რას გვამცნობს ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გვამცნობს ტკივილი

- საუბარს მუცლის ტკივილის შესახებ შეკითხვით დავიწყებთ. დაგვეთანხმებით, ძალიან იშვიათია ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც არ განეცადოს დისკომფორტი აღნიშნული ჩივილის გამო. რომელმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი?

- ტერმინ `მუცლის ტკივილით~, წესისამებრ, აღწერენ იმ ტკივილს, რომელიც მუცლის ღრუს ორგანოთა პათოლოგიებთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის დაავადება. აქვე უნდა ითქვას, რომ არ არის გამორიცხული,  მუცელში ლოკალიზებული ტკივილი ფილტვების, თირკმელების, საშვილოსნოს ან საკვერცხეების დაავადებებსაც უკავშირდებოდეს. ზემოთქმულის გათვალისწინებით, მუცლის ტკივილის გამომწვევ დაავადებათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. საზოგადოდ, მუცლის ტკივილი სხვადასხვა ტიპის პათოლოგიურ პროცესებს უკავშირდება. მათ შორის აღსანიშნავია ანთება (მაგალითად, აპენდიციტის, დივერტიკულიტის ან კოლიტის დროს), ღრუ ორგანოთა კედლების დაჭიმვა (ნაწლავთა ობსტრუქციის - დახშობის ან სანაღვლე გზების ბლოკირების დროს) და მუცლის ღრუს ორგანოთა სისხლმომარაგების მკვეთრი დაქვეითება, რაც იშემიური კოლიტის დროს ხდება. თუმცა არის შემთხვევები, როცა მუცლის ტკივილი არც ერთ აღნიშნულ პროცესს არ უკავშირდება, რისი კლასიკური მაგალითიც გახლავთ მუცლის ტკივილი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს. ამ შემთხვევაში ვერ ხერხდება ტკივილის გამომწვევი რაიმე ორგანული პათოლოგიის აღმოჩენა, რის გამოც ამბობენ, რომ პაციენტს აქვს ფუნქციური პათოლოგია.

- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მუცლის ტკივილის დროს და რით შეიძლება დაეხმაროს ავადმყოფი საკუთარ თავს?

- მუცლის ტკივილი მოსახლეობისთვის იმდენად კარგად არის ნაცნობი, რომ ბევრი მას ყურადღებას არც კი აქცევს, ბევრი კი ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით ცდილობს მის ჩახშობას. ხაზგასმით უნდა ითქვას: არსებობს მდგომარეობები, როდესაც ასეთი ტაქტიკა დაუშვებელია. კერძოდ, მუცლის ტკივილი, რომელიც უეცრად აღმოცენდება და ძლიერია, მუდმივია, ზოგჯერ კი ხანჯლის ჩაცემის მსგავსი შეგრძნებაც ახლავს თან, ხშირად სერიოზული პრობლემების მაუწყებელია და მისი იგნორირება არამც და არამც არ შეიძლება. თუ პაციენტი, რომელსაც მსგავსი ჩივილები აქვს, ქალია, აუცილებელია გამოირიცხოს ორსულობა - უეცრად აღმოცენებული ტკივილი, რომელიც მუცლის ქვედა ნაწილშია ლოკალიზებული, შესაძლოა ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობის შეწყვეტის ნიშანი იყოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, დაუყოვნებლივ მივმართოთ სამეანო-გინეკოლოგიურ დაწესებულებას. თუ ორსულობა გამორიცხულია ან პაციენტი მამაკაცია, ყურადღება ექცევა მუცლის ტკივილის თანმხლებ სიმპტომებს. მათ შორის აღსანიშნავია მუცლის წინა კედლის დაჭიმვა, განავლის ხასიათის შეცვლა (სისხლიანი ან კუპრისმაგვარი - შავი, პრიალა - განავალი), გულისრევა და ღებინება, ცხელება. მუცლის ტკივილთან ერთად მსგავსი ნიშნების აღმოცენება შესაძლოა მიუთითებდეს აპენდიციტზე, აპენდიქსის, დივერტიკულის ან წყლულის პერფორაციაზე, ნაწლავთა გაუვალობაზე, პანკრეატიტზე ან ნაწლავთა ინფექციურ დაავადებაზე. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. ზოგჯერ მწვავედ განვითარებული ტკივილი ლოკალიზებულია მუცლის უპირატესად ზედა ნაწილში, განსაკუთრებით - მის მარჯვენა ნახევარში ან მარჯვენა ფერდქვეშ, ირადირებს ზურგისკენ ან მარჯვენა ბეჭისკენ, აღმოცენდება ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. ამ დროს დიდია ალბათობა, პაციენტს კალკულოზური (ნაღვლის ბუშტის ანთება, რაც მასში კენჭების არსებობისას ვითარდება) ან უკენჭო ქოლეცისტიტი ჰქონდეს. სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ მიმართვა ასეთ დროსაც აუცილებელია. ანალოგიურია ტაქტიკა მაშინაც, როცა მუცლის ტკივილი თანდათან წელისა და საშარდე გზებისკენ გადაინაცვლებს, თან სდევს შარდის ფერის შეცვლა (შემღვრევა, გაწითლება) და დისკომფორტი შარდვისას. ასეთ დროს თირკმლის კენჭების არსებობა უნდა ვივარაუდოთ. როცა ჩამოთვლილ ნიშნებს ცხელებაც ერთვის, სავარაუდოა საშარდე გზების ან თირკმლის ინფექციის (პიელონეფრიტის) არსებობა. ზოგჯერ მწვავე ტკივილი ლოკალიზებულია მუცლის ქვედა ნაწილში, მარჯვნივ, და თან სდევს განავალში ლორწოსა და სისხლის არსებობა. ასეთი ნიშნები ახასიათებს ნაწლავთა ანთებით დაავადებებს - კრონის დაავადებასა და არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს. მათი გამწვავების შემთხვევაშიც კვალიფიციური სამედიცინო დახმარებაა აუცილებელი.

- ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, მკითხველმა შესაძლოა დაასკვნას, რომ მუცლის მწვავე ტკივილის დროს ექიმთან დაუყოვნებლივ მისვლაა საჭირო.

- ჩვენ მუცლის მხოლოდ მწვავე, ძლიერი და მუდმივი ტკივილის მიზეზები განვიხილეთ. როდესაც მუცლის ტკივილი საშუალო ინტენსივობისაა, ლოკალიზებულია მუცლის ზედა ნაწილში ან ცვალებადი, მოვლითი ხასიათისაა - ჯერ თანდათან ძლიერდება, შემდეგ მცირდება და ქრება, განსაზღვრული ხნის შემდეგ კი ხელახლა აღმოცენდება, - პაციენტის ტაქტიკა შეიძლება განსხვავებულიც იყოს. როცა ასეთი ხასიათის ტკივილს ერთვის წყლოვანი ფაღარათი, ტემპერატურის მომატება, გულისრევა ან ღებინება, მწვავე გასტროენტერიტი, საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია უნდა ვივარაუდოთ. ის შესაძლოა ვირუსული ან ბაქტერიული გენეზისა იყოს. ჩვენი პაციენტები ამ მდგომარეობას საკვებით მოწამვლას უწოდებენ. საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციის დროს უმეტესად საკმარისია სითხის დანაკარგის აღდგენა სპეციალური ფხვნილისგან დამზადებული ხსნარის მიღებით, ექიმს კი მაშინ უნდა მივმართოთ, როცა გულისრევა და ღებინება ორი დღის შემდეგაც არ გაივლის ან როცა განავალში ლორწოს ან სისხლის მინარევია. გარდა ამისა, სამედიცინო დახმარება აუცილებელია ღებინებისა და ფაღარათის შედეგად სითხის დეფიციტის - დეჰიდრატაციის - აღმოცენების დროს. მისი სიმპტომებია ძილიანობა, პირის სიმშრალე, შარდის გამოყოფის შემცირება. ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი არც მაშინ არის აუცილებელი, როცა მუცლის ტკივილი ყაბზობას (შეკრულობას) ახლავს თან, ზომიერი და არცთუ ხანგრძლივია და ნაწლავთა მოქმედების შემდეგ გაივლის. ასეთ დროს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია კვების რეჟიმის მოწესრიგება, რაც საკმარისი რაოდენობის ბოჭკოთი მდიდარი საკვებისა და სითხის მიღებას გულისხმობს. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ან, მიუხედავად ნაწლავთა მოქმედების რეგულაციისა, ტკივილი მაინც აღინიშნება, ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. როცა პაციენტი ახალგაზრდაა, ტკივილი ზომიერია, ლოკალიზებულია ეპიგასტრიუმში (გულის კოვზთან) და თან ახლავს წვის, გულძმარვის შეგრძნება, დასაშვებია სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატების - ანტაციდების მიღება, ექიმთან ვიზიტი კი იმ შემთხვევაში უნდა დავგეგმოთ, თუ ეს საშუალებები უეფექტო აღმოჩნდა ან მათი მიღების შეწყვეტის შემდეგ ჩივილებმა ისევ იჩინა თავი. აქვე უნდა ითქვას, რომ საშუალო ინტენსივობის ტკივილი ყოველთვის არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს. როცა პაციენტს აქვს თუნდაც საშუალო ინტენსივობის ტკივილი, დისკომფორტი ან ზეწოლის შეგრძნება მუცლის ქვედა (ბოქვენზედა) არეში და წვის შეგრძნება შარდვისას, სავარაუდოა ცისტიტის - შარდის ბუშტის ანთების არსებობა და ექიმის კონსულტაცია და სათანადო ანტიბაქტერიული მკურნალობა აუცილებელია. ასევე აუცილებელია ექიმის (გინეკოლოგის) კონსულტაცია და მკურნალობა, როცა ქალს აწუხებს მუდმივი ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, რომელსაც საშოდან გამონადენიც ერთვის. ეს შესაძლოა საშვილოსნოს, საკვერცხის ან საშოს ანთებითი დაავადების ნიშანი იყოს.

- მკითხველს აინტერესებს, შეიძლება თუ არა მუცლის ტკივილის განსაზღვრული მახასიათებლების მიხედვით მის მიზეზზე ვიმსჯელოთ.

- განსაზღვრული ნიშნების მიხედვით მართლაც შეიძლება ვიმსჯელოთ ტკივილის მიზეზზე. ეს საკითხი ზემოთ ნაწილობრივ უკვე განვიხილეთ. ამ ნიშნებიდან, უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ:

