მეტეომგრძნობელობა
წელიწადის ამ პერიოდში ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, ატმოსფერული წნევის ცვალებადობამ და ელექტრომაგნიტურმა ქარიშხლებმა ქრონიკულად მოავადენი ისე გამოიყვანოს მწყობრიდან, რომ მეტეოროლოგიურ ფაქტორებზე გადაჭარბებული რეაქციის გამო ზოგიერთი საავადმყოფოშიც კი მოხვდეს.
ყველაზე მწვავე მეტეორეაქცია კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს ახასიათებთ. ამინდის მკვეთრ და ხშირ ცვლილებაზე განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებენ მიოკარდიუმის ინფარქტ და ინსულტგადა-ტანილი ადამიანები, ჰიპერტონიკები, ჰიპოტონიკები, გულის იშემიური პათოლოგიითა და ათეროსკლეროზით დაავადებულები. ამინდის ცვლილებაზე მწვავე რეაქცია აქვთ სხვა ტიპის ქრონიკულად მოავადეებსაც. არანაკლებ უჭირთ მეტეოროლოგიური პერიპეტიების გაძლება სასუნთქი, ცენტრალური ნერვუ-ლი სისტემის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვადასხვა სახის პათოლოგიის მქონეთ. ასეთი პაციენტები ამინდის უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი ბარომეტრივით რეაგირებენ და ავადმყოფთა ერთგვარ ჯგუფს ქმნიან, რომელსაც სპეციალისტები მეტეორიკებს უწოდებენ.
მეტეორიკთა სამიზნეები
- გულით დაავადებულთათვის ყველაზე არასახარბიელო ფაქტორი ჰაერის მაღალი ტენიანობა და წვიმის მაუწყებელი, მოქუფრული ამინდია.
- იშემიური დაავადებისა და ბრონქული ასთმის მქონეთათვის უბოროტესი მტერი ჰაერში ჟანგბადის დონის დაქვეითება, ე.წ. ამინდისმიერი ჰიპოქსიაა.
- გულით დაავადებულები ასევე მტკივნეულად რეაგირებენ ტემპერატურის ცვლილებაზე, მაგალითად, ჰიპერტონიკები განსაკუთრებით ცუდად გრძნობენ თავს უქარო, ცხელ ამინდში.
- არც ჰიპერტონიკებს და არც ჰიპოტონიკებს არ სიამოვნებთ ატმოსფერული წნევის ცვალებადობა: დაბალი ატმოსფერული წნევის დროს ჰიპოტონიკებს არტერიული წნევა კიდევ უფრო უქვეითდებათ, რაც სისუსტეს, ძილიანობას იწვევს, ჰიპერტონიკებს კი ყველაზე მეტად მომატებული ტენიანობისა და მაღალი ატმოსფერული წნევის პირობებში უჭირთ.
- რევმატიზმით, სახსრებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მქონენი, ასევე - ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულები ძლიერ ტენიან ამინდს გაურბიან.
- ნერვული სისტემისა და ფსიქოემოციური დაავადებების გამწვავება უმეტესად ქარიან ამინდებს ემთხვევა.
- ნისლიან დღეებში ცუდად გრძნობენ თავს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით დაავადებულები და კლიმაქსური ასაკის ქალბატონები.
- რაც შეეხება ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიით დაავადებულებს, გაზაფხულზე მათი მდგომარეობა მართლაც არ არის სახარბიელო - ისინი ამინდის ნებისმიერი ხასიათის ცვლილებაზე მწვავედ რეაგირებენ.
რჩევები მეტეომგრძნობიარეთათვის
გაზაფხულის დადგომისთანავე, უპირველეს ყოვლისა, მიხედეთ ქრონიკულ დაავადებებს, ვინაიდან ამინდის ცვლილებები თითქმის ყოველთვის ამძიმებს მათ მიმდინარეობას და პროცესის გამწვავებას აპროვოცირებს. გაასინჯეთ ფარისებრი ჯირკვალი სპეციალისტს, რადგან ორგანიზმში იოდის დეფიციტი საგრძნობლად აძლიერებს მეტეორეაქციებს.
