება, რომელსაც ხალხში მარილების ჩალაგებას უწოდებენ. ამ დროს სასახსრე ხრტილი გადაგვარდება და ძვლოვანი წანაზარდები ფორმირდება.

მადეფორმირებელი ოსტეოართროზის დროს ტკივილი ძლიერდება დღის ბოლოს და მოსვენების შემდეგ, დილისთვის.

უძილობის გამომწვევ რევმატულ დაავადებათაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი ანუ ბეხტერევის დაავადება, რომელსაც საწყის სტადიაში ახასიათებს ტკივილი გავის ძვლის არეში, მუდმივი ტკივილის შეგრძნება სახსრებში, დილით, გამოღვიძებისას, კიდურების მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა. პაციენტი თანდათანობით წელში იხრება და უყალიბდება დამახასიათებელი მათხოვრის პოზა. სიმპტომები სწორედ ღამით, წოლის დროს არის განსაკუთრებით შემაწუხებელი. ღამით ძილის დარღვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ზურგის ტკივილი, რაც ხშირად ხერხემლის დაავადებებთან (ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი) არის დაკავშირებული.

- რა ურღვევს ძილს ხანდაზმულებს?

- ხანდაზმულ ასაკში ძილის დარღვევა, უპირველეს ყოვლისა, ზემოთ დასახელებული დაავადებებით აიხსნება. გარდა ამისა, ასაკთან ერთად იცვლება ძილის სტრუქტურა - ხშირია ღამით გამოღვიძება და უძილობა, დღისით კი ძილიანობა.

- როგორია შინაგანი დაავადებების დროს აღმოცენებული უძილობის მკურნალობის ტაქტიკა?

- უძილობის მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, მისი გამომწვევი დაავადებების სწორ და წარმატებულ მკურნალობას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში ძილიც თავისთავად მოწესრიგდება.

სამწუხაროდ, ჩვენ მიერ დასახელებულ დაავადებათა მნიშვნელოვანი ნაწილი ქრონიკულია, ამდენად, მათი გამწვავებისას ყოველთვის არსებობს ძილის დარღვევის ალბათობა. ამ გარემოებას ყოველთვის ითვალისწინებენ და სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტების მიღების დროს ისე არჩევენ, რომ მათი ეფექტი ძლიერი იყოს არა მარტო დღის განმავლობაში, არამედ ღამითაც.