  • ტკივილის დაწყების ხასიათი. მაგალითად, უეცრად აღმოცენებული ტკივილი შესაძლოა მსხვილი ნაწლავის იშემიასთან ან ნაღვლის ბუშტის ჭვალთან (კენჭის გავლასთან) იყოს დაკავშირებული.
  • ტკივილის ლოკალიზაცია. აპენდიციტის დროს ტკივილი მარჯვნივ, თეძოს არეშია ლოკალიზებული, დივერტიკულიტის დროს - მუცლის მარცხენა ნაწილში, ქვემოთ, ნაღვლის ბუშტის კოლიკის დროს - მარჯვენა ფერდქვეშ.
  • ტკივილის სიძლიერე. ნაწლავთა ობსტრუქციის დროს ტკივილი მოვლითი ხასიათისაა, ნაღვლის ბუშტის კოლიკის დროს - ძლიერი და მუდმივი, პანკრეატიტის დროს ძალიან ძლიერია, აპენდიციტის შემთხვევაში კი ზომიერი და ასატანი.
  • ტკივილის ხანგრძლივობა. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს ტკივილი თვეობით და წლობით გრძელდება, ნაღვლის ბუშტის კოლიკის დროს - რამდენიმე საათი, პანკრეატიტის დროს - რამდენიმე დღე. კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულთან დაკავშირებულ ტკივილს პერიოდულობა ახასიათებს - რამდენიმე კვირეა ან რამდენიმე თვე უფრო მკვეთრია, ხოლო განსაზღვრული ხნის განმავლობაში საგრძნობლად მცირდება ან ქრება. ზოგჯერ პერიოდულობა ახასიათებს ფუნქციურ ტკივილსაც.
  • ტკივილის გამაძლიერებელი ფაქტორები. მუცლის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებების დროს ტკივილს აძლერებს ხველა, მოძრაობა, ამიტომ ავადმყოფი ცდილობს, უძრავად იწვეს. ტკივილი, რომელიც ადამიანს ღამით აღვიძებს, როგორც წესი, ორგანულია - განსაზღვრული დაავადებით არის გამოწვეული.
  • ტკივილის შემსუსტებელი ფაქტორები. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით ან ყაბზობით გამოწვეული ტკივილი ნაწლავთა მოქმედების შემდეგ მცირდება და გაივლის ხოლმე. ანტაციდები (სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები) ამცირებენ წყლულით გამოწვეულ ტკივილს.
  • თანდართული სიმპტომები (მაგალითად, ცხელება, ფაღარათი).

- რომელ გამოკვლევას ატარებს ექიმი მუცლის ტკივილის გამომწვევი დაავადების დიაგნოსტიკისთვის?

- სათანადო გამოკითხვის შემდეგ ექიმი პაციენტს დეტალურად სინჯავს, რის შედეგადაც შეექმნება ერთგვარი წარმოდგენა ტკივილის გამომწვევი დაავადების შესახებ. დიაგნოზის დასადასტურებლად კი აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევა - სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფერმენტული აქტივობის შესწავლა, პანკრეასის ფერმენტების აქტივობის განსაზღვრა, შარდის საერთო ანალიზი. ინფორმაციულია ექოსკოპიური კვლევა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნაღვლის ბუშტისა თუ თირკმლის კენჭების აღმოჩენა, გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა. მნიშვნელოვანი მონაცემები შეიძლება მივიღოთ კომპიუტერული ტომოგრაფიითა და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით. საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დიაგნოსტიკაში გვეხმარება გასტროსკოპია, ხოლო კოლონოსკოპიის მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ მუცლის ტკივილის გამომწვევი ნაწლავთა დაავადებები. მიუხედავად კვლევის თანამედროვე მეთოდებისა, არის შემთხვევები, როცა მუცლის ტკივილის მიზეზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ლაპაროსკოპიის (მუცლის კედელზე გაკეთებული პატარა განაკვეთიდან სპეციალური აპარატურით მუცლის ღრუს დათვალიერება) ან ოპერაციული ჩარევის მეშვეობით.


- ჩვენი მკითხველები არცთუ იშვიათად აღნიშნავენ, რომ მუცლის ტკივილის მიზეზის დასადგენად ხშირად ჩაუტარებიათ სხვადასხვა კვლევა, მიუმართავთ სხვადასხვა სპეციალისტისთვის, მაგრამ უშედეგოდ. რა პათოლოგიებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მსგავსი მდგომარეობა?