- გაიმაგრეთ ნერვული სისტემა, თუ ამინდის ცვლილებები განწყობის დათრგუნვას, სევდას ან უძილობას იწვევს, სჯობს, დამაწყნარებელი საშუალებები მიიღოთ.
- შეამცირეთ ან საერთოდ აიკრძალეთ კოფეინის შემცველი სასმელების მიღება.
- იმუნური სისტემა ადაპტოგენებით - ჟენ-შენით, ჩინური ლიმონურათი, C და E ვიტამინებით მოიძლიერეთ.
- კარგია დამზოგველი სპორტი, სიარული ან მსუბუქი სირბილი. 15-წუთიანი დილის ვარჯიში ნამდვილად არ გაწყენდათ. მძიმე დღის შემდეგ კარგია წიწვების აბაზანა (10-15 წუთი 370C ტემპერატურის წყალში). გავარჯიშება არც სისხლძარღვებს აწყენდა. მათთვის მარგებელია ცივი პირსახოცით დაზელა, მასაჟი და კონტრასტული შხაპი.
- იკვებეთ სრულფასოვნად. ნუ დაიცავთ ამ პერიოდში დიეტას, თუმცა არც უზომო ჭამას გირჩევთ. ნუ მიეძალებით ხორცს, ცხიმიან და შემწვარ საკვებს. დროებით უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ცხარე სანელებლები და ალკოჰოლური სასმელები. უპირატესობა რძის პროდუქტებსა და მცენარეულ საკვებს მიანიჭეთ.
- აუცილებლად ჩართეთ რაციონში ჭარხალი, ქიშმიში, გარგარისა და შავი ქლიავის ჩირი, ფორთოხალი, მწვანილი, თხილი, ხახვი, ნიორი, თაფლი. თუ თაფლსა და მის პროდუქტებზე ალერგიული არ ბრძანდებით, მოსამაგრებლად შეგიძლიათ მიირთვათ თაფლი ან გაღეჭოთ ფიჭა.
- ნებისმიერ ამინდში შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი ხანი დაყოთ ჰაერზე.
- თვალი ადევნეთ ამინდის პროგნოზს. არახელსაყრელ გეომაგნიტურ დღეებში ეცადეთ შეზღუდოთ როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური დატვირთვა.
- თუ ჰიპერტონიკი ბრძანდებით, ცივ, ქარიან ამინდში შინიდან გასვლის წინ რამდენიმე წუთით სადარბაზოში შეჩერდით - მიეცით ორგანიზმს აკლიმატიზაციის საშუალება.
- თუ ჰიპოტონიკი ხართ, დღე ყოველთვის დაიწყეთ ვარჯიშით, რათა გაიაქტიუროთ სისხლის მიმოქცევა - თქვენი ხსნა ამინდის ჭირვეულობისას მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობას შეუძლია. მეტად მნიშვნელოვანია ნორმალურად გამოძინება - ცხოვრების მოუწესრიგებელი რიტმი მეტეომგრძნობელობას 3-ჯერ ზრდის, ამიტომ ეცადეთ, სადილის შემდეგ 30-0 წუთით მაინც დაიძინოთ. აუცილებლად გამონახეთ 1 საათი მაინც, რათა ქალაქისა და ავტომაგისტრალების ხმაურს გაერიდოთ და სადმე მშვიდ და წყნარ ადგილას სეირნობით ნერვები დაიწყნაროთ.
- ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, არ მოექცეთ საკუთარი შეგრძნებების ტყვეობაში და ამინდის ცვალებადობას შიშით არ ელოდოთ. ნებისმიერ სტრესთან ბრძოლისას საუკეთესო დამხმარე კარგი განწყობა და ოპტიმიზმია.