- მუცლის ქრონიკული ტკივილის მიზეზის დადგენა მართლაც რთული ამოცანაა, ის ექიმის დიდ ძალისხმევას და პაციენტის მოთმინებას მოითხოვს. ხშირად დიაგნოზის დასასმელად არაერთი გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო, რაც პაციენტის იმედგაცრუებას იწვევს. განსაზღვრული ნიშნების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ მუცლის ტკივილის გამომწვევი რიგი დაავადების არსებობა. მაგალითად, როდესაც მუცლის ტკივილი მოჰყვება მაძღრისად ჭამას, ძლიერდება შემოჭერილი ტანსაცმლის ტარებისას, ნოყიერი სადილის შემდეგ წამოწოლისას, ღამით, - საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის არსებობაა სავარაუდო. ამ დროს კუჭის ნაწილი ცდომილია საყლაპავის დიაფრაგმულ ხვრელში, რაც ხშირად ტკივილს იწვევს. ასეთ შემთხვევაში ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. სიმპტომების შესასუსტებლად რეკომენდებულია საკვების მიღება მცირე ულუფებით, განსაკუთრებით - ვახშმობისას. არ არის სასურველი წამოწოლა ჭამის შემდეგ. მწოლიარე მდგომარეობაში დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად პაციენტმა უნდა დაიდოს რამდენიმე ბალიში ან მაღლა ასწიოს საწოლის თავი. ზოგჯერ მუცლის ტკივილს თან სდევს ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა, მუცლის ტკივილი თან სდევს ნაწლავთა მოქმედებას, ფაღარათი ან ყაბზობა და ტკივილი უფრო მეტად ძლიერდება სტრესის ფონზე, - ასეთი გამოვლინება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს ახასიათებს. ასეთ დროს პაციენტს უნდა ვურჩიოთ, თავი არიდოს სტრესს, რეგულარულად ივარჯიშოს, მიიღოს ბოჭკოთი მდიდარი საკვები. ამ ღონისძიებათა უეფექტობისას რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. მუცლის ქვედა მარცხენა ნაწილში ლოკალიზებული განმეორებითი ტკივილის შეტევები, რომლებსაც თან სდევს ტემპერატურის მატება, დივერტიკულიტს ახასიათებს. ეს არის ნაწლავის კედლის პარკისებური გამოდრეკის - დივერტიკულის ანთება. მუცლის ღრუს ნებისმიერი სხვა ინფექციის მსგავსად, დივერტიკულიტიც სერიოზული მდგომარეობაა, მსგავსი ჩივილების არსებობისას აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. ხშირად მუცლის ქვედა ნაწილში ლოკალიზებულ ტკივილს ერთვის განავალში სისხლის მინარევი ან ალისფერი სისხლის გამოყოფა ნაწლავთა მოქმედების შემდეგ. არცთუ იშვიათად პაციენტები მსგავს სიმპტომებს უყურადღებოდ ტოვებენ, რაც დაუშვებელია. განავალში სისხლის მინარევის არსებობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სისხლმდენ ბუასილთან, მსხვილი ნაწლავის სისხლმდენ პოლიპთან ან ისეთ მძიმე დაავადებასთან, როგორიც არის მსხვილი ნაწლავის სიმსივნე. როდესაც დაუდგენელი გენეზის ტკივილს ერთვის უმადობა, განსაკუთრებული დიეტის გარეშე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წონის შესამჩნევი კლება - სავარაუდოა, მუცლის ტკივილი სიმსივნით იყოს გამოწვეული. საჭიროა საფუძვლიანი გამოკვლევა მისი ლოკალიზაციის დასადგენად. ზოგჯერ მუცლის ტკივილი მოსდევს რძის, ხორბლის პროდუქტების მიღებას. ტკივილს ერთვის მეტეორიზმი, აირების უხვი გამოყოფა და ფაღარათი, რაც ხშირად დიდხანს გრძელდება. მსგავს შემთხვევებში მუცლის ტკივილის მიზეზია რძის შაქრის - ლაქტოზის აუტანლობა, რაც, თავის მხრივ, მის გარდაქმნაში მონაწილე ფერმენტის - ლაქტაზის დეფიციტით არის გამოწვეული, ან ხორბლისა და გლუტენის შემცველი სხვა პროდუქტების აუტანლობა, რაც ცელიაკიის დროს ხდება. მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს რძის ან გლუტენის შემცველი პროდუქტების რაციონიდან ამოღება. აუხსნელი მუცლის ტკივილი შესაძლოა ქრონიკული პანკრეატიტის ბრალი იყოს. არცთუ იშვიათად ასეთ ტკივილს ფაღარათი ახლავს თან. ასეთი რამ პანკრეასის უკმარისობის დროს გვხვდება. დაავადების დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია და ექიმის დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

- შესაძლოა თუ არა, მუცლის ტკივილი ინფექციურ დაავადებასთან იყოს დაკავშირებული?

- უკვე აღვნიშნეთ, რომ მუცლის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია, ამ ფონზე აღმოცენებული გასტროენტერიტი. გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ ვირუსული ჰეპატიტიც, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, ასევე მუცლის მწვავე ტკივილი, რომელმაც შესაძლოა ქირურგიული პათოლოგიაც კი მოგვაგონოს, თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ჰეპატიტის დროს ტკივილს ერთვის შარდის გამუქება, სკლერებისა და კანის მოყვითალო შეფერვა. მუცლის ტკივილს ზოგჯერ ინფექციური მონონუკლეოზიც იწვევს. ამ შემთხვევაში მას ერთვის ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე. მუცლის ტკივილის მიზეზებს შორის არ შეიძლება არ დავასახელოთ პარაზიტული ინვაზია, რომელიც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია. ანალოგიურ შემთხვევებში მდგომარეობის გამოსასწორებლად  საკმარისია სათანადო მკურნალობა.

- შესაძლოა, ჩვენი მკითხველები სკეპტიკურად განეწყონ და სამართლიანად დაინტერესდნენ, რატომ უნდა გართულდეს მუცლის ტკივილის მიზეზის დადგენა, როცა თანამედროვე მედიცინა კვლევის სრულყოფილ მეთოდებს ფლობს.

- თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მუცლის ტკივილის გამომწვევ დაავადებათა დიაგნოსტიკა მართლაც საგრძნობლად გაადვილდა და დაჩქარდა, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც რიგ შემთხვევაში აბრკოლებს დიაგნოზის ზუსტად და სწრაფად დასმას. ამ ფაქტორთაგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ დაავადების ატიპური სიმპტომები. მაგალითად, ზოგჯერ აპენდიციტის დროს ტკივილი შესაძლოა ლოკალიზებული იყოს არა მარჯვნივ, თეძოს ფოსოში, არამედ მარჯვენა ფერდქვეშ, დივერტიკულიტის დროს კი მარჯვნივ და არა მარცხნივ. ხანშიშესულ პაციენტებს, ასევე მათ, ვინც მუდმივად იღებს კორტიკოსტეროიდებს, შესაძლოა მწვავე ქირურგიული პათოლოგიების დროს ტკივილი ზომიერად ან უმნიშვნელოდ ჰქონდეთ გამოხატული. აბსოლუტური არ არის არც თანამედროვე კვლევების მონაცემები. ცნობილია, რომ ზოგჯერ ექოსკოპიური კვლევა არ ავლენს ნაღვლის ბუშტის მცირე ზომის კენჭებს, კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლოა ვერ დავადგინოთ პანკრეასის მცირე ზომის სიმსივნე, რენტგენოლოგიური კვლევით ვერ აღმოვაჩინოთ გაუვალობის ან პერფორაციის ტიპური სიმპტომები,  ექოსკოპით ან კომპიუტერული ტომოგრაფით გამოკვლევისას აშკარა არ იყოს აპენდიციტის ან მცირე ზომის აბსცესის ნიშნები. მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორია ისიც, რომ ზოგიერთი დაავადების სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა დაავადებისას - ხდება სიმპტომების თანხვედრა. მაგალითად, კრონის დაავადება ან მარჯვენა საკვერცხის კისტის გასკდომა ჰგავს აპენდიციტს, მარჯვენა თირკმლის კენჭით გამოწვეული ჭვალი - ქოლეცისტიტს. სწორედ ამ თავისებურებათა გამოა, რომ ზოგჯერ შეუძლებელია ექიმთან პირველი ვიზიტისთანავე ზუსტი დიაგნოზის დასმა, - საჭიროა პაციენტზე დაკვირვება, მისი მდგომარეობის დინამიკური შესწავლა, ზოგიერთი გამოკვლევის გამეორება, ზოგჯერ დიაგნოზის დაზუსტებამდე მედიკამენტების დანიშვნა და დაავადების შესახებ მათი ეფექტის მიხედვით მსჯელობა.

- რას ურჩევდით პაციენტებს, როგორ მოიქცნენ მუცლის ტკივილის შემთხვევაში?

- ავადმყოფის ამა თუ იმ ქმედებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას, შეაფერხოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ამიტომ გირჩევთ:

  • მუცლის უეცრად აღმოცენებული ტკივილის შემთხვევაში ნუ მიიღებთ ტკივილგამაყუჩებელს, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ტკივილი ქირურგიული პათოლოგიის (მწვავე აპენდიციტი, ნაწლავთა გაუვალობა) ბრალი არ არის.
  • ამავე მოსაზრებით არ გამოიყენოთ სათბური, გამწმენდი ოყნა, საფაღარათო საშუალება.
  • არ ამოირეცხოთ კუჭი, გაითვალისწინეთ: ზოგჯერ მუცლის ტკივილი მიოკარდიუმის ინფარქტის ატიპური გამოვლინებაა.
  • ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, გაითვალისწინეთ, რომ არასპეციალისტების აზრი შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს.
  • თუ ტკივილი დიდი ხანია (დღეების, თვეების განმავლობაში) გაწუხებთ, დიდი ხნით ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. გაითვალისწინეთ, რომ დაავადება, რომელიც მსგავს ჩივილს იწვევს, ზოგჯერ სულაც არ არის რთული სამკურნალო, ზოგჯერ კი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგვიანება შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

გვესაუბრება ზოგადი თერაპიის კლინიკის ექიმი მანანა დალაქიშვილი:

- თუ მუცლის ტკივილს ავადმყოფები ხშირად ტოვებენ უყურადღებოდ, ანალოგიური დამოკიდებულება იშვიათია გულმკერდში, გულის არეში ლოკალიზებული ტკივილის მიმართ. ამ ჩივილით პაციენტები ხშირად მიმართავენ სასწრაფო დახმარებასა თუ კარდიოლოგიურ სტაციონარს. რასთან არის დაკავშირებული გულმკერდში ლოკალიზებული ტკივილი და რამდენად საშიშია ის?

- გულმკერდში, მის მარცხენა ნაწილში ლოკალიზებულ ტკივილს პაციენტები ხშირად მართლაც გულის იშემიური დაავადების - სტენოკარდიის ან ინფარქტის გამოვლინებად მიიჩნევენ. საბედნიეროდ, გულმკერდის ტკივილი ყოველთვის ამ პათოლოგიების ბრალი არ არის. ხშირად ის საერთოდ არ უკავშირდება გულის დაავადებას. ამის გათვალისწინებით, გულმკერდში ლოკალიზებული ტკივილი პირობითად შეიძლება გულისმიერ ანუ კარდიულ და არაკარდიულ ფორმებად დავყოთ.

- რომელ დაავადებებს გამოყოფდით კარდიული მიზეზებიდან და როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში პაციენტის ტაქტიკა?

- უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ გულის იშემიურ დაავადებაზე. ამ დროს ტკივილი უმეტესად ლოკალიზებულია მკერდის ძვლის უკან ან მის ოდნავ მარცხნივ, მოჭერის, ზეწოლის ტიპისაა, გრძელდება რამდენიმე წუთს, შესაძლოა გადაეცემოდეს მარცხენა ბეჭს, კიდურს, კისრის ან ქვედა ყბის არეს, თან ახლდეს სუნთქვის გაძნელება, თავბრუხვევა. სტენოკარდიის შემთხვევაში ტკივილი ხანგრძლივი არ არის, რამდენიმე წუთი გრძელდება და ნიტროგლიცერინის მიღების ან პაციენტის მიერ ფიზიკური აქტივობის შეწყვეტის შემდეგ გაივლის. გახსოვდეთ: თუ ანალოგიური ტკივილი 5 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება - ტკივილი შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტს მოასწავებდეს. ექიმის მოსვლამდე ავადმყოფი უნდა ერიდოს ფიზიკურ დატვირთვას, მოძრაობას, თუ ხელთ აქვს ნიტროგლიცერინი, აუცილებლად დაიდოს ენის ქვეშ. გულის დაავადებით გამოწვეული ტკივილის ერთ-ერთი სახესხვაობაა პერიკარდიტით - გულის პერანგის ფურცლების ანთებით ან მიოკარდიტით - გულის კუნთის ანთებით გამოწვული ტკივილი. გულის იშემიური დაავადებისგან განსხვავებით, ამ დროს ტკივილი ხანგრძლივია, საათობით, დღეობით გრძელდება, აქვს ზუსტი ლოკალიზაცია, ხშირად თან სდევს ტემპერატურის მომატება, სისუსტე. ხშირად პერიკარდიტი ვირუსულ ინფექციას მოსდევს. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა და დაუყოვნებელ ჩარევას მოითხოვს აორტის განშრევებადი ანევრიზმა. ის ვლინდება მოპულსირე, მფეთქავი ტკივილით, რომელიც გულმკერდიდან თანდათან ზურგისა და სხეულის ქვედა ნაწილებისკენ გადაინაცვლებს. ამ პათოლოგიის დროს ხდება აორტის კედლების აშრევება, მათ შორის სისხლის ჩაღვრა. ეს მდგომარეობა შესაძლოა არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზიის გართულება იყოს.

- როგორც აღნიშნეთ, გულის არეში ტკივილი ყოველთვის გულის დაავადებებთან არ არის დაკავშირებული. მაშ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ის?

- არსებობს მრავალი დაავადება თუ მდგომარეობა, რომელიც გულის არეში არაკარდიული გენეზის ტკივილს იწვევს. მათგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ გულძმარვა - მტკივნეული წვის შეგრძნება, რომელიც, გულის იშემიური დაავადების დროს აღმოცენებული ტკივილის მსგავსად, მკერდის ძვლის უკან არის ლოკალიზებული, თუმცა, გიდ-ით გამოწვეული ტკივილისგან განსხვავებით, გულძმარვასთან დაკავშირებულ მწველ ტკივილს ხშირად სდევს თან არასასიამოვნო გემოს შეგრძნება, საკვების რეგურგიტაცია. ასეთი ტკივილი უმეტესად საკვების მიღების შემდეგ აღმოცენდება და შესაძლოა საათობით გაგრძელდეს. გულძმარვა ძლიერდება წოლის დროს, განსაკუთრებით - თუ ადამიანი საკვების მიღებისთანავე წამოწვა, ასევე ღამით, თუ პაციენტი გვიან, ძილის წინ დანაყრდა. ხშირად ტკივილი აღინიშნება ყლაპვის დროსაც. გულძმარვასთან დაკავშირებული ტკივილი სუსტდება და ქრება იმ პრეპარატების მიღებისას, რომლებიც კუჭის წვენის სეკრეციას თრგუნავენ. გარდა გულძმარვისა, მკერდის ძვლის უკან ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავის სპაზმმა - მისი კუნთების მტკივნეულმა შეკუმშვამ და აქალაზიამ. აქალაზია არის ყლაპვის დარღვევით მიმდინარე დაავადება, რომლის დროსაც საყლაპავის ქვედა სფინქტერი (მომჭერი კუნთი) სათანადოდ ვერ დუნდება და საკვებს თავისუფლად ვეღარ ატარებს.

- ცნობილია, რომ გულის არეში ტკივილი ხშირად ემოციასთან არის დაკავშირებული.

- ემოციის ფონზე გულის არეში ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს როგორც გულის იშემიური დაავადებისას, ასევე მისი არასებობის ფონზეც. უკანასკნელი მდგომარეობა თანამედროვე მედიცინაში პანიკური შეტევის სახელწოდებით არის ცნობილი. პანიკური შეტევები ემოციის დროს ვითარდება, ახასიათებს გულის არეში ტკივილი, გულისცემის აჩქარება, ხშირი ზედაპირული სუნთქვა, ოფლიანობა. მიუხედავად ასეთი კლინიკური სურათისა, ელექტროკარდიოგრაფია გულის იშემიური დაავადებისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს არ ავლენს.

- როდის აღმოცენდება და რა თავისებურება ახასიათებს ფილტვის დაავადებებით გამოწვეულ ტკივილს?

- გულმკერდის ტკივილი შესაძლოა აღმოცენდეს ფილტვების ანთების ზოგიერთ შემთხვევაში, პლევრიტის ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს. პლევრიტი პლევრის - ფილტვებისა და გულმკერდის შიგნითა ზედაპირის მფარავი სეროზული გარსის ანთებაა. ამ დროს ტკივილი ლოკალიზებულია განსაზღვრულ არეში, ძლიერდება ჩასუნთქვისა და ხველის დროს. პნევმონიის ანუ ფილტვების ანთების დროს ანთებითი პროცესი ზოგჯერ პლევრის ფურცლებზეც ვრცელდება, რაც გულმკერდში ზემოთ აღწერილ ტკივილს იწვევს. ფილტვის არტერიის თრომბით დახშობის ანუ თრომბოემბოლიის შემთხვევაში გულმკერდში ტკივილი უეცრად აღმოცენდება, ძლიერია, ძლიერდება ღრმა სუნთქვისა და ხველის დროს. ამ სიმპტომებს ხშირად ერთვის ქოშინი, აჩქარებული გულისცემა, პაციენტი წრიალებს, შფოთავს.

- ახასიათებს თუ არა რაიმე თავისებურება გულმკერდის კედლის სტრუქტურების პათოლოგიასთან დაკავშირებულ ტკივილს?

- გულმკერდში ტკივილი აღმოცენდება მიოზიტის, ნეკნების დაზიანების, ნეკნთაშუა ნევრიტის, კოსტოქონდრიტის შემთხვევაში. მიოზიტის (კუნთის ანთების) დროს ტკივილს მოძრაობა იწვევს, კიდურების აწევა, დაზიანებული კუნთის საპირისპირო მხარეს გადახრა კი აძლიერებს. ნეკნების დაზიანებისას ტკივილი ერთ ადგილას არის ლოკალიზებული და მოძრაობისას მკვეთრად ძლიერდება. ნეკნთაშუა ნევრიტისას ტკივილი ძლიერდება, როდესაც ადამიანი იხრება დაზიანების მხარეს. კოსტოქონდრიტის - ნეკნის ხრტილის ანთების დროს ტკივილი ინტენსიურია, უეცრად აღმოცენდება და იმდანად ძლიერია, რომ მართლაც შეიძლება, გულის შეტევის იმიტაცია მოახდინოს, თუმცა განსხვავებულია მისი ლოკალიზაცია და ხასიათი. ის ძლიერდება მკერდის ძვალზე ან მის ახლოს ნეკნებზე ზეწოლისას და,  გულის იშემიური დაავადებისაგან განსხვავებით, ერთ ადგილას, მცირე ფართობზეა ლოკალიზებული. ჩამოთვლილი პათოლოგიების გვერდით უნდა ვახსენოთ შემომსარტყლავი ჰერპესი ანუ ჰერპეს-ზოსტერიც - გულმკერდის ტკივილი ზოგჯერ მასთანაც არის დაკავშირებული. ეს გახლავთ ვირუსული დაავადება, რომელსაც ნეკნთაშუა ნერვების საპროექციო არის გასწვრივ სპეციფიკური გამონაყარის გაჩენა და ამ მიდამოს ძლიერი ტკივილი ახასიათებს. დიაგნოსტიკას ზოგჯერ ის გარემოება ართულებს, რომ ტკივილი გულმკერდში ტიპური გამონაყარის გაჩენამდე აღმოცენდება.


- როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გულმკერდის ტკივილის მიზეზი მუცლის ღრუს ორგანოს პათოლოგიაა?

- გულმკერდის არეში ტკივილი შესაძლოა აღმოცენდეს ნაღველკენჭოვანი დაავადების, პანკრეატიტის, კუჭის წყლულის შემთხვევაში, თუმცა ამ დაავადებების დროს ყურადღებას იპყრობს ტკივილის ერთდროული არსებობა დასახელებული ორგანოებისათვის ტიპურ არეებში - მარჯვენა ფერდქვეშ, მუცლის ზედა ნაწილში ან ეპიგასტრიუმში.

- აუცილებელია თუ არა, გულმკერდის ტკივილის დროს სამედიცინო დაწესებულებას მივმართოთ? როგორია ამ დროს ექიმის ტაქტიკა?

- გულმკერდში ლოკალიზებული ტკივილი სხვადასხვა ინტენსივობისა და ხასიათისაა. მისი მიზეზიც უბრალო გულძმარვიდან გულის შეტევამდე ვარირებს. თავად პაციენტი ამ მდგომარეობათა ურთიერთდიფერენცირებას ვერ მოახერხებს. ამიტომაც არის რეკომენდებული, გულის არეში ლოკალიზებული ტკივილისა და ზეწოლის შეგრძნებისას, თუ მან რამდენიმე წუთში არ გაიარა, მივმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. განსაკუთრებით - იმ შემთხვევაში, როდესაც ტკივილს თან სდევს ქოშინი, ოფლიანობა, გულისრევა, თავბრუხვევა, ტკივილის ირადიაცია კიდურებსა და კისრის არეში. სამედიცინო დაწესებულებაში დროული მიმართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ტკივილის მიზეზი გულის იშემიური დაავადებაა. საბედნიეროდ, როგორც აღვნიშნეთ, გულის არეში ტკივილი ყოველთვის გულის დაავადებასთან როდია დაკავშირებული, თუმცა ექიმი, წესისამებრ, პირველ რიგში სწორედ მის გამორიცხვას მიიჩნევს საჭიროდ, რადგან გულის შეტევა გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. გარდა გულის იშემიური დაავადებისა, გადაუდებელი დახმარებაა საჭირო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, აორტის განშრევებადი ანევრიზმის, პნევმოთორაქსის დროს. ამ მდგომარეობათა დიაგნოსტიკის ან გამორიცხვის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებს გამოკვლევათა წყება უტარდებათ. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ელექტროკარდიოგრაფია - ის გვეხმარება გულის შეტევის დიაგნოსტიკაში;
  • სტრეს-ტესტი - პაციენტის ფიზიკური დატვირთვის პირობებში ელექტროკარდიოგრაფიის დაფიქსირება;
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - გულის კუნთში ლოკალიზებული განსაზღვრული ფერმენტების აქტივობის შესწავლა;
  • გულმკერდის რენტგენოგრაფია - გვეხმარება დავადგინოთ ფილტვის მდგომარეობა, გულისა და დიდი სისხლძარღვების კონტურები, გამოვრიცხოთ სიმსივნური პროცესის არსებობა;
  • ექოკარდიოგრაფია - გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ მისი ზოგიერთი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილება;
  • ანგიოგრაფია - კათეტერის მეშვეობით გულის გვირგვინოვან სისხლძარღვებში საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა და ამ სისხლძარღვების ვიზუალიზაცია. გამოკვლევით დგინდება გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების შევიწროება და დახშობა;
  • ენდოსკოპიური კვლევა - სპეციალური აპარატის - ენდოსკოპის მეშვეობით საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის დათვალიერება, რაც ამ ორგანოთა დაავადებებით გამოწვეული ტკივილის დიაგნოსტიკაში გვეხმარება.

გულის არეში ლოკალიზებული ტკივილის შემთხვევათა უმრავლესობა შესაძლოა სულაც არ უკავშირდებოდეს გულის დაავადებას, მაგრამ ექიმი თავს ვალდებულად მიიჩნევს, პირველ რიგში სწორედ გულის დაავადება გამორიცხოს ან დაადასტუროს, შემდგომი გამოკვლევის მეშვეობით კი ტკივილის ჭეშმარიტი მიზეზი დგინდება.

- არ შეიძლება, ტკივილზე საუბრისას ყურადღება არ გავამახვილოთ წელის არეში ლოკალიზებულ ტკივილზე, რომელიც საკმაოდ ხშირია და საგრძნობ პრობლემებს უქმნის ადამიანს.

- წელის არეში ლოკალიზებული ტკივილი შესაძლოა მრავალ ფაქტორთან იყოს დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ამ არეში ლოკალიზებული მყესების, იოგების, კუნთების უეცარი დაჭიმვა გადატვირთვის ან ტრავმის შედეგად. ამ მიზეზით წელის არეში ტკივილი უმეტესად სიცოცხლის მეოთხე ათეულის შემდეგ აღმოცენდება, მაგრამ ნებისმიერ სხვა ასაკშიც შეიძლება შეგვხვდეს. დაჭიმვასთან დაკავშირებულ ტკივილს ახასიათებს ერთ არეში ლოკალიზაცია, ის დასახელებული სტრუქტურების მექანიკურ დაზიანებას მოჰყვება. ინტენსივობა სხვადასხვანაირია - ძალიან ინტენსიურიდან ყრუმდე - და დამოკიდებულია მყესების, იოგების, კუნთების დაჭიმვის ხარისხზე. ტკივილის მიზეზის დადგენისას ითვალისწინებენ რიგ თავისებურებას: ის აღმოცენდება წელის არის გადატვირთვის ან ტრავმის შედეგად, ერთ ადგილზეა ლოკალიზებული, არ ვლინდება ნერვების დაზიანების სიმპტომები. რენტგენოლოგიური კვლევა ძვლის პათოლოგიების გამორიცხვაში გვეხმარება.

- როგორ მკურნალობენ ასეთ ტკივილს?

- აუცილებელია განმეორებითი დაჭიმვის თავიდან აცილება. ტკივილის შესუსტებამდე საჭიროა დატვირთვის შემცირება, თუმცა ხანგრძლივი უმოძრაობა არ არის რეკომენდებული. ტკივილის შესამცირებლად საჭიროა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებისა და კუნთების სპაზმის შესასუსტებელი საშუალებების გამოყენება. როცა ტკივილის სხვა მიზეზები გამორიცხულია, შეგვიძლია გამოვიყენოთ მტკივანი მიდამოს დათბუნება, მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა. განსაკუთრებულად უნდა გამახვილდეს ყურადღება შემდგომი დაზიანების თავიდან აცილებაზე. ფიზიკური დატვირთვისას რეკომენდებულია სპეციალური ქამრის გაკეთება, დატვირთვის შეძლებისდაგვარად  სიმეტრიულად განაწილება.

- როგორია ტკივილი ნერვის გაღიზიანების დროს, რომელი გამოკვლევა ტარდება დიაგნოსტიკისთვის და როგორია მკურნალობის პერსპექტივა?

- ნერვის გაღიზიანება შესაძლოა უკავშირდებოდეს რადიკულოპათიას, ძვლოვანი წანაზარდების არსებობას ან ნერვის ვირუსულ ანთებას ჰერპეს-ზოსტერის დროს. წელის რადიკულოპათია გახლავთ ნერვის გაღიზიანება მალათაშუა დისკის დაზიანების გამო. წელის მალათაშუა დისკის თიაქარი იწვევს საჯდომ ნერვზე ზეწოლას და იშიასისთვის დამახასიათებელი ტკივილის აღმოცენებას. აღნიშნული ტკივილი ლოკალიზებულია წელის არეში, ვრცელდება ქვემო კიდურისკენ, შესაძლოა თან ახლდეს მგრძნობელობის დაკარგვა ან პარესთეზია. ძლიერდება წელის განძრევისას, ხველისას, ცემინებისას, კიდურის აწევისას. უფრო მძიმე შემთხვევებში იშიასს შესაძლოა შარდის და/ან განავლის შეუკავებლობაც მოჰყვეს. ნებისმიერმა მდგომარეობამ, რომლის დროსაც შეცვლილია წელის მალების სტრუქტურა, შესაძლოა შეზღუდოს ზურგის ტვინისა და მისგან გამომავალი ნერვების სივრცე. ასეთია ხერხემლის ხვრელების შევიწროება, სპონდილოლისთეზი (მალის დაცურება ქვემოთ მდებარე მალის მიმართ წინ ან უკან), ხერხემლის არხის სტენოზი ანუ შევიწროება. ყველა ეს მდგომარეობა იწვევს ნერვის კომპრესიას, რაც, თავის მხრივ, იშიასს განაპირობებს. ნერვის გაღიზიანების დასადგენად პაციენტს სინჯავს ნევროლოგი, ინიშნება სპეციალური გამოკვლევები - ელექტრომიოგრაფია, ნერვის გამტარობის სიჩქარის განსაზღვრა. დისკის თიაქრის დასადგენად გამოიყენება კვლევის რადიოლოგიური მეთოდები - კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. რაც შეეხება მკურნალობას, ის შეიძლება იყოს როოგრც კონსერვატიული (მედიკამენტური, ფიზიოთერაპია, დაზიანებული არის დაზოგვა), ასევე ქირურგიულიც. ეს უკანასკნელი აუცილებელია ძლიერი ტკივილის, კიდურის ფუნქციის დარღვევისა და შარდის ან განავლის შეუკავებლობის დროს.